LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიუროკრატიასაც და ბიზნესსაც ერთი საერთო პრობლემა აქვთ, კვალიფიკაციური კადრების დეფიციტი – საჯარო სექტორიდან მოსამსახურეების კერძო სექტორში გადადინება მოხდა“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

7
ბაგის ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ბიზნეს კლიმატის ინდექსი 1.2 ქულით გაუმჯობესდა და 44.4 ქულას მიაღწია. მზარდ დინამიკას ოპტიმისტურ მოლოდინებთან ერთად, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის დადებითად შეფასება განაპირობებს.

ახალი ტენდენცია შეინიშნება ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებში, კერძოდ, თუ ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში ბიზნესი მთავარ პრობლემად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას მიიჩნევდა, მიმდინარე კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 60%-ის მიერ უმთავრეს პრობლემად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დასახელდა. როგორი იყო 2022 წელი ქართული ბიზნესისთვის?

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი საუბრობს.

– ლევან, როგორ აფასებს ბიზნესი მდგომარეობას? მაღალი ინფლაციის მიუხედავად, მთლიანობაში ბიზნესისთვის არ იყო ცუდი წელი, თუმცა პრობლემებიც გამოვლინდა..

– BAG ინდექსს ვუყურებთ და შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ნამდვილად არ იყო ცუდი წელი. განსაკუთრებით ბოლო ორ კვარტალში გვაქვს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები. შესაბამისად ბოლო ორი კვარტალი, როცა გაყიდვებზე ვსაუბრობთ, მოთხოვნის მხრივ პრობლემები აღარ შეინიშნება. შარშან, იმავე პერიოდში ჩვენ ვხედავდით, რომ მოთხოვნის სიმცირე ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა და გამოწვევა იყო. დღეს ეს სირთულე გავლილია.

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობაც კი გადავიარეთ და იმ მაჩვენებლებზე ცოტათი წინ ვართ, რომელიც 2019 წელს იყო.

ფინანსური მაჩვენებლები კომპანიებისთვის ერთ-ერთი უმთავრესია, რომელიც ნამდვილად გაუმჯობესებულია 2019 წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ, 2022 წლის მარტში ცოტა აპოკალიფსური მოლოდინები იკვეთებოდა.

თუმცა საბედნიეროდ ვხედავთ, ეს მოლოდინები არ გამართლდა და ინდექსის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა.

– მახსოვს, მარტში იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და საკმაოდ ფრთხილი შეფასებები გქონდათ, რადგან მაშინ ძალიან გაურკვეველი ვითარება იყო. რუსეთის აგრესია უკრაინაში და ვსაუბრობდით ქართული პროდუქციის ექსპორტზე. თუმცა საბოლოო ჯამში განსხვავებული ეფექტი მივიღეთ. მიგრანტების ტალღამ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა. 

გაზრდილია გადმორიცხვები, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან. გასაგებია, რომ ერთჯერადი, თუმცა კარგი ეფექტი იყო.

– ამ ეფექტს უნდა დავუმატოთ ის ტრანზიტები, რომელიც  მნიშვნელოვნად გაიზარდა და  გადატვირთა ჩვენი ინფრასტრუქტურა.

– განსაკუთრებით დიდი პერსპექტივა შემდეგ წლებში ალბათ ამ მიმართულებით იქნება. რუსეთი ჩაიკეტა, როგორც სატრანზიტო ქვეყანა და საქართველოს გაუჩნდა ისტორიული შანსი, რომ დაიბრუნოს ის ფუნქცია, რაც მას ჰქონდა. 

– აზიური ქვეყნებისთვის დივერსიფიცირება არის ის ჯადოსნური სიტყვა. დივერსიფიკაცია არის ის „წამალი“, რომელიც ნაწილობრივ საგარეო ბაზრების სტაბილურობას და უსაფრთხოებას განაპირობებენ და რასაც აზიური ქვეყნები კარგად გრძნობენ.

რუსეთი რომც გაიხსნას, ტვირთების ნაწილი საქართველოში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატივა.

ამ შანსის არგამოყენება არ შეიძლება, ნამდვილად გვჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები, დიდი პორტები..

– ფაქტია, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ვერ შეხვდა ამ ყველაფერს მომზადებული. ჩემი აზრით, ეს არის პრობლემა. ვერ უზრუნველყოფთ ამ ტვირთების იმ მასშტაბით გატარებას, რაც სასურველია.

– სხვა პრობლემებსაც შევეხოთ, ბიზნესთან მიმართებაში. როდესაც ლარის კურსის ცვლილებაც აქტიური იყო, დიდ პრობლემას უქმნიდა განსაკუთრებით იმპორტიორებს. თუმცა ახლა მთავარ პრობლემად წარმოჩინდა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები. 

 როგორ შეიძლება, ეს პრობლემა ნელ-ნელა გადაიჭრას და ბიზნესისთვის წამყვანი არ იყოს. 

– მხოლოდ ბიუროკრატიაზე არაა საუბარი, გვაქვს როგორც მარეგულირებლის და ისე ბიუროკრატიის პრობლემები.

მარეგულირებლის პრობლემის მოგვარება, მარტო შიდა პრობლემების მოგვარებაზე არ იქნება დამოკიდებული. აქ ბევრი  საგარეო ფაქტორებიცაა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 40 -მდე დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის  ვალდებულება ავიღეთ და ამ დირექტივებმა გააჩინეს დამატებითი მარეგულირებლის წნეხი.

თემაზე აბსოლუტურად სხვადასხვა სამინისტრო  მუშაობს. ცალ-ცალკე სამინისტროებს რომ ელაპარაკები, ალბათ მათი მხრიდან ცოტა რთულია იმის გაგება, იმპლემენტაცია (შესრულება)  რატომ არ უნდა დაიწყოს კონკრეტულ დროში. მაგრამ  თუკი ჩვენ ამ  სამინისტროებთან ერთად დავსხდებით და ავუხსნით, რომ ერთი, მეორე და მეორმოცე სტანდარტის ამოქმედება დროში ერთდროულად ხდება, მგონი ყველასთვის გასაგები იქნება, რამდენად სერიოზული წნეხია ბიზნესისთვის.

ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ ამ სტანდარტებზე ზოგადად უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ევროპული ბაზრები არ გვჭირდება. სწორედაც რომ ამ სტანდარტების ამოქმედებაზეა დამოკიდებული ევროპული ბაზრების გახსნა. თუ დირექტივები არ ამოქმედდება, ბაზრები დაიკეტება. 

ბიუროკრატია ძალიან ჰგავს იმას, რაც ჩვენს  ლოგისტიკას დაემართა. ლოგისტიკაში რომ გაჩნდა დამატებითი ტვირთბრუნვა, ჩვენი ინფრასტრუქტურა გაიჭედა.

დაახლოებით იგივეა ბიუროკრატიაში. ეკონომიკა კოვიდის მერე ზამბარისებურად გაიჭიმა და ამას დაემთხვა ის ეფექტი, რაზედაც ახლა ვისაუბრეთ.

შესაბამისად კომპანიებმა სასურველი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს საგარანტიო ინვესტიცია. ინვესტიცია ეს არის პროექტები, რომლისთვისაც გჭირდება, ნებართვები, შეთანხმებები და ა.შ. და როგორც კი ბევრმა დაიწყო ამ პროექტებზე მუშაობა, ბიუროკრატია გაგვეჭედა და ბიუროკრატია აისახა BAG ინდექსშიც.

ძალიან აქტიურია ბიზნესი და შესაბამისად ბიუროკრატია, ვერ ხარშავს და ვერ ეწევა იმ მოთხოვნებს, რომელიც ბიზნესიდან მოდის.

– ლევან, თქვენს როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდ ბიზნესასოციაცია, არ გაქვთ კომუნიკაციის პრობლემა. დარწმუნებული ვარ, როგორც ღიად, ისე დახურულ შეხვედრებზეც, თქვენ პრობლემებზე საუბრობთ, თუ ხედავენ ისინი ამ პრობლემას და რა გადაჭრის გზები აქვთ,  რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები შემცირდეს? 

– ძალიან კომპლექსური თემაა განსაკუთრებით ბიუროკრატიასთან დაკავშირებით. ბიუროკრატიასაც და ბიზნესსაც ერთი საერთო პრობლემა აქვთ. ეს არის კვალიფიკაციური კადრების დეფიციტი.

ჩვენ კვლევაშიც ვხედავთ, რომ ნომერ პირველი პრობლემა თუ ადრე სხვა იყო, ახლა არასაკმარისი კადრებია.

არასაკმარისობის მთავარ მიზეზად კი კადრების გადინებას ასახელებენ.

გადინება ეხება როგორც კერძო სექტორს, ისე  საჯარო სექტორსაც. კერძო სექტორში თუ კვალიფიკაციური კადრების ხელფასები მეტ-ნაკლებად მოთხოვნას მიყვებოდა, საჯარო სექტორში ეს პრობლემა იყო. გაიყინა საჯარო მოსამსახურეების ხელფასი. შეიძლება, საკმაოდ არაპოპულარულ პრობლემაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ფაქტია, რომ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც საჯარო სექტორიდან მოხდა მოსამსახურეების  გადადინება კერძო სექტორში,  ან საზღვარგარეთ წავიდნენ.

დღეს რომ თქვენ შეხვიდეთ კერძო კომპანიაში და ნახავთ საკმაოდ ბევრ ადამიანს, რომლებიც ყოფილი საჯარო მოხელეები არიან და საჯარო სამსახურში აღარაა ისეთი კატეგორია, რომელიც კვალიფიციურია.

ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო ხელფასების მომატება, რაც სწორი მიდგომაა. ქვეყნები, სადაც ჩვენ დავინახეთ სწრაფი ფინანსური ზრდა, მაგალითად სინგაპური, სწორედაც საჯარო მოხელეების ხელფასებს ადარებდნენ კერძო კომპანიაში დასაქმებულთა ხელფასებს, იმისათვის, რომ გაეთანაბრებინა და არ ყოფილიყო დისბალანსი და არ მომხდარიყო თანამშრომლების გადინება საჯაროდან კერძო სექტორში.

თემა საყურადღებოა, ვფიქრობ, რომ პრობლემა მომავალში უფრო გაღრმავდება იმ ტალღებთან ერთად, რომელსაც ჩვენ ქვეყნის გარეთ ვხედავთ, სამუშაო ძალები გაედინება.

პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალებაა, მაღალი ხელფასები და იმ ადამიანების მუდმივი გადამზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები