10 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს საოპერო მომღერალი გიორგი გაგნიძე ესტუმრა. ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, რომელსაც მსფლიოს ყველა წამყვან სცენაზე აქვს ნამღერი, 14 აპრილს „ტოსკაში” მიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში გაიმართება.
ბატონო გიორგი, რომელი წლიდან დგახართ სცენაზე?
ჩემი პირველი გამოჩენა სცენაზე მოხდა 1994 წელს, თბილისის ოპერაში, სტუდენტობის დროს. ნიშანდობლივია, რომ ჩემი პირველი ოპერა იყო „ტოსკა”, ანჯელოტის როლს ვასრულებდი.
ვიცი, რომ ერთ-ერთ სპექტაკლზე დეკორაცია დაიშალა, მოგვიყევით ეს ისტორია…
ეს იყო ქალაქ ვერონაში, ფესტივალზე, სადაც 10 000 ადამიანი ერთდროულად ეზიარება საოპერო ხელოვნებას. სცენა რომაულ სტილშია აშენებული და საბრძოლო დანიშნულების იყო თავის დროზე, შემდეგ ოპერად გადააკეთეს. „ტრავიატას” ვასრულებდით სცენაზე, ჯერ ჭრიალი დაიწყო ოთხ მეტრიანმა დეკორაციამ, შემდეგ კი ჩამოიშალა, მე სიმღერ-სიმღერით გავიქეცი, მახსოვს დირიჟორმა თვალი გამომაყოლა, დეკორაცია დაეცა სცენაზე, შემდეგ კვლავ დავბრუნდით და გავაგრძელეთ სიმღერა.
თქვენს ოჯახზე მოგვიყევით?
ჩემი მეუღლე მაია გოგოლაძე, პროფესიით ექიმია ასევე მუსიკოსიც, ფალიაშვილის უმაღლესი საფორტეპიანო სკოლა აქვს დამთავრებული, არ უმუშავია ამ მიმართულებით, მაგრამ შვილებთან იყენებს. ძალიან კარგი დედაა, მასზეა მინდობილი ოჯახის ყველა საქმე, 19 წელია ერთად ვართ, გვყავს ორი შვილი, მარიამი და დავითი. მარიამი საოპერო სიმღერას ეუფლება, ყველა მონაცემი აქვს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გადაწყვიტა. ბიჭი 13 წლის არის, მას სიმღერა არ გადაუწყვეტია, კიდევ კარგი. ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და ამავე დროს ბედნიერი პროფესიაა, რადგან რაც არ უნდა აკეთოს ადამიანმა ხალხის სიყვარულს, მათ სიხარულს სპექტაკლის შემდეგ არაფერი შეედრება.
კვებას თუ გიკონტროლებთ მეუღლე, როგორც ექიმი?
კვებას მე თვითონაც ვაკონტროლებ, რადგან პირდაპირ გეტყვით, კვება უმნიშვნელოვანესია მომღერლისთვის. მე პირადად პროფესიონალურად მივუდექი ამ საკითხს და გამოვიკვლიე. აღმოჩნდა, რომ გლუტეინის და ლაქტოზის პრობლემა მქონდა, მას შემდეგ რაც ავიკრძალე პურეული და რძის პროდუქტები ჩემი ხმა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია.
რას უკრძალავს გიორგი გაგნიძე საკუთარ თავს?
სასმელს, დალევას. მე მიყვარს მზადება, წიგნი გამოვიდა ახლახანს ავსტრიაში „ოპერა ამზადებს საჭმელებს”, სრული ტირაჟი გაიყიდა, ამ პროექტის ფარგლებში გავაკეთე ნიგვზიანი ბადრიჯანი, ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა, როგორც ინგლისურად ასევე ქართულადაც არის რეცეპტი წიგნში. ნინო მაჩაიძე და ანიტა რაჭველიშვილიც არიან ჩემთან ერთად ამ წიგნში.
ბევრ ქვეყანაში განსხვავებული ტრადიცია აქვთ კმაყოფილების ემოციის გამოხატვის, რამე განსაკუთრებული ხომ არ გახსენდებათ?
კი იყო ასეთი ფაქტი, გერმანიაში, „რიგოლეტოს” შესრულების შემდეგ ამყვნენ ფეხების ბაკუნით, გაოცებული ვუყურებდი, მაგრამ ეს მათი ტრადიცია ყოფილა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი