LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩირიგე“, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ასაქმებს, მზის პანელებისა და კოლექტორის შემდეგ ქარის წისქვილის გაკეთებას გეგმავს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

7
ჩირიგე

„ჩირიგე” სოციალური საწარმოა ხობის მუნიციპალიტეტში. მან საქმიანობა 2019 წელს დაიწყო სოფელ თორსაში და ეკოლოგიურად სუფთა ჩირს აწარმოებს. “ჩირიგეს” სოციალური მისიაა ინოვაციური მიდგომებით ინკლუზიური სოფლის მოდელის შექმნა, სადაც მხარდაჭერილია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რესოციალიზაცია და მიღებული მოგებით ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტული პრობლემების მოგვარება.

წელს, „ჩირიგეს“ დამფუძნებელი, გვანცა კიკალეიშვილი  „წლის ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერის” ჯილდოს მფლობელი გახდა.

 „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად „ჩირიგეს“ დამფუძნებელი, გვანცა კიკალეიშვილი საუბრობს.

– ჩვენ ეთერს ხშირად ვუთმობთ სოციალურ საწარმოებს და საშუალებას ვაძლევთ, ადამიანებს საკუთარი საქმიანობის შესახებ უფრო მეტი გააგებინონ ხოლმე. ძალიან დამაინტერესა თქვენი სოციალური საწარმოს მისიამ. როგორც ვიცი, ადგილზე გინდათ ინკლუზიური სოფლის შექმნა. გვიამბეთ ამის შესახებ.

– ჩვენი სოციალური საწარმო„ჩირიგე“ ხობის მუნიციტალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თორსაში ფუნქციონირებს. ჩვენი მიზანია, ადგილობრივ დონეზე გავაძლიეროთ ქალები, ფერმერები. ამჟამად ჩვენს საწარმოში დასაქმებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სამი ქალი,  ჩირისათვის  ნედლეულს ადგილობრივი მეწარმეებისგან ვყიდულობთ. რაც ხელს უწყობს ეკონომიურ განვითარებას.

– როგორც ჩანს გაფართოებასაც ფიქრობთ.

– რადგან საწარმომ აჩვენა კარგი შედეგები და მომხმარებელთა კარგი განწყობა, აუცილებლად უნდა გავაფართოოთ საწარმო. გაფართოებისკენ  მცირე ნაბიჯებიც გადავდგით.

– ჩირზე მოთხოვნა გაზრდილია, როგორ იყიდება თქვენი პროდუქცია? მხოლოდ ჩირს აწარმოებთ თუ სხვა პროდუქციასაც?

– როცა აქტიური სეზონი გვაქვს, მაგალითად შემოდგომაზე, დამატებით მუშახელს ვიმატებთ, მაგრამ ისინი არ არიან მუდმივი თანამშრომლები, სამი ქალი გვყავს მუდმივად დასაქმებული. ჩირზე მოთხოვნა მართლაც გაზრდილია. აღსანიშნავია ისიც, რომ  მომხმარებელი ქართულ პროდუქციაზე აკეთებს არჩევანს.

ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ, რომ ჯერ დააგემოვნონ ჩვენი პროდუქცია და მერე შეიძინონ. ბევრმა შეიძინა დაგემოვნების გარეშე და მერე მადლობები შემოგვითვალა. მხოლოდ ჩირს ვაკეთებთ, თუმცა კრეატიული ახალგაზრდების დახმარებით სხვა იდეაც შეიძლება მოვუფიქროთ.

– როგორია თქვენი გაყიდვის არხები?

– ძირითადად ონლაინ გაყიდვებს ვახორციელებთ. ჯერჯერობით რომელიმე ქსელურ მარკეტში არ ვართ. ერთ ქსელურ მარკეტთან გვქონდა მოლაპარაკება, მაგრამ რადგან ჩვენ ვერ გავხდებოდით რენტაბელური, მთელი წლის განმავლობაში ამ პროდუქციას ვერ მივაწვდიდით, ამიტომ ვერ შედგა მოლაპარაკება. როცა გავფართოვდებით და უფრო მეტი პროდუქტი გვექნება,  ქსელურ მაღაზიებშიც შევალთ..

– 2023 წლისთვის რა გეგმები გაქვთ?

– დიდი სურვილი გვაქვს, ერთი ჩირის აპარატი მაინც დავამატოთ საწარმოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს,  ვიყოთ უფრო მდგრადი. ჩვენ არც შრომას ვაჩერებთ და სწავლასაც ვაგრძელებთ. ეს ჩვენთვის უმთავრესია.

– როგორ ხდება კაპიტალის მოზიდვა. სესხის აღება გიწევთ, თუ საგრანტო დაფინანსების მოპოვებაზე ზრუნავთ? რამდენად თვითკმარია საწარმო?

– საგრანტო დაფინანსების მოპოვებაზე ვართ ორიენტირებული. თვითონ საწარმოც დაფინასებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. დონორების დახმარებით  განახლებადი ენერგიის წყაროებს აქტიურად ვიყენებთ. გვაქვს მზის პანელები, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს. გვაქვს მზის კოლექტორიც, რომლის მეშვეობითაც ცხელ წყალი გვაქვს. საწარმო გარემოს დაცვის მიმართულებითაც აქტიუარდ მუშაობს.  „წლის ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერის” ჯილდო, სწორედ ამ ენერგოეფექტური წყაროების გამო მივიღეთ. ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ საქმიანობას.

ვგეგმავთ, ქარის წისქვილების გაკეთებას. ამით გვინდა, კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენა ცოტათი მაინც შევამციროთ.

ამასთან მოსახლეობაში ალტერნატიული რესურსების პოპულარიზაციას ვახდენთ.

სესხი არ აგვიღია არასდროს.  ყველაფერს დონორი ორგანიზაციის დახმარებით ვაკეთებთ.

საწარმოს აქვს პერიოდები, როდესაც არის თვითკმარია და პროდუქცია კარგად იყიდება. გვაქვს ცოტა ნეგატიური პერიოდებიც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საწარმომ მიატოვოს, ან შეაჩეროს სამუშაო პროცესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები