LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ვქმნით განსხვავებულ მოდელებს, რომლებსაც ვერავინ აკეთებს” – ნანა ქავთარაძე ავეჯის დიზაინის თანამედროვე ტენდენციების შესახებ

26
ნანა ქავთარაძე

როგორი დიზაინის ავეჯზე აკეთებენ დღეს მომხმარებლები არჩევანს და რა უნდა გაითვალისწინოთ პროდუქტის შერჩევისას. ამ თემებზე დიზაინერმა და ავეჯის ბრენდის Naniko Kavtara-ს დამფუძნებელმა ნანა ქავთარაძემ “ბიზნესნიუსის” ეთერში ისაუბრა.

 

რა ტიპის ავეჯი იყიდება თქვენთან და სად შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი პროდუქციის შეძენა?

ჩემი ბრენდი დაარსდა 2008 წელს. დღეისათვის გვაქვს ორი მაღაზია სავაჭრო ცენტრ “საბაში”, ერისთავის 5 ნომერში. ორივე მაღაზია შოურუმის სახითაა წარმოდგენილი. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს და ადგილზე დაათვალიეროს, რას ვაწარმოებთ. თავიდან ვაწარმოებდით რბილ ავეჯს, როგორიცაა “პუფები”, ახლა ვაკეთებთ უკვე სავარძლებს, დივნებს, გვაქვს ლოგინები დარბილებით, “ლამინატის” და “ემდეეფის” ავეჯი. ვმუშაობთ რკინაზე, რაც დღეს ძალიან  აქტუალურია. ვიღებთ ხეზე შეკვეთებს, არაფერს ვუშინდებით, გამოწვევების წინაშე ვდგავართ სულ და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მომხმარებელი.

 

 

როგორია ავეჯის შერჩევის პროცესი თქვენს შოურუმში და რამდენი ხანი სჭირდება ავეჯის დამზადებას? სად მზადდება თქვენი პროდუქტი?

თუ მომხმარებელს გამზადებული ავეჯი მოეწონა, შეუძლია ადგილიდან წაიღოს, ტრანსპორტირების მომსახურებაც გვაქვს. მაგრამ თუ მომხმარებელს უნდა მოდელის დამზადება, ეს ხდება 3-4 სამუშაო დღეში. ჩვენ ვქმნით განსხვავებულ მოდელებს, რომლებსაც ვერავინ აკეთებს. ამ შემთხვევაში, არ გვაქვს ზუსტი პასუხი, თუ რა დრო დასჭირდება, ამიტომ განსხვავებულ მოდელებზე ყოველთვის შედარებით დიდი დრო გვჭირდება. მომხმარებელს ვთხოვთ ხოლმე, რომ ეს გაითვალისწინონ და თუ აქვთ საშუალება და დრო, დაგველოდონ.

 

როგორ ავეჯზეა მოთხოვნა და რას ანიჭებენ მომხმარებლები ყურადღებას ავეჯის შერჩევისას?

15 წელია უკვე ვაკვირდები და ძირითადად, საქართველოში მაინც ეძებენ უფრო დაბალფასიან პროდუქტს. ვცდილობთ ხოლმე, რომ გვქონდეს არჩევანი – დაბალფასიანი, საშუალოფასიანი და მაღალფასიანი. ეს დამოკიდებულია ხარისხზე. დაბალხარისხიანის შეძენის შემთხვევაში, არ არის ისეთი გამძლე და პრაქტიკული, როგორიც თუნდაც საშუალოხარისხიანი. როგორც იცით, ბინები საკმაოდ გაძვირებულია, აქვთ პატარა ბინები და უნდათ, რომ სათავსოები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, რომ გავუკეთოთ სათავსო და აღმოვფხრათ ეს პრობლემა. აქ კიდევ ის პრობლემაა, რომ სათავსოს შემთხვევაში, ოდნავ გაძვირებულია ხოლმე და მომხმარებლებს უკვირთ და მეკითხებიან, რატომ უნდა შეიძინონ სათავსოთი. მერე ვუხსნით, რომ სათავსოს შემთხვევაში, შეძლებენ სხვადასხვა ნივთის შენახვას, ფეხსაცმლის, აქსესუარების. ასევე, სარკესთან დასადებ ლამაზ “პუფებს” ვთავაზობთ ქალბატონებს, სადაც ისინი თავის მოვლის აქსესუარების შენახვას შეძლებენ. რაც შეეხება დიზაინს, მაღაზიაში გვყავს დიზაინერი ხატია შირავა, რომელიც დიზაინის, ფერების, ხარისხის, ზომების შერჩევაში ეხმარება მომხმარებელს. თუ საჭირო გახდა, სახლშიც მივდივართ და ზომების მიხედვით ვაკეთებთ ავეჯს, არ ვუშინდებით არაფერს, პირიქით, გვიყვარს გამოწვევები.

როგორი გარემო ხვდება თქვენთან მოსულ მომხმარებელს? როგორ ხვდებიან მათ თქვენი კონსულტანტები?

ჩემი კონსულტანტები არიან ძალიან კომუნიკაბელურები და მაქსიმალურად იხარჯებიან მომხმარებელთან. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მადლობის სათქმელად დაურეკავთ და უთქვამთ, რომ კიდევ ითანამშრომლებენ ჩვენთან. ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა. მაქსიმალურად მაქვს მოთხოვნა, რომ თბილად დახვდნენ და მგონი, ითვალისწინებენ ამას.

 

სოციალურ ქსელებს თუ იყენებთ მომხმარებელთან კომუნიკაციისას?

რა თქმა უნდა, ვიყენებთ “ფეისბუქს”, “ტიკტოკს”, “ინსტაგრამს”. მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ ფოტოთი ფერის დასმა ძალიან რთულია და მომხმარებელს ყოველთვის ვთხოვ, რომ თუ აქვს საშუალება მოვიდეს და ფერი ადგილზე შეარჩიოს, რადგან სხვადასხვა ტელეფონი განსხვავებულად აღიქვამს ფერებს და შემდეგ ჩნდება პრობლემები. ამიტომ, აუცილებელია, ჩემო ერთგულო მომხმარებლებო, მოხვიდეთ, თქვენ თვითონვე შეარჩიოთ ფერი და იყოთ მაქსიმალურად კმაყოფილები. ვცდილობთ, შემდეგ გამოვასწოროთ, მაგრამ არ არის სასიამოვნო მომენტი, ამიტომ უკეთესი იქნება ადგილზე შეარჩიოს მომხმარებელმა.

მომხმარებლები ხშირად საუბრობენ ფასების ზრდაზე. რა განაპირობებს ამას და როგორია პროგნოზი სამომავლოდ?

სამწუხაროდ, არც ჩვენც მოგვწონს ზრდა, რადგან ჩვენც გვიძვირდება მასალა. კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ფასებმა ყველაფერზე ძალიან მოიმატა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ჩვენთან მინიმალური ზრდა ყოფილიყო, მაგრამ მომხმარებელი ზოგჯერ უკმაყოფილოა მომატებული ფასის გამო. ახლა, როდესაც ვალუტის კურსი დასტაბილურებულია, ჩვენც შედარებით დავასტაბილურეთ, მაგრამ სამომავლოდ, რა იქნება, ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

 

რესტავრაცია-განახლების მიმართულებითაც მუშაობთ. როგორ მოგმართავენ მომხმარებლები?

ამ შემთხვევაში, მიგზავნიან ფოტოებს. არის პროდუქცია, რომელსაც რესტავრაცია არ უკეთდება. მაგალითად, თურქული წარმოების რკინა არ ექვემდებარება რესტავრაციას. ამიტომ, ვეკითხებით, სადაური პროდუქციაა, რა აქვს გაფუჭებული. აქაც გვაქვს ორივე მომსახურება: ადგილზე მისვლით და საწარმოში მოტანით.

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებსაც ახალ სურთ ავეჯის შეძენა? რა უნდა გაითვალისწინონ?

ვფიქრობ, რომ ხარისხზე უნდა გააკეთონ არჩევანი. უხარისხო მალე ფუჭდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ვაფრთხილებ ჩემთან მოსულ მომხმარებელს, რომ შეიძინოს საშუალო დონის მაინც, ფასიდან გამომდინარე, მაინც დაბალ ხარისხს ირჩევენ.

 

ხის ავეჯის სფეროში, ქალი საკმაოდ იშვიათია. რა გამოწვევებს აწყდებოდით, როდესაც ბიზნესს იწყებდით? და როგორ უყურებთ განვლილ გზას, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა თქვენი საქმიანობა ამ ბიზნესში?

ქალი ამ ბიზნესში თითქმის არ არსებობს. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ როდესაც მოდიან შეკვეთის მოსაცემად, ეძებენ მამაკაცს და ხვდებათ მაღალი ქერა გოგონა, გაოცებული მიყურებენ. მაქსიმალურად ვცდილობ, ავუხსნა ყველაფერი და ხვდებიან, რომ საქმეში კარგად გარკვეული ვარ, ბევრი წელია უკვე ვმუშაობთ. ხშირად ერთი მომხმარებელი რამდენჯერმე მოდის, პირადად ვცდილობ მათ დახმარებას, ვიწყებთ ნულიდან და ვამთავრებთ ყველანაირ შეკვეთას.

ორი შოურუმი გაქვთ დღეს. რას გეგმავთ სამომავლოდ?

შოურუმის გარდა, გვაქვს საწარმო, რომელიც ფეიქრების ქუჩაზე მდებარეობს. საწარმო შევიძინე 2013 წელს და დიდი ხნის მანძილზე ვაკეთებდი საბუთებს მიშენების კუთხით. მერიამ მომცა უფლება რომ მივაშენო, ძალიან გახარებული ვარ, გაფართოებას ვაპირებ და მინდა მივიღო მონაწილეობა “აწარმოე საქართველოში”. ვიცი, რომ ძალიან გვერდში უდგანან ჩემნაირ ადამიანებს და ვაპირებ, მივიღო ამაში მონაწილეობა. ძალიან მინდა, გავფართოვდე, მეტი ადამიანი დავასაქმო, მეტი ქართველი ადამიანი იქნება დასაქმებული. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლებიც მუშაობენ და ხელს ვუწყობ ასეთ ადამიანებს, რომ იმუშაონ. სულ 17 ადამიანი გვყავს დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები