LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანია, არსებობდეს სასტუმროების ქართული ბრენდი, რომელიც ცნობილი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის – ერეკლე კოკაია „ინნ ჯგუფის“ გაფართოების მასშტაბურ გეგმებზე საუბრობს

29
Untitled

ქართულ ბაზარზე საქმიანობის უკვე 7 წელი, ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული უამრავი პროექტი და ქსელის კიდევ უფრო გაფართოების მასშტაბური გეგმები – ეს სასტუმროების ქართული ქსელი „ინნ ჯგუფია“. განვითარების რა ეტაპები გაიარა მან 2015 წლიდან დღემდე, რამდენად მსხვილი დამსაქმებელია ის ჩვენი ქვეყნისთვის და რა მოლოდინები აქვს კომპანიას მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით – ამ თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ ამომწურავად ისაუბრა.

-მორიგი წარმატება და კიდევ ერთი ჯილდო „ინნ ჯგუფს“ – რა კატეგორიაში მოიპოვეთ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden brand და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის მსგავსი აღიარებები?

ეს ერთი კვირის წინ მოხდა, ჩვენ გავიმარჯვეთ ნომინაციაში „ყველაზე საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტები საქართველოში“.  სხვათა შორის, ეს ამ ნომინაციაში მოპოვებული უკვე მეორე ჯილდოა ჩვენი კომპანიისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ძალიან სასიამოვნოა ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს არის დაფასება არამხოლოდ საზოგადოებისგან, არამედ უკვე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგანაც. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენი შრომა ფასდება, ეს მოტივაციას გაძლევს, რომ უფრო მეტი გააკეთო, უფრო გაიზარდო და რაღაც ახალი შექმნა. ისევე როგორც წელს, გასულ წელსაც, ამ ჯილდოს აღებისას, სწორედ ამ მოტივაციაზე ვისაუბრე და  1 წლის თავზე, ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გავხსენით საქართველოში.

-7 წლიანი საქმიანობა ქართულ ბაზარზე – განვითარების რა ეტაპები გაიარა „ინნ ჯგუფმა“ ამ პერიოდის განმავლობაში?

ეს იყო საკმაოდ მრავალფეროვანი პერიოდი იმიტომ, რომ მოგვიწია ძალიან ბევრ ისეთ გამოწვევასთან შეჯახება, რაც საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს. თავიდან, ყველაფერი მარტივად წავიდა იმიტომ, რომ საქართველოში ტურიზმის სექტორის აღმავლობა იყო და შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი შემოდიოდა. ამიტომ, დასაწყისში მარტივი პერიოდი იყო. შემდეგ უკვე პანდემია დაიწყო, რასაც ახალი გამოწვევები მოჰყვა თან. თუმცა, საბედნიეროდ, ძალიან მოქნილები აღმოვჩნდით და მალევე გადავერთეთ ახალ რეალობაზე. როგორც კი ჩაიკეტა საქართველო და აღარ შემოდიოდნენ ტურისტები, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მუშაობა, როგორც საკარანტინე ზონამ. შემდეგ ეტაპზე, როცა დამძიმდა სიტუაცია ჯანდაცვის სფეროში და პანდემიამ განსაკუთრებულად იფეთქა, ჩვენი სასტუმროები გადავაკეთეთ კოვიდსასტუმროებად. ამის შემდეგ უკვე, დასრულდა პანდემია და დაიწყო კიდევ უფრო უარესი – ომი უკრაინაში, შესაბამისად, დავიწყეთ უკრაინელი ლტოლვილების შეფარება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 500-ამდე უკრაინელი შევიფარეთ.

-მუშაობა „გორი ინნ“-ზე და რამდენიმე კვირის წინ გახსნილი „ქუთაისი ინნ“ – რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ამ პროექტებში, რამდენად ღირებულია მათი განხორციელება ამ რეგიონებისთვის?

„ქუთაისი ინნ“ არის 100 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. ამ ეტაპისთვის, ის არის ყველაზე დიდი სასტუმრო ქუთაისში. პროექტში, დაახლოებით, 15 მილიონ ლარამდე მოცულობის ინვესტიცია ჩავდეთ. ვცდილობთ, ქუთაისის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დავასაქმოთ ადგილობრივი მოსახლეობა. ამჟამად, „ქუთაისი ინნ“-ში 80-ამდე ადგილობრივი მუშაობს.

რაც შეეხება „გორი ინნ“-ს, ეს იქნება 120 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც ვეცდებით, რომ დავასაქმოთ ასევე ადგილობრივები, გორის მოსახლეობა, დაახლოებით, 100-ამდე ადამიანი. ჯამური მოცულობა ინვესტიციის ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი, მაგრამ 20 მილიონ ლარს ასცდება.

-ქსელის გაფართოება საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც განიხილება?

აუცილებლად, უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ სასტუმროზე ახალციხეში – 115-ნომრიან „ახალციხე ინნ“-ზე და სავარაუდოდ, მას მომავალ წელს გავხსნით. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტ რეგიონში ვიყოთ წარმოდგენილები: არსებობდეს ქართული ბრენდი, რომელიც ცნობილი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.

-რამდენად მსხვილი დამსაქმებელია „ინნ ჯგუფი“ და როგორი კომპანია ხართ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით?

ამჟამად, ჯამურად, დასაქმებული გვყავს 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის: ჩვენს საწარმოებში. მოგეხსენებათ, „ინნ ჯგუფში“ შედის ასევე კარ-ფანჯრების საწარმო „ალუტექ ჯორჯია“. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენთან დასაქმებულების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

რაც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას, ძალიან ბევრ სოციალურ პროექტში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, იქნებოდა ეს პანდემიის პერიოდში, თუ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად. დავიწყოთ პანდემიით – ამ პერიოდში, ჩვენს ქსელში არსებული ყველა სასტუმრო თავის რეგიონში ეცადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთელი თვის მარაგი საჭმელი მიეწოდებინა. გარდა ამისა, ჩვენი სახელმწიფოს დახმარების მიზნით, ვიღებდით ყველა მოქალაქეს, ვისაც კარანტინის გავლა სჭირდებოდა, ან კოვიდსასტუმროში განთავსება სამკურნალოდ.

გარდა ამისა, ჩვენივე ინიციატივით ომის პერიოდში, დავიწყეთ უკრაინელი ლტოლვილების შეფარება. ომის დაწყების მეორე დღესვე გამოვაცხადეთ, რომ თანახმა ვიყავით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი მოქალაქეები მიგვეღო. სხვათა შორის, დღესაც არიან უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც დავასაქმეთ კიდეც ჩვენივე სასტუმროებში.

-ტურიზმის სექტორი პანდემიის შემდგომ აღდგენას იწყებს, რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე? როგორია თქვენს ქსელში არსებული სასტუმროების დატვირთულობა ამჟამად? დამსვენებლებს შორის ადგილობრივები ჭარბობენ, თუ უცხოელები?

წლის დასაწყისში ბევრად დადებით მოლოდინები გვქონდა, ვიდრე შემდეგ. გინდა არ გინდა, რეგიონში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ უარყოფითად აისახება ხოლმე ჩვენს სექტორზე. შესაბამისად, ომის დაწყების შემდეგ, იყო ძალიან ბევრი ცვლილება, ჯავშნების გაუქმების ბევრი შემთხვევა მაგალითად, ევროპული ქვეყნებიდან. საქართველო მაინც ასოცირდება კონფლიქტურ ზონასთან და თუ უკრაინაშია ომი, ფიქრობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლაც უსაფრთხო არ არის. ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა აზიურ ქვეყნებთან მიმართებით, განსაკუთრებით ჭარბობენ ტურისტები არაბული ქვეყნებიდან. ამიტომ, წელს უცხოელ დამსვენებლებს შორის, ვფიქრობთ, რომ არაბები იქნებიან ლიდერები. მერე მოდის უკვე ისრაელი. თუმცა, ფაქტი, რომ მაგალითად, დღეს „ვიზეარმაც“ დაამატა ახალი ავიამიმართულებები, იმედს აჩენს, რომ ნელ-ნელა კვლავ დავიბრუნებთ ევროპელ ტურისტებს საქართველოში.

ჩვენი სასტუმროების დატვირთულობას რაც ეხება, ყველაზე მეტი სასტუმრო დედაქალაქშია თავმოყრილი, შესაბამისად, თბილისის სასტუმროში ყველაზე მეტად ჭირს მაღალი დატვირთულობა. თან, მიმდინარე მოვლენების გამო, დედაქალაქში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა, დატვირთულობა მაინც 60%- ამდე ადის. გუდაურში, როგორც ყოველთვის, დამსვენებლებს შორის უცხოელები ლიდერობენ და დღესაც, 80-90 პროცენტი ჩვენი სტუმრების უცხოელი დამსვენებლები არიან, ბაკურიანში კი, ჯერჯერობით, 50/50-ზეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ივლისი-აგვისტოს პერიოდში, უმრავლესობა ადგილობრივი დამსვენებლები იქნებიან.

-და ბოლოს, საქართველოში, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და მიღწევები…

რა თქმა უნდა, ჩვენს სექტორში გამოწვევები ძალიან ბევრია და პირველ რიგში, ეს არის არასტაბილური პოლიტიკური გარემო რეგიონში. როგორც თავში აღვნიშნე, ამას ყოველთვის აქვს გავლენა ტურიზმზე. თუმცა, მიღწევებს შორის შემიძლია გამოვყო ის ფაქტი, რომ ჩვენმა სექტორმა, ამ პერიოდში, ყურადღება გაამახვილა არა იმ არასტაბილურ ქვეყნებზე, საიდანაც აქამდე გვეგონა, რომ იქნებოდა ბევრი დამსვენებელი, არამედ უკვე ახალი ბაზრების მოძიებაზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რომ საქართველოდან დაემატა ძალიან ბევრი ახალი ავიარეისი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდე უცხოელების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში შემოდიოდა სახმელეთო გზით, ეს ტენდენციაც შეიცვალა და დღესდღეობით, საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა შემოდის საჰაერო გზით. ეს მიღწევა ნამდვილად არის, თუმცა, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ და კიდევ უფრო მეტი ახალი ავიამიმართულება დავამატოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g