LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცხოვრება მარტო მშობლობისგან არ შედგება, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები და გჭირდება ყველაფრის ბალანსი” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

12
nata-mefarishvili-7-rcheva-show

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გამოყოთ დრო საკუთარი თავისთვის, როცა მშობელი ხართ – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.

რამდენად რთულია ოქროს შუალედის დაცვა მშობლობასა და პირად სივრცეს შორის?

მშობლობა არის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და იმედია ამ გადაწყვეტილებამდე მშობლები მიდიან გააზრებულად. დღევანდელ დღეს კარგი მშობლობისთვის იბრძვიან და ამ ფონზე ავიწყდებათ, რომ არიან პიროვნებები. უმნიშვნელოვანესია ფიზიკური ჯანმრთელობა, ემოციური სიჯანსაღე და ინტელექტუალური ფაქტორები, ეს ყველაფერი აუცილებელია როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ბავშვთან ურთიერთობისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად, რომ კარგი მშობლობა შევძლოთ. ამისთვის აუცილებელია გადავხედოთ ჩვენს ღირებულებებსა და განათლებას. კარგი იქნება, თუ ვისწავლით საკუთარ თავში ჩაღრმავებას, საკუთარი ემოციების გააზრებას, ამას სჭირდება რუტინიდან გამოყოფილი დრო, ანუ ჩვენი პატარა სივრცე.

21-ე საუკუნის მშობელი გადაღლილი და მუდმივად დაკავებულია. მან ბევრი რამ უნდა მოასწროს, იმუშაოს, რომ მატერიალურად უზრუნველყოს შვილები, დრო დაგეგმოს საოჯახო საქმეებისთვის და თან მშობლობის ეფექტური მეთოდებიც გამოიყენოს. როცა ხდები მშობელი, ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, თუმცა მშობლობის პარალელურად უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური საჭიროებები.

თუ მშობელი მთელს  ცხოვრებას შვილების გარშემო ააწყობს და დაგეგმავს, არ დაიტოვებს დროს საკუთარი მოთხოვნილებების, საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ  მოზრდილი შვილები მისგან და ყველასგან ელიან მუდმივ ზრუნვას. ისინი საკუთარ თავზე ორიენტირებულად ყალიბდებიან და წარმატების მიღწევა, პრობლემების დაძლევა უჭირთ. მნიშვნელოვანია ადამიანებმა აღზრდის შედეგად დაისწავლონ, თუ რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას და არ იყვნენ მუდმივად სხვისი, თუნდაც მშობლის შემყურენი.

უმნიშვნელოვანესია მშობელი ფიქრობდეს საკუთარ თავზე და იტოვებდეს დროს პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. საკუთარ თავზე ზრუნვის მიზანი შვილების სწორად აღზრდაა და მათთვის ერთგვარი მაგალითის ჩვენება. როცა მშობელი თავს კომფორტულად, დაკმაყოფილებულად გრძნობს, უფრო მეტი მოთმინება, ენერგია და გაანალიზების უნარი გააჩნია. აუცილებელია მშობლებმა იცოდნენ თვითმოვლის სტრატეგიები და დროის ისე დაგეგმვა, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ფიზიკური თუ ემოციური გადაწვისა და სტრესის მაჩვენებელი.

რამდენად ახდენს ბავშვი მშობლის ქცევის მოდელირებას?

ჩვენთან სიჯანსაღე რატომღაც ასოცირდება მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. რაც შეეხება ფსიქიკურს, ამაზე ნაკლები აქცენტია, არადა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგალითად დასვენება, საკუთარი თავისთვის გამოყოფილი დრო, პირადი სივრცე.

ბავშვი, რომელიც ხედავს როგორ გადიან დედა და მამა სამსახურში, როგორ არიან წარმატებულები, რეალიზებულები, როგორ მართავენ ემოციას წარმატებასა თუ წარუმატებლობასთან დაკავშირებით, გადაიღებს ამ მოდელს და ეს აისახება მის განვითარებაზე. სწორედ მოდელირებით ვსწავლობთ პატარა ასაკში.

უკვე შემდგომ, როცა კოგნიტური უნარები კარგად გვიყალიბდება, უნდა დავიწყოთ ფიქრი და საკუთარ თავს გარედან შევხედოთ. თუ ადამიანს საკუთარ ქცევებზე ფიქრი არ ახასიათებს ეს ძალიან ცუდია და ასე ცხოვრებაში გაუჭირდება.

როცა მშობელი ხდები, თავიდანვე უნდა დაგეგმო რისგან შედგება შენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება მარტო მშობლობისგან არ შედგება, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები და გჭირდება ყველაფრის ბალანსი, მათ შორის საქმის, მეგობრების, დასვენების, მოგზაურობის.

ნატა, მამარდაშვილი ამბობდა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არიან ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულები…ეთანხმებით?

ასეა, ვეთანხმები. ჩვენი საზოგადოების ძირითადი პრობლემაა ინფანტილიზმი, ჩვენ არ ვართ ზრდასრული საზოგადოება, 20-30-40 წლის ასაკში მიჯაჭვული ვართ მშობლებზე.

დავუშვათ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველას თავისი საცხოვრებელი გარემო არ აქვს, მაგრამ არიან მოზრდილები, რომლებსაც როცა ცალკე ცხოვრების შანსი ჩნდება, ისევ მშობლებთან ცხოვრება ურჩევნიათ. ესაა პასუხისმგებლობის აღების შიში და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი მშობლობის უნარებზე აქცენტების გაკეთება, რომ არ იყოს გართულება, რომელიც ემოციურ და ქცევით დისფუნქციებს უკავშირდება. არ ვგულისხმობ პატარა ასაკს, არამედ მოზრდილ შვილებსა და ზრდასრულ მშობლებზე მაქვს საუბარი.

ჩვენ განათლების პრობლემა გვაქვს, არა მარტო ბავშვების, არამედ მოზრდილობის დონეზე, განათლება მხოლოდ სასკოლო და უმაღლეს სასწავლებლებს არ გულისხმობს, ეს უწყვეტი პროცესია, არსებობს თვითგანათლება, ეს ინტელექტს უკავშირდება, თუ ამ მიმართულებით არ განვითარდებით, ყოველთვის გვექნება თვითშეფასების პრობლემები, არასწორი ქცევები და ამას მივყავართ დეპრესიამდე, შფოთვამდე, აგრესიამდე, ძალადობამდე.

7 რჩევა ნატა მეფარიშვილისგან:

1. შეეცადეთ პერიოდულად შეცვალოთ პრიორიტეტები

მაგალითად, თუ ხვდებით, დაღლილი ხართ და აუცილებლად გჭირდებათ ფიზიკური აქტივობა, გასეირნება და ამავე დროს გახსენდებათ, რომ სადილი გაქვთ მოსამზადებელი, სახლი დასალაგებელი – სცადეთ  ჯერ საკუთარი საჭიროება  დაიკმაყოფილოთ , გაისეირნოთ ან წახვიდეთ სპორტდარბაზში. ამის შემდეგ დარჩენილ საქმეს გაცილებით ენერგიულად გააკეთებთ.

2. გახსოვდეთ რომ იდეალური არავინაა და შეიძლება შეცდომების დაშვება

აჩვენეთ შვილს მაგალითი, რომ შეცდომის შედეგებთან გამკლავება ყოველთვის შესაძლებელია. ზოგჯერ შესაძლოა უსიამოვნო რამ მოხდეს და როცა ეს ხდება, არ ნიშნავს რომ სასოწარკვეთას უნდა მივეცეთ. მნიშვნელოვანია გამკლავების ტექნიკების გამოყენება, რომელიც უსიამოვნო შედეგების გასწორებაში დაეხმარებათ.

3. ყოველთვის დაისახეთ არა იდეალური, არამედ შესრულებადი და მიღწევადი მიზნები

ცხოვრებას ბევრი გამოწვევა აქვს, თუმცა თუ ისეთ მაქსიმუმს შეეჭიდებით, რისი მიღწევაც გაგიჭირდებათ, არ ივარგებს. დაისახეთ ისეთი მიზნები, რაც გამოგივათ და შესაბამისად სიამოვნებასაც მიიღებთ.

4.თავს მიეცით უფლება, გამოხატოთ ემოციები და მათ შორის უარყოფითიც

როცა ბავშვი ღელავს ან გაბრაზებულია, სწორი სტრატეგიაა უფროსმა მისცეს უფლება, გამოხატოს ეს ემოციები. ასევე მნიშვნელოვანია მშობელმა საკუთარ თავს მისცეს უფლება ჰქონდეს უარყოფითი ემოციები. ამის შესახებ ბავშვმაც უნდა იცოდეს და აცნობიერებდეს რომ ადამიანები ბრაზდებიან, სწყინთ, უხარიათ, ეშინიათ.

5. იქონიეთ სივრცე, სადაც პერიოდულად მარტო იქნებით

მნიშვნელოვანია გქონდეთ თქვენი კუთხე, სადაც პერიოდულ განმარტოებას შეძლებთ. ამის შესახებ შვილებმა და ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ. უნდა იცოდენენ რომ თქვენც გჭირდებათ განმარტოება და იმის კეთება, რაც  გინდათ( წიგნის კითხვა, ფიქრი ან ფილმის ყურება),

6. ნუ გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ბავშვს შეუძლია

ყველაფრის შვილის მაგივრად კეთება  გართმევთ დროს, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ და ასწავლის თქვენს შვილს უმწეობას, სხვის ლოდინს, იმას რომ მის გასაკეთებელს სხვა გააკეთებს. შვილის მაგივრად გაკეთებული მათემატიკის დავალება, სკოლის ჩანთის რამდენიმეჯერ შემოწმება, მეცადინეობის მუდმივი შეხსენება, ხელს უშლის ბავშვსაც და უფროსსაც.

7. მოითხოვე დახმარება

როცა ხვდებით, რომ ვერ ასწრებთ ყველა საქმეს, გადარბენა გაქვთ და იღლებით, ითხოვეთ დახმარება. ყოველთვის იქნება თქვენს გარშემო ვინმე, ოჯახის წევრი(შვილების ჩათვლით), მეგობრები, ნაცნობები, რომლებიც გადაინაწილებენ საქმეს და საკუთარ თავს დაუთმობთ დროს.

როცა საკუთარ თავზე ზრუნვა პრიორიტეტებში ზემოთ აიწევს, აღმოაჩენთ რომ  უკეთესობისკენ იცვლება თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები