დღეის მდგომარეობით ელექტრონული ზედამხედველობა 19 მოძალადე პირზე ხორციელდება - სახალხო პლატფორმა
2023 წლის პირველი მაისიდან, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმი განახლებული ფორმით ამოქმედდა – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ანა ფაჩუაშვილმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ის კომუნიკაციების მენეჯერმა სალომე გელუტაშვილმა ისაუბრეს.
რა ცვლილებებს მოიცავს სამართლებრივი მექანიზმი?
ანა ფაჩუაშვილი:
შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს.
ცვლილების მიზანია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნაა.
როგორ ფასდება რისკები?
შეტანილი ცვლილებებით, ძალადობის განმეორების რისკების შეფასების პროცესი მეტად ორიენტირებული იქნება მსხვერპლზე. განახლებული სტრუქტურირებული კითხვარი პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს, საშუალებას მისცემს, მიიღოს ეფექტიანი ზომები მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად. საშუალო რისკის კითხვებზე პასუხები მაღალი რისკებით ფასდება. დაემატა ახალი კითხვებით, რომელიც პრაქტიკამ განაპირობა.
რაც ეხება შემაკავებელ ორდერს და ელექტრონულ ზედამხედველობას…
შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ძალადობის განმეორების პრევენციის მიზნით, ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმიც მოქმედებს. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი ხდება.
ასევე, განახლებული ინსტრუმენტით, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი, რაც მეტ მსხვერპლს მისცემს საშუალებას, გამოიყენოს ძალადობის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის თანხმობა.
როგორ ხდება ელექტრონული ზედამხედველობის კონტროლი?
სალომე გელუტაშვილი:
112-ში არის ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, მას შემდეგ რაც მოძალადეს დაუმაგრდება ელექტრონული სამაჯური ქვედა კიდურზე, იწყება ელექტრონული მეთვალყურეობა. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს მოძალადისა და მსხვერპლის გადაკვეთა. ხდება იმ მისამართების მონიშვნა, სადაც უწევს მსხვერპლს ხშირად გადაადგილება. არსებობს ბუფერული ზონები, სადაც შესაძლოა შემთხვევით მოხდეს მათი გადაკვეთა, ასეთ შემთხვევაში 500 მეტრ რადიუსში გადაკვეთისას განგაშის სიგნალი ავტომატურად შემოდის. ჩვენი თანამშრომლები უკავშირდებიან მოძალადეს, რომ დატოვოს ტერიტორია. თუ მოძალადე ცდის დააზიანოს მოწყობილობა, ასევე თუ დამუხტულ მდგომარეობაში არ არის მოწყობილობა ხდება ორივე მხარესთან დაკავშირება. მსხვერპლის მოწყობილობას აქვს SOS ღილაკის ფუნქცია. ამჟამად 19 პირზე ხორციელდება ელექტრონული მონიტორინგი.
112-ს აქვს აპლიკაციაც ჩუმი განგაშის სიგნალით…
ეს აპლიკაცია 2018 წლიდან ფუნქციონირებს და მისი უპირატესობა არის ის, რომ აპლიკაციით შესაძლებელია ადგილმდებარეობის განსაზღვრა. თუ მსხვერპლი იმყოფება ისეთ ადგილას, სადაც არ შეუძლია საუბარი და გრძნობს საფრთხეს, შეუძლია ამ ღილაკს დააჭიროს და კოორდინატები გადააგზავნოს ჩვენთან. ეს აპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც ფუნქციონირებს.