ზაფხული როგორც წესი ყველაზე ცხელი აბიტურიენტებისთვისაა ხოლმე, რადგან სწორედ ახლა დგამენ ისინი თავის ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, ამთავრებენ სკოლას, აბარებენ გამოცდებს და ირჩევენ პროფესიას. მათი, თითქმის, ერთთვიანი ციებ-ცხელება კი გუშინ ფიზიკის გამოცდით დასრულდა. თუმცა, იწყება მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, გამოცდების შედეგების გაგება და შემდეგ უკვე სასურველ პროგრამებზე ჩაბარება. 1-ლი ივლისიდან ამ დრომდე ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.
24 ივლისის გადაცემის სტუმარი იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე.
მოგესლამებით, ქალბატონო სოფო, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. აბიტურიენტების მთავარი კითხვა დღეს ალბათ არის თუ როდის გამოცხადდება შედეგები. მეც სწორედ ამით დავიწყებ თქვენთან საუბარს. როდიდან დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება?
1 აგვისტოდან დავიწყებთ შედეგების გამოქვეყნებას და შემდეგ ეტაპობრივად მთელი აგვსიტოს თვე იქნება შედეგების გამოქვეყნება. პირველი საგანი იქნება ზოგადი უნარები და შემდეგ უკვე, რომელიც პირველი გასწორდება.
აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება ჯერ კიდევ აქვთ და ექნებათ მანამ სანამ არ გამოქვეყნდება შედეგები და მათ შორის, არ გახდება ცნობილი აპელაციის შედეგებიც. თუა უკვე განსაზღვრული, როდიდან დაიწყება დაახლოებით ეს პროცესი? როდის დაიხურება მათი ეს გრაფა? ანუ როდემდე აქვთ კიდევ დრო იფიქრონ საკუთარ სამომავლო პროფესიაზე?
შედეგების დადებასთან ერთად დაიდება ინფორმაცია აპელაციების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის 6 საათამდე აბიტურიენტებს შეეძლებათ გადაირჩიონ საკუთარი პროგრამები.
როგორია სტატისტიკა გამოცდების მიხედვით. ჯამში, რამდენი აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა გამოცდაზე და როგორია მაჩვენებელი იმ აბიტურიენტების შემთხვევაში, რომლებმაც დააგვიანეს გამოცდებზე?
გამოცხადების სტატისტიკა არის ძალიან კარგი. აბიტურიენტების 95% -ზე მეტი გამოცხადდა გამოცდაზე. რაცშეეხება მასწავლებლებს, პროფესიული უნარების გამოცდაზე გამოცხადდა 82 პროცენტი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებლია წინა წლებთან შედარებით, საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 82 პროცენტი გამოცხადდა.
რა ტიპის დარღვევები დაფიქსირდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას? როგორც ვიცით იყო შემთხვევა, როცა აბიტურიენტი გამოცდიდან მობილური ტელეფონის ქონის გამო მოიხსნა. ასევე, იყო შემთხვევა გამოცდაზე სხვის ნაცვლად გასვლის. ე.წ. „შპარგალკის“ გამოყენების გამო მოიხსნა გორში აბიტურიენტი გამოცდიდან. რომ შევაჯამოთ, გასულ წლებთან შედარებით, წელს როგორი იყო აბიტურიენტების ქცევა, რამდენად ცდილობდნენ ისინი აკრძალული ნივთებითა და ქმედებებით გამოცდაზე გასვლას და რამდენი მოიხსნა ამის გამო გამოცდიდან?
გამოცდიდან მოხსნის შემთხვევები იყო, თუმცა იყო ძალიან ცოტა. წელს აბიტურიენტები გამოირჩევიან განსაკუთრებული მოწესრიგებულობით, ძალიან კარგად იციან მათ თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობა კარგად აქვთ გააზრებული. თითქმის, არ იმსახურებდნენ აბიტურიენტები შენიშვნებს და მე მათ მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის. იყო ერთეული შემთხვერვები, თუმცა იყო ძალიან მცირე.
და ბოლოს, სულ მალე დაიწყება ახალი ციკლი აბიტურიენტებისა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან როგორ და რა ფორმატში მოუწევთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ 2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის ცვლილება დააანონსა. ცნობილია ის, რომ სავალდებულო გამოცდა იქნება მხოლოდ სამ საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში და მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ მეოთხე გამოცდაც, რა საგანშიც ჩათვლიან საჭიროდ, (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით). თუმცა, უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და როდის? ქალბატონო სოფო, რომ გვითხრათ, როდის გაიგებენ აბიტურიენტები, როგორი იქნება გამოცდების ფორმატი 2020 წელს?
აბიტურიენტები ყველა დეტალს შეიტყობენ აგვისტოს თვეში, ასე რომ სექტემბრიდან ისინი სრულად იქნებიან ინფორმირებულები როგორ უნდა მოემზადნონ 2020 წელს ეროვნული გამოცდებისთვის. ახლა სამინისტროშია წარდგენილი ეს დოკუმენტი და გადის საბოლოო ჩასწორებას.