LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გადავწყვიტე, ბებიაზე გადამეღო ფილმი, დავიწყე ამ სასაცილო ისტორიით…” – მარიამ ხაჭვანი ,,კანის კიონოფესტივალის” დეტალებით და სიახლეებით ,,არტ-Fm”-ში

45
xachvani

გადაცემის ლაივი LIVE

24 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სტუმრობდა, რომელმაც ფილმის „ქვა“ წარმატებებზე, ,,კანის კინოფესტივალის” დეტალებზე და სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე ისაუბრა.

მარიამ, ფილმზე „ქვა“ მეუღლესთან, თეიმურაზ ჩხვიმიანთან ერთად მუშაობდი, ის ფილმის პროდიუსერია.  როგორი იყო ერთობლივი მუშაობის პროცესი?

მეუღლესთან ერთად მუშაობა ნამდვილად საინტერესო იყო, რადგან კარგად აფასებს რამდენად რთული და შრომატევადია ეს საქმიანობა. გარდა იმისა, რომ ეს პროფესია ძალიან დიდ დროს მოითხოვს, ძალიან დიდი ნერვიც სჭირდება. ჩემი აზრით, კარგია, რომ ამ ყველაფერს თავადაც ხედავს და ყველანაირად გვერდში მიდგას. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ფილმია. დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში ვაკეთებდით ამ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ბებიაზეა და საბედნიეროდ, ახლა გადაღებები დასრულებული გვაქვს. ამ ეტაპზე პოსტპროდუქცია მიმდინარეობს, ანუ მონტაჟის ეტაპზეა ფილმი. მონტაჟში „პირველი არხი“ გვეხმარება და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. გასულ თვეს ვილნიუსის კინოფესტივალზე ვიმყოფებოდით, ფილმი „ქვა“ სექციაში „work in progress“ იყო წარდგენილი, მივიღეთ ჯილდო, რომელიც ,,კანის კინოფესტივალზე” ამ ფილმის პრეზენტაციას გულისხმობს. თემოსაც და მეც სხვადასხვა სპონსორებთან, გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან გვქონდა შეხვედრა, ფილმით დაინტერესდა ,,სან სებასტიანის” კინოფესტივალის წარმომადგენელიც, რომელმაც მოგვწერა, რომ ფილმის დასრულებული ვერსიის ნახვა სურს. ძალიან დადებითი ემოციებით დავბრუნდით კანიდან.

რამდენი ფესტივალის გამარჯვებულია ნამუშევარი „დედე“ და დაახლოებით რამდენ ფესტივალზე იყო წარდგენილი?

„დედე“ 17 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. 24 კინოფესტივალის გამარჯვებულია ფილმი „დინოლა“. რაც შეეხება წარდგენას, ალბათ 300-400 კინოფესტივალზე იყო წარდგენილი. დღესაც კი მოდის მოწვევები იმასთან დაკავშირებით, რომ „დედეს“ ჩვენება სურთ. ახლა, 26 მაისს კატარში არის დაგეგმილი „დედეს“ ჩვენება და აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ადგილებში მუდმივად აჩვენებენ ამ ფილმს, რაც ძალიან მახარებს.

როგორ უთავსებ ოჯახს და საქმეს? ვიცი, რომ ფესტივალებზე ქმართან და შვილთან ერთად დადიხარ და ვიცი, რომ მეუღლე ძალიან გიწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, როცა ოჯახი გყავს, უფრო მეტი შრომა და ენერგია გჭირდება, თუმცა ეს ხელს ნამდვილად არ გიშლის, პირიქით, მოტივაციაა. საბედნიეროდ, თემო ძალიან მეხმარება, ვინაწილებთ როგორც ოჯახის საქმეებს, ისე პროფესიულ საქმიანობას და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ფესტივალზე პატარა ბავშვთან ერთად ყოფნა მარტივი არ იყო, რადგან ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა და მართლა ძალიან ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ მაინც გავუმკლავდით. არ გამოგვიტოვებია არცერთი შეხვედრა, მივედით ყველგან, სადაც მიწვეული ვიყავით, ვნახე ,,კანის კინოფესტივალზე” წარდგენილი 5 ფილმიც და საბოლოოდ, კმაყოფილი დავრჩი ამ ყველაფრით.

,,კანის კინოფესტივალზე” წარდგენილი ფილმებიდან რომელს გამოყოფდი, რომელზე იტყოდი, რომ ნამდვილად გამორჩეული ნამუშევარია?

სამწუხაროდ, ნანახი ფილმებიდან ვერცერთს გამოვყოფ, შეიძლება მე არ გამიმართლა, არ ვიცი. ზოგადად, როცა ,,კანის კინოფესტივალზე” ფილმს უყურებ, ძალიან დიდი მოლოდინი გაქვს იმის, რომ რაღაც სასწაული კლასიკა უნდა ნახო. ამბობენ, რომ რამდენიმე ძალიან კარგი ფილმი აჩვენეს წელს კანში, მაგრამ სამწუხაროდ, მე იმ ფილმებს ვერ დავესწარი. საბოლოო ჯამში, თვითონ ფესტივალი მართლა ძალიან კარგი იყო.

რა არის ფილმის „ქვა“ მთავარი მესიჯი?

სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არასდროს მიფიქრია, რომ ბებიაზე დოკუმენტურ ფილმს გავაკეთებდი, არასდროს მიფიქრია, თვითონ ბებიას თუ გადავიღებდი. ბებია ბოლო წლები სულ ამბობდა, რომ რაღაც ქვა დაკარგა და ამის გამო თავის მეზობელ ქალთან ჰქონდა კონფლიქტი. როდესაც ბებია ამ ქვაზე მიყვებოდა, მეცინებოდა და არასერიოზულად აღვიქვამდი, რადგან ამბობდა, რომ 1940 წელს მღვდელს დაალოცვინა ეს ქვა და ამ ქვის დალოცვაში ძალიან ბევრი რამ, ძროხა, ყველი და ა.შ. გადაიხადა. განიცდიდა, რომ ამ ქვას ვერ ვპოულობდით, რადგან ამბობდა, რომ ის სურვილებს ასრულებდა და ძალიან მაგიური იყო. რადგან ყოველ წელს ერთი და იგივე მესმოდა, გადავწყვიტე, ბებიაზე გადამეღო ფილმი. დავიწყე ამ სასაცილო ისტორიით ფილმის გაკეთება. ფილმში ჩავრთე ბებია, თავისი მეზობლებით და ძალიან ადამიანური, ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. ფილმი ჯერ დასრულებული არ არის და იმედი მაქვს, კიდევ უფრო გავაუმჯობესებ. მთავარ როლს ბებიასთან ერთად, ჩვენი მეზობელი, ქალბატონი შურა ასრულებს. ბებიას ქალბატონ შურასთან ჰქონდა ქვასთან დაკავშირებული კონფლიქტი და ჩვენ დიდი ხნის მერე ისინი შევარიგეთ.

საბოლოო ჯამში იპოვეს ქვა?

ამას ეთერში არ ვიტყვი (იცინის).

დარწმუნებული ვარ, „ქვას“ დიდი წარმატება და ბევრი გამარჯვება ელის…

იმედი მაქვს, რადგან ძალიან დადებითი შეფასებები მივიღეთ ქართველებისგანაც და უცხოელებისგანაც, ყველასგან, ვინც ეს ფილმი ნახა.

მარიამ, დააარსეთ სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი და მინდა, ამ ფესტივალის შესახებაც ვისაუბროთ. როდის აიღებს სტარტს წლევანდელი ფესტივალი?

გასულ წელს ნამდვილად ძალიან ფორსმაჟორულ სიტუაციაში შევძელით კინოფესტივალის დაარსება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლი გურჩიანს, კულტურის სამინისტროს, კინოცენტრს და ყველა ჩვენს მხარდამჭერ ორგანიზაციას. გვსურს, წელს უფრო მასშტაბური კინოფესტივალი ჩავატაროთ. საბედნიეროდ, ძალიან კარგი სტუმრები გვეყოლება. ისე მოხდა, რომ გასულ წელს ადამიანებს თუ სვანეთში ფესტივალზე ჩამოსვლას ვეხვეწებოდი, ახლა პირიქით არის. კანში რომ ჩავედი, ყველა მეუბნებოდა, მეც მინდა სვანეთში ჩამოსვლაო. წელს თითქმის ყველას შევხვდი, მათ შორის, კანის კინოფესტივალის წარმომადგენლებსაც და რაღაცნაირად ყველა ძალიან ელის სვანეთის კინოფესტივალის მეორე გამოშვებას. მნიშვნელოვანია, ბევრი ქართველი, მით უმეტეს, ახალგაზრდა რეჟისორი ჩამოვიდეს ფესტივალზე, რადგან კანის კინოფესტივალის 3 პროგრამერი და ბერლინის კინოფესტივალის 2 პროგრამერი გვეყოლება, ასევე გვეყოლება ადამიანი სიდნეიდან, გოტებორგიდან, ტალინიდან, მოკლედ, გვეყოლებიან მაღალი კლასის კინოფესტივალების მთავარი პროგრამერები და მათთან შეხვედრის საშუალება ყველა მოწვეულ რეჟისორს ექნება. ყველას გელოდებით სვანეთში, 10-16 ივლისს.

რომელი ქართველი რეჟისორები იქნებიან ფესტივალზე?

იქნება ლევან კოღუაშვილი და იქნებიან სხვა რეჟისორებიც, რომლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები