LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახსოვდეთ, თქვენ კი არა, თქვენი შვილი მივიდა სკოლაში, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება და მან ჭიპლარი 6 წლის წინ გადაჭრა“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

29
სოფო-მოსიაშვილი

რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა სასკოლო ასაკში მყოფი შვილის შემთხვევაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სოფო მოსიაშვილმა ისაუბრა.

რაზე ვამახვილებთ აღზრდაში ყურადღებას?

არსებობს აღზრდის რამდენიმე სტილი, რომელიც, ბავშვის განვითარების შანსებს აფერხებს და უფრო მეტიც, აზიანებს მათ. შენიშვნებზე ორიენტირებული, გაღიზიანებული მშობელი თუ პედაგოგი რას მისცემს ბავშვს? გაღიზიანებას და დაძაბულობას, რაც რასაკვირველია აღზრდის თვალსაზრისით არ გამოგვადგება.

მშვიდი, გაწონასწორებული აღმზრდელი კი, რომელიც ბავშვთან ერთად გადალახავს ამა თუ იმ სირთულეს და გვერდში დაუდგება ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვს, სიყვარულით სავსე გარემოში ჩამოაყალიბებს პიროვნებად, რომელსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და არ არის დაძაბული, იმის გამო, რომ შენიშვნას ელოდება გარშემომყოფებისგან.

დღეს უფრო მეტად მინდა მშობლებს მივმართო და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება.

საოცარ რეჟიმში, დატვირთული, გადაღლილი, ათას წრე გამოვლილი ბავშვი, რომ სახლში ყველანაირად დაცლილი დაბრუნდება, რა სჭირდება მას?

დედა, რომელიც ეუბნება, რომ ძალიან დაღლილია და ჩუმად იყოს? თუ მამა, რომელიც ტელევიზორს უყურებს?

პირველი კითხვა, როდესაც ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან, ხშირ შემთხვევაში, მათი საშინაო დავალება და ნიშნებია. ამ დროს კი ბავშვს სულ სხვა რამ სჭირდება თქვენგან. უპირობო სიყვარული და არა იმის გამო ჩახუტება, რომ 10-იანი მიიღო. თუნდაც ორიანი მიიღოს, მას სწორედ მაშინ სჭირდება თქვენი სიყვარული, გამხნევება და იმის შეხსენება, რომ დაბრკოლებების გადალახვით უფრო მეტად ძლიერი ხდება.

 თქვენს შვილს  სჭირდება იმ ენერგიების შევსება, რაც დღის განმავლობაში დახარჯა, საუბარი იმაზე თუ რა იგრძნო დღეს? ყველაზე მეტად რამ აღაფრთოვანა? რამ მიიპყრო მისი ყურადღება? რამ გააბედნიერა?

დაივიწყეთ ცოტა ხნით თქვენი ინტერესები და მოუსმინეთ გულისყურით. აგრძნობინეთ, რომ თქვენც სწორედ ის გაინტერესებთ, რასაც თქვენი შვილი გესაუბრებათ. ამ  ყველაფრით ის თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს. წარმოიდგინეთ რომ 0%-ზე აქვს დამჯდარი შინაგანი სამყარო და თქვენ უვსებთ ამ 15 წუთიანი ყურადღებით 100-%- ზე.

 რას მატებს ეს ყოველი ბავშვს?

თუ თქვენ მშობელი, ბავშვისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება, ამას ვერ გააკეთებთ და დღის განმავლობაში 10-15 წუთს ვერ გამოყოფთ მისთვის, მეორე დილით უხალისოდ ან ხალისიანად, მაგრამ შიგნით დაგროვილი გამოუთქმელი ემოციებით და ფიქრებით დამძიმებული გააგრძელებს ბავშვი ამ მრავალფეროვან სამყაროში არსებობას, უამრავი კითხვის ნიშნით და გაუგებრობით.

მას არ ეცოდინება, რატომ უნდა უხაროდეს დღევანდელი დღე, როგორ გამოხატოს ესა თუ ის ემოცია , შესაბამისად, დაიგროვებს შიგნით და ერთ დღესაც, ისეთი ფორმით გამოხატავს, რომ შენ ეს არ მოგეწონება და შეიძლება შეგაშინოს კიდეც. არც ის იცის, რომ პატარა დეტალებმა უნდა აღაფრთოვანოს. მისთვის ეს არავის უსწავლებია, არც არავის მიუცია მაგალითი, ამიტომ ნუ ელოდებით იმას, თქვენი შვილისგან, რაც მასში არ ჩაგიდიათ. ლექციის კითხვა და იმაზე საუბარი, რომ კარგად უნდა ისწავლოს და პირველი უნდა იყოს ყველგან და ყოველთვის, ვერ დაეხმარება, რომ შინაგანად გაძლიერდეს, ეს მხოლოდ მის თვითშეფასებას დახევს უკან.

ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილების ცხოვრების მიზნად არ ვაქციოთ ნიშნები, სხვაზე გამარჯვება და ჯილდოები. უფრო მეტად აქცენტი გავაკეთოთ მათ ჩვევებზე, აზროვნებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, სიჯანსაღეზე, რომ რა სირთულეების გადალახვაც არ უნდა მოუწიოთ ცხოვრებაში მზად იყვნენ. ეგულებოდეთ მხარდამჭერ ადამიანად.

ბედნიერება ერთმანეთის სიყვარულით მოდის. ვასწავლოთ მათ უპირობო სიყვარული, პირველ რიგში ჩვენ შევიყვაროთ ისინი უპირობოდ, რადგან შეძლონ საკუთარი თავის სიყვარული, თუ საკუთარ თავს არ შეიყვარებენ, ვერც სხვების შეყვარებას შეძლებენ.

ასე რომ, გადადეთ ცოტა ხნით გვერდით თქვენი ტელეფონები და საქმეები, ჩახედეთ თქვენს საოცარ შვილს თვალებში და გამოხატეთ მადლიერება, მათ მიმართ, მოუყევით როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ, რომ თვითონაც ისწავლონ გაზიარება. მხოლოდ მათგან ნუ ელოდებით ამ ყველაფერს. აგრძნობინეთ თავი მნიშვნელოვნად.

რეკომენდაციები:

  1. მიეცით ბავშვებს თავისუფლება, რადგან მათ იგრძნონ პასუხისმგებლობა.
  2. გახსოვდეთ, რომ თვითმყოფადობა ყალიბდება მაშინ, როდესაც ბავშვის ქმედებები განსაზღვრავს შედეგს და არა მშობლის ქმედებები ბავშვის სახელით.
  3. მიეცით ბავშვებს შეცდომების დაშვების უფლება, რადგან ისინი სწორედ დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ იზრდებიან შინაგანად.
  4. მიეცით ბავშვებს ბავშვობა და ნუ ეცდებით ისინი, თქვენი აუხდენელი სურვილების „მსხვერპლად“ აქციოთ, მათ ხომ საკუთარი მისია და ფერადი სამყარო აქვთ.
  5. და თუ გინდათ რომ დღეს ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგათ ბავშვის განვითარებისა და წინსვლისთვის დაიწყეთ მხოლოდ ერთი ფრაზით: „ჩვენ სკოლაში არ მივედით“; მხოლოდ თქვენი შვილი მივიდა სკოლაში, ის ერთი კონკრეტული პიროვნება, უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე ადამიანი, რომელმაც ჭიპლარი 6 წლის წინ, დაბადების წუთიდან გადაჭრა თქვენთან.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები