LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გორში, თავდაპირველად, 7 დევნილი ქალი გადავამზადეთ” – სოციალური საწარმო “ლიდერი” პროდუქციას სამკერვალო ნარჩენებით ქმნის და ექსპორტზე ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გააქვს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

51
სოციალურ საწარმო

გორში, სოციალურ საწარმოში  შეკერილი პროდუქცია ექსპორტზე ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გადის

სოციალური საწარმო, სამკერვალო „ლიდერი“ 2016 წელს გორში დაარსდა. საწარმოს საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ემსახურება მთავარ მიზანს – მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელ ქალთა გაძლიერებას.

აღნიშნულის მისაღწევად, სოციალური საწარმო 3 წელზე მეტია, რაც სამიზნე ჯგუფს საკუთარი სახსრებით სთავაზობს ჭრა-კერვა-მოდელირებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მუდმივმოქმედ კურსს მომავალში დასაქმების პერსპექტივით.

„ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია.

სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებით ქმნის სხვადასხვა პროდუქციას და ხელმძღვანელობს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკით. „ლიდერი“ კიდევ ორ კომპანიასთან ერთად წლის სოციალური საწარმო 2022-ის ფინალისტია.

„ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ნინო გიორგაძე – სოციალური საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი საუბრობს.

 

 

– ნინო, გილოცავთ ნომინანტობას. ეს სოციალური საწარმოსთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. უკვე ექვსი წელია არსებობთ და პირველად ხართ ნომინანტებს შორის. თქვენი აზრით, რატომ შეირჩა თქვენი საწარმო?

– დიდი მადლობა პირველ რიგში ჟიურის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სოციალური საწარმო „ლიდერი“ ყოფილიყო ფინალისტებს შორის.

ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. მით უფრო ისეთი სოციალური საწარმოების გვერდით, როგორიცაა „ტენე“ და „დედიკო“.

ჩვენი მიზანია სოციალური საწარმოს გაძლიერება,  ახალი პროფესიის შეძენა, შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და ნულოვანი ნარჩენის წარმოება. 35 სამკერვალო საწარმოდან ვიღებთ ნარჩენს და ხელმეორედ გადავამუშავებთ.

ალბათ ჩვენი ეს ორი სოციალური მიზანია, რის გამო ფინალისტებს შორის ვართ.

– საწარმოს შექმნის იდეაზეც რომ გვიამბოთ, როგორც ვიცი, გორში დააფუძნეთ, რადგან გამოჩნდა მუშახელი, რომელიც სამწუხაროდ საკუთარი სახლებიდან იყვნენ დევნილები, მათ სჭირდებოდათ დასახლება.

ერთ-ერთი, რაც ყველაზე კარგად იცოდნენ, იყო კერვა და ვინც არ იცოდა, ასწავლეთ..

– ჩვენი რეგიონი მოწყვლადი გახდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბევრი დაზარალებულები გვყავს. შიდა ქართლის რეგიონს  უფრო ხშირად სჭირდება დახმარება.

დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა, ჩვენი რეგიონის ეკონომიკაში მცირე წვლილი მაინც შეგვეტანა. სწორედ შიდა ქართლში არსებულმა სოციალურმა ფონმა გვიკარნახა, რომ ქალების საჭიროებები შეგვესწავლა, სად შეიძლებოდა, რომ მათ უკეთესად ეგრძნოთ თავი და რას გააკეთებდნენ ისინი დიდი სიამოვნებით.

ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი, ვიდრე ჩვენ შევქმნიდით სოციალურ საწარმოს. შევხვდით შიდა ქართლში მცხოვრებ ძალიან ბევრ ქალბატონს. მოვიარეთ ძალიან ბევრი სოფელი, ვესაუბრეთ, გავიცანით და მათთან საუბარმა მოგვცა ძალიან დიდი მოტივაცია. მათმა გაცნობამ გვიკარნახა, დაგვეწყო სამკერვალო საქმიანობა.

თავდაპირველად  2016 წელს 7 დევნილი ქალი გადავამზადეთ.

მათგან სამი დავასაქმეთ. ეს პროცესი ჩვეულებად ვაქციეთ და დღეს გვყავს გაძლიერებული ქალების არმია, რომელთა რიცხვი უკეთ 316-ს შეადგენს. ამდენი ქალია გადამზადებული და მათგან 186 უკვე დასაქმებულია. ეს ჩვენი ძალიან საამაყო შედეგია.

– უშუალოდ პროდუქციაზეც  გეგმებზე გვიამბეთ.

– გარდა კორპორაციული შეკვეთებისა,  ვაწარმოებთ 2-დან 12 წლამდე ბავშვის სამოსს.

ადგილობრივი ბაზრის გარდა პროდუქტი გაგვაქვს ექსპორტზე შვედეთსა და საფრანგეთში. ასევე იყიდება ამერიკულ „ამაზონზე“. დავიწყეთ ექსპორტი სომხეთშიც.

რაც შეეხება უახლოეს სამომავლო გეგმებს, მონაწილეობას ვიღებთ ბავშვის სამოსის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ ქალაქ ფლორენციაში იმართება. გამოფენაზე უკვე მეორედ ვიღებთ მონაწილეობას. ეს არის ჩვენი მთავარი გზა ექსპორტზე გასასვლელად.

– დასაქმებული გყავთ 200-მდე ქალბატონი, თუ აპირებთ მათი რიცხვის გაზრდას?

– ზუსტად 186 ქალი დასაქმდა. მონაცემი რამდენიმე თვის წინ გადავამოწმეთ. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ისეთი საწარმო, რომ ყველა დავასაქმოთ, ვისაც გადავამზადებთ.

ნაწილი ჩვენს საწარმოშია დასაქმებული, ნაწილი თვითდასაქმებულია, ნაწილი სხვა საწარმოში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელშეწყობით მათთვის ხშირ შემთხვევაში ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სწორედ ამ საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

ჩვენთან ამჯერად 24 სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ქალბატონია დასაქმებული. დამატებით შევქმენით რვა ახალი სამუშაო ადგილი და მათი რიცხვი უკვე 32-მდე გაიზრდება, 2023 წლიდან კიდევ უფრო „დიდები“ ვიქნებით.

– ხშირად მესმის თითქმის ყველა ბიზნესისგან, რომ კადრების პოვნის პრობლემაა. მათ შორის მცოდნე და კვალიფიციური მკერავების. ძალიან კარგია, რომ თქვენ ასწავლით, მაგრამ ეს მოღვაწეობა რამდენად კარგად ჩანს იმ სოციუმში, რომელშიც თქვენ გიწევთ მოღვაწეობა.

– პრობლემა ნამდვილად არის ტექსტილის ინდუსტრიაში და სამკერვალო საწარმოებში.

ნომერ პირველ პრობლემად ასახელებენ კვალიფიციურ კადრებს. ჩვენ კვალიფიციური კადრი უწყვეტ რეჟიმში ჩვენივე გადამზადებული გვყავს. მათ იციან, არამხოლოდ კონსტრუირება და ჭრა-კერვა, არამედ თანამედროვე ტექნიკის ფლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამით ჩვენ ვპასუხობთ ამ პრობლემას და ვაგვარებთ.  ვცდილობთ, რომ ეს დეფიციტი შევავსოთ გადამზადებული კადრებით და ინდუსტრიასაც ხელი შევუწყოთ.

– ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებთ, ვნახოთ, რა მოხდება 17 ნოემბერს, როდესაც გამოვლინდება წლის სოციალური საწარმო 2022. წინასწარი პროგნოზებისგან თავს შევიკავებ.

“ექვსი ქალბატონი გვყავს დასაქმებული, მათგან ორი უკრაინიდანაა” – ერთი წლის წინ შექმნილი „დედიკო“ წლის სოციალური საწარმო 2022-ის ფინალისტია/„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g