LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იამანდუ კოსტასა და ვინსენტ პეირანის დუეტი, რომელთა მიწვევას მსოფლიოს წამყვანი თეატრები ნატრობენ – „თბილისი-რიტმის“ დამფუძნებელი ანი ლაღიძე ფესტივალის დეტალებით „არტ-FM“-ში

16
ანი ლაღიძე

8 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის  სტუმრებმა, თბილისის კონსერვატორიის პედაგოგმა, საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატმა ბატონმა ვაჟა კალანდაძემ და სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „თბილისი-რიტმის“ დამფუძნებელმა, ქალბატონმა ანი ლაღიძემ იამანდუ კოსტასა და ვინსენტ პეირანის დუეტზე, მათ შემოქმედებასა და კონცერტზე ისაუბრეს, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება ფესტივალის ფარგლებში.

– ქალბატონო ანი, რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ამ მუსიკოსების მოწვევა?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ამგვარი სტუმრების მიღებით. იამანდუ კოსტა არაჩვეულებრივი გიტარისტია, ვინსენტ პეირანი კი, ფანტასტიკური აკორდეონისტი, რომელთა მიწვევას მსოფლიოს წამყვანი თეატრები ნატრობენ, ჩვენ კი, ძალიან გაგვიმართლა, რადგან  დუეტში შევძელით მათი გაერთიანება. მართალია, ფესტივალის დახურვას 2 ივლისს ვგეგმავდით ვირტუოზი გიტარის ბირელი ლაგრენის გამოსვლით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევძელით მისი ჩამოყვანა. პეირანი რიშარ გალიანოს ბოლო კონცერტის მოსმენისას აღმოვაჩინე, ძალიან მომეწონა და ფრანგი კოლეგების წყალობით ჩვენს ფესტივალზე მოვიწვიე. რა თქმა უნდა, გალიანო, რომელმაც ექვსი ტურნე მოაწყო საქართველოში გენიალური შემსრულებელია, თუმცა დროა ქართველმა მსმენელმა ახალი, არანაკლებ გენიალური აკორდეონისტი გაიცნოს.

– ბატონო ვაჟა, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს იამანდუ კოსტას სტუმრობა?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ანის ამგვარი საჩუქრისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს კოსტას სტუმრობა. მართლაც უნიკალური მუსიკოსია, რადგან ბრწყინვალედ შეძლო საკუთარი მუსიკალური ენის მონახვა.

– როგორ შეაფასებთ ახალგაზრდა მუსიკოსებს?

– არაჩვეულებრივი თაობა გვეზრდება. საერთოდ, ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს, თუმცა ხელშეწყობაა ნაკლები. მუსიკალურ განვითარებას შესაბამისი გარემო სჭირდება, რასაც სამწუხაროდ მოკლებული არიან. ძალიან ვემადლიერებით ქალბატონ ანის, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივ მასტერკლასებს სთავაზობს ჩვენს ახალგაზრდებს. ცოტა ხნის წინ ჩვენმა მეგობარმა, ცნობილმა გიტარისტმა ტარიელ სუარიმ გიტარის კლუბი გახსნა, სადაც უამრავმა დამწყებმა მუსიკოსმა მოიყარა თავი, ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით და ღია გაკვეთილების, ვორკშოპების წყალობით ვცდილობთ ბავშვებისთვის ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას.

– ქალბატონო ანი, რატომ შეიძინა მუსიკალურმა ფესტივალმა სოსო ლაღიძის სახელი?

– სხვათა შორის, ბევრს უჩნდება მსგავსი შეკითხვა. რა თქმა უნდა მამა მსახიობი იყო, თუმცა პირველ რიგში ის ხელოვანი იყო მრავალფეროვანი ინტერესებითა და გატაცებებით, ამიტომ, ჩავთვალე, რომ ხელოვნების ფესტივალს ზუსტად მოერგებოდა მისი სახელი.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– საოცარ პროექტს Eastwood symphonic-ს ვამზადებთ მომავალი წლისთვის, რომელიც კლინტ ისტვუდის ფილმებისთვის შექმნილი კომპოზიციების გაორკესტრებულ ვერსიებს გააერთიანებს. ძალიან მახარებს, რომ პროექტში ბრწყინვალე მსახიობის შვილი, ვირტუოზი კონტრაბასისტი კაილ ისტვუდიც მიიღებს მონაწილეობას ბრიტანელ მუსიკოსებთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები