LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმხელა ნამცხვარზეა საუბარი, რომელიც ყველასთვის საკმარისი იქნება, ნებისმიერი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების ადამიანისთვის“ – რას დავკარგავთ, თუ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

12
ქადაგიძე ეწვროპა

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად 12 მოთხოვნა წაუყენა.

დღეს ბევრი საუბრობს ამ საკითხის პოლიტიკურ ასპექტებზე, ჩვენ სტუმართან ერთად შევეცდებით ეკონომიკური კუთხით დაგანახოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კანდიდატის სტატუსს და ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისთვის.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს გიორგი ქადაგიძე – საქართველოს ეროვნული ბანკი ყოფილი პრეზიდენტი და მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

 

– ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პოლიტიკურ ასპექტებზე, ბევრს საუბრობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ კანდიდატის სტატუსი სიმბოლურია, ფარატინა ფურცელია და არაფერს ცვლის, არადა ძალიან ბევრი მაგალითია, როდესაც თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ, ქვეყნის ეკონომიკაში ძირეული ცვლილებები შეიტანა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა იქ მცხოვრები ხალხის ბედი და ფინანსური მდგომარეობა.

რომ ავუხსნათ, უფრო გასაგებად ჩვენს მსმენელს – უკვე რა დავკარგეთ, რადგან მინიმუმ ექვსი თვით გადაგვედო ეს პროცესი.
რა შეიძლება, მიგვეღო და რას მივიღებთ იმ შემთხვევაში, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

– პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ კანდიდატის სტატუსის დროს, იზრდება წვდომა მრავალ მილიონიან ფონდებთან, შეღავათიან ფინანსურ რესურსებთან, სტუდენტების გაცვლით პროგრამებთან. სოფლის მეურნეობაში უამრავი ინვესტიციაა, რომლის მიზანია, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის დაახლოება მოხდეს ევროკავშირის სტანდარტებთან.  14 მილიარდიანი მხოლოდ ერთი ფონდია, რომელიც კანდიდატის წევრი ქვეყნებისთვის არის გამოყოფილი.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთეების, რომელიც მხოლოდ კანდიდატის სტატუსს მოაქვს.  არ არსებობს შემთხვევა, სადაც რომელიმე წევრმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიღების შემდეგ არ მიიღო მნიშვნელოვანი ეკონომიკური დოვლათი. ეს დოვლათი ეხება ყველა სფეროს. მცირე და საშუალო ბიზნესს, ეხება მეწარმეებს, ეხება მსხვილ ბიზნესს და ეხება სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს, ფერმერებს და მასწავლებლებს.
ჯერ მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ძალიან ხარისხიანი განათლება მიიღონ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს და არ უნდა დავიღალოთ იმის ახსნით მოქალაქეებისთვის, რომ ეს, რაც მოხდა, არაა ჩვეულებრივი ამბავი. ის, რომ ფანჯარა გაიხსნა, რეალურად ეს არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის და უკრაინელი გმირი ხალხის მიერ გაჭრილი ფანჯარა. ამ ფანჯრის გახსნა ათწლეულებში ერთხელ ხდება. ამით დადასტურდა, რომ რუსეთი არის ისტორიულად კეთროვანი და დასუსტებული. ის, რომ შვედეთი და ფინეთი ამით სარგებლობს და ხდებიან ნატოს წევრი ქვეყნები, ნიშნავს, რომ 1700 კილომეტრიანი საზღვარი იქნება ნატოს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის. აღარ ვსაუბრობ უკრაინასა და მოლდოვაზე, რომლებმაც უზარმაზარი შანსი მიიღეს. ეს არის ამბავი, რომელიც ისტორიაში შევა – ევროკავშირის კიდევ ერთი გაფართოების ტალღა, როგორიც იყო, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები შევიდნენ და ახლა ვხედავთ, რამდენად წინ წავიდნენ ისინი.

ახლა ღიაა ანალოგიური ფანჯარა და თუ ჩვენ ამ ფანჯარაში ვერ შევძვერით  ანუ ამ შესაძლებლობის არ გამოყენება, დანაშაულის ტოლფასი იქნება ჩვენი შვილების წინაშე და შემდეგი თაობის მიმართ და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამისთვის იბრძოდა. ასე ახლოს არასდროს ყოფილა ის დოვლათი და სიკეთეები, რაც მოაქვს ევროპას და ევროკავშირს ჯანდაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისთვის და რეგიონული განვითარებისთვის.

რეგიონებში მყოფმა ადამიანებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეს მათაც აუცილებლად შეეხებათ, იმიტომ რომ რეგიონული თვითორგანიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის.

მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ოლიგარქია და ძალიან ვიწრო ადამიანების ჯგუფში კონცენტრირებული პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება, რომელიც ამ პროცესს ეწინააღმდეგება.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავში ნიჰილიზმი დავამარხოთ და ერთად გავიმარჯოთ. აქ არაა საუბარი იმაზე, რომ ვინმე ვინმეს წინააღმდეგაა. იმხელა ნამცხვარზეა საუბარი, რომელიც ყველასთვის საკმარისი იქნება, ნებისმიერი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების ადამიანისთვის.

– ვფიქრობ მოსახლეობამ კარგად დაინახა და მათთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა ევროპული მომავლის გაჩერება. მართალია 30 წელია ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ახლა საფრთხე დაინახეს. ამის დასტურია ორი საკმაოდ დიდი აქცია.

რომელიც  გაიმართა თბილისის ცენტრში. ადამიანები ნამდვილად ხედავენ იმას, რომ მართლაც საფრთხე გაჩნდა. მოძრაობა „შინ ევროპისაკენ“ ცდილობს, საზოგადოებას მისცეს ტრიბუნა და ხალხმა ხელისუფლებას უთხრას, რომ მათ სჭირდებათ ევროპული მომავალი და არ დაუშვებენ იმას, რომ ამას ვინმემ ხელი შეუშალოს. 

სამწუხაროდ ხელისუფლება ნიჰილიზმის დათესვას ცდილობს. თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს ქართველი ხალხის მოტყუება რთულია იმ განცხადებით, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არაფერს  ნიშნავს…

– გეთანხმებით და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროკავშირის სტატუსის მინიჭება არც თუ ისე მნიშვნელოვანია და სიმბოლურია, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებს თავისთვის ევროკავშირი და ევროპა მოწყობილი აქვთ. შვილებს განათლების მისაღებად ევროპაში აგზავნიან და ჯანდაცვისთვისაც ყოველთვის ევროპას აკითხავენ, ინვესტიციებს დებენ ევროპაში და როდესაც რაღაც წარმატებას აღწევენ, მერე საკუთარი თავის რეალიზაცია უნდათ ევროპაში.

უბრალოდ მათ საბჭოთა კავშირი, ავტორიტარიზმი უნდათ გამდიდრებისთვის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მათი სიტყვით სიმბოლური და არაფრისმომტანი, თორემ ევროპის  დოვლათით თვითონ ძალიან კარგად სარგებლობენ. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჯეროთ მათ და არ უნდა დავიღალოთ ახსნით რა მაგარია ევროკავშირის წევრი ქვეყანა თუ გავხდებით.  ეს ის პროცესია, სადაც ყველას გვაქვს ჩვენი როლი. ეს ბრძოლა ყველამ უნდა მოვიგოთ.

თვითოეულმა ადამიანმა უნდა დავარწმუნოთ მეზობლები, თანამშრომლები და ნათესავები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიღალოთ ახსნით, თუ რა სიკეთეა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროტესტი.

არ უნდა დავიღალოთ ახსნით, უნდა ვესაუბროთ ყველას და მათ შორის განსხვავებულ აზრზე მდგომ ადამიანებს. იმ ადამიანებს, ვინც ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ არიან. დღეს გვჭირდება უპრეცედენტო ერთიანობა და კონსოლიდაცია. ყველა ჩვენი განსხვავებული აზრი, ამ უზარმაზარ ამოცანასთან შედარებით, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია, არის, იმდენად პატარაა და იმდენად უმნიშვნელოა, რომ მასზე საუბარი სასაცილოა.

ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი, ყველამ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, რადგან მეორე მხარეს არის უზარმაზარი სიმდიდრე, ფაქტობრივად საბოტაჟირებული ევროპა და გახარებული რუსეთი. რომლებიც ბედნიერები არიან იმით, რომ საქართველო თურმე უარს ამბობს ევროკავშირზე და გვერდს უვლის ამ პერსპექტივას.

ამიტომ ჩვენზე, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული ყველაფერი. ჩვენ 2022 წელი უნდა ვაქციოთ ზეიმის წლად და წლად, როდესაც გამოვიყენეთ უზარმაზარი შესაძლებლობა და მოგვენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის არგაკეთება, არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ასეთი რამ არ შეიძლება ჩვენ ყველამ ხელიდან გავუშვათ, მერე ამაზე  ძალიან დიდხანს ვინანებთ.

არავის ემახსოვრება რა და როგორ იყო. ისტორიაში დაიწერება, რომ საზოგადოებამ და საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლეს ამ გეოპოლიტიკური ცვლილებით სარგებლობა.
ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ახლა ნამდვილად არის დრო ერთიანობის, ხელის ჩაკიდების და წყენის დავიწყების.

 

– ბოლოს მინდა გკითხოთ 3 ივლისის აქციაზე. დაგეგმილი გაქვთ შეხვედრები რეგიონებში, ასევე სტუდენტებთანაც, რა გეგმებია სამ ივლისამდე?

გასაგებია, რომ შემდგომი განვითარება გამოჩნდება სამ ივლისს, თუმცა რეგიონებში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ ყველაზე მეტად არის დანაკლისი ინფორმაციის, მეტი საუბრის და მათი ჩართულობის. მათ ჰგონიათ, რომ თბილისში ვიღაცები შეიკრიბებიან და მათ გარეშე მიიღებენ გადაწყვეტილებას და თავად ეს არ ეხებათ. ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს, რომ ეს ცვლილებები, მათაც შეეხებათ.

– ეს ბრძოლა არაა ვინმე კონკრეტული ჯგუფის მოსაგები. ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ თითოეულმა ჩვენგანმა იმისდამიუხედავად, რომ ვცხოვრობთ რეგიონში, სოფელში, დაბაში, თუ თბილისში. თითოეული ჩვენგანის ჩართულობას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა.

სამში, კვირას რვა საათზე გაიმართება მორიგი დიდი აქცია, სადაც ჩვენ ყველა გვიყურებს და სადაც ჩვენ  საკუთარ თავს გავაცნობთ დასავლელ პარტნიორებს.
ყველა გვიყურებს. მთელი მსოფლიო და ევროპა და გვაკვირდებიან, გვაქვს თუ არაა საქართველოს მოქალაქეებს იმის უნარი, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი.  აქვე გეტყვით, რომ ხვალ 30 ივნისს დედაენის ბაღში მაქვს შეხვედრა სტუდენტებთან. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოსვლა.

გეგმა არის ის, რომ მოვედოთ მთელ საქართველოს, ყველა ჯგუფს,  პოლიტიკურს და ეკონომიკურს, გეოგრაფიულს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს, რომ ეს პროცესი ასე მარტივად არ ჩაივლის.

არ ვაპირებთ, მარტივად გავატაროთ ის ისტორიული მომენტი, რომელიც საქართველოში დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g