LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ისეთ ისტორიებს მოვუყარე თავი, რომლებიც ბევრისთვის ნაცნობი და ახლობელია” – თამარ კანაშვილი წიგნის პრეზენტაციით ,,არტ-Fm”-ში

8
artfmnews

გადაცემის ლაივი LIVE

4 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ტრენერთა აკადემიის და ტრენერთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ კანაშვილი სტუმრობდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოცემულ ნაშრომზე „წიგნზე მეტი“ ისაუბრა.

– თამარ, რას წარმოადგენს წიგნი, რომელზეც საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დახარჯეთ?

– წიგნის დაწერის იდეა 16 წლისას გამიჩნდა. ვთვლიდი, რომ ადამიანი, რომელიც წიგნს დაწერდა, აუცილებლად ძალიან საინტერესო ცხოვრება უნდა ჰქონოდა და სწორედ ეს იყო ჩემი ოცნებაც. თავიდან გამბედაობა არ მყოფნიდა, რამდენიმე უშედეგო მცდელობა მქონდა, ყოველთვის ნაკარნახევი, თითქოს სხვისი გავლენით შექმნილი ნამუშევრები გამომდიოდა და ჩავთვალე, რომ ვერასდროს შევძლებდი ოცნების ასრულებას, თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელი გაუბედაობის, მოსალოდნელი კრიტიკის შიშის დაძლევა და საკუთარი ნაშრომის გამოშვება.  წიგნი ორი ნაწილისგან – პირადი გამოცდილებისა და იმ ტრენერების ისტორიებისგან შედგება, ვისთანაც ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ. კარგი ნაშრომი გამოვიდა, რადგან ისეთ ისტორიებს მოვუყარე თავი, რომლებიც ბევრისთვის ნაცნობი და ახლობელია. სხვათა შორის წიგნს მეორე სახელი -„საჩუქარიც“ დავარქვი, რადგან ჩავთვალე, რომ კრებულში თავმოყრილი პრაქტიკული რჩევები საკუთარი თავისთვისაც კარგი საჩუქარი იქნებოდა და საყვარელი ადამიანებისთვისაც.

– რამდენად მნიშვნელოვანია ტრენერთა ასოციაციის არსებობა და რას თვლით თქვენს მთავარ გამოწვევად პანდემიის ფონზე?

– მართალია, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ მაინც მოგვიწევს ვისწავლოთ  პანდემიასთან ერთად ცხოვრება. რა თქმა უნდა, ცვლილებები ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია, თუმცა სწორედ ტრენერებს მოგვეთხოვება მოქნილობა. გულდასაწყვეტია, რომ რეგულაციები პირველ რიგში განათლებას შეეხო, მაშინ როცა სხვა სფეროები მეტ-ნაკლებად თავისუფლად ფუნქციონირებენ. ვფიქრობ, ყველა პრობლემის სათავე – განათლების დეფიციტია, ამიტომ სწორედ ეს სფერო უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ყველაზე მეტად. აუცილებლად უნდა ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, თუმცა არც ცოცხალ ინტელექტს უნდა დავუკარგოთ მნიშვნელობა.

– რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ონლაინ-სწავლება?

– ნაკლებად გამართლებულად მიმაჩნია, რადგან შეუძლებელია ადამიანის კომპიუტერით ჩანაცვლება. გარკვეულ ეტაპზე შეიძლება იყოს გამოსავალი, მაგრამ არა სამუდამოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობა, რადგან ადამიანები სწორედ უშუალო, ცოცხალი ურთიერთობის დროს სწავლობენ და იძენენ პრაქტიკას. ახლა, სხვა გზა არ გვაქვს, ამიტომ ვალდებული ვართ მოვერგოთ არსებულ რეალობას და გამოვიყენოთ ის რესურსები, რაც გაგვაჩნია.

– რამდენად მოთხოვნადია ქართული ტრენინგი საზღვარგარეთ?

– საქართველოს მართლაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს საერთაშორისო დონის ტრენერების აღსაზრდელად, თუმცა ძალიან კონკურენტულ გარემოში გვიწევს მუშაობა.  მართალია, ტრენინგ-ინდუსტრია ეტაპობრივად, მაგრამ ძალიან სწრაფად ვითარდება და იმედია მალე ჩვენი ტრენერებიც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო მოთხოვნებს.

– როგორც ვიცი, ახალ წიგნზე მუშაობთ, რა თემას მიეძღვნება ახალი ნაშრომი?

– ჯერჯერობით მხოლოდ მასალა გვაქვს სხვადასხვა თემაზე, რომელიც იმედია საბოლოოდ ერთ წიგნად შეიკვრება და გამოიცემა.

– თქვენს ცხოვრებაშიც იყო პერიოდი, როცა ყველაფერზე თქვით უარი. რა გახდა სამუშაოს დაბრუნების მთავარი სტიმული?

– ყველაფერზე ნამდვილად არ მითქვამს უარი. მეტიც, შვიდი წელი ანაზღაურების გარეშე ვიმუშავე. სიმართლე ვთქვა, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ჰონორარი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მართალია, მძიმე ეტაპის გავლა მომიწია, როცა ამ სფეროდან წასვლაც კი ვიფიქრე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვძებნე ძალა და არც საკუთარ თავს ვუღალატე, არც საყვარელ საქმეს.

– სად შეიძლება თქვენი წიგნის შეძენა?

– წიგნი უკვე გამოიცა და მისი შეძენა თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები