LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IT მიმართულებით პროფესორების გადამზადება იწყება – StrategEast მიმდინარე პროექტების შესახებ

7
lika merabishvili

IT მიმართულებით დასაქმების მსურველთა რიცხვი საქართველოში უფრო და უფრო იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაცია StrategEast ქართველ და უკრაინელ ახალგაზრდებს აღნიშნულ სფეროში დასაქმებაში ეხმარება. IT HUB-ის პროგრამისა და StrategEast-ის პროექტების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის კავკასიის რეგიონალური დირექტორმა ლიკა მერაბიშვილმა „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

 

ლიკა, რატომ IT მიმართულება და რას საქმიანობს არასამთავრობო ორგანიზაცია StrategEast, ზოგადად?

StrategEast არის ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათ შორის არის საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ა.შ. ჩვენი თანამშრომლები ამ ქვეყნებში IT მიმართულებით მუშაობენ იმისათვის, რომ განავითარონ IT ეკონომიკა სხვადასხვა სახით, მაგალითად ეს იქნება კვლევები IT მიმართულებით, ტრენინგები, ადვოკატირებისა და სხვადასხვა პროექტები.

 

რას გულისხმობს IT HUB? რას მოიცავს ტრენინგები, რომლებსაც ქართველ და უკრაინელ ახალგაზრდებს სთავაზობთ?

მაშინ, როდესაც 2021 წელს 150 მილიონის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში მხოლოდ IT მიმართულებით, ძალიან ბევრი IT კომპანია გაიხსნა, StrategEast-ის დიდი ძალისხმევის შედეგად. გაჩნდა IT პროფესიონალების საჭიროება, აღარ იყო საკმარისი კადრები. ამიტომ, 2020 წელს პირველად ჩავატარეთ IT ჰაბის ტრენინგები თბილისში, მაშინ ვთანამშრომლობდით ორ უნივერსიტეტთან, 40 ახალგაზრდა გადავამზადეთ, დავეხმარეთ მათ დასაქმებაში. რადგან მოთხოვნა იზრდებოდა, გვინდოდა, რომ რეგიონებშიც გაგვეკეთებინა პროექტი. EBRD-ის დაფინანსებით და GITA-სთან თანამშრომლობით, წელს დავიწყეთ ტრენინგები საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ასევე უკრაინელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იძულებით გადაადგილებული არიან და საქართველოში ცხოვრობენ ამის გამო. ჯამში, 200 ახალგაზრდას ვარჩევთ, მაგრამ როდესაც აპლიკაციები შემოვიდა, 3000-ზე მეტი აპლიკაცია იყო, რაც საქართველოსთვის წარმოუდგენელი რიცხვია. დაიწყეს ინგლისური ტესტების ჩაბარება, ვისაც სჭირდებოდა, კურსს გადიან ინგლისური ენის, რადგან სწავლება ინგლისურენოვანია. დაიწყეს ძირითადი IT საკითხების შესწავლა, მათ მოუწევთ ტესტის ჩაბარება და ვინც გადალახავს, შეირჩევა 200 ახლგაზრდა, რომელიც გააგრძელებს პროფესიულ IT კურსებს, ეს არის ჯავა, ბიზნეს ანალიტიკა და ა.შ. 6-დან 9 თვემდე გაგრძელდება კურსი და კურსის დასრულების შემდეგ StrategEast დაეხმარება მათ სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებაში.

 

რა კრიტერიუმები გაქვთ და როგორ მოგმართეს აპლიკანტებმა?

რადგან ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ  ეს ადამიანები დავასაქმოთ, გვჭირდებოდა ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მონდომებულები არიან, რომ ბოლომდე მიიყვანონ კურსი, საკმაოდ ძვირადღირებული კურსია, რომელსაც ამჟამად EBRD ფარავს, შესაბამისად, ვეძებდით ისეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოტივაცია აქვთ, რომ ჯერ ისწავლონ და შემდეგ იმუშაონ. მათ უნდა დავეხმაროთ დასაქმებაში. მეორე კრიტერიუმი იყო ასაკობრივი ზღვარი, იქიდან გამომდინარე რომ 18 წელს ზემოთ უფრო მარტივია ადამიანის დასაქმება პროფესიული კუთხით, მხოლოდ ეს ორი კრიტერიუმი გვაქვს.

 

როგორც ვიცი, დაწყებულია უკვე სასწავლო პროცესი. რა ეტაპზე ხართ ახლა?

ახლა უკვე IT-ს ძირითად საკითხებს გადიან და ძალიან მალე გადავლენ პროფესიულ სწავლებაზე.

 

ვინ უტარებს აპლიკანტებს ტრენინგებს და როგორია ჩართულობა მათი მხრიდან?

უცხოელი ტრენერები გვყავს, EPAM-ის წარმომადგენლები, რომელიც საკმაოდ დიდი IT კომპანიაა და მათ შორის, საქართველოშიც ოპერირებს, თუმცა ჩვენთან მთავარი ოფისის წარმომადგენლები უტარებენ ტრენინგებს. ტრენინგები ძირითად ონლაინაა, მაგრამ მენტორებთან აქვთ კომუნიკაცია სტუდენტებს, ვინც ტრენინგებს ესწრება და ერთად გადიან ამ პროცესს იმისათვის, რომ საბოლოო პროდუქტი შექმნან და მიიღონ პრაქტიკული ცოდნაც, არა მარტო თეორიული.

 

როგორც ვიცით, 2020 წელს უკვე განხორციელდა მსგავსი პროექტი, რა შედეგი ჰქონდა მაშინ პროექტს?

40 გადავამზადეთ და 40-ვე დასაქმდა, დღემდე მუშაობენ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ IT კომპანიებში. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის, რომ გავზარდოთ ეკონომიკა IT მიმართულებით. დღეს მთელ მსოფლიოში IT პირველ ადგილზეა და მოთხოვნაც არის IT პროფესიონალების მიმართ. შესაბამისად, შედეგი იყო ის, რომ ამ დასაქმების შედეგად გაიზარდა შემოსავალი, დღემდე იზრდება IT მიმართულებით ინვესტიციები საქართველოში. იმისათვის, რომ ჩვენ გვინდა შევქმნათ ბრენდი ე.წ. “დიჯითალ ჯორჯია”, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და საქართველოს პრაქტიკას წაიღებენ თავიანთ ქვეყანაში. ჩვენ დაახლოებით ერთ თვეში ველოდებით არაბული ქვეყნების წარმომადგენლებს, გაეცნობიან პროექტებს და ინვესტიციებს, მათ შორის ჩვენს პროექტებს, რადგან StrategEast-ს დიდი წვლილი გვაქვს IT მიმართულებით, ეკონომიკის განვითარებაში. მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციებს საშემოსავლო გადასახადი აქვთ შემცირებული, მათ აქვთ 4%, რამაც შეუწყო ხელი იმას, რომ ბევრი IT კომპანია შემოსულიყო, მათ შორის ჩვენი პარტნიორია “ვაიბერი”. მათი ოფისი საქართველოში გასულ წელს გაიხსნა, ახლა უკვე ჩვენთან თანამშრომლობით, META გეგმავს, რომ აქ ჩაუტაროს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს ტრენინგები, რომლებიც მალე დაიწყება. StrategEast ამ პროგრამის პარტნიორიც არის. ვცდილობთ, რომ ბევრი ინვესტიცია მოვიზიდოთ და ჩვენი გაკეთებული საქმეები, მათ შორის ახალგაზრდა სტარტაპერების წარმატებები არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც გავაცნოთ.

როგორი ტემპით ვითარდება IT მიმართულება საქართველოში?

სწრაფად ვითარდება. IT ზუსტად ესაა, რომ დღეს რომ აპლიკაცია გვაქვს ტელეფონში, ხვალ განახლდება, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა აუწყო ნაბიჯი, აქ ყველაფერი უნდა გააკეთო დღეს. ამიტომ, ჩვენც ძალიან ვჩქარობთ, რომ ფეხი ავუწყოთ. საქართველო ეკონომიკურად ვერ დგას ისე, როგორც სხვა ქვეყნები, ცოტა პრობლემებია, მაგრამ ამისათვის უფრო სწრაფი ტემპის აღება გვჭირდება, რომ დავეწიოთ და ვაჯობოთ სხვა ქვეყნებს. მაგალითად, ანუკი რობაქიძე, რომელიც გასულ წელს ვებსამიტის გამარჯვებული პირველი ქართველი სტარტაპერი იყო, რომელმაც გაიმარჯვა. წელსაც გვინდა, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ ვებსამიტში და ჩვენი ეს სახელი, საქართველოს წარმატების მაგალითები (ბევრი პროექტი აქვს GITA-ს, რომელიც გრანტებს აძლევს სტარტაპერებს და ანტერპრენერს), გვინდა, რომ გაიზარდოს და სხვა ქვეყნებსაც გავასწროთ ინვესტიციების მოსაზიდად.

 

რომელ ორგანიზაციებთან და ბიზნესებთან თანამშრომლობთ აპლიკანტების დასაქმების კუთხით?

IT ჰაბის კურსდამთავრებულების დასაქმება ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ვგულისხმობ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს. თავად EPAM-იც დაასაქმებს თავიანთ კომპანიაში, რომელიც საქართველოში 2 წლის წინ გაიხსნა და უკვე 3600-ზე მეტი თანამშრომლები ჰყავს, ასევე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კერძო კომპანიასთან. თუ რომელიმე კომპანიას გაუჩნდება სურვილი, რომ ჩვენი საკმაოდ რთული და საინტერესო პროდუქტიული კურსის შემდგომ, ჩვენი კურსდამთავრებული საკუთარ კომპანიაში დაასაქმოს და დამიკავშირდებიან, ჩვენ დიდი სიამოვნებით გავუწევთ რეკომენდაციას მათთან.

 

მსგავსი პროექტი თუ იგეგმება ახლო მომავალში?

ძალიან გვინდა. EBRD-ის დაფინანსებით მხოლოდ 200 აპლიკანტი შევარჩიეთ, მოთხოვნა ძალიან დიდია, ამიტომ უნარების სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ. გვინდა, რომ მეტი შესაძლებლობა იყოს, მეტი ადგილი გვქონდეს, რომ მეტი აპლიკანტი მივიღოთ, ასევე სხვადასხვა კომპანიებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ უფრო მეტი დაფინანსება მივიღოთ და მეტი აპლიკანტის მიღება შევძლოთ. ასევე, ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, IT პროფესორების გადამზადება, რომლებიც უნივერსიტეტში ასწავლიან IT -ს დ ამათ სჭირდებათ პრაქტიკული ცოდნა იმისათვის, რომ სტუდენტებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ იმიტომ, რომ დღევანდელი სიტუაცია, სამწუხაროდ, ისეთია, რომ თავად განვითარებას ვერ ახერხებენ, ეს კურსები საკმაოდ ძვირადღირებულია და ჩვენ დავეხმარებით მათ, რომ ბოლო ცნობები პრაქტიკული თვალსაზრისით მიაწოდონ სტუდენტებს. ხშირ შემთხვევაში, პროფესორები გვეუბნებიან, რომ სტუდენტი რომელიც დასაქმებულია და პრაქტიკულ პრობლემას აწყდება მიმართულებით, როცა ეკითხება პროფესორს, მან არ იცის პრაქტიკული თვალსაზრისით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა. მათ თავადაც გამოთქვეს სურვილი, რომ სურთ ამ პროგრამაში ჩართულობა და ვცდილობთ, განვახორციელოთ მათთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები