LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლოკოკინისგან, რომელსაც ებრძვის ადამიანი, ჩვენ ვქმნით პროდუქტს და გაგვაქვს ევროპაში“ – „ტიმეო“ ახალ კადრებს ეძებს

24
იორამ კეთილაძე

დაახლოებით ერთი წლის წინ სოფელ წილკანში 7 მილიონი ლარის ინვესტიციით ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. კომპანია „ტიმეო“ დღეს ექსპორტს საფრანგეთში ახორციელებს. კიდევ სად აპირებენ პროდუქციის გატანას და რატომ აქვთ კადრების მოძიების პრობლემა. ამ თემებთან დაკავშირებით, „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანიის წარმომადგენელმა იორამ კეთილაძემ ისაუბრა.

 

მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ. როგორ აგროვებთ ლოკოკინებს და როგორია წარმოების პროცესი?

არ არის მარტივი, თუმცა არც რთულია. ზოგადად, ლოკოკინაზე მინდა მოკლედ გითხრათ, რომ ხალხს ხშირად ერევა ფერმის ლოკოკინა და ის ლოკოკინა, რაც ჩვენთანაა და რაც ევროპაშია გავრცელებული, რასაც იქ მიირთმევენ. ევროპაში ძირითადად მოთხოვნა არის ვაზის ლოკოკინაზე, რომელიც ჩვენთან არ არის, მას ჰქვია პომატია და ფერმერული ლოკოკინა, რომელიც არის ხმელთაშუა ზღვის ლოკოკინა, ე.წ. ასპერსა. ჩვენი ლოკოკინა, რასაც ჩვენ ვამუშავებთ არის მთის ლოკოკინა – ჰელიქს ლუკორუმი და მას ვაგროვებთ ჩვენ, აგროვება არ ხდება ველურ ბუნებაში, არ ვეხებით და არც არის რენტაბელური ამგროვებლისთვის იქ სიარული და ლოკოკინის მოძიება იმიტომ, რომ იქ დიდი რაოდენობა არ არის. ინვაზიურად გამრავლებული არის, ძირითადად, ბაღ-ვენახებში. აგროვებაც ხდება ბაღ-ვენახებში დილის საათებში, 5 საათიდან 10 საათამდე, სანამ მზე გამოანათებს და დაიმალებიან. იმის მაგივრად, რომ ფერმერებმა მოწამლონ შხამებით, ჩვენ ვაძლევთ ალტერნატივას, რომ ააგროვონ, ჩაგვაბარონ და მოხდეს ტრანსპორტირება ქარხანაში.

 

ლოკოკინების აგროვების და თქვენამდე მოტანის პროცესი როგორია?

ქარხნის გახსნამდე მე ვაგროვებდი ლოკოკინებს უფრო ზამთრის პერიოდში და კარგად ვიცნობ ამ საკითხს. დილით ადრე უნდა ადგეთ, თუ წვიმიანი ამინდია, განსაკუთრებულად კარგია, რადგან თამამად გამოდიან უფრო, მზის არ ეშინიათ. რეალურად, კარგი შემოსავლის წყაროა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ იქ, სადაც ბევრია ლოკოკინა, ეს არის უფრო ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლის ნაწილი, იმერეთის ნაწილი. ბაღ-ვენახებში ჩვენ გვყავს ისეთი ამგროვებლები, რომ მაგალითად, ერთ დღეში ერთ გოგონას 240 კგ-ც აუგროვებია. დამერწმუნეთ, 240 ლარი ერთ დღეში არ არის ცუდი ფული, თუმცა 50 კგ-ც რომ ააგროვოს, ესეც კარგია. საქართველოში ხელფასების გათვალისწინებით, ბევრად ნაკლებს იღებს დღიურად ზოგიერთი პროფესიონალი კადრი, რომელიც საპასუხისმგებლო სამსახურში მუშაობს.

როგორ ხდება გადარჩევა იმ ლოკოკინების, რომლებიც მოდის თქვენამდე?

თავიდან რომ ავირიდოთ პოპულაციის ვარდნა, გავლილი გვაქვს ეს თემა ეკოლოგებთან, პირადადაც ვიცით ჩვენი გამოცდილებით. ვიცით, რომ არ შეიძლება ლოკოკინის ამოღება, სანამ არ მიაღწევს დაახლოებით 3 სანტიმეტრს. ეს არის თითქმის სამი წლის ლოკოკინა, ჰელიქს ლუკორუმის შემთხვევაში, თორემ ასპერსა 8 თვეში იზრდება მაგხელა და 6 თვეში მაგალითად – მიულერი. ჩვენ გვაქვს კალიბრატორი, ჩვენს ჩაბარების მენეჯერებს სწორედ ეს ევალებათ, რომ გააკონტროლონ ხარისხი და ზომები. ჩვენ რეკომენდაციებსაც ვაძლევთ და თუ პატარები მოაქვთ, ვარჩევინებთ, რომ არ მოხდეს ისეთი ლოკოკინის ამოღება, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება.

 

რამდენად საინტერესოა ქართული ლოკოკინა ევროპული ბაზრისთვის? ამ ეტაპზე პროდუქცია ექსპორტზე გადის საფრანგეთში. სხვა ბაზრების ათვისებაზეც თუ ფიქრობთ?

ეს დამოკიდებული იქნება ქარხნის წარმადობაზე. შარშანდელი წელი იყო სტარტი, გამოცდილების მიღება და რა თქმა უნდა, იმდენი ვერ ავაგროვეთ და გადავამუშავეთ, რაც მინიმალური მოთხოვნა აქვს თუნდაც ერთ ნორმალურ ქარხანას. ისინი 1000 ტონიდან ზემოთ გელაპარაკებიან, მანამდე არ აინტერესებთ. ჩვენი პირველი მიზანია, რომ ქარხანა გახდეს რენტაბელური და კონკრეტულად ერთი მომხმარებელი მოვამარაგოთ ხარისხიანი ლოკოკინით. პატარა პრობლემები არის, საქართველოში ძალიან უკონტროლოდ ხდება პესტიციდების, ჰერბიციდების გამოყენება, რაც ლოკოკინის ხარისხზე აისახება. ჩვენ მაქსიმალურად გავდივართ ამ თემებს ფერმერებთან, რომ არ გამოიყენონ გაზაფხულის პერიოდში მაინც. ზოგადად, უნდა ამოიღონ მათ ხმარებიდან პესტიციდები და ჰერბიციდები და რაღაც ალტერნატიული გამოიყენონ და გამოსავალი იპოვონ. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ევროპის ბაზარზე, ამისთვის გვჭირდება კონკრეტული ნორმა, ქარხანასაც სჭირდება რენტაბელურობისთვის, მინუსში ვერ იმუშავებს ქარხანა ყოველ წელს, გასაგებია საწყისი ეტაპი. ესაა უახლესი გეგმები, რომ გავიდეთ რენტაბელურობაზე და მოვამარაგოთ რომელიმე ქარხანა ევროპაში, ბევრთან გვაქვს კონტაქტი, მაგრამ არჩეული გვყავს ერთი.

როგორი თანამშრომლობა გაქვთ ევროპელ პარტნიორებთან? რამდენად იღებთ ხოლმე მათგან უკუკავშირს?

გუშინწინ იყვნენ წარმომადგენლები ჩვენთან, დაათვალიერეს, ევროპაა და ხარისხზე განსაკუთრებული აქცენტი აქვთ, ამიტომაცაა რთული ჩვენი კომპანიებისთვის იქ ადგილის დამკვიდრება, თუნდაც ქართული ღვინო ევროპაში მიზერული რაოდენობით გადის, ძირითადად, უფრო აზია და პოსტსაბჭოთა ქვეყნები. იგივეა ლოკოკინის შემთხვევაში, ამიტომ ისინი ყველაფერს ზედმიწევნით აკონტროლებენ, ყველა დანადგარი მათ მიერ არის რეკომენდებული, ყველა პროცედურა, კალიბრაცია. ყოველ ნაბიჯზე ჩვენ გვერდით არიან, კონსულტაციას gავდივართ და ყველაფერში გვეხმარებიან.

 

რამდენ ადამიანს ასაქმებს დღეს „ტიმეო“? ვიცი, რომ გაქვთ კადრების მოძიების პრობლება და რა არის ამის მიზეზი, თქვენი აზრით?

კადრების მოძიების პრობლემა, ზოგადად, არის საქართველოში. მიზეზი, არ ვიცი, ჩვენ საშუალოზე მაღალი ხელფასები გვაქვს ქარხანაში. მით უმეტეს, ქარხანა სპეციალურად აშენდა იქ, სადაც დევნილები არიან კომპაქტურად დასახლებული. წილკნის ტერიტორია კი არის რუკაზე, მაგრამ რეალურად წეროვანთან უფრო ახლოს არის. შარშან 200-მდე ადამიანი მუშაობდა ქარხანაში, ათასობით ამგროვებელია კიდევ ცალკე, ამ 200 ადამიანიდან დაახლოებით 70% არიან დევნილები, ჩვენ გვაქვს საბონუსე სისტემა. მუშაობ კარგად, გამოიმუშავებ მეტს, გეზარება მუშაობა, გამოიმუშავებ ნაკლებს. ბევრს ეს არ მოსწონს, უნდათ, იმუშაონ ნაკლები და გამოიმუშაონ ბევრი, თუმცა ეს საქმიანობა არაფერ სპეციფიკურ ცოდნას არ მოითხოვს. ძირითადად, ლოკიკინის გარჩევას ეხება, ქარხანაში მომუშავეების უმრავლესობა გადარჩევას აკეთებს: შეტანა, ტრანსპორტირება, მაცივარში შეტანა, მაცივრიდან ცეხებში. კადრების მოძიება სულ არის, ჩვენ სულ გვაქვს თანამშრომლების მიღება, არასოდეს არ ყოფილა მომენტი, რომ მორჩა, დავკომპლექტდით და მეტი არავინ აღარ გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა დასახლებული პუნქტია, ნატახტარი, წეროვანი, წილკანი. თბილისიდანაც დადიან ავტობუსებით, ტრანსპორტირება ჩვენს ხარჯზეა.

რამდენადაც სპეციფიკური სფეროა, რა გამოწვევებს აწყდებით ხოლმე საქმიანობის პროცესში?

პირველი პრობლემაა ის, რომ შხამქიმიკატები არ იხმარონ ბაღ-ვენახებში, ეს ჩვენზეც მოქმედებს. მეორე – შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ძალიან მკაცრად გვიწევს კონტროლი, რომ არ აიყვანონ პატარები და არ ჩაგვაბარონ ნაგავი. შარშან ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ტრაქტორის ნაწილები გვიპოვია ტომრებში, რომ წონა გაეზარდათ. სპეციფიკური ტრანსპორტი გვჭირდება და ამას ვშოულობთ ხოლმე. მაცივრების ნაკლებობაც აისახება ჩვენზე იმიტომ, რომ სადაც გვინდა, გვქონდეს კარგი პუნქტები, ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებთ, რადგან არ არის სამაცივრე, სასაწყობე ფართები, ან ცოტაა და უკვე დაკავებულია. დანარჩენი ხალხზე, ამინდზე და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვახდენთ კოორდინირებას.

 

როგორ მიმდინარეობს სეზონი და როგორია გეგმები და მოლოდინები?

ორი კვირაა, რაც დავიწყეთ სეზონი. ქართლში და კახეთში ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ, კახეთის ყველა რაიონი ჯერ არ ამუშავებულა, კლიმატურ პირობებზე ვართ დამოკიდებული. საკმაოდ ციოდა, მაგალითად, წნორში, სიღნაღში, საგარეჯოში, დათბობას ველოდებით. ახლა წამოვა შედარებით თბილი წვიმების პერიოდი, კარგი ტემპით მივდივართ და იმედია, ასე გავაგრძელებთ და წელს მაინც გავიყვანთ ქარხანას რენტაბელურობაზე იმისთვის, რომ ქარხანამ იარსებოს. ვერ დავასახელებთ ვერც ერთ ქარხანას, რომელსაც ეკოკვალი არ აქვს, ქარხანაში არ გამოიყენებს არანაირ ქიმიკატს. ქარხნიდან გამოდის მარტო წყალი, ის, რაც გამოიყენება ხარშვისთვის და ლოკოკინის რეცხვისთვის. ჩვენ არაფერს მავნეს არ ვიყენებთ ქარხანაში და ასეთი ქარხნები, ფაქტობრივად, არ არსებობს, ერთეულები მხოლოდ, ამიტომ მინდა, რომ ეს ქარხანაც არსებობდეს, მარტო იმიტომ, რომ იმ რაღაცისგან ანუ ლოკოკინისგან, რასაც ებრძვის ადამიანი, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც გაგვაქვს ევროპაში.

 

რა ეტაპზე ახლა „ტიმეო“ და როგორ ფიქრობთ რა იქნება ერთი წლის შემდეგ?

„ტიმეო“ არის განვითარების ეტაპზე. ბევრი რამე ვისწავლეთ შარშან, ბევრ რამეს ვსწავლობთ წელს, ჩვენი შეცდომების ხარჯზე. არავინ არაა ისეთი, რომ მოვიდეს დაგილაგოს ყველაფერი. როცა ვიწყებდით, უკრაინელებთან გვქონდა კომუნიკაცია და ისინი ბევრად ნაკლებ შედეგს ელოდნენ ჩვენგან, მაგრამ ბევრად კარგი შედეგები დავდეთ. განვითარების ეტაპზე ვართ. ქარხანა სრულად რომ ჩამოყალიბდეს, რამდენიმე თავისი ხაზით, ფერმერული ლოკოკინის გადამუშავებაც რომ დაიწყოს, საბოლოო პროდუქციის წარმოებაც, ამას დასჭირდება წლები, მაგრამ ეს იქნება კარგი ძვრები. ჩვენ ახლა შუალედურ პროდუქტს ვაკეთებთ, ნახევარფაბრიკატს, საბოლოო პროდუქტიც თუ ამ ქარხანაში გაკეთდება, ეს იქნება ძალიან კარგი და ბერვად უფრო ძლიერი იქნება ქარხანა. ძლიერ ქარხანას კი ეყოლება ძლიერი დასაქმებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები