LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგი გაბუნია: „ბებოს ბედნიერი თვალები არასდროს დამავიწყდება“

33
limoni

„ეს ამბავი ასე დაიწყო. ერთ ჩვეულებრივ დღეს ბებოსთან ერთად სოციალურ ქსელში თბილი ფოტო განვათავსე. ორი თვის წინ, რუსთაველის გამზირზე გავიცანი ბებო, რომელიც ტიროდა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მას ბევრი რამ სჭირდებოდა, რადგან სოციალური დახმარება მოუხსნეს და წამლებისთვისაც არ ჰქონდა ფული. სოციალურ ქსელში დავწერე იმის შესახებაც, ვის უნდოდა ბებოს გაცნობა და უამრავი ადამიანი დამიკავშირდა. გადავწყვიტე შემექნა ჯგუფი, სადაც შემდგომ დავგეგმავდით ბებოს დახმარებას. საოცარი ძალა ვიგრძენი, იმდენი ადამიანი გამომეხმაურა. ბებოს მეორე დღეს ვუთხარი, აღარაფრის გეშინოდეს; ეს სიხარული, რაც ბებოს თანადგომით მივანიჭეთ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა და ამაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებთ.

იმდენად დადებითად დავიმუხტე, რომ მინდა კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მე ეს შემიძლია, ჩემი ხელით შეკერილი სამოსი ჩავაცვა, დავუგეგმო გადაღება და თავი ვაგრძნობინო მოდელებად. ჩვენ, ყველამ, საკუთარი ბაბუისა და ბებიის გარდა, მხოლოდ ერთი ხანდაზმული ადამიანი რომ ამოვირჩიოთ და მის მიმართ ყურადღება გამოვიჩინოთ, ჩათვალეთ, მოხუცები სევდიანი თვალებით აღარ იქნებიან. ლამარა ბებოს გარდა, გადაღებაზე ჩემი, 90 წლის ანჟელა ბებოც წამოვიყვანე და ამით ხაზი გავუსვი იმას, რომ ორივე თანაბარი სიყვარულით მიყვარს. ჩაცმა-გახდის ეპიზოდები ძალიან მხიარული იყო. ბებოები იცინოდნენ და ერთმანეთს საკუთარი ისტორიებიც გაუზიარეს და აღმოაჩინეს საერთოც. მოკლედ, მე გაჩერებას არ ვაპირებ. შემდეგი პროექტი უკვე დაგეგმილია“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში  მეგი გაბუნიამ საკუთარი წამოწყების შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა დიზაინერმა საკუთარი ხელით შექმნილი სამოსი ლამარა და ანჟელა ბებოს მოარგო და ფოტოსესიაც მოუწყო. მეგი, ამ ინიციატივით, ყველას მოგვიწოდებს, ოჯახის წევრების გარდა, სხვა ბებია-ბაბუებზეც ვიზრუნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები