LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტია კავკასიაში პირველ „მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების ფესტივალს“ უმასპინძლებს – ხათუნა ხუნდაძე ფესტივალის დეტალებით ,,არტ-Fm”-ში

10
xatundaxundadze

გადაცემის ლაივი LIVE

მესტია კავკასიაში პირველ „მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების ფესტივალს“ უმასპინძლებს. როგორ დაიბადა ფესტივალის ჩატარების იდეა, როგორ მოხდა მისი ხორცშესხმა და რა ფორმატით ტარდება ფესტივალი –  საინტერესო კითხვებს რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ Fm” კინორეჟისორი, მესტიის კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ხათუნა ხუნდაძე და რეჟისორი, მსახიობი, მესტიის ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი გეგი ფალიანი პასუხობენ.

15-19 სექტემბერს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ქალბატონო ხათუნა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მოდით, გვესაუბრეთ მესტიის კინოფესტივალის შესახებ

ხათუნა ხუნდაძე: დიდი მადლობა მოწვევისათვის. სხვათა შორის, ადრე მეც ამ რადიოში ვმუშაობდი, ამიტომ ძალიან მიხარია აქ ყოველი სტუმრობა. (იცინის). რაც შეეხება ფესტივალს, ეს არის მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. საქართველოში და ზოგადად, კავკასიაში აქამდე მთის თემატიკის ფესტივალი არ იყო, არც მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოფილა. ფესტივალის იდეა დაიბადა მესტიაში, კულტურის და ხელოვნების ცენტრის ულამაზეს ვერანდაზე მე და გეგი ფალიანმა ვთქვით, რომ უნდა გავაკეთოთ ფესტივალი მთის თემატიკის ფილმების შესახებ, შემდეგ კი გავაერთიანეთ მთის და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ასე უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა ფესტივალი და მეტ ამბავს ავიტანდით სვანეთში. პირველი, რაც კარგი მოხდა, იყო მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ იდეის მოწონება და დაფინანსების მიღება, რამაც მოგვცა უდიდესი სტიმული. ეს 2019 წელს მოხდა და მას მერე, ბუნებრივია უამრავი სირთულის წინაშე დავდექით. 2021 წელს კი, როცა იყო შედარებით უკეთესი სიტუაცია, ვთქვით, რომ მორჩა, ვაკეთებთ ფესტივალს. მით უმეტეს, რომ ამ ფესტივალით დაინტერესდა „სოლო“, რაც ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა და მადლობა „სოლოს“ ამ ნდობისთვის. შემდეგ წამოვიდა სხვა სპონსორები და გვერდით მდგომი ორგანიზაციები მათ შორის კულტურის სამინისტრო. ზოგადად, რაც არ უნდა გენიალური იყოს იდეა, თუ მას განხორციელების საშუალება არ მიეცა, მუდამ იდეად დარჩება. განსაკუთრებით უნდა გამოვყო ჩვენი გერმანელი პარტნიორები და კინო „არსენალი“, რომლის მხარდაჭერაც უკვე  ფესტივალის საერთაშორისო დონეზე გასვლას ნიშნავს. „არსენალი“ არის ბერლინის კინოთეატრი და კინო-ინსტიტუტი, რომელიც აქამდეც უჭერდა მხარს ქართულ კულტურას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „არსენალმა“ პირველმა გამოყო ქართული კინო  საბჭოთა კინოსგან და ქართული კინოს კვირეული ჩაატარა, რომელიც  გაიხსნა მერაბ კოკოჩაშვილის “დიდი მწვანე ველით“. ჩვენი ფესტივალიც ბატონი მერაბის ფილმით, „მწვერვალით“ გაიხსნება.

ფესტივალი 15-19 სექტემბერს გაიმართება და როგორც აღნიშნეთ, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმით, „მწვერვალითგაიხსნება. ვისაუბროთ უშუალოდ კონკურსის შესახებ, თუ გამოვლინდება გამარჯვებული და ვის შეეძლება დასწრება?

ხათუნა ხუნდაძე: ფესტივალზე დასწრება ყველას შეეძლება, ჩვენ არ გვაქვს არც ფასიანი ბილეთები და არც მოსაწვევები, რადგან ვთვლი, რომ თუ მესტიის მოსახლეობას უნდა ფესტივალზე დასწრება, არ უნდა იყოს არანაირი შეზღუდვა. დარბაზი 180 კაციანია და ცხადია, რეგულაციების ფონზე მხოლოდ 90 ადამიანი შეძლებს დარბაზში ყოფნას. ცოტა შეზღუდვა მხოლოდ რაოდენობაშია, ესაა და ეს. თვითონ ფესტივალის საკონკურსო სექცია იქნება 3 დღე, დილიდან საღამომდე. დღისით წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საღამოს მთის თემატიკის ფილმები. ფესტივალის გახსნა მოხდება მერაბ კოკოჩაშვილის 50 წლის წინ გადაღებული, აღდგენილი ფილმით, რომელიც ძალიან საინტერესოა და რეალურ ამბავს ეფუძნება. კვირას გვექნება გამარჯვებული ფილმების განმეორება, გარდა ამისა ჩვენი პარტნიორის, „არსენალის“ არასაკონკურსო სექციის ჩვენება იქნება. ის გაიხსნება ნანა ჯორჯაძის ფილმით „ატლანტები“, რომელიც მას დაკარგულიც კი ეგონა, თუმცა ასეთი სიურპრიზი მოუწყო „არსენალმა“, ფილმი აღადგინა და ჩამოაქვს ფესტივალზე. ფესტივალს დაესწრებიან რეჟისორებიც. როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. რამდენიმე სტუმარს უცხოეთიდან ნამდვილად ველით.

ბატონო გეგი, თქვენც რომ გვითხრათ ფესტივალთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა

გეგი ფალიანი: მოგესალმებით მესტიიდან, ლეო ფილფანის სახელობის თეატრიდან. სამზადისი ნამდვილად რთული იყო, თუმცა ღმერთის წყალობით ეს ყველაფერი გამოვიდა. დაგვებადა ძალიან კარგი იდეა და საბედნიეროდ, მისი განხორციელებაც შევძელით. ვფიქრობ, რომ მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი სასარგებლო იქნება არა მხოლოდ მესტიის ან სვანეთის, არამედ ქართული კინემატოგრაფისთვის. რადგან ფესტივალს მოჰყვა იმხელა გამოხმაურება, მხოლოდ მონაწილეობის მსურველი ფილმი 2420 იყო. ეს ნიშნავს, რომ მთელ ევროპაში ჩვენი კუთხის და ფესტივალის შესახებ ათეულობით ათასმა ადამიანმა გაიგო. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი და კარგი ნაბიჯი იქნება ტურიზმის მიმართულებითაც. როგორც ვიცი, მსოფლიო ასპარეზზეც არ არის მაინცდამაინც ბევრი ასეთი ფესტივალი, კავკასიაში საერთოდ პირველია ჩვენი ფესტივალი. მინდა მთელი გულით მადლობა გადავუხადო ხათუნას, რომელმაც ამ საქმეში უზარმაზარი ენერგია ჩადო. ასევე მადლობა მთელ სტაფს, ვინც კი მუშაობდა ფესტივალზე ნებისმიერი მიმართულებით, მადლობა „სოლოს“, რომელმაც გენერალური სპონსორობა გაგვიწია. დამწყები ფესტივალის გენერალური სპონსორობა ადვილი ნაბიჯი არ არის, რადგან არავინ იცის რა როგორ ჩაივლის, მაგრამ „სოლომ“ ეს ნაბიჯი გადადგა და მადლობა მათ ამისათვის.

ქალბატონო ხათუნა, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისათვის, რომ გავაჟღეროთ ის ამბები, რომლებიც აქამდე არ გვითქვამს ფესტივალის შესახებ.

ხათუნა ხუნდაძე: აუცილებლად. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ფესტივალის ჟიური არის საერთაშორისო. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ნანა ჯორჯაძე ყოფილიყო ჟიურის თავმჯდომარე და საბედნიეროდ, მას აღმოაჩნდა თავისუფალი დრო. ნანას გარდა, ქართველებიდან ჟიურიში არის ზვიად დოლიძე, ცნობილი კინოკრიტიკოსი. უცხოელებიდან ჟიურიშია ბარბარა გასერი, ავსტრიელი კინოჟურნალისტი, რომელიც „ოქროს გლობუსის“ ჟიურის წევრიც არის, ასევე  ლიეტუველების საყვარელი რეჟისორი ემილის ველივისი. ჟიურის წევრი უნდა ყოფილიყო ასევე „ამელის“ მემონტაჟე, რომელიც პანდემიის გამო ვერ ჩამოვიდა საქართველოში. ბევრ სტუმარს ეპიდვითარების გამო მოუწია ბილეთის დაბრუნება, მათ შორის მასაც. ამიტომ მოხდა მისი ჩანაცვლება „ბელორუს ფილმის“ გენერალური დირექტორით, რომელიც კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეგობარია .ასე რომ, ვლადიმერ კარაჩევსკიც ჩამობრძანდება ფესტივალზე. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან, ესენია: საუკეთესო მთის თემატიკის და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, კინომუსიკა და კინო-მხატვრობა და გრან-პრი, რომელიც გაიცემა ფესტივალის საუკეთესო ფილმზე. რაც შეეხება ტროფეებს, მთის თემატიკაში საუკეთესო ფილმი მიხეილ ხერგიანის სახელობის პრიზით დაჯილდოვდება. ეს არის ბროლის სვანური კოშკი, რომელშიც ჩაყინულია მისი თოკის ნაწილი. ჯილდოები სვანურია და მათში გამოყენებულია ბროლი და ოქრო, ის, რაც მოიპოვება სვანეთში. ეს ყველაფერი იქნება პატარა კვარცხლბეკზე, რომელიც არის სვანური ურთხელი. ასე რომ, ყველა პრიზი სვანური იქნება, მხოლოდ ხელობაა გურული, ბესო სიხარულიძის და ჩემი ნამუშევრებია. ასე რომ სვანები და გურულები კარგი ტანდემი გამოვდექით, დანარჩენს კი უკვე ფესტივალზე იხილავთ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები