LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მხოლოდ მიშას გამოშვებაზე არ გვაქვს საუბარი” / “ზურაბიშვილი იღებს სელფებს, აბსოლუტურად ყალბი პროცესია” / რას ამბობს უახლესი კვლევები “ომიკრონზე” და როგორია საფრთხეები / “კვირის თემის” პოდკასტი

5
fortuna.ge (99)

მოშიმშილეთა კარვები და პოლიტიკური სპექტრი ეროვნული შერიგების იდეის გარშემო – რამდენად პრაგმატულია მასობრივი შიმშილობა და როგორ იმოქმედებს პროტესტის უკიდურესი ფორმა პოლიტიკური შერიგების პროცესზე?

სტუმრად „კვირის თემაში“: ნუგზარ წიკლაური, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი; გია ხუხაშვილი, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში

„ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, გავრცელების სწრაფ ზრდას ვარაუდობენ საქართველოშიც – რას ამბობს უახლესი კვლევები და როგორია საფრთხეები?

სტუმრად ზაზა წერეთელი – ჯანდაცვის ექსპერტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი

 

“მხოლოდ მიშას გამოშვებაზე არ გვაქვს საუბარი” – რა შემთხვევაში შეწყდება მასობრივი შიმშილობა

 

პოლიტიკური დევნის შეჩერება, თავისუფალი სასამართლო და არჩევანის უფლების დაბრუნება – ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ წიკლაური მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების მიზეზად ასახელებს.

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, მას არ სურს ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ შიმშილობის აქცია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოა ორგანიზებული, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ის გახლავთ ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენ მაინც არ ვესწრაფით პერსონიფიცირებას და მხოლოდ მის გამოშვებაზე არ გვაქვს საუბარი, არამედ ვსაუბრობთ ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რადგან პოლიტიკური დევნა ეხება არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ სხვა პოლიტიკური პარტიებსაც, „ლელოს“ ლიდერების წინააღმდეგ, ასევე მედია მფლობელების წინააღმდეგ მიმართული სასამართლო“, – აცხადებს წიკლაური და დასძენს, თავისუფალი სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ სამართალი არ იქნება, სხვა საკითხებზე შეთანხმება ძალიან ძნელი იქნება.

წამყვანის კითხვაზე, რა შეიძლება გახდეს იმის ინდიკატორი, რომ პროცესები მართლაც მიდის შერიგებისკენ, წიკლაური აცხადებს, რომ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის, არამედ ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება.

მისივე თქმით, მას ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებული შერიგების ინიციატივა აძლევს.

„ჩვენ არ გავურბივართ სასამართლოს, ზოგიერთს ამ საქმის წარმოჩენა ისე უნდა, რომ თითქოს ვითხოვთ უბრალოდ ერთი პატიმრის გამოშვებას.

ჯერ ერთი ეს პატიმარი 20 ქვეყანაში ცხოვრობდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ეს იყო დემოკრატიული ქვეყნები, ევროპა, აშშ და არცერთმა არ გადმოსცა საქართველოს სააკაშვილი. იმიტომ, რომ არ გაიზიარეს საქართველოს პროკურატურის არგუმენტები და შესაბამისად, ეს ადამიანი აღიარებულია როგორც პოლიტიკური დევნილი, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ იარსებებდა მკაფიო დაპირება სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია ლელოს ლიდერებისა და მედია მფლობელების მიმართ შეწყდეს დევნა.

გასაგებია, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ჩვენსავით მგრძნობიარე შეიძლება არ იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, მაგრამ უდავოა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება. ახლა არის ფრთხილი ოპტიმიზმი, არის სკეპტიციზმი, ზოგიერთ შემთხვევაში ვაწყდებით მთავრობის ხისტ პოზიციას, მაგრამ ჩვენ ახლა არ გვაქვს ფუფუნება, რომ მბჟუტავ შუქს არ გამოვეხმაუროთ და ხელიდან გავუშვათ მცირედი შანსი იმისა, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს.

არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა, არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი და ამიტომ ვეცდებით, სამართლიანობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მხარი დავუჭიროთ. დროა, ყველა მიხვდეს, რომ ახლა არის საუბრის, დიალოგის დრო და აქ გამოჩნდება, რა იქნება ის საყრდენი წერტილი, საიდანაც ქვეყანა ქაოსის მაგიერ წავა ცივილიზებული განვითარებისკენ“, – აღნიშნავს წიკლაური.

 

ილუზიებით არ ვიკვებებით, მაგრამ ჩვენ ახლა არ გვაქვს ფუფუნება, რომ მბჟუტავ შუქს არ გამოვეხმაუროთ – წიკლაური შერიგების ინიციატივაზე

 

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პრეზიდენტის სურვილს ეროვნული თანხმობის ინიცირებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ხატია დეკანოიძის შემდეგ, უკვე ორშაბათს გეგმავს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელია.

წიკლაური აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს შექმნილი  პოლიტიკური სურათის სრული მიუღებლობა აქვს და მათი მოქმედებებიც ამ პასუხის შესაბამისობაშია.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებთ იმ დამოკიდებულებას, რაც არის მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან.

ყველანაირად ვეცდებით, რომ ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული პროცესი იყოს წარმატებული, ასევე, თვალებს ვერ დავხუჭავთ იმ ჩიხურ რეალობაზე, რაც ქვეყანაშია. იმაზე, რომ ქართული ოცნება არ ცნობს არც ერთ პოლიტიკურ გუნდს, თუ ისინი განსხვავებულ პოზიციაზე დგანან მთავრობისაგან.

იოლი ამოცანა არ არის მმართველ გუნდთან რაიმე პოლიტიკურ საკითხზე შეთანხმება, განსაკუთრებით იმ განცხადების ფონზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა უნდა გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან, უბრალოდ აუხსნელია ამის შემდეგ როგორ უნდა იყოს დიალოგი, მაგრამ ასეთია მათი დამოკიდებულება.

თუ გახსოვთ, ხელისუფლებაში მოსვლის დროს, მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა გვითხრა, რომ პროკურატურასთან რიგები შეთხელდებოდა, რაც შევწყვეტდით პოლიტიკურ აქტივობას. დღევანდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმაც გაიმეორა უკვე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სასჯელის ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად აქტიური ან არააქტიური იქნება სააკაშვილი. ამიტომ, ილუზიებით არ ვიკვებებით, რთული პოლიტიკური პროცესია და სწორედ ამ არაორდინარული ვითარების გამო გახდა საჭირო ისეთი ზომების მიმართვა, როგორიცაა მასობრივი შიმშილობა.

ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ გახლავთ, რომ ბევრი ადამიანი იჯდეს და პროტესტის ასეთ ფორმას მიმართავდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს კარგად გამოხატავს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას.

ნებისმიერ შემთხვევაში ვეცდებით, რომ შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქალბატონ ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული შერიგების პროცესი. ჩვენ ველოდებით მისგან კონკრეტულ წინადადებებს, ხედვებს, მას შემდეგ რაც მან ეს იდეა გააჟღერა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

 

 

 

ხუხაშვილი მოშიმშილეებზე: პოლიტიკის ნიშანწყალიც არ არის, ერთი კაცის გამოშვება უნდათ, მიშას პრობლემა გადაწყდება, ხალხის – არა

 

ქართული პოლიტიკის პარადოქსია, როდესაც ერთის მხრივ არის პროტესტის რადიკალური ფორმა, რაც გულისხმობს ულტიმატუმს და მეორეს მხრივ, საუბარია რაღაც დიდ შერიგებაზე, ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებით ვმოძრაობთ, – ასე ეხმიანება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი მასობრივი შიმშილობის დაწყების აქციასა და ამ ფონზე, ეროვნული შერიგების მიზნით პრეზიდენტთან დაწყებულ კონსულტაციებს.

 

 

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყანებული მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სარგებლის მომტანი არ არის. ამ კონტექსტში ხუხაშვილი მიუთითებს საზოგადოების იმ ნაწილზე, რომლებიც მისივე სიტყვებით, ვერ გარკვეულან ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით რასთან გვაქვს საქმე – ეს არის პოლიტიკური დევნა თუ მართლმსაჯულების განხორციელება.

„მოთხოვნა ის კი არ უნდა ყოფილიყო, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს სააკაშვილი, არამედ მოთხოვნა უნდა იყოს სამართლიანი მართლმსაჯულების ორგანიზება მის მიმართ. ამ საზოგადოების პრობლემა მართლმსაჯულების, პოლიტიკური დევნის საკითხია.

დავუშვათ, რომ სააკაშვილი ხვალ გამოვუშვათ ციხიდან, ამ მოთხოვნის შედეგად თუ ისე, ამით პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა გადაწყდება ? არ გადაწყდება. შესაბამისად, საზოგადოება ვერ მიიღებს ვერანაირ სარგებელს. აქედან გამომდინარე, ამ აქციის მხარდაჭერაც ძალიან პირობითია და შეზღუდულია.

აქ საერთოდ, პოლიტიკის ნიშანწყალი არ არის – რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, ეს არის მაინც პერსონალური საკითხი – ერთი კაცის გამოშვება უნდათ ვიღაცებს.

კაი მიშა გამოუშვეს, ხაზარაძე დაიჭერს, რამე გამოსწორდა ამ ქვეყანაში ამით? ამიტომ, კარგი იქნებოდა ვექტორი შეუცვალონ ამ შიმშილობას, არამედ მოითხოვონ სამართლიანი მართლმსაჯულება მის მიმართ, მისთვის მისჯილი საქმეების თავიდან გახსნა, ახალი გარემოებების და ნახოს, საზოგადოებამ, რათა დავრწმუნდეთ – დამნაშავეა თუ უდანაშაულოა.

უპირობო გათავისუფლება ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხები არ უნდა მივიღოთ, მიშას პრობლემა გადაწყდება, მაგრამ საზოგადოების არა“, – განაცხადა გია ხუხაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

პოლიტოლოგი „ფორტუნას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებასაც გამოეხმაურა შიმშილობის აქციის მიზნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში პერსონალიზაცია სწორი მიდგომა არ არის.

„რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ეს არ უნდა აღვიქვათ ერთი ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნად, ძნელია ასე არ აღვიქვათ, რადგან ამ შიმშილობის მაგიდაზე სხვა საკითხი არ დევს. შეიძლება ნუგზარ წიკლაურს აქვს კეთილი სურვილები, მაგრამ ჩვენ არც ის და არც პარტია გვაძლევს საშუალებას ამას სხვანაირად შევხედოთ.

ვფიქრობ, პოლიტიკაში პერსონალიზაცია, ერთი პერსონის ბედთან დაკავშირება მაინცდამაინც სწორი არ არის. მითუმეტეს იმ ვითარებაში, რომ ამ პერსონას არ ჰყავს ფართო მომხრეები ამ საზოგადოებაში, ჰყავს მოწინააღმდეგეები და ჰყავს ადამიანები, ვინც ვერ გაერკვნენ რასთან გვაქვს საქმე – ეს არის პოლიტიკური დევნა თუ მართლმსაჯულების განხორციელება”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

  

 

ზურაბიშვილი იღებს სელფებს, აბსოლუტურად ყალბი პროცესია, ხვალიდან თუ იგივე მამაძაღლობას გავაგრძელებთ, ასეთ შერიგებას რა ფასი აქვს – ხუხაშვილი

 

 

პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი შეიძლება მზად არიან ერთმანეთში გარიგებისთვის, მაგრამ არა რეალური ეროვნული თანხმობის მისაღწევად, – ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში დაწყებულ მოლაპარაკებებს.

“პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ, რომ დასხდებიან, მოილაპარაკებენ, ეს ვერ გახდება შერიგების ფორმულა. ეს არის აბსოლუტურად ყალბი პროცესი, ერთადერთი სალომე ზურაბიშვილმა იგრძნო კარგი მომენტი, ჩადგა პროცესების ცენტრში, ხვდება ყველას და სელფებს იღებს.

შეიძლება, გარიგდნენ და მიშა გამოუშვეს – ვიღაც ამით გაბედნიერდა. ან გარიგდნენ და ბიძინა და მიშამ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ცხოვრება მშვენიერია. ეს ხომ დაემსგავსება მაფიის ორი ბოსის რაღაც შეთანხმებას და სფეროების გაყოფას? არ იქნება სამართლიანობა მომავალში? ვერ იქნება შერიგება”, – განაცხადა “ფორტუნას” ეთერში გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეროვნული თანხმობის მისაღწევად მხოლოდ წარსულზე საუბარი არ კმარა.

“შერიგებას აქვს ორი მთავარი ელემენტი. ერთი ტექნიკური საკითხები – შევიგდეთ, ერთმანეთს ვაპატიოთ, მივუტევოთ, ბოდიში მოვიხადოთ და დავივიწყოთ ყველაფერი, რაც იყო წარსულში. ეს თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ ხვალიდან თამაშის წესებს არ ვცლით.

ჩვენ შეიძლება გუშინდელი ვაპატიოთ ერთმანეთს, მაგრამ ხვალიდან თუ იგივე მამაძაღლობას გავაგრძელებთ, ასეთ შერიგებას რა ფასი აქვს ან რა პერსპექტივა?

 

ჩვენ თუ რეალური, ეროვნული თანხმობა გვინდა მარტო იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რა იყო წარსულში, იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ რა იქნება მომავალში.

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ხვალიდან არ იქნება ანგაჟირებული სასამართლო, აღარ იქნება პოლიტიზებული პოლიცია, ტოტალური მოსმენები, არჩევნებზე არ იქნება მამაძაღლობა და კონკურენტულ გარემოში ჩატარდება”, – განაცხადა ხუხაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

 

 

 

 

ოფლიანობა, ფხაჭნის შეგრძნება – ზაზა წერეთელი „ომიკრონის” ახალ სიმპტომებზე

 

 „ომიკრონი“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, გავრცელების სწრაფ ზრდას ვარაუდობენ საქართველოშიც – რას ამბობს უახლესი კვლევები და როგორია საფრთხეები? – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“  ჯანდაცვის ექსპერტმა, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, გამოქვეყნებული ახალი კვლევები ადასტურებს უფრო ადრე გამოთქმულ ვარაუდებს, რომ “ომიკრონი” შესაძლოა არ იყოს ისეთი ზიანის მომტანი, როგორიც “დელტა”, თუმცა ოპტიმიზმთან მიმართებით მაინც სიფრთხილეა საჭირო.

როგორც ზაზა წერეთელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ “ომიკრონი” “დელტაზე” სწრაფად ვრცელდება და ვაქცინებით შექმნილი დაცვისთვის თავის არიდების უნარიც აქვს.

 

 

„ომიკრონის“ შემთხვევების გაორმაგება ხდება დაახლოებით, დღე-ნახევარში. კიდევ ერთი პრობლემა, რაც „ომირკონთან“ დაკავშირებით არის – გაიზარდა რეინფიცირება. დაახლოებით, ხუთნახევარჯერ უფრო მეტია რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაში იყო. ეს არის იმით გამოწვეული, რომ „ომიკრონს“ შეუძლია გადალახოს უკვე ჩამოყალიბებული იმუნიტეტი და ამან გამოიწვია გარკვეული შეშფოთება. სწორედ ამიტომ დაიწყეს „ბუსტერ“ დოზის გაკეთება, რადგან აღმოჩნდა, რომ ორი დოზა ინფიცირებისგან თავის დასაცავად არ არის საკმარისი.

გუშინ გამოქვეყდა სამი კვლევა – ორი გაერთიანებული სამეფოდან, ერთი კი სამხრეთ აფრიკიდან. კვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონით“ მიმდინარე დაავადება, დელტასთან შედარებით სუსტია. კერძოდ, 35-40%-ით არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი „ომირკონის“ დროს, დელტასთან შედარებით. ამიტომ დაისვა კითხვა – შეიძლება თუ არა ვისაუბროთ იმაზე, რომ შედარებით დასუსტდა ეს ვირუსი და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. აქ უნდა გავითვალისწინოთ ორი მომენტი – გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით, 75% უკვე აცრილია. შესაბამისად, აცრამ თავისი როლი ითამაშა, შეიქმნა იმუნური ფენა და ამიტომაც არ მიმდინარეობს დაავადება მძიმედ.

სამხრეთ აფრიკის შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია, რომ ეს არის ახალგაზრდა რესპუბლიკა, სადაც საშუალო ასაკი არის 27-28 წელი, მაშინ როდესაც გაერთიანებულ სამფეოში არის დაახლოებით, 45 წელი. ამიტომ, ცხადია, შესაძლებელია ახალგაზრდებში უფრო ადვილად მიმდინარეობდეს დაავადება.

შესაბამისად, უნდა გავიდეს გარკვეული დრო, რომ ზუსტად ვთქვათ, დასუსტდა თუ არა ვირუსი. ყველა ხაზს უსვამს, რომ შემთხვევების რაოდენობდა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ გამოიწვევს ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლას და სიტუაცია მეტნაკლებლად მაინც მძიმე იქნება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 38%-ია აცრილი”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ჯანდაცვის ექსპერტმა, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა „ომიკრონის“ სიმპტომატიკის შესახებამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დელტასგან“ განსხვავებით, ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებში აქამდე არ ყოფილა ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვის შემთხვევები.

„ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო მეტად აღნიშნება კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით წელის მიდამოში, არის თავის ტკივილი, ყელის ტკივილი ცოტა განსხვავებულია, უფრო ფხაჭნის გრძნობაა, არის მშრალი ხველა და კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც ადრე არ იყო, ღამე არის ოფლიანობა. ასეთი ნიშნებით განსხვავდება „ომიკრონი“ ამ მომენტისათვის დელტა შტამისგან”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

 

 

პირველი წამალია, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში, 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას – რა ღირს კოვიდის სამკურნალო აბი, რომელსაც ავტორიზაცია მიანიჭეს

 

„ფაიზერის“ მიერ წარმოებული, 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას, მას შემდეგ რაც მისი მიღება დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა კორონავირუსის სამკურნალოდ შექმნილ პირველი პრეპარატ – პაქსლოვიდთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეპარატს ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია უკვე მიანიჭა.

როგორც ზაზა წერეთელმა აღნიშნა, მისი მიღება პაციენტმა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად, მას შემდეგ, რაც დაუდასტურდება კორონავირუსი და გამოუვლინდება სიმპტომები.

„ეს არის პირველი წამალი, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში და როგორც კი პირველივე სიმპტომი გამოჩდება და მაშინვე დაიწყებ მის მიღებას  – 5 დღის განმავლობაში, 3 აბი დღეში, როგორც აღმოჩნდა ძალიან ეფექტურია და 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას. მართალია ამ მომენტისთვის ძვირი ღირს ეს კურსი – 500 დოლარი ღირს, მაგრამ მას შემდეგ რაც წარმოება გაიზრდება და გავრცელდება ეს წამალი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი ფასი ნელ-ნელა დაიკლებს. როგორც აღინიშნა, ეს მედიკამენტი მუშაობს „ომიკრონზე“,- განაცხადა ზაზა წერეთელმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

ჯანდაცვის ექსპერტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რატომ გახდა აუცილებელი .. ბუსტერ დოზა, ანუ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა. ზაზა წერეთელი კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ როდესაც ადამიანს ვირუსი მხოლოდ გადატანილი აქვს და არ არის აცრილი, მაშინ იმუნიტეტი უფრო სუსტია ომიკრონისთვის.

“ამიტომ ყველას მოუწოდეს, რომ თუ გაქვთ გადატანილი, მაგრამ არ ხართ აცრილი, აუცილებლად უნდა აიცრათ. ჯერ კიდევ “დელტა” შტამის დროს, ისრაელის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით, 6 თვის შემდეგ ვაქცინის ეფექტურობა კლებულობდა, ამიტომაც ისრაელი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო “ბუსტერ” დოზის გაკეთება.

როდესაც „ომიკრონი“ გამოჩნდა, ძალიან ბევრი რეინფიცირება დაფიქსირდა, მათ შორის ორჯერად აცრილებშიც. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მეცნიერებმა გაკეთებულიყო „ბუსტერ

“ დოზა და სწრაფი გავრცელების უნარის გამო, შემცირდა ვადები ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, დანიაში ჩამოვიდეს 4 თვემდე.

ამ შემთხვევაში ვსაუბრობ „ფაიზერსა“ და „მოდერნაზე“ დღეს გამოქვეყნდა „სინოფარმსა“ და „სინოვაკთან“ დაკავშირებით კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ „სინოვაკის“ ორი დოზა თითქმის არ მუშაობს „ომიკრონზე“ და მოუწოდებენ „ბუსტერ“ დოზის გაკეთებისკენ. ალბათ, ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება სამ თვეში გაიკეთებენ თუ ოთხ თვეში, მაგრამ თუ „ფაიზერი“ და „მოდერნა“ 35%-ით მაინც იყო ეფექტური, „სინოვაკმა“ და „სინოფარმა“ აჩვენა, რომ საერთოდ არ არის ეფექტური, ამიტომ ცხადია, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება აუცილებელი გახდება”, – აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები