LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავრობა საერთოდ არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში ოკუპაციაა”/ “2023 წლიდან მთელ მსოფლიოში კორონავირუსი აღარ იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე / “კვირის თემის” პოდკასტი

3
@fortuna106.9 (2)

ბოლო ერთი თვეა საოკუპაციო ძალები ისევ გააქტიურდნენ – რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში და რა პერსპექტივა აქვს ქვეყნის ოკუპაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას? კვირის თემის სტუმარია ელენე ხოშტარია – “დროას“ დამფუძნებელი

საქართველო „ომიკრონის“ პიკზე და სპეციალისტთა მოლოდინები – გადაცემის სტუმარია ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი

 

მთავრობა საერთოდ არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში ოკუპაციაა – ადამიანები თავისი ხელით შლიან სახლებს ან ართმევენ, ამ ისტორიების მოყოლა საერთაშორისო პრესაში მნიშვნელოვანია: ელენე ხოშტარია 

 

ბოლო ერთი თვეა საოკუპაციო ძალები ისევ გააქტიურდნენ – რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში და რა პერსპექტივა აქვს ქვეყნის ოკუპაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას? – კვირის ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” “დროას“ დამფუძნებელმა ისაუბრა.

ელენე ხოშტარია ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, ვინც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკური საბჭოს შეუერთდა. “დროას” ლიდერი, ასევე ბოლო დღეებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს სტუმრობდა და შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას.

 

 

“დროას” ლიდერი აცხადებს, რომ ოკუპაციის საკითხის მიმართ პოლიტიკა ფუნდამენტურად გადასახედია. ელენე ხოშტარია იქ მცხოვრები მოსახლეობის როლზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ყოფითი რეალობის ჩვენება საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში გააქტიურდეს.

„რა თქმა უნდა, ეს არ იყო პირველი ჩასვლა. საოკუპაციო ხაზთან სისტემატურად დავდივარ.

ამ ვითარებას ახასიათებს ერთი მთავარი რამ – მუდმივ საფრთხეში ცხოვრება. არ არსებობს მათი უსაფრთხოების არანაირი დამცავი საშუალება.

პატრულირების ფუნქცია მთლიანად მოხსნილია. ამასთან, უკიდურესი გაჭირვებაა და აქვთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები

ინფრასტრუქტურულად და სოციალურ-ეკონომიკურადაც ბევრად მეტი ფული უნდა დაიხარჯოს, რომ ასეთი ჩამოქცეულობა არ იყოს ადგილზე

ეს საბჭო სხვადასხვა ამოცანით შეიქმნა: დეოკუპაციის პროცესში იქ მცხოვრები მოსახლეობის როლი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მეორე საკითხია, ჰუმანიტარული თემა, ამ ადამიანების ისტორიების მოყოლა, ჩვენება საერთაშორისო პრესაში მნიშვნელოვანია. ეს ადამიანები თავისი ხელით შლიან სახლებს ან სახლებს ართმევენ, ამიტომ ამ ადამიანების სახის ჩვენება საერთაშორისო ყურადღების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია.

ფაქტია, რომ ოკუპაციაზე საუბარი ძირითადად კრიზისიდან კრიზისამდე ხდება ხოლმე. რაღაც ახალი ეტაპი იწყება ვთქვათ, ხაზის გავლებით ან ვინმეს მოტაცებით. ეს უნდა გახდეს სისტემატური მუშაობის საგანი და არა უბრალოდ რეაქციის როლში ჰყოფნის.

პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებაზე ვგულისხმობთ, ამ ხალხს გაჩვენოთ გამოსავალი, რა უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების და ეკონომიკის კუთხით.

მთავრობა საერთოდ არ იმჩნევს, რომ ქვეყანაში ოკუპაციაა. ეს არის მათი პოლიტიკა. ახლა, როდესაც საერთაშორისო ყურადღების რესურსი არსებობს უკრაინის გამო, ჩვენ ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ, რომ ოკუპაციაზე ყურადღება გავამახვილოთ.

რაღაც კეთდება რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის ის შემართება, რომელსაც ეს ხალხი იმსახურებს.

აუცილებელია მთავრობაზე ზეწოლა. საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობას ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

“დროას” ლიდერმა უკრაინაში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ ინიციატივებსა და დისკუსიებზე შეთანხმდნენ.

“ძალიან დატვირთული შეხვედრები იყო, სადაც კონკრეტულად ვლაპარაკობდით თუ რა ფორმატები უნდა შეიქმნას რეგიონში იმისთვის, რომ რუსეთის ამ პოლიტიკას აღვუდგეთ წინ.

ამაზე არაერთი დისკუსია დავგეგმეთ და კონკრეტულ ინიციატივებზე შევთანხმდით. რაც შეეხება რეზოლუციას, საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მაშინ როდესაც საფრთხეები დიდია და შესაძლებლობებიც არსებობს”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

 

რუსულ ტელევიზიაშიც კი უშვებენ სააკაშვილის უფლების შემლახველ კადრებს, ფაქტია, ხელისუფლება არც სამართლიანი და არც კეთილგონიერი გახდება – ხოშტარია

“დროას” დამფუძნებელი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, მმართველი გუნდის მსგავსი დამოკიდებულება პოლიტიკურ ოპონენტების მიმართ პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

„ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად არღვევს ამ ადამიანის უფლებებს და რუსულ ტელევიზიაშიც კი უშვებენ მიხეილ სააკაშვილის უფლების შემლახველ კადრებს, ამიტომ ხელისუფლება, რომ არც სამართლიანი გახდება და არც კეთილგონიერი ფაქტია, მაგრამ მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ მსგავსი მოპყრობა პოლიტიკურ ოპონენტებთან ვინც არ უნდა იყოს და რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს, ნამდვილად აზიანებს მთლიანად ქვეყანას და საფრთხეს უქმნის აბსოლუტურად ყველას, რადგან არავინ იქნება დაზღვეული. მე რამდენადაც შემიძლია, ვიქნები აქტიური ამ საკითხებზე სასაუბროდ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

 

ელენე ხოშტარია: კაპიკი ხელფასი არ ამიღია პარლამენტში, არც ქოლგას განვიხილავ და არც ვიღაცის დომინაციას, ახლა სამუშაოა ხალხთან 

რაც შეეხება  სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ  “პრინციპულად არასწორია კობახიძე წყვეტდეს პოლიტიკურ დამოკიდებულებას კონკრეტული მანდატის მიმართ”.

“მე საერთოდ არ ვაღიარებ, რომ იმ პარლამენტში ვარ, მას შემდეგ რაც დავწერე წერილი და საკონსტიტუციოში შევიტანე. მე იქ კაპიკი ხელფასი არ ამიღია, შეხება არ მქონია და ახლა საერთოდ არ მაინტერესებს რას თამაშობენ თვითონ, გააუქმებენ, არ გაუუქმებენ.

პრინციპულად არასწორია კობახიძე წყვეტდეს პოლიტიკურ დამოკიდებულებას კონკრეტული მანდატის მიმართ. კომენტარსაც არ ვაკეთებ მაგ სისულელეზე, ახლა რაც ხდება პარლამენტში”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

 

“არ განვიხილავ არც ქოლგებს და არც ვიღაცის დომინაციას”

 

“დროას” ლიდერი ოპოზიციის მორიგი ერთობის შესახებ გიგი უგულავას ინიციატივასაც გამოეხმაურა. საქმე ეხეა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ფეისბუკპოსტს, სადაც ის „ქოლგა პარტიად“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

ელენე ხოშტარია „ერთი ქოლგის ქვეშ“ გაერთიანებას თეორიულად არც განიხილავს. მეტიც, მიიჩნევს, რომ ახლა ეს ინიციატივა აქტუალური არცაა.

გიგი უგულავას იდეა არ მგონია პოლიტიკურ პროცესს ქმნიდეს. დისკუსია ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ ეს არის ახლა აბსოლუტურად აქტუალური. მე მგონია, რომ ახლა ოპოზიციას სულ სხვა ამოცანები აქვს – მაქსიმალურად იმუშაოს ამომრჩეველთან, მათ პრობლემებზე, მოიპოვოს ნდობა და ა.შ.

პრინციპში, კონფიგურაცია უკვე გადაწყვეტილია, რომ კოალიციური უნდა იყოს შემდეგი მმართველობა.

ამიტომ კოალიცია არის ის ფორმა, რომლის განსხვავებულს მე არ განვიხილავ, არც ქოლგებს და არც ვიღაცის დომინაციას, ჯერ ვნახოთ, ვინ რა ძალის პატრონია.

ახლა სამუშაოა ხალხთან, უამრავი პრობლემაა და ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ მარტო არჩევნებისთვის არ ვმუშაობთ.

რაც შეეხება საოკუპაციო პარალელს, თემატურ საკითხებზე თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია აბსოლუტურად ყველა პარტიასთან”, – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ელენე ხოშტარიამ.

 

 

 

ივანე ჩხაიძე: წლის ბოლოსთვის, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსი იქნება ისეთი ვირუსი, როგორც გრიპი  

 

კორონავირუსის განვითარების რა სცენარები განიხილება და როგორია მოლოდინი – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, “საუბარი ნამდვილად არ არის იმაზე, რომ კორონავირუსი გაქრება და საერთოდ აღარ იქნება”, თუმცა ივანე ჩხაიძის პროგნოზით, უკვე 2022 წლიდან, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსი აღარ იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი.

 

 

“საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსი იქნება ენდემური ვირუსი, რაც პირველ რიგში გულისხმობს ვირუსს, რომ [რომ წარმოვიდგინოთ] ის გახდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი გრიპის ვირუსი, რაც გულისხმობს მის ყოველწლიურად გააქტიურებას – ეს არის ის სცენარი, რომელზეც პანდემიის დასაწყისიდანვე საუბრობენ და ეს არის ის მოლოდინი, რომელიც ენტონი ფაუჩის აქვს.

საუბარი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი აღარასოდეს იქნება , რა თქმა უნდა არასწორია.

მაგრამ ის, რომ პანდემიისათვის დამახასიათებელი შემთხვევების მატება, აფეთქებები და ტალღები აუცილებლად გაქრება -ეს მეორე მხარეა.

ჩვენი მოლოდინია, რომ 2023 წლისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და შესაძლებელია უკვე 2022 წლიდან, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსი აღარ იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი.

და წლის ბოლოსთვის ის იქნება ისეთი ვირუსი, როგორც გრიპი და როგორც ასეთ დროს ვიცრებით ყოველწლიურად, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის- ეს არის ის მოლოდინი, რომელიც პირველ რიგში ყველა სპეციალისტს აქვს”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

თუ მომდევნო სამშაბათს 26 ათასზე მეტი ინფიცირება არ იქნება, შეგვეძლება ვთქვათ, რომ კორონავირუსის მე-6 ტალღა საქართველოში ჩამთავრების სტადიაშია: ივანე ჩხაიძე 

 

რაც შეეხება კოვიდ-19-ის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს, ივანე ჩხაიძე ამბობს, არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს იმას, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები ზუსტად ასახავს ვირუსის რეალურ გავრცელებას.

“რაც არ უნდა განვითარებული და მდიდარი ქვეყანა იყოს, მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაში ვირუსს უსიმპტომო მიმდინარეობა აქვს ან არ თვლის რომ მისი სიმპტომები ტესტის გაკეთებას საჭიროებს, შესაბამისად, ის რეალურ სტატისტიკაში არ ხვდება.

ასეთივე ვითარებაა ჩვენთანაც, თუმცა გავრცელებული მოსაზრებას რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ლაბორატორიულად დადასტურებულს 3-ჯერ აღემატება ჩვენს ქვეყანაში -ასე არ ვფიქრობ, არ ვიზიარებ, არ ვემხრობი.

რაც შეეხება იმას, 220 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა არის თუ არა მიმანიშნებელი პირველ რიგში, პანდემიის პიკის დაღმავალი მრუდის დაწყებისა, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მოცემულობა: 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირებული 26 თასზე მეტი შემთხვევა არის ჯერჯერობით საქართველოსთვის მაქსიმუმი და გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია სწორედ ეს მაჩვენებელი იყოს ჩვენთვის პიკი, რადგან მომდევნო დღეებში ჩვენ ვხედავთ შემთხვევების შემცირებას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული გამოცდილება, როცა პიკურ მაჩვენებლის შემდეგ, შემთხვევების შემცირებას მაშინვე მოჰყვა კიდევ ერთი ტალღა.

ჩვენთვის რა თქმა უნდა, საუკეთესო სცენარია თუ მე-6 ტალღის პიკმა გადაიარა და დაღმავალ მრუდზე ვართ, ამაზე პასუხს მომდევნო 1 კვირა გაგვცემს, თუ მომდევნო სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი იყო არა უფრო მეტი ვიდრე 26 ათასი, შეგვეძლება ვთქვათ რომ კორონავირუსის მე-6 ტალღა საქართველოში ჩამთავრების სტადიაშია”, – აღნიშნა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა აქვე იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც ადამიანების საკმარისი რაოდენობა ვაქცინირებულები იქნებიან და კოვიდშეზღუდვები წარსულს ჩაჰბარდება.

 

“რეალურად “ომიკრონის” 4 ქვეშტამი არსებობს, არ არის გამორიცხული ქვეყანაში ოთხივე ცირკულირებდეს” – რა ვიცით “ომიკრონით” რეინფიცირების შესახებ 

 

 

“ომიკრონით რეინფიცირებას აქვს კონკრეტული საზომი. კვლევების მიხედვით, 5,1-ჯერ მეტია ომიკრონით რეინფიცირების რისკი, ვიდრე ეს იყო დელტას შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თუნდაც 1 თვის წინ გადატანილი გაქვს რომელიმე კორონავირუსი, ეს არ არის თქვენთვის გარანტია, რომ ომიკრონით არ დაინფიცირდებით”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

“თუ ადრე გვქონდა სრული უფლება გვეფიქრა, რომ გადატანიდან 6-9 თვის განმავლობაში ის იყო დაცული, ომიკრონმა ეს ზღვარი წაშალა.

და თუ თქვენ გადაიტანეთ მაგალითად დეკემბერში როცა საქართველოში დელტა იყო დომინანტური, შეიძლება იანვარშიც დაინფიცირებულიყავით ოღონდ ამჯერად ომიკრონით. ამიტომ რეინფიცირების შემთხვევები ძალიან ბევრია და ეს არის ერთ-ერთი განმასხვავებელი სხვა შტამებისგან”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მესამე კვირის კოვიდით ინფიცირების შემთხვევების 90-95% „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 სუბშტამებია, თუმცა ივანე ჩხაიძის თქმით, არსებობს ომიკრონის 4 ქვეშტამი და არ არის გამორიცხული, 2 აღმოჩენილი შტამის გარდა დანარჩენი ორიც ცირკულირებდეს ქვეყანაში.

“ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ ომიკრონის 2 ქვეშტამი არსებობს. რეალურად ომიკრონს 4 ვარიანტი გააჩნია – ეს ვარიანტები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არიან გავრცელებულები.

საქართველოში ჯერჯერობით ჩვენთან სეკვენირების მეთოდით 2 ვარიანტია აღმოჩენილი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მარტო ორია ქვეყანაში, არ არის გამორიცხული ოთხივე ვარიანტი ცირკულირებდეს ქვეყანაში. არის თუ არა შესაძლებელი 1 ვარიანტით ინფიცირების შემდეგ შეგხვდეს მეორე ვარიანტი, ანუ ომიკრონითვე რეინფიცირება მოხდეს,ა მაზე ჯერჯერობით პასუხი არ ვიცით.

ძალიან ცოტა დროა “ომიკრონის” გავრცელებიდან გასული და შესაბამისად, მონაცემებიც არ არის ბევრი, მაგრამ დღევანდელი ინფორმაციით ომიკრონის მუტაციაზე ვიცით ის, რომ თუ ადამიანი პირველი ვარიანტით დაინფიცირდა ის დაცული არის მეორე ვარიანტით დაინფიცირებისგან.

მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არის წინასწარი მონაცემები, ვინაიდან ომიკრონის სხვა ქვეშტამებზეც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, შესაბამისად, რეინფიცირებაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ადრეა”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

იაშვილში 98 ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, სამწუხაროდ, მარტიდან ნაკადის მატებას ველით – ივანე ჩხაიძე

 

 

როცა ამ კითხვას სვამენ ყოველთვის მეორე კითხვასაც სვამენ ხოლმე – რა ჯობია კორონავირუსის დროს, გვქონდეს ეფექტური წამალი, რომელიც მოარჩენს ინფიცირებულს თუ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც თავიდან აგვაცილებს ინფიცირებას, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პოსტკოვიდურ გართულებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ივანე ჩხაიძემ ისაუბრა ბავშვებში პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ, რომელიც კოვიდის შემდგომი გართულებაა და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

ჩხაიძის თქმით, ამ დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში 98 ბავშვი იყო მოთავსებული. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ გართულებით ბავშვების მომართვიანობა გაიზრდება.

“რა თქმა უნდა, ჯობია თავიდან ავიცილოთ დაავადება, რადგან მსუბუქად მიმდინარე კორონავირუსსაც კი შეიძლება ძალიან სერიოზული და ხანგრძლივი გართულებები ახლდეს თან.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ძირითადად ბავშვებშია ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი,რომელიც ერთ-ერთი პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, საშიში გართულებაა და ვითარდება კორონავირუსის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ.

იაშვილში 98 ბავშვი იყო ამ დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული და სამწუხაროდ, ველოდებით რომ მარტში ამ ბავშვების ნაკადი მოიმატებს, ვინაიდან ეს გართულება ვითარდება მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ.

თუ ჩავთვლით რომ იანვარ-თებერვლის დასაწყისში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაქსიმალური მაჩვენებელი იყო, ველოდებით, რომ მარტის თვეში ამ ბავშვების ნაკადი მოიმატებს და შესაბამისად.

საბედნიეროდ არსებობს მედიკამენტები, რომელიც ხელმისაწვდომია და ეფექტური, განსხვავებით კორონავირუსის მწვავე ფაზისგან, როცა ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს.

მაგრამ ასევე არ დაგვავიწყდეს, არსებობს ხანგრძლივი კოვიდი, რომელიც გრძელდება 6-7-8 თვის განმავლობაში, არცერთი მათგანი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ სიცოცხლის ხარისხს მკვეთრად აუარესებს, ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ტემპერატურა, ხველა – უამრავი ნიშანია, რომელიც ხანგრძლივ კოვიდს ახლავს, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები