21 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა და გოგი ცაბაძის ცნობილი სიმღერის „წეროების“ საკუთარი ვერსია წარადგინა.
– გიორგი, მუსიკა უფრო გიყვართ, თეატრი თუ ტელევიზია?
– პროფესიით მსახიობი ვარ, ამიტომ თეატრია ჩემთვის ყველაზე ახლობელი, რომელსაც ცხოვრების დიდ ნაწილს ვუთმობ. ვფიქრობ, სცენიდან უფრო მეტის თქმა შეიძლება, რადგან სპექტაკლი მთელი საათი გრძელდება, სიმღერა კი, მაქსიმუმ 4-წუთიანია და სწორედ ამ დროში უნდა ჩაატიო მთელი სათქმელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აუდიტორიასთან ურთიერთობასაც, მისი რეაქციის, განწყობის შეფასებას, რის საშუალებას მხოლოდ სცენა იძლევა. მაყურებელი ყოველთვის საკუთარი განწყობით მოდის თეატრში, რომელსაც ან პოზიტიურისკენ ცვლის მსახიობი, ან პირიქით სერიოზულ და მნიშვნელოვან თემებზე აიძულებს დაფიქრებას.
– რიტუალი ან ჩვევა ხომ არ გაქვთ სცენაზე გასვლამდე?
– რიტუალი არა, მაგრამ ყოველი გასვლის წინ ვნერვიულობ და მხოლოდ მაშინ ვმშვიდდები, როცა ჩვენი რეკვიზიტორი წარმატებას მისურვებს, შუქი ქრება და სცენაზე გავდივარ.
– რომელ რეჟისორთან ისურვებდით მუშაობას?
– კონკრეტულად ვერ დავასახელებ, რადგან ყველასთან საინტერესოა მუშაობა. ზოგადად, მსახიობს განვითარება სჭირდება, რეჟისორი კი, სწორედ ის ადამიანია, ვინც მუდმივად ახალს სთავაზობს და განვითარებაში ეხმარება. ვნატრობდი ზაზა ურუშაძესთან მუშაობას, რომელიც ძალიან მიყვარდა, მართალია გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მთავარი როლიც მივიღე მის პროექტში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა.
– საოცნებო როლი თუ გაქვთ?
– ალბათ, სხვების მსგავსად მეც ჰამლეტის განსახიერებას ვისურვებდი, რადგან ძალიან რთული, იდუმალებით მოცული პერსონაჟია. ვფიქრობ, სწორედ შექსპირის პიესები აძლევს მსახიობს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალებას.
– რატომ გადაწყვიტეთ ცნობილი სიმღერის საკუთარი ვერსიის გაკეთება?
– ძალიან მიყვარს მუსიკა, მე მგონი არ არსებობს ადამიანი, ვისზეც მუსიკა არ მოქმედებს და გარკვეულ გავლენას არ ახდენს. მიხარია, თუ პუბლიკას ჩემი კომპოზიციები მოსწონს, რადგან ძალიან სპონტანურად დავიწყე მუზიცირება, ჯერ ერთი სიმღერა ჩავწერე, მერე მეორე და საბოლოოდ რამდენიმე საინტერესო პროექტი გავაკეთე საინტერესო ადამიანებთან ერთად. დღეს ბენდთან „4+2“ ვმუშაობ, რომელიც მეტწილად კორპორატიულ საღამოებს და რეგიონებში კონცერტებს აწყობს. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს რეგიონებში გამოსვლა, სადაც განსაკუთრებით გულწრფელი პუბლიკაა და ყოველთვის ღიად გამოხატავს საკუთარ ემოციას. რაც შეეხება „წეროებს“ – გოგი ცაბაძის ძალიან ცნობილი სიმღერაა, რომლის ერთი ვერსია უკვე გავაკეთეთ, ახლა კი, რადიოვერსიად დავამუშავეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სიმღერის ჩაწერაში დამეხმარა, რადგან მათ გარეშე ნამდვილად არაფერი გამოვიდოდა. სხვათა შორის, ახალ ვერსიას მეორე ვოკალისტი – თაკო კაკალაშვილი დაემატა საკუთარი ინგლისურენოვანი ტექსტით, რომელიც თვითონ შეასრულა. მართალია, არ მიყვარს ისეთი უნიკალური კომპოზიტორების სიმღერების გადამღერება, როგორიც გოგი ცაბაძეა, რადგან ყოველთვის უხერხულობას ვგრძნობ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი გულით ვიმუშავეთ და ვფიქრობ, კარგი გამოგვივიდა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სიახლეები გვაქვს თეატრში, რადგან სულ ცოტა ხნის წინ აღვადგინეთ „ტიტუს ანდრონიკუსი“, რომელიც უკვე ჩაეშვა რეპერტუარში, ამასთანავე, ახალ წარმოდგენაზე ვმუშაობთ, რომელიც ფილმის „ვიღაც სხვა“ თეატრალური ვერსია იქნება და სავარაუდოდ სწორედ ამ დადგამს წარვადგენთ მაკედონიასა და მონღოლეთში, სადაც სექტემბრის თვეში გვექნება გასტროლები. არ ვივიწყებთ არც მუსიკას, რამდენიმე კონცერტი დავგეგმეთ რეგიონებში და აქტიურად ვმუშაობთ ახალ კომპოზიციებზე.