LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ხალხთან ნაკლებად მუშაობს, სავსებით რეალურია “ოცნებამ” გადალახოს 43%-იანი ბარიერი / რა შემთხვევაში საჭიროებს ბავშვი ჰოსპიტალიზაციას და რა ნიშნებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – “კვირის თემის” პოდკასტი

8
fortuna.ge (1)

ვინ დაუპირსპირდება კახა კალაძეს, ვინ რა ძალებით ერთიანებდა და როგორია ოპოზიციის შანსები – “კვირის თემის” სტუმარია ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე;

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია – შევა თუ არა პოლიტიკური პროცესი არჩევნების წინ ისევ ჩიხში – თემაზე ანალიტიკოსი, ლადო ბოჟაძე საუბრობს;

კორონავირუსის გავრცელების მაღალი ტემპი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვია – “კვირის თემის” კითხვებს ციციშვილის კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი პასუხობს.

 

ოპოზიციას ხალხთან ნაკლებად აქვს კომუნიკაცია, რასაც ვუყურებ, გახარია მუშაობს ჭვიანურად – გართულდა თუ არა ოპოზიციის ამოცანა კახა კალაძის კანდიდატურის დასახელების შემდეგ

 

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურდება შეკითხვა, ვის გააერთიანებს ოპოზიციის საერთო კანდიდატი –  საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ერთი მხრივ, ოპოზიციის მიერ ერთიანი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია, მეორე მხრივ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია “ოცნების” დამარცხება.

რაც შეეხება კახა კალაძის წარდგენას, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილად არ არის კარგი სიახლე ოპოზიციისთვის, რომელიც მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში ხალხთან კომუნიკაციით დიდად ვერ გამოირჩევა.

“კახა კალაძის წარდგენა კარგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ კალაძე უფრო დამოუკიდებელ ფიგურად აღიქმება და არა ტიპურ „ქოცად“, პლუს მას არჩევნებში ექნება ადმინისტრაციული რესურსის მხარდაჭერაც. სხვანაირად საქართველოში არჩევნები ვერ ჩატარებულა.

ცხადია, ოპოზიციას თავისთავად გაუჭირდება, ამას თუ დავამატებთ რომ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველი მაინცდამაინც არ აქტიურობს, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება კიდევ უფრო მეტ ფორას აძლევს სამთავრობო კანდიდატს.

ოპოზიციაში ახალ იდეას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მეტიც, ვერ ვხედავ რომ მათ დაიწყეს საერთოდ, საარჩევნო კამპანია. სამწუხაროდ, დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება გარბის ბრიუსელში ან ბრიუსელიდან ჩამოსულ სტუმართან მიდის და აბეზღებენ ერთმანეთს – ამან ეს გააფუჭა და ა.შ. ხალხთან ნაკლებად მუშაობენ. აშკარაა, რომ რეგიონებში არ გადიან, ამასობაში დრო მიდის.

„ოცნებას“ თუ აქვს საკმარისი ჭკუა, შეეცდება, რომ არჩევნები ჩაატაროს წესიერად და არავის არ მისცეს სალაპარაკო, რადგან ოცნებას აქვს შანსი მოიგოს ეს არჩევნები ოპოზიციის პასიურობის და იმ ფონზე, რომ ოპოზიცია არ მუშაობს ხალხთან. ეს თავის დროზე კარგად გამოსდიოდა სააკაშვილს, რომელიც დღეს აქ არ არის. 2018 წელს კარგად იმუშავა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოსახლეობასთან გრიგოლ ვაშაძემ. ფაქტობრივად მთელი საქართველო მოიარა და ამით დადო შედეგი, როდესაც კინაღამ დაამარცხა სალომე ზურაბიშვილი. ეს დღეს არ ჩანს.

ოპოზიციაში ძალიან ბევრს ვერ გაურკვევია, რომ არჩევნებში ხმას ხალხი აძლევს და არა ბრიუსელის ჩინოვნიკები. როგორც ჩანს, მიაჩნიათ რომ მნიშვნელოვანია თითი დაუქნიონ “ოცნებას” ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან.

შეკითხვაზე, ვინ არის დღეს პოლიტიკურ ველზე მესამე ძალა და მთავარი აქტორი, თორნიკე შარაშენიძე ასე პასუხობს:

“რასაც ვუყურებ, გახარია მუშაობს ჭკვიანურად. მისი გუნდის წევრები ტოვებენ კომპეტენტური ადამიანების შთაბეჭდილებას, ცდილობენ არ ჩაერთონ ამ დაკადაკაში, რომელიც გამართული აქვთ ტრადიციულ ოპოზიციასა და ოცნებას. ისინი ცდილობენ ისაუბრონ საქმეზე და ასეთი მიდგომა ვფიქრობ, თავის შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის კვლავ ვერ არჩევას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის უკეთესი იქნებოდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევა უფრო ფართო ფორმატში მომხდარიყო.

“არა მხოლოდ პარლამენტში კენჭისყრებით, რომელიც ჯერჯერობით ჩავარდნილია, არამედ ყოფილიყო უფრო მეტი განხილვები და შეხვედრები სხვადასხვა პოლიტოლოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ნაკლებად ხდება და ცუდია. ყველა არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ თავად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და შეძლებისდაგვარად კონსენსუსის საფუძველზე აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე, მე არ ვიცი, რატომ არ აკეთებენ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტი მოსამართლეთა დანიშვნის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებს ფორმალურად იცავს.

“იურისტი არ ვარ და ცხადია, ყველაფერში გარკვეული ვერ იქნები ადამიანი, მაგრამ მე რა შთაბეჭდილება მრჩება, “ოცნება” ფორმალურად იცავს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებს. როგორც ჩანს, ისინი არ იცავენ ამ შეთანხმების სულისკვეთებას”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ “ფორტუნას” ეთერში.

 

“პოლიტიკური ჩიხის საფუძველი გახდება არა ის თუ ვინ იქნება ცესკოს თავმჯდომარე, არამედ ის, რომ „ქართული ოცნება“ გადალახავს 43%-იან ბარიერს”

 

თუ ჩვენ დავაკვირდებით პოლიტიკურ სურათს, ფაქტია, რომ ოპოზიციას არ სჭირდება სანდო ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები, რომლებიც, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაზრდიდნენ ნდობას საარჩევნო პროცესებისადმი, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, “ოპოზიცია ემზადება იმავე სცენარისთვის, რაც გვქონდა 31 ოქტომბრისთვის”.

ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ სავსებით რეალურია “ქართული ოცნებამ” გადალახოს 43%-იანი ბარიერი.

“დღევანდელი გადმოსახედით, სავსებით რეალურია ოპოზიციამ კვლავ დაიწყოს საუბარი არჩევნების გაყალბებაზე და ის, რაც ვერ მოხდა პირველ ნოემბერს, ახლა იყოს მცდელობა, რომ მოხდეს 3 ოქტომბერს. ოპოზიციის პოზიციიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, პარლამენტს არ ეყოფა რესურსი, თუნდაც 90 ხმა მოგროვდეს შემდგომ კენჭისყრაზე. სავარაუდოდ, უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით დამტკიცდება როგორც ცესკოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, კალანდარიშვილი და ცესკოს წევრები იქნებიან ცაცაშვილი და ზარიძეს. სავარაუდოდ, ეს შემადგენლობა ჩაატარებს ამ არჩევნებს. პროცესი დაიწყება კვლავ ხელახლა 6 თვის შემდეგ”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ ჩიხს, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ “პოლიტიკური ჩიხის საფუძველი გახდება არა ის თუ ვინ იქნება ცესკოს თავმჯდომარე, არამედ ის, რომ „ქართული ოცნება“ გადალახავს 43%-იან ბარიერს, არ იქნება რიგგარეშე არჩევნები და ამას მოჰყვება ახალი პოლიტიკური კრიზისი”.

„ქართულ ოცნებას“ ბრალდება კანდიდატების შერჩევა, სინამდვილეში კანდიდატები კომისიამ შეარჩია, რომელშიც სამოქალაქო სექტორი იყო წარმოდგენელი. ეს სწორედ ის შემადგენლობა იყო, რომელმაც თავის დროზე თამარი [ჟვანია] აირჩია, მაგრამ ოპოზიციას ხომ შეეძლო, რომ თავად წარედგინა ცესკოს კანდიდატები. პირობითად, შეერჩიათ ეკა გიგაური, რომელსაც სერტიფიკატი არ აქვს და ეს კანდიდატი წარდგენილიყო პრეზიდენტს და რა იქნებოდა? ქართული ოცნება ჩააგდებდა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შერჩეულ კანდიდატს. ეს შეგნებულად არ ქნა ოპოზიციამ, რადგან მისივე შერჩეულ კანდიდატს ხომ არ დაუწყებს 2 ოქტომბერს, როგორც კი შედეგები იქნება, დისკრედიტაციას და არჩევნები გაყალბდაო ძახილს”,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას თბილისის მერობის კანდიდატების შანსებთან დაკავშვირებით, ლადო ბოჟაძე ასე პასუხობს:

“მიუხედავად იმისა, რომ მელიას დაასახელებენ, იქნება სხვა კანდიდატებიც, სხვა პარტიული სიებიც, სხვადასხვა მაჟორიტარული კანდიდატები. ყველა პირობა არსებობს იმის, რომ დედაქალაქში მათ შორის, პირველივე ტურში გაიმარჯვოს კახა კალაძემ. რაც შეეხება 43%-იან ბარიერს, აქაც წინა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მე არ ველოდები, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება 43%-იანი ბარიერის გადალახვა”, – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ანალიტიკოსმა.

 

 

 

ძალიან ბევრი ბავშვი დარჩება თავის ჩვეულ გარემოში, ნაკლებ სტრესში – ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

 

ბავშვებში შემთხვევების რაოდენობის ფონზე, სამინისტროს მხრიდან არის მზაობა, რომ კლინიკებში ბავშვების განთავსების კრიტერიუმები გადაიხედოს, – აცხადებს ციციშვილის კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი.

ყველა ბავშვის კლინიკაში გადმოყვანა აუცილებელი არ არის – ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

“არის გარკვეული ქმედების გაიდლაინი, რომელზეც დღესაც მიდიოდა მსჯელობა სამინისტროში. არის გაიდლაინი, როდესაც პაციენტს ბინაზე მართავს ონლაინ კლინიკის ექიმი, აფასებს ყურადღებით და შემდგომში თუ ჩათვლის საჭიროდ, 112-ის ბრიგადას უშვებს შესამოწმებლად ბინაზე და თუ საჭირო იქნება სასწრაფო ბრიგადას მოჰყავს ბავშვი კლინიკაში ჰოსპიტალიზაციისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ.

შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღება სასწრაფოს ბრიგადის მიერ ბინაზე შემოწმების შემდეგ და პლუს ონლაინ ექიმის მიერ დისტანციურად. იყო მომენტი, რომ ბავშვების შემთხვევაში უფრო მეტი სიფრთხილით მიდიოდა სახელმწიფო და ამიტომ ყველა ბავშვს, რომელსაც კოვიდინფექცია ჰქონდა და ტემპერატურა აღენიშნებოდა, მაინც კლინიკაში მიგვყავდა.

შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ამ რეალობამ აჩვენა, რომ არ არის ყველა ბავშვის კლინიკაში გადმოყვანა ასეთი აუცილებელი და ბინაზე მართვაც არის შესაძლებელი. ჩემი აზრით, ეს საკითხი საკმაოდ მოკლე პერიოდში გადაიხედება.

ძალიან ბევრი ბავშვი დარჩება თავის ჩვეულ გარემოში, ნაკლებ სტრესში. ახალ გარემოში მოხვედრა, პლუს რაღაც მანიპულაციები, ეს იქნება სისხლის აღება თუ ტომოგრაფიის გადაღება, დამატებითი სტრესის მიყენება ნამდვილად არ არის მიზანი”,- განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

 

“ბავშვებს სუნთქვა დავუთვალოთ” – დავით რეხვიაშვილი მშობლებს მიმართავს

 

რა შემთხვევაში საჭიროებს ბავშვი ჰოსპიტალიზაციას და რა ნიშნებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – კორონავირუსის გავრცელების მაღალი ტემპის ფონზე, საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ციციშვილის კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა ისაუბრა.

“ამ სიმპტომების დროს განგაშის ღილაკი უნდა ჩავრთოთ, დავიწყოთ სუნთქვის დათვლა” – დავით რეხვიაშვილი მშობლებს მიმართავს

მისი თქმით, კლინიკაში მოსახვედრად არსებობს გარკვეული სამედიცინო კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი, ხოლო ამის შეფასება უნდა მოხდეს ბინაზე სასწრაფოს ექიმის მიერ, მაგრამ ასევე, მნიშვენლოვანია მშობლებმა იცოდნენ ის ძირითადი ნიშნები, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება.

დავით რეხვიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია შემოწმება სამი პარამეტრის, მათ შორის, განსაკუთრებით სუნთქვის სიხშირის, რაც რეხვიაშვილის დაკვირვებით, საქართველოში ფართოდ გავრცელებული არ არის.

“რადგან ეს ინფექცია უფრო მეტად აზიანებს სასუნთქ სისტემას, მნიშვნელოვანი საკითხია არ გამოგვეპაროს ფილტვების დაზიანება, ისეთი, რომელიც მომავალში შექმნის სუნთქვის პრობლემას.

ყველაზე კარგი შეფასებაა ბავშვის აქტივობა – რამდენად აქტიურია ბავშვი. თუ ის მოთენთილი, მივარდნილი, ადინამიური, ძილიანია – ეს არის ის სიმპტომი, როდესაც წითელი განგაშის ღილაკი უნდა ჩავრთოთ.

ასევე, მნიშვნელოვანია სუნთქვის სიხშირე, რომელიც ბავშვებში სტანდარტულად იცვლება. ის დამოკიდებულია იმაზე, ახალგაღვიძებულია, აქტიურობს, ძინავს თუ ახალნაჭამია და მერყეობს გარკვეულ ფარგლებში. ძირითადად შემთხვევებში, 40-ს ზევით სუნთქვის სიხშირე ყურადმისაქცევია.

ჩემი აზრით, არ გვაქვს წესი, რომ ბავშვებს სუნთქვა დავუთვალოთ, სიცხეს ვუზომავთ, კი ბატონო, შეიძლება პულსიც დავუთვალოთ, მაგრამ სუნთქვის დათვლა არ არის ჩვენთან ფართოდ მიღებული, ამიტომ უნდა დავიწყოთ სუნთქვის დათვლა, მშვიდ მდგომარეობაში, როდესაც ბავშვი ზის ან უყურებს ტელევიზორს. ძალიან მარტივი გასაკეთებელია, დავინიშნოთ წამზომი და დავთვალოთ წუთში რამდენია – თუ ის 40 ერთეულზე მეტია, მაშინ ჯობია ექიმმა შეაფასოს.

არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმპტომი, როდესაც სითხეს ვერ იღებს, ასეთ დროს არის საშიშროება წარმოიშვას სითხის დანაკარგის შევსების პრობლემა.

სითხის არ მიღება ან ვერ მიღება, ან მიღებული სითხის უკან ღებინება, ცნობიერების ნიშნები – ძილიანობა, მოთენთილობა, ადინამიურობა და მესამე ნიშანი – სუნთქვის სიხშირე – ამ სამ პარამეტრს თუ მივაქცევთ ყურადღებას და ვნახავთ, რომ სამივე მწყობრშია, მხოლოდ სიცხის მართვა გვჭირდება.

სხვა შემთხვევებში, როდესაც ბავშვი აქტიურია, სიცხის დამწევის მიცემის შემდეგ, ხდება ხალისიანი, საკვების მიღებაზე უარს არ ამბობს, ძალიან მოგვარებადი საკითხია ბინაზეც.

სხვა, რაიმე სპეციფიკური მკურნალობა მითუმეტეს ბავშვებში რომ არსებობდეს ვირუსის საწინააღმდეგო, არ არსებობს, ამიტომ კლინიკაში ყოფნა იმისთვის, რომ მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, არ არის სწორი, რადგან ვაკავებთ იმ ადგილებს, რომელიც მართლა შეიძლება დასჭირდეს მძიმე პაციენტს”, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

 

სტატისტიკა ბავშვებში  – “სადღაც 40%-ია საერთო რაოდენობაში, რაც საკმაოდ მაღალია”

 

დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ბავშვების სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახლო მომავალში, სულ რამდენიმე დღეში გახდის საჯაროს. თუმცა, მისი თქმით, მიახლოებით მაჩვენებელზე თუ ვიმსჯელებთ, სადღაც 40%-ია საერთო რაოდენობაში თითქმის ბავშვების რაოდენობა, რაც რეხვიაშვილის შეფასებით, საკმაოდ მაღალია.

“ძნელია იმის თქმა, რომ ამის განმაპირობებელია დელტა შტამი, ამას არანაირი კლინიკური ღირებულება არ აქვს ჩვენს შემთხვევაში დელტა იქნება თუ ალფა. მკურნალობის კუთხით არ ცვლის არაფერს. ამას აქვს მნიშვნელობა მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური და გავრცელების კუთხით”- აცხადებს რეხვიაშვილი.

 

“ალფა იქნება თუ დელტა, ორივე შემთხვევაში ვლინდება სიმძიმე” – როგორია ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული ჩვილის მდგომარეობა

 

დავით რეხვიაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ ჩვილს დადებითი დინამიკა აღენიშნება.  ციციშვილის კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი იყო მოთავსებული. ერთი 16 ივლისს გარდაიცვალა, მეორე კი 20 ივლისს.

“დელტა შტამს განსაკუთრებულ სიმძიმეს მიაწერენ, თუმცა აქედან, ორი იყო ალფათი ანუ ბრიტანული შტამით დაავადებული და ერთი ე.წ. ინდურით.

არ აქვს მნიშვნელობა, ალფა იქნება თუ დელტა, ორივე შემთხვევაში ვლინდება სიმძიმე.

ძალიან ცუდი დამთხვევა მოხდა და სამივემ ერთად მოიყარა თავი. ეს არ არის მხოლოდ ამ კლინიკის მაგალითი და მინდა ეს ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ჩვენთან თავს იყრიან დამძიმებული პაციენტები, რომელთაც სჭირდებათ სუნთქვითი მხარდაჭერა თუ სხვა ჩარევები.

ჩავთვალოთ, რომ ეს სამი შემთხვევა არის საქართველოს მასშტაბით სამი შემთხვევა და არა ის, რომ სხვაგანაც შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევა. ამიტომ გადმოიყვანეს სხვადასხვა კლინიკებში დამძიმებული, სამივე პაციენტი ჩვენთან”, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

ციციშვილის კლინიკის დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თუ გვინდა შვილები დავიცვათ, ჩვენ თავადვე უნდა ვიყოთ დაცულები.

“ეს პრობლემა ყველას ეხება. ვის როდის და როგორ გაუჭირდება არავინ არ იცის. ამიტომ ჩვენი წვლილი არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მითითებას უნდა დაველოდოთ.

თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩვენს გარშემო ტრიალებს.

განსაკუთრებით ბავშვებზე, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რადგან მათთან ვერ ხდება ვაქცინირება, 5 წლამდე ბავშვებში პირბადის ტარებაც ვერ ხერხდება.შესაბამისად, იმ წესების დაცვა, რომლის გაკეთება დიდებს შეუძლიათ მარტივად, ბავშვებთან ამის მიღწევა არის ძალიან რთული და ბევრ შემთხვევაში შეუძებელი. ერთადერთი საშუალება ბავშვი დავიცვათ არის ის, რომ დიდები ვიყოთ დაცულები და არ მივუტანოთ ბავშვს ეს ინფექცია.

ისედაც იცით, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი 2%-დან 3%-მდეა, რაც ჩემი აზრით, ჩვენთვის საკმაოდ სამარცხვინო მაჩვენებელია. ფაიზერი ახლა შემოდის, მაგრამ ორი ტიპის ჩინურ ვაქცინაზე ძალიან დაბალია ჩაწერა, ახლაც დარჩენილია ეს ვაქცინები. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სრულად მოხდეს ჩვენი ვაქცინაცია, თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ”, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

 

როდის დგება ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა – რეკომენდაცია მშობლებს

 

დავით რეხვიაშვილის განცხადებით, არცერთი მონაცემი არ ამტკიცებს იმას, რომ დელტა შტამი უფრო მეტად იწვევს მძიმე დაავადებებს, ვიდრე წინამორბედი შტამები.

“რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უფრო მეტად გამოხატულია კლინიკური ნიშნები, როგორიცაა – ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე, ყელის ტკივილი, მაგრამ მძიმე დაავადების გამოწვევის კუთხით, პროცენტულად არ არის იმაზე უფრო მეტად გამომწვევი მძიმე დაავადების, ვიდრე იყო წინა შტამები.

ამის მტკიცება ზუსტად შემიძლია, რომ უფრო მეტი ავადმყოფია, უფრო მეტად გადამდებია, ბრიტანულ შტამთან შედარებით 50-60%-ით მეტად, თუმცა თუ ჩინურს შევადარებთ, რაც პირველად წამოვიდა, ორმაგად გადამდებია, მაგრამ თავად სიმძიმე დაავადების, პროცენტული კუთხით, რომ ავიღოთ, არ არის მძიმე.

მსოფლიოში დღეს არსებულ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, დაავადებული ბავშვებიდან ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს მხოლოდ 1-2%-ი.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ, გამოვლენილი 2 200 შემთხვევიდან, 40% სადღაც ჩავთვალოთ, რომ 1 000 ბავშვი იყო პედიატრიული, შესაბამისად, მაქსიმუმ ათს ან ოცს შეიძლება დასჭირდეს კლინიკაში მოხვედრა, მაშინ როდესაც, დღევანდელი რეალობით, მარტო ჩემს კლინიკას ჰყავს მარტო 20 ბავშვი მიღებული. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ეს ციფრი უკვე აჭარბებს იმ სტანდარტებს, რაც მსოფლიოშია მიღებული და საქართველოს მასშტაბს თუ ავიღებთ, ათჯერ უფრო მეტი ჰოსპიტალიზაცია გვაქვს, ვიდრე რეალურად სჭირდება პაციენტებს”,-განაცხადა რეხვიაშვილმა.

როგორც ციციშვილის კლინიკის დირექტორმა განმარტა, “მოხდა თანხვედრა კოვიდინფექციის მატებისა და ვირუსული ინფექციის გავრცელების, რომელიც არ არის კოვიდი, თუმცა მიმდინარეობს ცხელებით, თითქმის იგივე ნიშნებით, როგორიცაა კოვიდინფექცია”.

“ცხელება, თავის ტკივილი, რაც ხშირად დაბნეულობას იწვევს მშობლებში და არის პანიკის საფუძველი. ჯობია ბინაზე მოხდეს გამოძახება, პედიატრები მოდიან ბინაზე, ატარებენ უფასოდ კოვიდტესტებს, ადგილზევე ხდება დიფერენცირება ეს არის კოვიდინფექციით გამოწვეული ცხელება თუ არის სხვა მიზეზი. იქვე გასინჯავენ და დიაგნოზს დაუსვამენ. შემდგომ დისტანციურად შემოწმდება, როგორ მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი, ეს არის კომფორტული და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ ტიპის მომსახურება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობელს ეშინია მისვლა კლინიკაში”- განაცხადა დავით რეხვიაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები