LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე ველისციხელმა მომღერალმა გააკვირვა: „ზუსტად ამ საქციელის გამო მას ორმაგ ყურადღებას მივაქცევ…“

6
პაატა-ბურჭულაძე

27 სექტემბერს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა თავის კარიერაზე და ახალ პროექტზე, „21-ე საუკუნის ქართული ხმა“ ისაუბრა.

ბატონო პაატა, მოგვიყევით იმ უპრეცედენტო და საინტერესო პროექტის შესახებ, რომელიც დაიწყეთ და რომელსაც „21-ე საუკუნის ქართული ხმა“ ეწოდება.

შევქმენი პაატა ბურჭულაძის საოპერო სტუდია და გამოვაცხადე კონკურსი. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ხმა და კარგი მონაცემია, თუმცა ამ პროექტში მარტო ხმა საკმარისი არ არის. ეს ადამიანები უნდა იყვნენ ისეთი პიროვნებები, რომელთაც მსოფლიო კარიერის გაკეთება შეუძლიათ. დიდი აქცენტი კეთდება სოფლებზე, რადგან სადღაც მიყრუებულ სოფელში შეიძლება იყოს ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ვერც გრძნობს, რომ შეუძლია, მსოფლიო ტალანტი გახდეს. მინდა, ასეთ ადამიანებს დავუნიშნო სტიპენდიები, ვაცხოვრო თბილისში, ვამეცადინო უფასოდ და რაც მთავარია, მსოფლიო სცენაზე გავუკვალო გზა. მონაწილეთა ასაკი 18-დან 24 წლამდეა, რადგან შემდეგ უკვე დაგვიანებულია სწავლის დაწყება და ადამიანის ფორმირება. წელს უკვე დავასრულეთ მოსმენები, მაგრამ მომავალ წელსაც გავაკეთებთ იმავეს. კონკურსანტების შერჩევაში დახმარება მარინა ბერიძესა და გოჩა დათუსანს ვთხოვე. მე უკვე მათ შერჩეულ კონკურსანტებს მოვუსმენ, რადგან როგორც კი ეს კონკურსი გამოვაცხადე, მეგობრებმა დამირეკეს, ჩემი ბავშვი აიყვანეო, ეს კი აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მარინასა და დათოს სწორედ ამიტომ ვთხოვე დახმარება, მათ ვერ დაურეკავენ.

რას ურჩევდით მომავალ თაობას, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ დიდ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ?

რა თქმა უნდა, მარტო ხმა საკმარისი არ არის. ამ საქმეს თავდადება სჭირდება. ახლა ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, რომელიც გუშინ მოხდა. მარინას და გოჩას ერთი ბატონი მოეწონათ ველისციხიდან. ეს ბიჭი ამბობდა, დედა მყავს ცუდად და შეიძლება, ვერ ჩამოვიდეო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩამოვიდა. მოსმენა 15:00 საათზე დასრულდა, მაგრამ 17:00 საათამდე დატოვეს, რომ მეც მომესმინა. მივედი ამ ბატონის მოსასმენად და სცენაზე რომ დადგა, კონცერტმაისტერი რატომღაც ძალიან მოწყენილი იყო და ვერ დაიწყო დაკვრა. მარინამ იკითხა, რა მოხდა, რატომ ხართ ასეო. კონცერტმაისტერმა უპასუხა, 15 წუთის წინ დაურეკეს და უთხრეს, რომ დედა გარდაეცვალაო. ეს ბიჭი კი მზად იყო, რომ ემღერა. ვუთხარი, შვილო წადი, შენ მერე, ცალკე მოგისმენ-მეთქი და მიპასუხა, არა, ამ შანსს ვერ გავუშვებო. რა თქმა უნდა, არ ვამღერეთ და გავუშვით, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ აქ უკვე ჩანს ის, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი მისწრაფება აქვს და რომ ის მიზნის მისაღწევად თავს გადადებს. საოპერო ხელოვნებაში გარდა ხმისა და მონაცემებისა, ასეთი მონდომება და თავდადებაა საჭირო, სხვანაირად ვერაფერს მიაღწევ. ზუსტად ამ საქციელის გამო, ორმაგ ყურადღებას მივაქცევ ამ ბიჭს.

45-წლიანი საოცარი კარიერის განმავლობაში, რომელი თეატრი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?

ძალიან დასამახსოვრებელი იყო „ ლა სკალა“, სადაც 3 წელი ვსწავლობდი. 23 წლის ვიყავი, როცა იქ გავემგზავრე სასწავლებლად. ჩემთვის დასამახსოვრებელია ვენის თეატრიც, რადგან ვენაში ჩემი პირველი გამოსვლის შემდეგ, შეიქმნა ჩემი ფანკლუბი, რომელიც მთელ მსოფლიოში დამყვებოდა. ასევე დასამახსოვრებელია „კოვენტ გარდენი“, რადგან ჩემი პირველი გასტროლი ლონდონში შედგა. ყველა ეს თეატრი დასამახსოვრებელია ჩემთვის და დღემდე ვთანამშრომლობ მათთან.

ვინ არის თქვენთვის გამორჩეული სასცენო პარტნიორი?

ამაზე არც დავფიქრდები, ლუჩიანო პავაროტი. ის ჩემი მეგობარი და პარტნიორი იყო. უაღრესად დიდი სიყვარულით და იუმორით გამოირჩეოდა ეს ადამიანი.

ლუჩიანო პავაროტისთან ურთიერთობიდან რაიმე საინტერესო ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებდით?

დედაჩემის და ლუჩიანო პავაროტის კომუნიკაციაზე მოგიყვებით. 1987 წელს პავაროტის მიწვევით ჩავედი ფილადელფიაში, სადაც ვერდის „რეკვიემი“ ვიმღერე. შემდეგ წავედით ნიუ-იორკში, სადაც დიდი ბინა ჰქონდა ლუჩიანოს. იქ იყო მისი ოჯახიც. მოჰქონდათ საჭმელი და მე ვასწავლიდი, როგორ უნდოდა ქართულად ქეიფი, სადღეგრძელოები, წითელი ღვინის დალევა და ა.შ. სადღაც მეთორმეტე სადღეგრძელოზე ვიყავით, ლუჩიანომ რომ მითხრა, დედაშენს და მამაშენს რატომ არ ურეკავო. ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა იქიდან თბილისში დარეკვა, კიო, მიპასუხა და სპეციალურ კომპანიაში დარეკა. 15 წუთი ეძებდნენ, სად იყო თბილისი. როდესაც ზარი გავიდა, სადღაც ოცდამესამე სადღეგრძელოზე ვიყავით. მე ვუთხარი, მიდი, შენ უთხარი დედაჩემს, ვინც ხარ და მე მერე დაველაპარაკები-მეთქი. დედა რა ენაზე ლაპარაკობსო, მკითხა, ვუთხარი, რომ ინგლისურის პედაგოგი იყო. ძალიან კარგიო, თქვა და უპასუხა, გამარჯობა, მე ლუჩიანო პავაროტი ვარ. შემდეგ იყო სიჩუმე. დედაჩემი რაღაცებს ელაპარაკება, რას არ მესმის, მაგრამ ლუჩიანო ხმას არ იღებს და მხოლოდ იმას მეუბნება პერიოდულად, რა კარგი ინგლისური იცის დედაშენმაო. ეს ყველაფერი 3 წუთი გრძელდებოდა. თბილისში რომ ჩამოვედი, მამაჩემმა მომიყვა, რაც მოხდა. დედაჩემმა ტელეფონი რომ აიღო და გაიგო, რომ ლუჩიანო ესაუბრებოდა, ხმა, ყველაფერი დაკარგა და 3 წუთი მხოლოდ „ I love you… I love you“ – ს ეუბნებოდა ( იცინის). 

რადგან დედაზე და მამაზე დაიწყეთ საუბარი, 2 დიპლომის ამბავი მოგვიყევით და გვითხარით, რის სანაცვლოდ ჩააბარეთ კონსერვატორიაში.

ეს სამარცხვინოა, მაგრამ მაინც მოვყვები. მამაჩემს უნდოდა, რომ სამშენებლო ფაკულტეტზე ჩამებარებინა, დედას კი – კონსერვატორიაში. მე ვუთხარი, კონსერვატორიაში ბაფთის გამკეთებელი არ ვარ-მეთქი. თან მინდოდა სიმღერა, მაგრამ ბაფთის გაკეთების მრცხვენოდა. ბოლოს ჩემს მშობლებს ვუთხარი, თუ გინდათ, კონსერვატორიაში ჩავაბარო, მანქანა მიყიდეთ-მეთქი. კიდევ კარგი, მამას ჰქონდა ამის საშუალება და მანქანა მიყიდეს. ჩავაბარე და დილით ერთ სასწავლებელში დავდიოდი, საღამოს – მეორეში. დავამთავრე სწავლა და ორივე დიპლომი ერთ დღეს ავიღე. ერთი დიპლომი მამას მივუტანე, მეორე – დედას. არც ერთი დიპლომი მე არ გამომდგომია ცხოვრებაში, სიმღერისთვის დიპლომი აბსოლუტურად არაფერში გჭირდება. არ ჰქონდა პავაროტის დიპლომი, მაგრამ გახდა პავაროტი.

ხშირად მართავთ ხოლმე მასტერკლასებს, უახლოეს მომავალში თუ გაქვთ რამე დაგეგმილი?

როცა საშუალება მაქვს, ყოველთვის ვატარებ მასტერკლასებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. წელს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კონსერვატორიის რექტორმა მიმიწვია და კონსერვატორიაში ვიქნები, როგორც პროფესორი.

როგორია ფონდ „იავნანას“ სამომავლო გეგმები?

გასაგები მიზეზების გამო, გრანდიოზული კონცერტებისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ როგორც კი შესაძლებლობა იქნება, ისევ ჩამოვიყვანთ ლეგენდარულ შემსრულებლებს.

როგორც ვიცი, თქვენი პატარა შვილიშვილი მღერის. რას იტყვით, შეძლებს თქვენი გზის გაგრძელებას?

არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგი მონაცემები აქვს. ვნახოთ, რომ გაიზრდება, კონკურსს თუ გაივლის, მაშინ ავიყვან (იცინის).

გაქვთ სურვილი, რომლის ახდენაზეც დიდი ხანია ოცნებობთ?

დიახ, ჩემი ოცნება გამთლიანებული საქართველოს ნახვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები