ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, პედოფილია, საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რომლის შესახებაც როგორც წესი, მაშინ ვიგებთ, როდესაც ბავშვი უკვე მსხვერპლი ხდება.
ბავშვების სექსუალური ძალადობის პრევენცია – რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ძალადობის ფაქტებისაგან – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომა” ფსიქოლოგმა, მაია ჯიბუტმა ისაუბრა.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ „უფროსების, მშობლების, პედაგოგების მთავარი ვალდებულება და მოვალეობაა, დავიცვათ ბავშვების როგორც ფიზიკური, ასევე, ემოციური უსაფრთხოება“. საკითხზე მსჯელობა კი ძირითადად ოჯახსა და სკოლაში მიმდინარეობს.
როგორც მაია ჯიბუტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში მედიის სხვადასხვა საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია პედოფილიის შემთხვევებზე, თუმცა მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები გაცილებით ხშირია და არ ხმაურდება.
„რა თქმა უნდა, კრიმინალი და დანაშაული, ყოველთვის მოხდება, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა ბავშვები სათანადოდ შევაიარაღოთ ცოდნითა და იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევებით, რაც მათ მისცემთ საშუალებას თავი დაიცვან საფრთხის შემცველ გარემოში“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.
„3-4 წლიდან უკვე ვესაუბრებით ბავშვებს“ – სად მთავრდება უფროსების „საზღვრები“
ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, პედოფილიისა და ძალადობის შესახებ, ბავშვებს მათი ასაკის განვითარების შესაბამისი ტექსტებით ესაუბრონ. მაია ჯიბუტის თქმით, „ბავშვმა უნდა იცოდეს, ისეთი ცნებები, როგორიცაა უცხო ადამიანი“
„ბავშვმა უნდა იცოდეს, ვინ არის ცუდი ადამიანი და როგორ იქცევა. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ნაკლებად მოიძებნება, თუმცა მშობლებს შესაძლოა დაეხმაროს ანიმაციური ფილმები.
საკითხზე სადღაც 3-4 წლიდან ჩვენ უკვე ვესაუბრებით ბავშვებს, რადგან ძირითადად, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა და ა.შ. 4 წლის ასაკიდან იწყება.
მშობლებისთვის რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ეს ინფორმაცია, ფაქტია და მსოფლიო სტატისტიკაც ამას მოწმობს. რატომ? იმიტომ რომ ამ ასაკში ბავშვი არის უმწეო, უძლური, ვერ ხვდება და ვერ აცნობიერებს, რა მოვლენას აქვს ადგილი მის თავს, ეს ადამიანი კი, ძალიან კარგად იცის ვინ არის“, – აღნიშნა მაია ჯიბუტმა.
ფსიქოლოგის თქმით, პატარებზე სექსუალურად, ყველაზე ხშირად, ახლობლები, ნათესავები, ოჯახის მეგობრები და სხვა ისეთი პირები ძალადობენ, რომლებიც კარგად ნაცნობები არიან ბავშვისთვის.
„მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ სამწუხაროდ, მოძალადეები ძირითადად ჩვენს ირგვლივ მყოფი ახლობელი ადამიანები არიან. შორი გზიდან და კონტინენტიდან მოძალადე არ მოდის ჩვენს სახლში. ამიტომ მშობლები უნდა ძალიან ყურადღებით და დააკვირდნენ:
ვისთან ტოვებენ პატარა ბავშვს? ვინ არის ეს ადამიანი – მეზობელია, მეგობარია, ნათესავია. ამ ყველაფერს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და პარალელურ რეჟიმში ბავშვის მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ.
როდესაც ბავშვზე ძალადობენ ან ცუდად აგრძნობინებენ თავს, ამავდროულად, აშინებენ (თუ იტყვის რამეს, აუცილებლად დაისჯება და ა.შ.) აქედან გამომდინარე, ბავშვი ხშირად არის მოწყენილი, დარდიანი, მისი რეაქციები არის შენელებული, შეიძლება, ცუდად იკვებებოდეს, არაფერი ახალისებდეს, საჩუქრებიც კი. აქ საჭიროა მშობლის მახვილი თვალი“, – განაცხადა ფსიქოლოგმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“
„ექიმის საათი“ – რას შეცვლის საპილოტე პროგრამა სკოლებში
მაია ჯიბუტის თქმით, პედოფილიისა და ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლებში, თავად განათლების სამინისტროს ინიციატივით, საპილოტე პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში პედაგოგები და ექიმები გადამზადდნენ.
კერძოდ, პროგრამის „ექიმის საათი“ ფარგლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კვალიფიციური და გადამზადებული სკოლის ექიმები აწვდიან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების, ძალადობის ნიშნების ამოცნობის შესახებ.
„თანადგომა“ უკვე მრავალი წელია სამინისტროსთან და უშუალოდ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან თანამშრომლობს, მაღალ კლასებში სქესობრივი განათლების დანერგვის მიმართულებით.
რაც შეეხება დაწყებით საფეხურს, არაფორმალური განათლების მიმართულებით დაწერილია პროგრამა, რასაც „ექიმის საათი“ დავარქვით, ვინაიდან ამ პროგრამაში უშუალოდ ექიმი არის ჩართული, დაწყებითი კლასების დამრიგებელთან ერთად.
ექიმებმა, ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმა ერთად შევქმენით აღნიშნული პროგრამა და ძალიან საინტერესო, 3 ძირითადი მიმართულება გვაქვს შეტანილი. ესენია: ბავშვების პირადი უსაფრთხოების საკითხი, ურთიერთობების და ჯანმრთელობის საკითხი.
დღეს ვსაუბრობთ პირადი უსაფრთხოების თემაზე და უნდა აღვნიშნო, რომ პირველი კლასიდან ვასწავლით ბავშვებს რა არის პირადი სივრცე, რადგან ეს ცნება უნდა შემოვიდეს [ბავშვების] ფსიქიკაში, მენტალობაში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ოჯახში უნდა იყოს მისი პირადი სივრცე დაცული და აღიარებული. ბავშვებს ხშირად უნდა ვკითხოთ, სიამოვნებს თუ არა, რაღაცის კეთება, შეხება თუ ა.შ.
ჩვენ ვასწავლით სხვადასხვა მეთოდებით, ინტერაქციებით და არა რაღაც, დადგმული გაკვეთილებით, სადაც მხოლოდ პედაგოგი საუბრობს. ყოველ აქტივობაში თავად ბავშვია ჩართული და გაგიკვირდებათ, რამდენად კარგად ითავსებენ 6-7 წლის ბავშვები ამ როლურ თამაშებს“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.
მისივე განმარტებით, საპილოტე პროექტი უკვე 12 სკოლაში განხორციელდა, აქედან 3 საგარეჯოს რაიონის, დანარჩენი დედაქალაქის სკოლებში.
„სხვათა შორის, ექიმები თავიდან აღნიშნავდნენ, რომ არ გვაქვს პედაგოგიური გამოცდილება და როგორ მოვახერხებთ ამ ყველაფრის მართვასო, მაგრამ დაინახეს, თუ რამხელა უკუკავშირი და ინტერესი მოდიოდა თავად ბავშვებისგან.
სამწუხაროდ, ეს პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია და ოფიციალურად, არ ეშვება სკოლებში, რასაც განვიცდით და იმედი მაქვს, სახელმწიფო დროულად მიხედავს, გამოყოფს რესურსსა და ბიუჯეტს, რადგან აუცილებელი და მნიშვნელოვანია ეს პროგრამა დაინერგოს საქართველოს სკოლებში“, – აღნიშნა მაია ჯიბუტმა.
მანვე „ფორტუნას“ ეთერში კონკრეტულად განმარტა, თუ რა მთავარ მიზანს შეასრულებს აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება.
„მთავარი მიზანი არის, რომ ბავშვები შევაიარაღოთ იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევებით, რაც დაიცავს მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას და როცა გაივლის ეს 12 კლასი, სახელმწიფო მიიღებს ჯანმრთელ, ჰარმონიულ, ბედნიერ ადამიანს, რომელსაც ეცოდინება როგორ გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს, როგორ დაიცვას ბულინგისა და ძალადობისგან როგორც საკუთარი თავი, ასევე, მის გვერდით მყოფი ადამიანი“, – თქვა ფსიქოლოგმა, თუმცა სანამ პროგრამა დაინერგება, გაგვიზიარა მისი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა „გვეპარება“ მშობლებს ყურადღების მიღმა.
მხოლოდ ფრაზები თუ მეტი დეტალიზება – როგორ უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს სექსუალურ ძალადობაზე
ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ არსებობს წესები, რომლებიც გვიცავს, რათა თავად ჩვენი შვილები იყვნენ დაცულები.
„თუკი ბავშვი გადის სათამაშოდ და ამას ვერ ავუკრძალავთ, მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდეს – სად არის და ვისთან ერთად არის ბავშვი. ასევე, ბავშვს ვარიგებთ და ვუხსნით, თუ რატომ არ შეიძლება ისეთ ადგილებში გასვლა, სადაც ნაკლები ხალხი მოძრაობს, ბნელი ქუჩებია.
უნდა მოვახდინოთ დეტალიზება. სამწუხაროდ, მშობლები მხოლოდ ფრაზებით შემოვიფარგლებით -„ეს ცუდია“, „არ შეიძლება“. მშობელმა ბავშვს უნდა დაუკმაყოფილოს ყველა კითხვა – რატომ არ შეიძლება, რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს. მშობელმა უნდა შემოიტანოს ცნება – უცხო ადამიანი.
ვფიქრობ, მშობლების უმეტესობა ამაზე საუბრობს შვილებთან – ვინ არის უცხო ადამიანი.
ნებისმიერი ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, მეტ-ნაკლებად ვიცნობთ ან უბრალოდ, ვიზუალურად ვიცნობთ, ნაკლებად შევიდეს ბავშვი ასეთ ადამიანებთან კონტაქტში, არაფერი გამოართვას უცხო ადამიანს.
ხშირად კანფეტის მიწოდებით იწყება კომუნიკაცია და შემდეგ ამას სხვა რაღაცები მოჰყვება. ამიტომ შემოგვაქვს ორი კომპონენტი – უცხო ადამიანის ცნება და ვინც არღვევს პირად სივრცეს, ე.წ. მანიაკებს ვეძახით, თუმცა მათ აქვთ სახელი – პედოფილები ჰქვიათ.
ეს ორი მთავარი საკითხი ეხება ჩვენი შვილების პირად უსაფრთხოებას.
ხშირად ადამიანები რით იზიდავენ ბავშვებს? – მანქანაში მიიტყუებენ, დაანახვებენ სხვადასხვა სათამაშოს ან პატარა ცხოველებს. ხშირად ამბობენ ფრაზებს, შენი დედიკოს ან მამიკოს მეგობარი ვარ.
ფსიქოლოგები ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას, თუ რა ტემბრით, ტონით საუბრობს დედა. რამდენად ინარჩუნებს ის სიმშვიდეს.
ყველა ბავშვი განსხვავებული ფსიქოტიპისა და მგრძნობიარე ბავშვებში, შესაძლოა, ფობია გავაჩინოთ, ამიტომ დედამ აუღელვებლად უნდა მიაწოდეს მსგავსი ტიპის ინფორმაცია შვილს.
სკოლაში გვაქვს გაკვეთილი „ექიმის საათის“ ფარგლებში „ცუდი“ და „კარგი“ შეხება, ოჯახშიც შეიძლება ამის გაკეთება. არსებობს ხელზე ისეთი აკრძალული ადგილები, სადაც უცხო ადამიანს არ აქვს უფლება შეგეხოს. ეს შეიძლება ბავშვს ავუხსნათ და გავუმახვილოთ ყურადღება, რომ ამ ადგილის შეხების უფლება აქვს – „მხოლოდ დედას და მამას“.
ინტიმური გარემო არის მშობლებს და შვილებს შორის, სწორად გავიგოთ ეს სიტყვა, აქ შეხების უფლება აქვს მხოლოდ დედას, ბანაობის დროს ან ექიმთან ვიზიტის დროს, შეიძლება ექიმმა გაგვსინჯოს და შეგვეხოს, მაგრამ იქვე უნდა იყოს აუცილებლად მშობელი.
სკოლაში ამას 6 წლის ბავშვი ძალიან ჩვეულებრივად იღებდა. გვქონდა სხვადასხვა მეთოდით, გასაფერადებელი დავალებებით, იყო გოგონას სქემა და ბავშვებს უნდა გაეფერადებინათ, რომელ ადგილას შეიძლება შეეხოს ან არ შეეხოს ადამიანი. აკრძალულ ადგილებს წითლად აფერადებდნენ, რადგან ინტიმურ ადგილებზე არავის აქვს უფლება შეეხონ. ეს გაკვეთილები იმდენად ემოციურ ბმაშია და როცა შინაარსს მოაქვს ემოცია, ის სამუდამოდ რჩება ჩვენს ფსიქიკაში. როცა ეს ინფორმაცია მიწოდებულია ყოველგვარი დაზაფრის გარეშე, ბავშვიც იღებს ადეკვატურად“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.
„ვასწავლოთ შვილებს 112-ზე დარეკვა“ – რას უნდა მიაქციოს ოჯახსა და სკოლაში ყურადღება მშობელმა და დამრიგებელმა
ბავშვის ფიზიკური და სექსუალური უსაფრთხოებისთვის, ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი მშობლებსა და დამრიგებლებს, კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს.
„მინდა მშობლებს და დამრიგებლებს ვუთხრა, რომ თუ რადიკალურად იცვლება ბავშვის ქცევა, მისი ემოციები, ხასიათი, ეს უკვე არის სიგნალი. არ ვამბობ, რომ ეს პირდაპირ ძალადობას უკავშირდება, მაგრამ მივაქციოთ ყურადღება.
ბავშვს ვეუბნებით, რომ თუკი მსგავსი რამ მოხდა, აუცილებლად უთხრას მშობელს ან უნდა გამონახოს სანდო ადამიანი. არ უნდა დამალოს და დაფაროს, რადგან ხშირად ეუბნებიან ხოლმე რომ ამას მშობელი არ დაიჯერებს ან რაღაც ბავშვური ფანტაზიაა.
ბავშვებს კარგი წარმოსახვის უნარი აქვთ, მაგრამ ჩვენ ბავშვებს უნდა დავუჯეროთ და თუ მსგავსი ფაქტია მომხდარი, სპეციალისტს მივმართავთ – ეს იქნება ბავშვთა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და შემდეგ ვიწყებთ რეაბილიტაციას. ამიტომ აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, უნდა ვიყოთ ყურადღებით.
ვასწავლოთ შვილებს 112-ზე დარეკვა. ავუხსნათ, რომ შეუძლიათ ვერბალური კომუნიკაციის გზით, იქნება ეს უფროსის დაძახებით, ყვირილით, თუ ხმამაღალი შეძახილით, მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, ხმა მიაწვდინონ მის გვერდში მყოფ ადამიანებს, იქნება ეს საზოგადოებრივ სივრცეში, ტრანსპორტსა თუ ქუჩაში“, – განაცხადა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ არასამთავრობო ორგანიზაცია თანადგომას ფსიქოლოგმა, მაია ჯიბუტმა.