LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე ახალი ვებპლატფორმა – Awork გამოჩნდა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს

20
IMG_0236

Awork – ქართულ ბაზარზე ახალი ვებპლატფორმა გამოჩნდა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ბიზნესპროფილის მეშვეობით ციფრულად მართონ HR პროცესები, ხოლო მომხმარებლები მარტივად აღმოაჩენენ ვაკანსიებს და პლატფორმიდან გაუსვლელად აგზავნიან აპლიკაციას. Awork -ის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რაზმაძემ ისაუბრა.

რით არის Awork ბაზარზე არსებული კონკურენტი ვებპლატფორმებისგან გამორჩეული?

ჩვენი სტარტაპი სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო, რომ გაგვემარტივებინა რეკრუტინგის ციკლი ყველა ჩართული მხარისთვის, როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ, გამოვკვეთეთ ის პრობლემები, რასაც აწყდება ყოველდღიურად ორივე მხარე და მათ ამ პრობლემების გადაწყვეტა შევთავაზეთ. შესაბამისად, სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობა აქვს, რომ ჩვენს საიტზე ძალიან მარტივად იპოვოს სასურველი ვაკანსია, ასევე რუკაზე აღმოაჩინოს სურვილისამებრ, შექმნას თავისი პროფილი, სადაც შესაძლებლობა აქვს ატვირთოს სამოტივაციო ვიდეოც, რომ უკეთ გააცნოს თავისი თავი დამსაქმებელს, ან ალტერნატიულად, CV-ის ატვირთვის შემდეგ, მარტივად შეძლოს აპლიკაციის გაგზავნა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს არ უწევთ საიტის დატოვება იმისათვის, რომ რომელიმე კონკრეტულ ვაკანსიაზე თავიანთი აპლიკაცია გააგზავნონ, რაც ერთი მხრივ დროსაც ამცირებს და მეორე მხრივ, ინფორმაციის აგრეგირებას ახდენს პროფილში, შესაბამისად, აპლიკანტმა ყოველთვის იცის, სად გააგზავნა, როდის გააგზავნა აპლიკაცია. რაც შეეხება ბიზნესის ნაწილს, მას თავისი ბიზნესპროფილი აქვს, სადაც მაქსიმალურ კომფორტს ვთავაზობთ, რომ ერთ სივრცეში გამოაცხადოს სასურველი ვაკანსია და აპლიკანტების მენეჯმენტიც ამავე სივრცეში მოახდინოს, სხვადასხვა ფილტრების, სტატუსების მინიჭებით და ანალიტიკა აწარმოოს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს შემდგომში დაგეგმარებისა, თუ კადრის მოძიების მთლიან ციკლს.

ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებაში დაინტერესებულ პირებს თქვენ ეხმარებით, თუ თავად უწევთ ყველა საფეხურის გავლა?

რადგან ჩვენი ბაზრისთვის სიახლეა მსგავსი მიდგომა, (ძირითადად, ყოველთვის მესამე მხარე აქვეყნებს ხოლმე ამ ვაკანსიებს) ჩვენ ორივე მიმართულებით ვთანამშრომლობთ მათთან. ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, რომ თავადვე მოახდინოს მთლიანი პროცესის წარმართვა, თუმცა, ჩვენ გვყავს ასევე გუნდი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის, რომ გაუწიოს ნებისმიერი ტექნიკური დახმარება და ვაკანსიის გამოცხადების ჭრილშიც კონსულტაცია გაუწიოს მათ. დღეის მდგომარეობით, პარტნიორებთან ორივე ჭრილში ვთანამშრომლობთ. არიან კომპანიები, რომლებიც თავად ათავსებენ ვაკანსიებს, ასევე არიან კომპანიები, რომლებთანაც მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ, გვაწვდიან ინფორმაციას და უკვე ჩვენ ვახდენთ, ამის მიწოდებას მომხმარებლებისთვის.

ამ ეტაპზე, ყველაზე ხშირად, რა ასაკის თაობა მოგმართავთ მათთვის სამუშაოს საძიებლად?

რა თქმა უნდა, ამ 1 თვის განმავლობაში, ჩვენ უკვე დაგვიგროვდა გარკვეული სტატისტიკა. ამის ანალიზს ყოველდღიურად ვაკეთებთ. ასევე მჭიდრო კავშირი გვაქვს უშუალოდ მომხმარებლებთან და ყოველდღიურად, ათეულობით მომხმარებელთან გვაქვს ზარი, რომ მივიღოთ უკუკავშირი როგორც პროდუქტზე, ისე მათ გამოცდილებასა თუ საჭიროებებზე და გავუწიოთ კონსულტაცია თუნდაც პროფილის შევსებაში, ან CV-ის შექმნასა და შემდგომ, სწორ ვაკანსიებზე აპლიკაციების გაგზავნაში. ძირითადად, ჩვენი მომხმარებლები მაინც ახალგაზრდები არიან 20-დან 27 წლამდე. არიან, ასევე უფრო დაბალი ასაკის მქონე ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტებში არიან და დროებით სამუშაოს ნახევარ განაკვეთზე ეძებენ. თუმცა, ჩვენ დავინახეთ ასევე განვითარების შესაძლებლობა ერთ-ერთი მიმართულებით – შედარებით ასაკოვანი ხალხი, რომლებიც არიან საპენსიო ასაკში, ისინი ასევე გამოთქვამენ მზაობას რომ რაღაც მიმართულებით დასაქმდნენ. ჩვენი გუნდი ახლა მუშაობს ამ მიმართულებით, თუ როგორ შეგვიძლია დავანახოთ კომპანიებს ერთის მხრივ ამ მხარეს განვითარების შესაძლებლობა და მეორეს მხრივ, ჩვენი პლატფორმა გახდეს ხიდი, რომ შედარებით ასაკოვანმა ხალხმაც შეძლოს სასურველი სამსახურის მოძიება.

რაც შეეხება კომპანიებს – რომელ სექტორებში არსებული კომპანიები აქტიურობენ, ვის აქვს ყველაზე მეტი ვაკანსია?

ძირითადად, რაც გამოიკვეთა, მომსახურების სფეროშია ყველაზე დიდი კადრების დეფიციტი. ჩვენც აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ხოლმე ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან, რომ მათი ინტერესები გავიგოთ, რა მიმართულებით ესაჭიროებათ ყველაზე მეტად კადრები და რას სთავაზობენ დასაქმებულებს. თუმცა, ისიც არ არის დასამალი, რომ მომსახურების სფეროში ყველაზე სწრაფად ბრუნვადი ადამიანები არიან და შესაბამისად, ამ სექტორში ძალიან დიდი გადინებაა კადრების. თან, ამას დაემატა პანდემიის შემდგომ შეცვლილი ქცევაც, ასევე ზაფხულის პერიოდი ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე აპლიკანტების სიმცირით. შესაბამისად, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ბიზნესი ხშირად ვერ ახდენს სწრაფად მოიძიოს კადრი. თუმცა, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესთან, რომ სწორად მივაწოდოთ სამუშაოს მაძიებელს ინფორმაცია, სეგმენტურად მოხდეს მათთან კომუნიკაცია და თან, ამ მთლიანი პროცესის გაციფრულება, დაეხმაროთ მათ, რომ სწრაფად და ეფექტიანად მოახდინონ ერთმანეთთან დაკავშირება.

სხვათა შორის, სტარტაპის კვალობაზე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება, უკვე გრძელვადიან თანამშრომლობებზე გადავდივართ იმ კომპანიებთან, რომლებსაც ამ მოკლე პერიოდში ღირებულება შევუქმენით და საკმაოდ ხარისხიანი აპლიკანტებიც შევუყვანეთ.

თქვენი საქმიანობის დაწყების დღიდან – დღემდე, თუ გაქვთ სტატისტიკა, რამდენ ადამიანს დაეხმარეთ სამუშაოს პოვნაში?

ცოტა რთულია, რომ ზუსტი ციფრი ვთქვათ, თუმცა გამოიკვეთა რომ, ამ ერთი თვის განმავლობაში, ათეულობით ადამიანია დასაქმებული და ყოველდღიურად, იზრდება ჩვენი პლატფორმით დაინტერესებული ადამიანების ციფრი და უკვე სტაბილურად გვყავს ყოველდღე ათასობით შემომსვლელი, რომელიც ეძებს სასურველ ვაკანსიებს.

Awork-ის საქმიანობის არეალი მხოლოდ დედაქალაქს ფარავს, თუ რეგიონებშიც ხართ წარმოდგენილი?

როგორც ჩვენი საუბრის თავში აღვნიშნე, რუკა არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ჩვენი კონკურენტი პლატფორმებისგან, რომელიც ქალაქების და რეგიონების მიმართულებით გვაქვს. ამ რუკით, სამუშაოს მაძიებელი ეძებს თავის ირგვლივ არსებულ ვაკანსიებს, რაც სხვა პრობლემებსაც აგვარებს, როგორიც არის ტრანსპორტირების, A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლის პრობლემა და ეს რეალურად აუმჯობესებს კიდეც კადრის ეფექტურობას, რადგან, როდესაც არ უწევს საათობით საცობში დგომა რომ სამსახურში მივიდეს, ეს კიდევ უფრო ზრდის მის ნაყოფიერებას სამუშაოს პროცესში. ჩვენ, რა თქმა უნდა, თბილისით არ ვართ მარტო შემოფარგლული, წარმოდგენლები ვართ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი და ასევე სხვადასხვა რეგიონებში. არ ვზღუდავთ ვაკანსიების არეალს.

რამდენ ადამიანს ასაქმებს Awork და როგორია ამ გუნდის სამომავლო ხედვები ვებპლატფორმის კიდევ უფრო განვითარებასთან დაკავშირებით?

უკვე 10 ადამიანზე მეტნი ვართ, ვინც ყოველდღიურად ვართ ჩართულები პლატფორმის განვითარებაში. ყოველდღიურად ვმუშაობთ ტექნოლოგიის განვითარებაზე, რომ უფრო მეტი კომფორტი შევთავაზოთ ორივე მხარეს, ამასთან ვმუშაობთ პროდუქტის და ბიზნესის განვითარებაზე.  სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ Awork-ში დღეს დასაქმებულები არიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად Awork.ge-ზე იპოვეს აქტიური ვაკანსია. უკვე შევძელით, რომ ჩვენი საიტის გავლით, ჩვენვე დაგვესაქმებინა ადამიანები. ასე რომ, ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში დასაქმების პრობლების აღმოფხვრაში. ერთის მხრივ კომპანიებს ვეხმარებით, რომ HR პროცესები სრულად გააციფრულონ და ამით ეფექტურობა გაზარდონ და მეორეს მხრივ, სამუშაოს მაძიებელმა შეძლოს მარტივად იპოვოს სასურველი ვაკანსია და დასაქმდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები