LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქუთაისის აეროპორტში 2023 წლის შემოდგომაზე ვფიქრობთ “პეგასუსის” გამოჩენას” – GASA-ს გენერალური დირექტორი 

17
giorgi shengelia

კომპანია GASA – “ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი” 2010 წელს შეიქმნა და უკვე 13 წელია ქართველ მომხმარებლებს ემსახურება. GASA ერთ-ერთი ყველაზე დიდი თურქული ავიაკომპანიის, Pegasus Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ასევე, წარმოადგენს  კომპანიებს Air Arabia-ს და FLY ARNA-ს. GASA-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ “ბიზნესნიუსის” პირდაპირ ეთერში ავიაბაზარზე არსებულ ფასებსა და ახალი მიმართულებების დამატებაზე ისაუბრა.

 

გაზაფხულის სეზონზე რა სიახლეები გაქვთ კომპანიაში? რომელ ახალ რეისებს უნდა ელოდონ თქვენი მომხმარებლები?

გაზაფხულის სეზონისთვის ჩვენ მომხმარებლისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს ავიაკომპანია “Air Arabia”-სთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: აბუ-დაბი, დუბაი, შარჟა. ეს არ არის ახალი მიმართულება, ამ მიმართულებით ყოველთვის მოგზაურობდნენ ქართველი მომხმარებლები, მაგრამ წლევანდელი წელი იმით იყო განსხვავებული, რომ ძალიან შეიცვალა დასვენების ფასები, თუ კი ადრე დუბაის მიმართულებით 4-5-დღიანი დასვენების ფასები იწყებოდა 1500-1600 ლარიდან 1 ადამიანზე, გაზაფხულისთვის აპრილში არის თარიღები, როდესაც 5-ვარსკვლავიან ან 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები იწყება 750-850 ლარიდან, რაც თითქმის 50%-ით გაიაფებას ნიშნავს, რასაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლისგან და აქტიურად იყიდება აპრილისთვის დასვენებები დუბაის მიმართულებით, რაც ძალიან გვიხარია.

 

რომელი მიმართულებები გახდა მოთხოვნადი ბოლო პერიოდში?

სწორედ დუბაის მიმართულებას გამოვყოფდი, რომელიც ტრადიციულად იტვირთებოდა მგზავრებით, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. წელს პირველი წელია, როდესაც ჩვენ და ჩვენმა პარტნიორმა ტურისტულმა სააგენტოებმა აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულების გაყიდვა და ვფიქრობ, რომ გამორჩეული მიმართულება წელს სწორედ საამიროებია. ამაზე დადებითი გავლენა იქონია იმანაც, რომ გასულ წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოიხსნა ვიზები საამიროებში, რამაც ქართველი მომხმარებლების მოგზაურობა გაამარტივა და გააიაფა კიდევაც. ბოლო მომენტში შეუძლია მიიღოს მომხმარებელმა გადაწყვეტილება, თითქმის 300 ლარამდე გამოდიოდა მხოლოდ ვიზის ღირებულება და ეს ხარჯიც მოაკლდა.

 

სხვა მიმართულებების ფასებიც საინტერესოა. საფასო სეგმენტი რამდენად შენარჩუნებული გაქვთ?

2022 წელი იყო პირველი წელი პანდემიის შემდეგ, როდესაც ჩვენმა მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს, განაახლეს მოგზაურობა მსოფლიოს თითქმის ყველა მიმართულებით. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ჩვენი ბაზრიდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, ყველა ის ტრადიციული მიმართულება, სადაც ქართველები დადიან ხოლმე დასასვენებლად, შარშან უკვე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა და ფასებმა ძალიან მოიმატა. 2022 წლის ფასები რომ შევადაროთ პანდემიამდე 2019 წლის ფასებს, ყველა მიმართულებაზე ფასების მატება შეინიშნებოდა თითქმის 50%-ით. ეს იყო თურქეთი, ევროპის კურორტები, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ყველგან ფასების მატება დაფიქსირდა. ასევე, გაძვირდა ავიაბილეთები. შარშანდელი ზაფხული გამოირჩეოდა ავიაბილეთების განსაკუთრებული სიძვირით მთელ მსოფლიოში, 2023 წელი ყველა ავიაკომპანიამ დაგეგმა კიდევ უფრო ოპტიმისტურად მათთვის და საკმაოდ მომატებული ფასებით. ანალოგიურად მოიქცა ყველა სასტუმრო, ყველას მოლოდინი აქვს, რომ 2023 წელი 2021-ზე კიდევ უფრო მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა და თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებმა მოიმატა კიდევ თითქმის 30-40%-ით 2023-ში, 2022-თან შედარებით. არის მთელი რიგი ელიტარული სასტუმროებისა, რომელთა ფასები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულიც კი არის. ჩვენ ამ ფასების ზრდას განვიხილავთ, როგორც გადაჭარბებულ მოლოდინს მომწოდებლების მხრიდან და ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში ტურიზმის ნებისმიერი მომხმარებელს და ქართველ მომხმარებელს არ მოეწონება ფასების ასეთი რადიკალური ზრდა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ქართველო მომხმარებელი სხვა მიმართულებით მოგზაურობასაც განიხილავს, სწორედ ამიტომ გავააქტიურეთ ჩვენი ძალები დუბაის მიმართულებით, რომელიც ზაფხულის სეზონზე შეიძლება ყოველთვის ნაკლებად მოთხოვნადი იყო, ტემპერატურიდან გამომდინარე, რადგან საკმაოდ ცხელა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი სხვაობა ფასებში, თურქეთის კურორტებთან შედარებით მოგცემს გაზრდილ მოთხოვნას და იქნება ერთ-ერთი ალტერნატივა თურქეთის კურორტებისთვის. მიუხედავად ამისა, თურქეთის მიმართულებით, ჩვენმა ავიაკომპანიამ დანიშნა 5 რეისი კვირაში ანტალიის მიმართულებით და კვირაში ორი რეისი იზმირის მიმართულებით, ქართველ მომხმარებელს შეეძლება პირდაპირი რეისებით ისარგებლონ ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებზე. ჩვენი კონკურენტი ავიაკომპანიაც შემოვიდა ბაზარზე და მათაც ორ-ორი რეისი დანიშნეს ამ მიმართულებით, ამიტომ ქართველ მომხმარებელს ამის შესაძლებლობა ექნება. რაც შეეხება შედარებით ბიუჯეტურ სასტუმროებს, როგორც 3-4 ან 5-ვარსკვლავიანს, აქ ფასების ზრდა არ შეინიშნება და ამ სეგმენტზე საფასო პოლიტიკა ალბათ უცვლელი დარჩება. ახლა აქტიურად მიმდინარეობს წინასწარი ჯავშნების მიღების პროცესი და აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ქართველ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა თბილისის სააგენტოებში შეიძინონ და დაგეგმონ ზაფხულის დასვენება, განსაკუთრებული ფასდაკლებებით სასტუმროებისგან და ავიაკომპანიებისგან, ვისაც შეუძლია, წინასწარ დაგეგმვა, მოვუწოდებ ყველას, იზრუნონ ახლავე, რაც უფრო ადრე დაჯავშნიან ზაფხულის დასვენებას, მით უფრო ნაკლები დაჯდება. ბოლოსკენ ფასების რადიკალური ზრდა იქნება მოსალოდნელი.

 

ყველაზე ბიუჯეტურ მიმართულებებად არაბთა გაერთიანებული საამიროები შეიძლება მივიჩნიოთ?

დიახ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს მიმართულება ამ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იყო ყოველთვის, დღეს ეს რეალობა გვაქვს, თურქეთის მიმართულებით საგზურები საკმაოდ გაძვირებულია. ვფიქრობ, თურქეთის სიძვირე განაპირობებს, ასევე, მომხმარებლის დაინტერესებას ევროპის სხვა კურორტებითაც. ესპანეთის , საბერძნეთის, იტალიის მიმართულებითაც მოიმატებს მოთხოვნა, ასევე, წინა პლანზე წამოიწევს ბალკანეთის ქვეყნები – მონტენეგრო, ხორვატია, ალბანეთი. აქ მიმოსვლა არის გართულებული, დიდი რაოდენობით მგზავრობას ვერ შევძლებთ, რადგან პირდაპირი რეისები არ არის დანიშნული, თუმცა ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც გაცილებით მოიმატებს მოთხოვნა,  წინა წლებთან შედარებით. აქვე ვიტყოდი, რომ საქართველოს კურორტებზეც მომატებულია სასტუმროების ფასები, აჭარის სანაპიროზე სასტუმროების ფასების ზრდა უკვე დაფიქსირდა თითქმის 50% შარშანდელთან შედარებით და სეზონზე ალბათ კიდევ უფრო მეტად მატებას უნდა მოველოდოთ, რაც უფრო გაზრდის ქართველი მომხმარებლის ინტერესს საზღვარგარეთ დასვენებაზე.

 

წლის ბოლოს ან მომავალი წლიდან შეიცვლება ეს სურათი თუ შენარჩუნდება?

მსოფლიოს მასშტაბით, უფრო დასტაბილურებას უნდა ველოდოთ. ის დაგროვილი მოთხოვნა, რაც გამოწვეული იყო 2-წლიანი პანდემიის არსებობით, ნელ-ნელა რეალიზდება. ვფიქრობ, რომ 2023-ში ყველა ის ადამიანი იმოგზაურებს, რომელიც ამ შეზღუდვების გამო, ვერ ახერხებდა მოგზაურობას და 2024-დან ვფიქრობ, რომ დაბრუნდება იმ ნიშნულები, რომელიც იყო პანდემიამდე. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, რომელმაც პოსტპანდემიურ პერიოდში ავიარეისების კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა, სამოქალაქო ავიაციის პოლიტიკას ვგულისხმობ, რეგიონში საქართველოში გამორჩეულად სწრაფად აღდგა ფრენების რაოდენობა, რამაც ძალიან სწრაფად აღადგინა როგორც ჩამომსვლელი ტურისტების ნაკადი, ისე გამსვლელი ტურისტების ნაკადი. მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს რეგიონში, მეზობლებში ან აღმოსავლეთ ევროპაში ასეთი სწრაფი აღდგენა არ მომხდარა. მეზობელ ქვეყნებში ჩაკეტვის რაღაც ხარისხი დღემდე შენარჩუნებულია, აქედან გამომდინარე, საქართველოს მაგალითზე 2019 წლის ნიშნულებს, ფაქტობრივად უმრავლესი ბიზნესი გაუტოლდა. ახლა გავლენას უფრო ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი და ის განაპირობებს, მოძრაობის კატალიზატორია იმის გამო, რომ შეზღუდული არის ფრენები რუსეთის, ბელარუსის, ევროპის მიმართულებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ძალიან  მოიმატა ნაკადმა საქართველოს აეროპორტებიდან, თუმცა მათზე მოსული დატვირთვის დიდი ნაწილი მოდის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს აეროპორტებს იყენებენ სადმე გასაფრენად და ეს შეინიშნება ისეთ რეისებზე, რომლებიც ზამთრის სეზონზე წესით არ უნდა დაფრინავდნენ, მაგალითად ანტალიის რეისი აქვს ჩვენს ავიაკომპანია “პეგასუსს” ზამთარში, კვირაში ორჯერ, არ შეგვიჩერებია ფრენები, დაფრინავს მაღალი დატვირთულობით და უცნაურია იმიტომ, რომ ზამთარში ეს რეისი დატვირთული არ უნდა დაფრინავდეს. თუმცა ის დატვირთულია რუსეთის მოქალაქეებით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას იყენებენ გასაფრენად.

 

რა გეგმები აქვს კომპანია GASA-ს? თუ აპირებთ ახალ მოთამაშეებთან თანამშრომლობას?

ჩვენი კომპანია იმით გამოირჩევა, რომ არასდროს ვჩერდებით მიღწეულზე. 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ვცდილობთ რაღაც სიახლე დავნერგოთ კომპანიაში, ან ტექნოლოგიური ხასიათის ან ახალი მოთამაშე შემოვიყვანოთ საქართველოს ბაზარზე. ეს გეგმები 2023-შიც განიხილება, ვმუშაობთ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიასთან, რომლებიც განიხილავენ საქართველოში შემოსვლას. კონკრეტულად ავიაკომპანიებს არ ვასახელებთ, ჩვენი კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა, ვფიქრობთ ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების გახსნას საქართველოდან და თუ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, ეს სიახლე უკვე 2023 წელს იქნება შესაძლებელი.

ასევე, ვავითარებთ ჩვენს არსებულ ავიაკომპანიებთან ერთად ფრენების სიხშირეს საქართველოდან. 2023 წლის შემოდგომაზე ვფიქრობთ, ქუთაისის აეროპორტში “პეგასუსის” გამოჩენას, ეს ალბათ შესაძლებელი იქნება. მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სტამობლის საბიჰა გოიქჩენის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი მეორე ბილიკის მშენებლობის დასრულებასთან და თუ ეს მოხერხდება, სიხშირეს ნამდვილად გავზრდით სტამბოლის მიმართულებითაც და ალბათ საქართველოს მესამე აეროპორტშიც დავიწყებთ ფრენას. ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში წელს ვაპირებთ სიხშირის დამატებას, შარშან დაიწყო აბუ-დაბის მიმართულებით თბილისიდან, კვირაში სამი რეისი სრულდება და ვფიქრობთ, წელს ყოველდღიურ სიხშირეზე გადავიდეთ. ასევე, საქართველოში 2022-ში შემოვიდა სომხეთის ავიაკომპანია FLY ARNA, რომელიც არის Air Arabia-ს პარტნიორი სომხეთის მთავრობასთან ერთად და სომხეთის ეროვნული გადამზიდავია ახლა. FLY ARNA-სთან ერთად უკვე სამ სიხშირეს ვითვისებთ კვირაში და აქაც ვფიქრობთ, რომ ყოველდღიური რეისები შევთავაზოთ მომხმარებელს, რა თქმა უნდა, თუ არ შეგვექმნება განებართვიანების პრობლემები, რომლებიც რატომღაც საქართველოში გაჩნდა, ანუ ნებართვის მიღება ფრენაზე ისეთი მარტივი აღარ არის, ცოტა შეიცვალა სამოქალაქო ავიაციის პოლიტიკა. ვფიქრობთ, რომ ეს დროებითია და მალე გამოსწორდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები