LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის უწყვეტი ელექტრომომარაგება და ავტომობილებზე ძველი სანომრე ნიშნების ცვლილება – “კვირის თემის” პოდკასტი

14
კვირის თემა 18 მარტი

გადაცემა “კვირის თემა” მიმდინარე პერიოდის აქტუალურ საკითხებს  მიმოიხილავს:

რამდენიმე დღის წინ თურქეთისა და საქართველოს ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის  გარეშე დარჩა, რამაც კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. “კვირის თემა” საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისდირექტორ, გიორგი ჩიქოვანთან ერთად  განიხილავს საკითხს როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყანამ უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგება? 

  

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც “კვირის თემა” უთმობს ყურადღებას,  ავტომობილებზე ძველი სანომრე ნიშნების ცვლილებას უკავშირდება. ცნობილია, რომ ეს ვადა 31 მარტს იწურება და საკითხიც ავტომფლობელებისთვის ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა, რამაც მომსახურების სააგენტოებში მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია, შესაბამისად, გადაცემაში ვარკვევთ – როგორ შევცვალოთ ავტომობილებზე ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნები და რა ძირითადი რეკომენდაციებია მოწოდებული პროცესის გამარტივებლად. თემაზე საუბრობს  სალომე ეპიტაშვილი, შსს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.

 

 

როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყანამ საიმედო ელექტროენერგიით მომარაგება – რამდენი ჰესია საქართველოში

 

 

როგორ უნდა უზუნველყოს ქვეყანამ უწყვეტი და საიმედო ელექტროენერგიით მომარაგება. რამდენად არის ჰესების აშენება გამოსავალი. ექსპერტები საუბრობენ, რომ აუცილებელია საკუთარი გენერაცია და ადგილობრივი რესურსის ათვისება.  თუმცა ექსპერტთა ნაწილი ასევე საუბრობს ჰესების მშენებლობის რისკებზეც. მუდმივად რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რაც მრავალ ჭორს აჩენს სხვადასხვა მიმართულებით.

საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა  გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრა.

 

 

ენერგოექსპერტები საუბრობენ, რომ აუცილებელია, ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისება.

გიორგი ჩიქოვანის თქმით, ქვეყანას აქვს შანსი გახდეს ელექტროდამოუკიდებელი ქვეყანა.

„მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ქვეყნის ენერგოსისტემა ფაქტობრივად ჩამოიქცა. საქართველოს არ აქვს გაზი და ნავთობი. ჩვენი ერთადერთი წყარო, საიდანაც შეგვიძლია, ვაწარმოოთ ელექტროენერგია, არ არის მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურები.  ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომ ავითქვისოთ ქარისა და მზის ენერგია. ამ ენერგიის განვითარება საჭიროებს ჰიდროენერგიის განვითარებას, რეზერვუარების შეგროვებას, რათა  არასტაბილური წყაროები, როგორიც არის ქარი და მზე, გარკვეულ მომენტში შეიძლება, დეფიციტური იყოს და შეიძლება, რაღაც მომენტში ჭარბი იყოს. ამის დასაბალანსებად გვჭირდება რეზერვუარებიანი ჰესები, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ბევრი არ გვაქვს.

ამ ჰესების განვითარებით საქართველო გაამყარებს თავის ენერგოუსაფრთხოებას და შეძლებს აითვისოს ალტერნატიური რესურსები, როგორიცაა ქარი და მზის ენერგია.

ქვეყანა ჰიდროენერგიის  ძალიან ცოტა პოტენციალს, 18 -20 პროცენტს იყენებს. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, იტალია და ნორვეგია, ისინი თავიანთი ჰიდროპოტენიალის  80-90 %-ს  იყენებენ, – ამბობს გიორგი ჩიქოვანი.

მისი თქმით, რიტორიკა, რომ ვინც ჰესების მომხრეა, სამშობლო არ უყვარს, არასწორია.

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

„ხშირად მესმის რიტორიკა, „ვინც ჰესების მომხრეა, მას სამშობლო არ უყვარს“.

შვეიცარიაში ათასზე მეტი ჰესია აშენებული და ვერ დააბრალებ მათ, რომ თავიანთი ქვეყანა არ უყვართ.

ჩვენ დღეს მოვიხმართ 13 მილიარდ კილოვატსაათს. აქედან მილიარდნახევარი არის იმპორტირებული ენერგია და დაახლოებით 25 %-ს  გამოვიმუშავებთ იმპორტირებული გაზის დაწვით. ასევე შემოგვაქვს დიზელიც და ნავთობპროდუქტებიც. ჩვენი ერთადერთი წყარო, რითიც შეიძლება, რომ ჩვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ არის განახლებადი ენერგიები და ამ რესურსის მხოლოდ 20 პროცენტს ვიყენებთ.

2010 წელს ჩვენ ვიყავით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. ზამთარში კი ვაკეთებდით იმპორტს, მაგრამ ზაფულში ბევრად მეტი გაგვქონდა, ვიდრე შემოგვქონდა“,- განმარტა ჩიქოვანმა გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად და იქვე დასძინა, რატომ მოხდა ასეთი ცვლილება.

„ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და შესაბამისად გაიზარდა მოხმარება. ნებისმიერი ადამიანის ბინაში ბევრი ახალი ელექტროაღჭურვილობა გაჩნდა. განვითარდა ბიზნესი, რამაც ელექტრონერგიის მოხმარება გაზარდა.

ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარება 2010 წლიდან ხუთი პროცენტით გაიზარდა.

სამწუხაროდ ჩვენ არ ვაშენებთ წყაროებს, რომ დავაკმაყოფილოთ ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნა.

ნეტექსპორტიორი ქვეყნიდან გავხდით ნეტიმპორტიორი ქვეყანა“. – აცხადებს ჩოქოვანი.

რომელ ქვეყნებზეა ენერგოდამოკიდებული საქართველო:

„რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი  – ის ქვეყნებია, საიდანაც საქართველო ელექტროენერგიით მარაგდება.

ქვეყნის ენერგოსისტემა 40 პროცენტამდე დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე.

დონორ ორგანიზაციებს, ევროსაბჭოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ მილიონობით დოლარი დახარჯული, იმისთვის, რომ საქართველომ აითვისოს ენერგორესურსები.

გაკეთებულია უამრავი კვლევა იგივე ნამახვანჰესზე და ხუდონზე. ეს რესურსი რომ  ავითვისოთ, არაერთი მილიონი დოლარი ჩაიდო ამაში.

უბრალოდ ჩვენ ამ კვლევასა და გეგმას ვერ მივყვებით“. – განმარტავს ენერგეტიკის ფონდის დირექტორი.

 

რამდენი ჰესია საქართველოში

 

„ჩვენ გვაქვს 3 800 მეგავატის ჰიდროელექტრო სიმძლავრის ჰესები, რომლის ძირითადი ნაწილი აშენებულია საბჭოთა კავშირის დროს და ესეც უკვე დიდი პრობლემაა. ზოგი გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მათ ექსპლუატაციის ვადა გასდის. ხშირად ამბობენ ჰესებთან დაკავშირებით  სიტყვა მოდერნიზაციას. ამბობენ, ჰესებს რომ ჩუტარდეს მოდერნიზაცია, ამაში რომ  ჩავდოთ ინვესტიცია, ეს ჩვენ გადაგვარჩენსო. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

საქართველოში გაჩერებული ჰესი არ გვაქვს. ქვეყანაში დაახლოებით 80-მდე ჰესია. იგივე შვეიცარია რომ ავიღოთ, იქ არის, 1500-ზე მეტი ჰესი. ყველა არსებული ჰესის სრული მოდერნიზება დღესვე რომ მოხდეს, ეს დაახლოებით 5-10 პროცენტით გაზრდის მათ გამომუშავებას. ეს, რა თქმა უნდა, ვერ მიგვიყვანს ელექტროენერგიის იმ უსაფრთხოებაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ენერგორესურსები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დამოკიდებული ვიქნებით ჩვენი მეზობლების რესურსზე. მაშინ როცა ყველა ქვეყანა ცდილობს, ნებისმიერი პიკური სიტუაციის დროს,რაც ჩვენთან მოხდა რამდენიმე დღის წინ,  შეძლოს საკუთარი ქვეყნის მომარაგება.

ევროპაშიც კი მეზობელ ქვეყნებს არ განიხილავენ როგორც გენერაციის წყაროს. ჩვენ, ასეთ რთულ და არაპროგნოზირებად სიტუაციაში მყოფები, ვერაფერს გავთვლით. გვეუბნებიან, რომ თქვენი სტრატეგია დააფუძნეთ იმას, რომ  20 და 10 წლის მერე ელექტროენერგია მეზობლებისგან შეისყიდოთო. ეს სრულიად ალოგიკური მოთხოვნა და ეს ვერ იქნება ჩვენი პოლიტიკა“, -აცხადებს ჩიქოვანი.

 

შეიძლება თუ არა, რომ ხეობა ჰესის აშენების შემთხვევაში დაიცალოს

 

„საქართველოში არც ერთ ჰესს არ გამოუწვევია მიმდებარე ტერიტორიის დაცლა. პირიქით, როდესაც ვაშენებთ ჰესებს, იქ ჩნდება სამუშაო ადგილები. ზოგიერთ ქვეყანაში კაშხლებს იმიტომ აშენებენ, რომ წყლის მოვარდნები დაარეგულირონ.

მათ აქვთ უსაფრთხოების ფუნქცია, რომ უსაფრთხოების დროს და წყალმოვარდნების დროს შეაჩერონ ეს სიტუაცია.

იაპონიაში, დღემდე გრძელდება ამ ტიპის ჰესების მშენებლობა“,- აცხადებს „დღის თემასთან“ საუბარში ჩიქოვანი.

 

ვრცლად იხილეთ გადაცემის ჩანაწერი:

 

არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი მეზობლების კეთილ ნებასა და ხასიათზე – რა სარგებლის მოტანა შეუძლია „ნამახვანჰესს“

 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი მეზობლების კეთილ ნებაზე და ხასიათზე, აცხადებს საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ჩიქოვანი „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

გიორგი ჩიქოვანი გადაცემაში იმ სარგებელზე საუბრობს, რაც „ნამახვანჰენის“ მშენებლობას მოჰყვება.

„მსოფლიო ბანკმა როდესაც გააკეთა კვლევა,  „ნამახვანჰესი“ ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად აღიარა არამარტო თავისი ტექნიკური გათვლებით. ის გააჩენს ტურისტულ ნაკადსაც. მაგალითისთვის გეტყვით, რომ შაორის ტბას ეძახიან, მაგრამ ის არის ჰესისთვის აშენებული ტბა. „ნამახვანჰესზეც“ ტურისტული ატრაქცია შეიძლება, რომ გაკეთდეს, თავი რომ დავანებოთ იმ ეკონომიკურ ბენეფიტებს, რაც პროექტს შეუძლია, ამ ჰესს  მოუტანოს ჩვენ ქვეყანას.

„ნამარხვანჰესმა“ უდიდესი გავლენა შეიძლება იქონიოს მთელ ჩვენს ეკონომიკაზე. პროექტში ჩაიდება 840 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მშენებლობის პერიოდში 1600 ადგილობრივი დასაქმდება .

ჰესი ყოველ წელს ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 8 მილიონ დოლარს შეიტანს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი, თუნდაც მესტიის მუნიციპალიტეტში ახალაშენებულმა ჰესებმა როგორ გააორმაგეს და გაასამმაგეს ადგილობრივი ბიუჯეტი. ეს თანხა მოხმარდება, რა თქმა უნდა, სკოლებს, რეგიონის ინფრასტრუქტურას  და რასაკვირველია, კიდევ გააჩენს დამატებით ახალ სამუშაოებს“ – განმარტა ჩიქოვანმა.

 

მისი თქმით, საფუძველსაა მოკლებული საუბრები, რომ „ნამარხვანჰესის“ წყალობით  ხეობა დაიცლება.

„სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ ჰესის აშენება ხეობის დაცლას გამოიწვევს. მასზე ძალიან ბევრი ბიზნესის მიბმა შეიძლება. „ნამახვანჰესის“ ინვესტორი აცხადებს, რომ  ახალახალი პროექტების განხორციელება იგეგმება.  „ნამახვანჰესის“ ინვესტორი გამოდის ინიციატივით და აცხადებს, რომ ქუთაისი- ალპანას 25 კილომეტრიანი გზას უსასყიდლოდ გააკეთებს, ეს გზა საბჭოთა პერიოდის დროს გაკეთდა და წლებია, გასარემონტებელია. „ნამახვანჰესის“ ინვესტორი ამბობს, რომ ამ გზას უფასოდ გააკეთებს და  სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს“. – აცხადებს ჩიქოვანი „დღის თემასთან“ საუბარში.

კითხვაზე, როგორ უნდა ვუზრუნველყოთ უწყვეტი ენერგომომარაგება, გიორგი ჩიქოვანი აცხადებს:

„ნებისმიერი ქვეყნის პრიორიტეტია, რომ თავისი ქვეყნის ენერგომოთხოვნა დააკმაყოფილოს. ადგილობრივი განახლებადი რესურსით. ჩვენ გვაქვს ათწლიანი განვითარების გეგმა. ე.წ. ქსელის განვითარება. ჩვენი მიზანი არაა, რომ მარტო ჰიროენერგეტიკა განვითარდეს. ჩვენი მიზანია, რომ მიქსი მოხდეს. უნდა აშენდეს დაახლოებით 1000 მეგავატის ქარის ელექტროსადგური, 500 მეგავატიანი მზის ელექტროსადგური და უნდა აშენდეს 3 ათას მეგავატამდე ჰიროელექტროსადგურები.

ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენივე ძალებით მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება და იმისთვის, რომ ჩვენი ვალიუტა სხვა ქვეყნის ეკონომიკაში არ ჩაიდოს და ჩვენ მოვიხმაროთ ეს ელექტროენერგია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი მეზობლების კეთილ ნებაზე და ხასიათზე“,- ამბობს ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რუსეთი, აზერბაიჯანი, და თურქეთი   ის ქვეყნებია, საიდანაც საქართველო ელექტროენერგიით მარაგდება.

 

 

 

როგორ შეცვლოთ ავტომობილის ძველი სანომრე ნიშანი ახლით – ვადა 31 მარტს იწურება

 

ცნობილია, რომ პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნებით ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ მოახერხებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

როგორ უნდა შევცვლოთ ავტომობილის ძველი ნომერი ახლით და რა ძირითადი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა  სალომე ეპიტაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.

როგორც სალომე ეპიტაშვილმა განმარტა, მძღოლებს 1 აპრილიდანაც ექნებათ შეცვლის შესაძლებლობა, თუმცა ამ დროს  ძველი სანომრენიშნიანი ავტომობილით ვეღარ გადაადგილდებიან.

 

 

„2014 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო ახალი სანომრე ნიშნების გამოშვება. მოქალაქეებს 2020 წლის პირველ შექტემბრამდე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შეეცვალათ ძველი სანომრე ნიშნები. კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და კანონის საფუძველზე ვადა გახანგრძლივდა მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით. შესაბამისად პირველი აპრილიდან უკვე ძველ სანომრე ნიშანს ეკარგება იურიდიული ძალა“.- ამბობს სალომე ეპიტაშვილი.

როგორ უნდა შეიცვალოს სანომრე ნიშანი

„ნომრის შეცვლა გამარტივებულია, მომსახურების სააგენტომ 24 თებერვლიდან მიიღო გადაწყვეტილება და იმ სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეებს, რომელთა სარეგისტრაციო  მოწმობაში არ არის ასახული რაიმე სახის მონაცემი შეცვლილი, ეს შეიძლება იყოს მანქანის ფერი, ძრავის ტიპი, მათ უბრალო დათვალიერების გარეშე შეუძლიათ, მომსახურების ერთულებში მოსვლა და ძველი სანომრე ნიშნის შეცვლა.

იმ მსუბუქი სატრანსპორტი საშუალებების ფიზიკურ პირებს, რომლებსაც არ აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება სატრანსპორო საშუალების მახასიათებელში, მარტივად შეუძლიათმობილური აპლიკაცია „SAGENCY“ -ის საშუალებით შეიძინონ ახალი დიზაინის სანომრე ნიშანი და უკვე დამზადებულ სანომრე ნიშანსა და სარეგისტრაციო მოწმობას მიაკითხონ იმ სტრუქტურულ ერთეულში, რომელსაც განაცხადის შევსებს დროს აირჩევენ“, – განმარტა სალომე ეპიტაშვილმა. 

მომხმარებელს შეუძლია, დამზადებულ სანომრე ნიშანს 4 დღის შემდეგ მიაკითხოს და არაუგვინეს მეექვსე დღეს. 

„მომსახურების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან 17:00 საათამდე მუშაობს.  ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

ექვსი სამუშაო დღის შემდეგ ნომერს ძალა ეკარგება“, – ამბობს  ეპიტაშვილი.

როგორ შეუძლიათ მძღოლებს ახალი სანომრე ნიშნის აღება.

„ახალი სანომრე ნიშნის აღება მარტივად იქნება შესაძლებელი მობილურში აპლიკაცია „SAGENCY“ -ის ჩამოწერის შემდეგ. მობილური აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს.

მომხმარებელს ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ, რომ მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით შეძლებენ სანომრე ნიშნის შევლას, თუმცა, ეს მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი“, – განმარტავს ეპიტაშვილი.

რა ღირს ახალი სანომრე ნიშანის აღება და შესაძლებელია თუ არა მაღალფასიანი ნომრების შეცვლა.

„თუკი მომხმარებელი სერიულ ნომერს ირჩევს გადაიხდის 70 ლარს.

მაღალფასიანი ნომერის კომბინაციას  კი თავად მომხმარებელი ირჩევს და ეს ნომერი შესაბამის ფასს აძლევს რომელიც უკვე გადახდის დრო რომ მოვა, დაუფიქსირდება. მომხმარებელს მობილური აპლიკაციით შეუძლია როგორც ფასიანი ნომრის არჩევა, ისე სერიული ნომრის არჩევა.

გავრცელებული ინფორმაცია რომ სერიული ნომრები აღარ არის, სიმართლეს არ შეესაბამება, პერიოდულად ფიქსირდება გდღიურად განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვა, თუმცა სერიული (70 ლარიანი ნომრის)  დამატება ხდება სწრაფადვე“, – ამბობს სალომე ეპიტაშვილი.

დოკუმენტები, რომელიც თან უნდა გქონდეთ ახალი ნომრის აღებისას, ესენია:

პირადობა, აუცილებლად უნდა ჩააბაროთ ძველი სანომრე ნიშანი და  თან უნდა იქონიოთ ძველი სარეგისტრაციო მოწმობა.

 

ვრცლად იხილეთ გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები