LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ატოპიური დერმატიტი და როგორ უნდა მოუაროთ კანს – სილამაზის აკადემია

8
zazateliaakademia

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის ატოპიური დერმატიტი და როგორ უნდა მოუაროთ კანს –  ამ და სხვა თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.

რა არის ატოპიური დერმატიტი?

ატოპიური დერმატიტი დღეს აქტუალური საკითხია და ბევრს აწუხებს. ატოპიური დერმატიტი გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი გენეტიკურად კანის ბარიერული დეფექტია. ატოპიური დერმატიტის დროს კანი შრება, გამოშრობის გამო ხდება ქავილი და ქავილის გამო კანი ღიზიანდება, შეიძლება გაჩნდეს ნახეთქები. ატოპიური დერმატიტი ხშირად ჰგონიათ ალერგია. სტატისტიკურად პაციენტები მიმართავენ უფრო მეტად ალერგოლოგებს, თუმცა ეს დერმატოლოგიური პროფილის დაავადებაა. ატოპიური დერმატიტი შეიძლება შეწყვილებული იყოს ალერგიულ რინიტთან, ან ბრონქულ ასთმასთან.

დიაგნოზის დასმა ხდება პაციენტის ანამნეზური მონაცემების საფუძველზე, კლინიკური შეფასებით, ანუ დიაგნოზის დასმა ხდება თვალით. ლაბორატორიული გამოკვლევა არ არის საჭირო.

რა ასაკში იჩენს თავს ატოპიური დერმატიტი?

ატოპიური დერმატიტი შეიძლება შეგხვდეს სხვადასხვა ასაკში, 0 წლიდან, ან 5 წლიდან, შესაძლებელია ბავშვობაში არ ჰქონდეს პაციენტს ასეთი ტიპის პრობლემები და დაეწყოს მოზრდილ ასაკში.

შეიძლება კანის სიმშრალე გამოიწვიოს მოვლის სხვადასხვა საშუალებებმა?

თუ ადამიანს აქვს ატოპიური დერმატიტი, არასწორად გამოყენებულმა პროდუქტმა შესაძლოა მისცეს პროვოცირება. თუმცა თუ ადამიანს არ აქვს ატოპიური დერმატიტი, მოვლის საშუალებები ამ დაავადებას ვერ გააჩენს.

როგორი უნდა იყოს მოვლის რუტინა?

ატოპიური დერმატიტის დროს ძირითადი პრობლემა არის კანის სიმშრალე, ამიტომ მნიშვნელოვანია კანის მოვლის ყოველდღიური რუტინის შემუშავება. თუ ამ რუტინიდან ოდნავ გადავუხვევთ, რისკია რომ ატოპიური დერმატიტი გამწვავდეს. ბანაობის შემდგომ დატენიანება მნიშვნელოვანია. არ არის რეკომენდებული ცხელი წყლით ბანაობა. არ უნდა გაგრძელდეს ბანაობა დიდხანს და დატენიანება უნდა მოხდეს ნოტიო კანზე. როცა ვბანაობთ კანი იჟღინთება წყლით და ეს გაჟღენთილი წყალი არ უნდა აორთქლდეს სწრაფად.

როგორ უნდა შევარჩიოთ დამატენიანებელი საშუალებები სწორად?

ატოპიური დერმატიტის დროს მოვლის საშუალებები არ უნდა იყოს სურნელოვანი, დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს პარფიუმს. რაც შეეხება შემადგენლობას: პიტროლიუმი, (ეგრეთ წოდებული თეთრი ვაზელინი), გლიცერინი და მინერალური ზეთები – ეს საშუალებები ითვლება ეფექტურ ინგრედიენტებად, როცა გვაწუხებს ატოპიური დერმატიტი. უნდა ვეცადოთ ამ შემადგენლობის საშუალებები ავარჩიოთ.

ატოპიური დერმატიტი ორ ტიპისაა: 1. ლოკალიზებული, როცა ატოპიური დერმატიტი კონკრეტულ უბანზეა. 2. გენერალიზებული, როცა დიდი ფართი უჭირავს. მკურნალობა განსხვავდება. ლოკალიზებულის დროს გამოიყენება გარეგანი მოხმარების მედიკამენტები, ჰორმონალური მალამოები, რომლის ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული გვერდითი ეფექტების გამო. არსებობს არასტეროიდული საშუალებები, მალამოებისა და კრემების სახით, თუმცა ქართული ბაზარი არ არის გაჯერებული ასეთი საშუალებებით. გენერალიზებულ ატოპიურ დერმატიტზე ინიშნება სისტემური, პირიდან მისაღები პრეპარატები. გარდა ამისა, საინექციო საშუალებებიც არსებობს, რომელიც ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები