LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის აუტიზმი და როდის ვლინდება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

174
machavariani

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის აუტიზმი და როდის ვლინდება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა ისაუბრა.

რა არის აუტიზმი?

აუტიზმის სპექტრის აშლილობა არის დიაგნოზი, რომელიც მოიცავს მდგომარეობების ფართო სპექტრს. რაც ნიშნავს იმას, რომ მოცემული მდგომარეობის გამოვლინება მრავალფეროვანია და თითოეული შემთხვევა განსხვავებულია, როგორც კოგნიტური ანუ შემეცნებითი უნარების განვითარებით, ისე სოციალური, ემოციური სფეროს განვითარებით და გარემოსთან ადაპტაციის ხარისხით. ამასთან, ყველა ამ მდგომარეობის მქონე პირებისთვის საერთოა სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების სიძნელეები, გარკვეული ქცევის პატერნის განმეორებით განხორციელება და ვერბალური/არავერბალური კომუნიკაციის სიძნელეები.

რაში გამოიხატება აღნიშნული სიძნელეები?

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს, თუ მოზრდილებს აღენიშნებათ კომუნიკაციის სიძნელეები, მათ შორის, მაშინაც თუ ენის განვითარება შეესაბამება ასაკს, ამ უნარის სიტუაციური გამოყენება ძალიან შეზღუდულია. მაგალითად, უჭირთ დიალოგის წარმოება, ემოციური მდგომარეობების ამოცნობა და ადეკვატური რეაგირება. ასევე გაძნელებული სოციალური კონტექსტის გაგება და შესაბამისი რეაგირება. მაგალითად, ბავშვი შესაძლოა ვერ მიხვდეს ეხუმრებიან, თუ დასცინიან. ასევე გაძნელებული კომუნიკაციის პროცესში არავერბალური ნიშნების ამოცნობა და ექსპრესია, როგორიც არის შესაბამისი თვალით კონტაქტი, სახის გამომეტყველება და ა.შ. სოციალური ინექციის სირთულეები გავლენას ახდენს ხანგრძლივი კონტაქტების ჩამოყალიბებაზე, ამდენად მყარი მეგობრული ურთიერთობების, გარკვეული სოციალური წრისადმი მიკუთვნებულობის და ზოგადად სოციალური ურთიერთობის სურვილის არ ქონა ერთ-ერთი ხშირი ჩივილია მშობლების მხრიდან. მეორე ხშირი ჩივილი არის თანატოლებთან საერთო სასაუბრო თემისა და საზიარო ინტერესების არ არსებობა. ამ მდგომარეობის მქონე პირებს ხშირად აქვთ ვიწრო ინტერესები და ურჩევნიათ კომუნიკაცია მხოლოდ ამ ინტერესების ირგვლივ, რაც შესაძლოა სხვა ადამიანებისთვის არ იყოს ყოველთვის საინტერესო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიაგნოზის დასასმელად, აუცილებელია აღნიშნული სიძნელეები არ იყოს გამოწვეული ფსიქიკური განვითარების გლობალური შეფერხებით (რაც მოიცავს ყველა ფსიქიკური სფეროს) ან ინტელექტუალური დარღვევით. ყველაზე დიდი სირთულე ის გახლავთ, რომ ინტელექტუალური დარღვევა და ფსიქიკური განვითარების შეფერხებაც ხშირად ახლავს აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ანუ ეს მდგომარეობები კომორბიდულია. ამდენად, გამოცდილი კლინიცისტის შეფასება გადამწყვეტია სწორი დიაგნოზისთვის. გარდა აღნიშნული ნიშნებისა ამ მდგომარეობის მქონე პირებს ასევე ახასიათებთ გადამეტებული ემოციურობა, სენსორული ინფორმაციის გადამუშავების სიძნელეები (სენსორული ინტეგრაციის დარღვევა), მოტორული კოორდინაციის სიძნელეები, მოუქნელობა, სხვადასხვა სახის აკვიატებები, მაგალითად რამე სათამაშოს, ან მოქმედების ამოჩემება, ასეთ ბავშვებს უჭირს ცვლილებებთან შეგუება, ღიზიანდებიან და ზოგჯერ, ტანტრუმით აპროტესტებენ, როდესაც დღის რეჟიმი იცვლება სხვადასხვა მიზეზის გამო რა ასაკში ვლინდება როგორც ითქვა, აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს სპექტრს, შესაბამისად, მეტად მძიმე და გამოხატული ნიშნების მქონე ბავშვები ადრეული ასაკიდანვე განსხვავდებიან თანატოლებისგან, მხოლოდ შედარებით მსუბუქი გამოვლინების მქონე ბავშვების დიაგნოსტირება ან ძალიან გვიან უკვე მოზარდობის პერიოდში ხდება ან სულაც ზრდასრულობაში.

რა ასაკში შეიძლება დიაგნოზის დასმა?

ზოგადად, ოფიციალური დიაგნოზის გამოტანა 3 წლამდე არ ხდება, თუმცა ეჭვის შემთხვევაში მშობელმა უნდა გაიაროს კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან და მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტი გამოთქვამს ეჭვს, აუცილებელია მდგომარეობის მონიტორინგი და დიაგნოზის გადამოწმება. გამოხატული მდგომარეობის შემთხვევაში ხშირია ენის განვითარების დაყოვნება და სწორედ ამ ჩივილით მიმართავს თავდაპირველად მშობელი სპეციალისტს. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვი იწყებს მეტყველებას დროულად და მხოლოდ 4-5 წლის ასაკისთვის შეიძლება გახდეს თვალშისაცემი სოციალური ინტერაქციის ნაკლებობა და ენის კომუნიკაციის მიზნით გამოყენების დეფიციტი. ასევე უნდა ითქვას, რომ არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა გაჯეტებთან ადრეული ასაკიდან ინტენსიური ურთიერთობა იწვევს ე. წ. ფსევდო აუტიზმს. ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მსგავსი ნიშნები, თუმცა ეს არ გახლავთ იგივე მდგომარეობა და დროული ამოცნობისა და შესაბამისი ჩარევის შემთხვევაში, აღნიშნული ნიშნები თანდათან ქრება.

რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა?

კომუნიკაციის განვითარება იწყება დაბადებიდანვე, შესაბამისად, ჩვილთან ურთიერთობის პროცესში მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება რამდენად რეაგირებს ბავშვი ნაცნობ სახეებზე, ამყარებს თუ არა თვალით კონტაქტს, რამდენიმე თვის ჩვილს უკვე უნდა აღენიშნებოდეს სოციალური ღიმილი, 1 წლისთვის ბავშვები კარგად ხვდებიან მოზრდილების ემოციურ ნიშნებს, მაგალითად როდესაც იცვლება ხმის ტონი ან სახის გამომეტყველება, კარგად შეუძლიათ იმიტაცია. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ენის განვითარებას, პირველი სიტყვების მიზანმიმართული წარმოთქმა 1 წლიდან, ხოლო ფრაზების წარმოთქმა 2 წლისთვის უნდა შეეძლოს პატარას. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში დროულად მიმართონ სპეციალისტს, რადგან არც ადრე დაიწყება ჩარევა, მით ნაკლები სირთულე ექნება ბავშვს მოგვიანებით.

როგორ დავეხმაროთ ამ მდგომარეობის მქონე ბავშვებს?

აღნიშნული მდგომარეობა არის მულტიფაქტორული და მიეკუთვნება ნეიროგანვითარების მდგომარეობების ჯგუფს, ამიტომ მის პრევენციაზე ძნელია საუბარი. ამ მდგომარეობის ,,განკურნება“ ან დიაგნოზის მოხსნა მკურნალობის შედეგად, სამწუხაროდ არ ხდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ვახდენთ რეაგირებას და ვცდილობთ ამ მდგომარეობის მქონე პირების დახმარებას. ჩარევის შედეგად ამ ადამიანებში ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება იმის ხარჯზე, რომ უკეთ შეუძლიათ გარემოსთან ადაპტაცია, სოციალური ინტერაქციის დამყარება და სოციუმში ფუნქციონირება. ყველაზე გავრცელებული ჩარევის მეთოდებია ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA), floor time, თამაშით თერაპია, ზოგჯერ აუცილებელია ასევე სხვა სპეციალისტების დახმარება პარალელურ რეჟიმში, როგორიცაა ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და ა.შ. დღეისათვის არ ითვლება ეფექტურად (არ არსებობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონაცემები) სხვადასხვა დიეტების, სასწაულებრივი მინერალური თერაპიები, სხვადასხვა ნივთიერებების ინექციები, წამლების გამოყენება მეხსიერების ან მეტყველების გაუმჯობესების მიზნით, ჰორმონების, ჟანგბადის და სხვა ტიპის ჩარევები. ამასთან, ჩარევის განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ეს ადამიანები უნდა მოვარგოთ ე.წ ,,ნორმალურ“ ჩარჩოებს. არამედ, ეს პროცესი გულისხმობს, რომ მივიღოთ ინფორმაცია, თუ რა სიძნელეებს აწყდებიან ყოველდღიურ ურთიერთობებში, როგორ შეგვიძლია დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ ან რისი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რისი რესურსი არ აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები