LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ფსიქოლოგიური საზღვრები? – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

163
sofio

გადაცემის ლაივი LIVE

ამ თემაზე საუბრისას, ყველასათვის რომ თვალსაჩინო იყოს მინდა ასეთი შედარება მოვიყვანო: წარმოიდგინეთ, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს თავს დაესხა აგრესორი სახელმწიფო და დაარღვია მისი საზღვრები. პარალელურად თავი იმართლა მეზობელ სახელმწიფოზე ზრუნვის, მის საშინაო პოლიტიკისა და წეს-წყობილებების უკეთესობისკენ შეცვლის, კეთილშობილური განზრახვით. რა იქნება  ჯანსაღი სახელმწიფოს საპასუხო რეაქცია?

ა) მშვიდობიანი გზით დავახევინოთ აგრესორს და ვაიძულოთ დატოვოს ჩვენი ტერიტორია.

ბ) ბრძოლა, რომელსაც გამარჯვება ან მარცხი მოჰყვება.

რა იქნება არაჯანსაღი, სუსტი სახელმწიფოს რეაქცია? კაპიტულაცია, მოსწონს ეს მას თუ არა, იმიტომ რომ არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის არანაირი რესურსი.

როდესაც ადამიანებს ვეკითხებით, „რომელია მათთვის მისაღები მოდელი“ უმეტესობა რა თქმა უნდა ირჩევს პირველ გზას – მშვიდობიანად უკან დახევას. ომი ძალიან დიდ ფიზიკურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და საკმაოდ მსხვერპლიანია.

ეს მაგალითი საოცრად გავს ადამიანებს შორის საზღვრის დარღვევის თემას, როცა ერთი ადამიანი იჭრება მეორის პირად სივრცეში თუნდაც საუკეთესო ზრახვებით, ყველაზე კეთილშობილური მიზნებით და ცდილობს თავისი წესრიგი დაამყაროს მის სამყაროში.

 ფსიქოლოგიური საზღვარი – ეს არის ის, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენს თავს. ეს ჩვენი ,,მე“-ს გააზრებაა, რომლის შიგნითაც მოქცეულია სხეული, გრძნობები, ინტელექტი, ხასიათი, უნარები, ფასეულობები, ჩვევები და სხვ. ფსიქოლოგიურ საზღვრებს ზუსტად ის ფუნქცია აქვს, არც ნებისმიერ სხვა საზღვარს – გვიცავს.

ფსიქოლოგიური საზღვრის ფორმირებას ბავშვობიდან ეყრება საფუძველი და ასაკის მატებასთან განიცდის ტრანსფორმაციას. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს აღზრდის სტილიდან დაწყებული, კულტურის, რწმენა-წარმოდგენების, ხალხური თქმულებებისა და ზღაპრებისა და სხვა ცხოვრებისეული შეძენილი გამოცდილების ჩათვლით. ეს არის ჩვენი ფსიქოლოგირი საზღვრების ,,საშენი მასალა“.

საზღვრები ძალიან საინტერესო ფენომენია, ის არ ჩანს, მას ხელით ვერ შევეხებით, თუმცა ის ნამდვილად არსებობს.

როგორ ვქმნით საზღვრებს?

ჩვენ თავად ვქმნით მას, ზოგი ციხის გალავანივით მაღალი და შეუვალია, რომლის განგრევაც ძალიან რთულია. ადამიანები, რომელსაც ასეთი ,,გალავანი“ აქვთ, როგორც წესი საზოგადოებაში ცოტა რიდსა და შიშსაც კი იწვევენ.

არის სხვა კატეგორია მათი საზღვრები, ლამაზად მოწნული ღობის მაგვარია, რომელშიც თავისუფლად მოძრაობს ახალი, სუფთა ჰაერი, შეედინება და გამოედინება სასიცოცხლო ენერგია, თუმცა მასთან მიახლოების და დარღვევის მცდელობის შემთხვევაში თავს დაიცავს – ,,დენს“ დაგარტყამს და უკან დაგახევინებს. ისეთ ადამიანებს შეუძლიათ დაუფარავად, ზედმეტი მოურიდების გარეშე, ზრდილობიანი ფორმით დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება და დაიცვან საკუთარი პოზიცია. არის ასევე ლამაზი, ქათქათა ,,დაბალი ღობეები“, რომელსაც ადვილად „გადავახტებით“ და დავარღვევთ მის შიგნით მცხოვრებთა მყუდროებას.   ასეთი ღობეები, როგორც წესი,  ზედმიწევნით დამთმობ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ბავშვობიდანვე მიეჩვივნენ  ,,დათმობას“, მათ თავდაცვის არასაკმარისი რესური აქვთ და ადვილად ნებდებიან. აქ მინდა გავიხსენო სუსტი სახელმწიფოს კაპიტულაციის მაგალითი. ეს ორი ძალიან გავს ერთმანეთს.

როგორ გავიგოთ დარღვეულია თუ არა პირადი საზღვრები და როგორი გამოხატულება აქვს ამას?

პირადი საზღვრების დარღვევას სხვადასხვანაირი იერსახე აქვს. მაგალითად:

მუდმივად თავს გვახვევენ საკუთარ წარმოდგენებს, იმის თაობაზე, თუ რა არის კარგი, როგორ არის საჭირო და გვაიძულებენ მათი ღირებულებებითა და წარმოდგენებით ვიმოქმედოთ.

თქვენს გარშემო მუდმივად ისეთი ხალხი იყრის თავს, რომელიც ცდილობს გაკონტროლოს, მიგითითოს და ,,ცხოვრება გასწავლოს“.

ხშირად ხართ განაწყენებული ვიღაცაზე, მაგრამ ჩუმად ყოფნას ამჯობინებთ.

თქვენ ძალიან ბევრ დროს უთმობთ სხვებს, თუმცა ისურვებდით სხვაგვარად ყოფილიყო.

ძალიან გაღელვებთ ის, თუ რა წარმოდგენები აქვთ სხვებს თქვენს შესახებ.

ნებას რთავთ სხვებს ფიზიკურად შეგეხონ (ძალადობაზე არ მაქვს საუბარი) მაშინაც კი, როცა ეს თქვენ არ მოგწონთ. (ალბათ ძალიან ბევრი მსმენელთაგანი, აქ საკუთარ თავს ამოიცნობს,   როცა ტრანსპორტში უხერხული შეხებისაგან ვერ დაგვიცვავს საკუთარი თავი, ვერ გვითქვამს სიტყვა „გაიწიე“, „მაწუხებ“.)

როგორ დავიცვათ საკუთარი საზღვრები ისე რომ ვიყოთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარემოსთან?

შევეცდები რამოდენიმე გამოვყო:

პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვქონდეს გააზრებული საკუთარი მოთხოვნილებები, სურვილები და ღირებულებები და აღებული გვქონდეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

აუცილებლად უნდა შეგვეძლოს საკუთარი აზრისა და პოზიციის დაცვა ზრდილობიანი და არააგრესიული ფორმით. ეს მარტივად ჟღერს, თუმცა რთულად მისაღწევია, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ეს უნდა ითქვას საკამოდ დამაჯერებლი ფორმით, ისე რომ მსმენელამდე მივიდეს მთავარი აზრი, რათა შეწყვიტოს ,,საზღვრების რღვევა“ და ამავდროულად საკმაოდ ზრდილობიანი ფორმითაც, რომ ნათქვამმა არ გამოიწვიოს აგრესია. ეს ხელოვნებაა და შრომას მოითხოვს. ამ საკითხებზე ბევრს მუშაობენ ფსიქოთერაპევტებთან და როგორც წესი სასურველი შედეგიც დგება.

ასევე ძალიან საჭირო უნარია ღიად ვისაუბროთ იმაზე თუ რას ველით ურთიერთობებისგან, რა არის ჩვენი მოლოდინი და რანაირი ურთიერთობის მოდელია ჩვენთვის არასასურველი, მიუღებელი. მოკლედ რომ ვთქვათ – ნაკლები ვივარაუდოთ, უფრო მეტად დავსვათ კითხვა იმაზე, თუ რას ელის სხვა ჩვენგან.

და უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია „არა“-ს და „კი“-ს თქმის უნარების სწორი ფორმირება.

არა“- ანკი“- თქმის 5 ფორმა არსებობს.

1)      ჯანსაღი  კი – როცა გვთხოვენ რაიმეს, რაც ჩვენთვისაც მისაღებია, მოსაწონია და ვეთანხმებით, ვამბობთ „კი“-ს.

2)      ჯანსაღი არა – გვთხოვენ რაიმეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია, არ მოგვწონს ან არ შეგვიძლია, ვამბობთ „არა“-ს და არ განვიცდით ამისგან უხერხულობას და სინდისის ქენჯნას.

3)      არაჯანსაღი კი – გვთხოვენ რაიმეს, რაც ჩვენ არ მოგვწონს, მიუღებელია ან ძალიან დიდი უხერხუობას გვიქმნის, მაგრამ მაინც ვთანხმდებით და ეს შემდგომში იწვევს ჩვენ წყენას, გაღიზიანებს და ღელვას.

4)      არაჯანსაღი არა გვთხოვენ რაიმეს, რაც ჩვენ არ მოგვწონს, არ ვეთანხმდებით მაგრამ პარალელურად თავს მაინც ვგრძნობთ დამნაშავედ.

არის კიდევ ერთი მდგომარეობა, როცა გვთხოვენ რაიმეს, რაც ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ წლების მანძილზე იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული მთხოვნელთან, რომ ვთანხმდებით და ამის გამო არ განვიცდით არანაირ დისკომფორტს. ამ ფორმასაც აქვს არსებობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს გამონაკლისის სახე და დროებითია არამუდმივია.

არსებობს თუ არა იდეალური საზღვრები და როგორი ის?

სამი ტიპის საზღვარი არსებობს – მკაცრი, სუსტი და ჯანსაღი.

მკაცრ საზღვრები საფრთხილოა, რადგან ერთის მხრივ კი კარგად იცავენ პიროვნების ,,მე“-ს, მაგრამ ამავდროულად ურთულებს მას ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. (ციხის გალავანი)

სუსტი საზღვრები, ძალიან დაუცველს გვხვდის სხვათა შემოჭრისგან და ვერც ჩვენ „გვიცავს“ იმისგან რომ არ აღმოვჩნდეთ გატაცებულები საკუთარი „სივრციდან“ და ჩათრეულები სხვის სივრცეში, სხვა პიროვნების პრობლემებსა და სატკივარში იმაზე მეტად, ვიდრე ამას ჩვენ ვისურვბდით. (დაბალი ღობე)

ჯანსაღი საზღვრები ესაა გარკვეულწილად ოქროს შუალედი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ სხვას და გამოვთქვათ საკუთარი აზრიც. ვთქვათ „არა“, სადაც არ ვეთანხმებით, დავეხმაროთ როცა გვთხოვენ და მივიღოთ დახმარება იმ შემთხვევასი, როცა ეს ჩვენ თავად გვსურს. (მოწნული ღობე)

ჯანსაღი საზღვრები ჯანსაღი ურთიერთობის საწინდარია, თუ საზღვრები ირღვევა ეს ბუნებრივია იწვევს უკმაყოფილებას, გაღიზიანებას, ბრაზს, ძალიან ფუჭდება ურთიერთობა ახლობელ ადამიანებს შორის. არაგონივრულია ეცადო შეცვალო ადამიანი, მისი ცხოვრება და მოარგო იგი საკუთარ ყალიბს. იმიტომ რომ იდეალური არავინაა. სიყვარული, მზრუნველობა და პატივისცემა გულისხმობს  ერთმანეთის პირადი სივრცის და  საზღვრების დაცვას და არა, აგრესორი სახელმწიფოსავით, მათში შეჭრას, თუნდაც ეს მზრუნველობით და საუკეთესო სურვილების მოტივებით იყოს ნაკარნახები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები