LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა უნივერსიტეტის შერჩევისას?

16
თამარ-შოშიაშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტის ბოლოს სრულდება. რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტმა უნივერსიტეტის არჩევისას, რა უნდა იცოდნენ, როცა საგანმანათლებლო პროგრამას ირჩევენ, აქვს თუ არა უპირატესობა და რა, კერძო უნივერსიტეტებს ამ და სხვა საკითხებზე გადაცემაში ,,სახალხო პლატფორმა” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსთან თამარ შოშიაშვილთან ვისაუბრეთ.

რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა უნივერსიტეტის შერჩევისას? არის თუ არა განსხვავება კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის?

აბიტურიენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს განათლების ხარისხზე, რომელსაც უნივერსიტეტი იძლევა. ამისთვის, უნდა გადაამოწმოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, რამდენად წარმატებით აგრძელებენ კარიერას ისინი შრომის ბაზარზე. ასევე, სწავლის ხარისხის გარდა, აბიტურიენტებმა კარგი იქნება გაითვალისწინონ, რამდენად მრავალფეროვან და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას სთავაზობს მათ უნივერსიტეტი.

რაც შეეხება კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის სხვაობას. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო უნივერსიტეტებში შედარებით მცირე რაოდენობის სტუდენტები სწავლობენ, მათ მეტად ეძლევათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები, იმუშაონ მცირე ჯგუფებში, განათლების მიღებასთან ერთად განივითარონ შემდგომი საქმიანობისთვის საჭირო უნარები და კომპეტენციები. კიდევ ერთი განსხვავება შეიძლება იყოს ისიც, რომ კერძო უნივერსიტეტები მეტად არიან ორიენტირებული სტუდენტებზე, ზრუნავენ მათ სტაჟირებაზე, დასაქმებაზე და კარიერულ განვითარებაზე.

გაცვლით  პროგრამებში მონაწილეობის სურვილი ბევრ სტუდენტს აქვს. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი ამისთვის და რას ენიჭება ყურადღება გაცვლით პროგრამაში მონაწილის შერჩევისას?

უნდა აღინიშნოს, რომ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრება. გაცვლითი პროგრამებისთვის სტუდენტის შერჩევისას არსებობს ბევრი კრიტერიუმი. მათ შორის, აღსანიშნავია აქტიური სტუდენტური ცხოვრება, რამდენად ჩართულია ეს თუ ის სტუდენტი მოხალისეობრივ აქტივობებში, რა პროექტებს ახორციელებს, როგორც სტუდენტი და ა.შ. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება ხდება უნივერსიტეტის შიდა შერჩევის შედეგად, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი აწარმოებს და ეყრდნობა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.

როგორც ვიცი, IBSU ინგლისურენოვან პროგრამებსაც სთავაზობს აბიტურიენტებს. რით გამოირჩევა ეს პროგრამები და რა დამატებით სარგებელს მოუტანს ის სტუდენტებს?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელმაც ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ინგლისურენოვანი პროგრამები დანერგა. განსაკუთრებით მაღალია სწორედ ასეთ პროგრამებზე მოთხოვნა, როგორც უცხოელი, ისე ქართველი სტუდენტების მხრიდან. ინგლისურენოვანი პროგრამის უპირატესობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხისა და სწავლის დონის მიხედვით, ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამები ძირითადად, არ განსხვავდება.

მითია თუ რეალობა, რომ IBSU-ში სწავლა ძვირია?

გამომდინარე იქიდან, რომ IBSU კერძო უნივერსიტეტია, რასაკვირველია, არის განსხვავება სახელმწიფო უნივერსიტეტების ფასებთან შედარებით. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ  უნივერსიტეტის შიდა გრანტები, რომლებიც მაქსიმალურად კომფორტულს ხდის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის სისტემას. მაგალითად, IBSU ყურადღებას აქცევს ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ოქროს მედალოსნებს სთავაზობს 40%-იან შიდა გრანტს, ხოლო ვერცხლის მედალოსნებს 30%-იან შიდა გრანტს, რომლითაც აბიტურიენტი სახელმწიფო გრანტთან ერთად სარგებლობს.

ამის გარდა, თუ აბიტურიენტი მიიღებს 100%-იანი სახელმწიფო გრანტს, IBSU მას 50%-იან შიდა გრანტს აძლევს. 70%-იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში, აბიტურიენტი 40%-იან შიდა დაფინანსებას იღებს, ხოლო 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი აბიტურიენტი სარგებლობს 30%-იანი შიდა გრანტით. ამის გარდა, კიდევ არსებობს უამრავი შიდა გრანტი, რომელიც აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ მრავალფეროვანი დაფინანსება. მაგალითად, პირველ ადგილზე IBSU-ს ჩაწერისას აბიტურიენტი ავტომატურად იღებს 20%-იან შიდა დაფინანსებას.

უფრო მეტიც,  ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, ქვეყნის მასშტაბით, პირველ 1000 ეულში მოხვედრის შემთხვევაში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტი უფასოდ სწავლობს და იღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.

ასე რომ, მაღალი საფასურის მიუხედავად, საბოლოო ჯამში სტუდენტის მიერ გადახდილი თანხა, რეალურად გაცილებით დაბალია, ვიდრე კონკრეტული პროგრამა ღირს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო პოლიტიკა მეტყველებს იმაზე, რომ უნივერსიტეტი დაინტერესებულია მოიზიდოს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და იზრუნოს მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები