რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებში ჯანსაღი ურთიერთობები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.
რამდენად აქცევენ ბავშვები ყურადღებას ურთიერთობებს?
ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ისე, როგორც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ურთიერთობები ცხოვრებაში წამყვანი თემაა. ჩვენ შეიძლება დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ პროფესიას, ფინანსებს, მატერიას, მაგრამ ურთიერთობებზე წინ არც ერთი მათგანი არ დგას.
ურთიერთობებზე უჭირავს ჩვენი ცხოვრების წამყვანი ადგილი. მოზარდებისთვის ურთიერთობები მთავარი განმავითარებელი რგოლია. ადამიანის ბედნიერების თუ უბედურების, კარგად ან ცუდად ყოფნის განმსაზღვრელი ძირითადად ურთიერთობებია. ჩვენ შეიძლება სხვა სფეროებით, შენაძენით, წარმატებით თავი გავიხაროთ, გავიბედნიეროთ, მაგრამ ეს დროებითია და ჩვენი ემოცია მალევე მოგვთხოვს ამ შენაძენის განახლებას. ურთიერთობით მონიჭებულ ემოციას კი დროში ხანგრძლივობა ახასიათებს.
რაც შეეხება მოზარდებს, თუ ვკითხავთ, რისთვის უხარიათ ან არ სურთ საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლა, ისინი აუცილებლად ძირითად არგუმენტად დაასახელებენ ადამიანურ ურთიერთობებს. მათი სიყვარული ან უსიყვარულობა სკოლის მიმართ მთლიანად დამოკიდებულია თანატოლებისა და მასწავლებლების განწყობაზე მათ მიმართ. საგანიც სწორედ ის უყვარდებათ, რომლის პედაგოგიც უყვართ და ემეგობრებათ.
ხშირად ბავშვებში არის კონკურენცია, რომელიც მოდის მესამე პირისგან…
რაც შეეხება ბავშვებში დაპირისპირებას და კონკურენციის განცდას. დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ მშობლისგან, პედაგოგისგან ან თანატოლისგან ვინმესთან შედარება. ძალიან ხშირად პედაგოგებს ჰყავთ თავისი ფავორიტი ბავშვები, ხან მშობელიც მუდმივად ერთ შვილს ადარებს მეორეს, ეუბნება, რომ მას მიჰბაძოს სწავლაში ან ქცევაში, რაც უპირობოდ აჩენს არაჯანსაღი კონკურენციის და დაპირისპირების განცდას. რატომ არაჯანსაღი? ნებისმიერი შედარება ადამიანებისა არის არაჯანსაღი. ზრდასრულს აქვს უნარი ეს შედარება ტრავმად არ მიიღოს და გაატაროს, მაგრამ მოზარდი ემოციების მართვის ბერკეტებს ნაკლებად ფლობს და იმახსოვრებს, რომ ვიღაც მასთან პრიორიტეტულია და თავად – მეორეხარისხოვანი. და ვის უხარია მეორეხარისხოვნად ყოფნა? აქედან გამომდინარე ეს მოზარდი ითრგუნება, იზაფრება, გული ეჩაგრება და იწყებს ჩრდილში გადასვლას, იკავებს მე – უმნიშვნელო, მე – არაკომპეტენტურის პოზიციას, სადაც ან სამუდამოდ რჩება, ან აგრესიაში გადაინაცვლებს და აქედან, ამ რომელიმე არჩეული პოზიციიდან ავითარებს შემდგომ ქმედებებს.
მოწყვლადი მოზარდი ერგება მე – უმნიშვნელოს როლს და რჩება ჩრდილში გარკვეული ხნით ან მთელი ცხოვრება, მმართველი ბუნების ბავშვი კი ირგებს მებრძოლის, აგრესორის როლს, ცდილობს “კარგი” ბავშვის დაჩაგვრას, დამცირებას, მისი სიკეთეების გაუფასურებას და ა. შ.
ასევე ხშირია შექებული და ფავორიტი ბავშვების მიბაძვა. ყველას უნდა იყოს კარგი და დაიმსახუროს ავტორიტეტების ქება. ამიტომ იწყებს სანაქებო ბავშვის მიბაძვას, ასიმილირებას.
ამ დროს ფავორიტი ბავშვი თუ რომელიმე საგნის კარგად სწავლისთვის არის აღიარებული, შესაძლოა სხვას ხელოვნების რომელიმე დარგში აქვს უნიკალური მონაცემები, რასაც ვერავინ ამჩნევს. ბავშვი თვლის რომ ეს სულაც არ არის კარგი, ის ამით აღიარებული ვერ გახდება, იძულებს საკუთარ ნიჭს, უნარს და მთელი ენერგიით, მთელ თავის დროს ახმარს ამ საგნების დაზეპირებას. მივიღებთ, რომ მან ვერც ზუსტ მეცნიერებებში მიაღწია ვერაფერს და თავისი ჭეშმარიტი გზაც დაკარგა.