გუშინ ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა გახსნის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან შეხვედრას.
შეხვედრა გუშინვე შედგა და მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიეს.
რა ზარალი განიცადა სექტორმა, რამდენი ობიექტი განაახლებს მუშაობას და რა სიახლეებია გასართობ ცენტრებთან დაკავშირებით-აღნიშნულ თემებზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მთიულიშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამჯერად როგორც გასართობი სექტორის, ისე შრომის ინსპექციის პოზიციები თანხვედრაშია.
ამ ეტაპზე კი შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ პროტოკოლზე იმუშავებს.
„პანდემიამდე ოპერირებდა ბავშვთა გასართობი ცენტრების დაახლოებით 200 ობიექტი საქართველოს მასშტაბით, აქედან დაიკეტა 60 ობიექტი, რადგან ვეღარ გაუძლეს 1-წლიან წნეხს, ამ ეტაპზე დარჩენილია 140.
თუმცა როცა დააანონსა სახელმწიფომ დახურული სივრცეების გახსნა, 1 თვის წინ, ამას კიდევ რამდენიმე ობიექტი შეეწირა, იმის გამო რომ ჩვენ არ მოგვცეს მუშაობის საშუალება.
შესაბამისად, მოიჯარეები მივიდნენ ობიექტებზე და მოსთხოვეს მათ, რომ გადაეხადათ იჯარა. ამან გამოიწვია დაახლოებთ 10 ობიექტის დაცლა.
რაც შეეხება ზარალს, სექტორში დასაქმებული იყო დაახლოებთ 8000-მდე ადამიანი და ის 60-70 ცენტრი რაც გამოგვაკლდა, 1500-დან 2000 ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.
მან ასევე განმარტა, რომ მუშაობის განახლებას ამ ეტაპზე შეძლებს დაახლოებით 40%-ით ნაკლები, 130 ცენტრი.
კონკრეტული რეგულაციები ოფიციალურად ჯერ არ შემუშავებულა, თუმცა გიორგი მთიულიშვილმა აღნიშნა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები არ იგეგმება.
„რეალურად ერთადერთი გახსნის პირობა ჩვენთვის იქნება, რომ პირბადე გამოიყენოს მშობელმა, რაც აქამდე არასდროს არ გვქონია, როცა პანდემია არ იყო და მეორე პირობაა, რომ გარკვეული ზღვარი დაწესება.
ვიცით, რომ რესტორნებში მაქსიმუმი სტუმრების რაოდენობა არის 60 ადამიანი, ჩვენ შეიძლება 40-50 ადამიანის მიღება შევძლოთ ერთჯერადად, იმ 2-საათიან შუალედში.
რაიმე სირთულე არანაირად არ არის, რადგან ცენტრები დაფუძნების დღიდანვე მუშაობდა ამ რეფორმით, სადაც უნდა ყოფილიყო მცირე რაოდენობა ადამიანების, დეზობარიერი, დასუფთავება და ა.შ
ჩვენთვის აქ სირთულე არაფერი არ იყო, უბრალოდ აქ იყო ერთადერთი პრობლემა, რომ თავის დროზე ჩვენ არავინ არ მოგვისმინა.“-განაცხადა გიორგი მთლიულიშვილმა „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.
აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერი“ შრომის ინსპექციის მრჩეველს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში სოფო ჭუმბურიძესაც ესაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ეტაპობრივი გახსნის პერიოდში დაცული იყოს ე.წ ორკვირიანი ვადა.
ამ ეტაპზე, კი სოციალური ღონისძიებები ჯერჯერობით აკრძალულია.
„ქვეყანაში უკვე დაწყებულია შეზღუდვების შემსუბუქება და პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება, გუშინაც აღდგა სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ფიტნეს-ცენტრების ოპერირება, ასევე სასკოლო წრეების მუშაობა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების აუდიტორიებში განახლდა სალექსიო პროცესი, ასევე სარეპეტიციო და მოსამზადებელი ვარჯიშები აღდგა თეატრებსა და სპორტულ კლუბებში, ასევე პროფესიულ ანსამბლებში.
აუცილებელია ეტაპობრივი გახსნის პერიოდში დაცული იყოს ე.წ ორკვირიანი ვადა, რათა შესაძლებელი გახდეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება.
სწორედ ამის მიხედვით დაიგეგმება დაწესებული შეზღუდვების კიდევ მეტად შემსუბუქება.
ასევე იცით, რომ ამ დრომდე აკრძალულია სოციალური ღონისძიებები და დაბადების დღეც სწორედ ამ უკანასკნელს განეკუთვნება, შესაბამისად, სწორედ არ არის მთავარი მიზეზი, რომ პირველ რიგში თავიდან ავირიდოთ ადამიანების ერთ სივრცეში ჭარბი კონცენტრაცია.
მით უფრო, რომ დაბადების დღე გულისხმობს ნაცნობ პირთა თავშეყრას და მეორე მხრივ, არ იყოს არაერთგვაროვანი მიდგომა, ანუ თუ ვკრძალავთ დაბადების დღეებს, სოციალურ ღონისძიებებს, მაშინ გამონაკლისი ვერ იქნებოდა ასაკობრივი ჯგუფი.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე სიახლეა ის, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სპეციალურ პროტოკოლზე იმუშავებს.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში შედგა ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძისა და ბიზნესომბუდსმენის, ნინო კვეტენაძის შეხვედრა ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებთან.
სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რის შემადგენლობაშიც შევლენ, როგორც ბიზნესსექტორის, ისე უწყების წარმომადგენლები და ერთად განსაზღვრავენ, ცენტრების მდგრადი გახსნისთვის აუცილებელ პირობებს.
ეს იქნება სპეციალური პროტოკოლი, სადაც გაიწერება, როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხმარების წესი, ასევე ისეთი დეტალები, რომლებიც შეეხება მაგალითად, კვადრატულობის განსაზღვრას, დასაშვებ პირთა რაოდენობას ამა თუ იმ კვადრატულობაზე.
საქმე ეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას და კიდევ უფრო ფაქიზ თემას, ბავშვთა ჯანმრთელობას, შესაბამისად, აქ მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინება, რაც ვირუსის გავრცელების რისკს დაიყვანს ნულამდე.
ამ შემთხვევაში ჩვენი, როგორც მთავარი მაკონტროლებელი უწყების და თავად ამ სექტორის, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ინტერესები ერთმანეთთან არის სრულ თანხვედრაში, მთავარია, რომ გაიწეროს ეს პროტოკოლი და უზრუნველყოფილი იყოს მათი შესრულება, რათა საბოლოო ჯამში შევინარჩუნოთ დადებითი ეპიდემიოლოგიური სურათი და ამავდროულად ეს მოხდეს ეკონომიკური შეზღუდვის მოხსნის პარალელურად.“-აღნიშნა სოფო ჭუმბურიძემ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.