LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ბავშვის ქცევაში რაღაც არ მოგვწონს, ჯერ მის  გარემოს გადავხედოთ“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

36
თეო

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ იწყება მიჯაჭვულობა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.

რა არის მიჯაჭვულობა?

მიჯაჭვულობა არის ადამიანის ტენდენცია, შექმნას ძლიერი ემოციური კავშირები კონკრეტული ადამიანის მიმართ. ამით შესაძლებელია აიხსნას ემოციური სტრესის სხვადასხვა ფორმები, მათ შორის შფოთვა, დეპრესია, ემოციური განრიდება, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ადამიანებთან არასასურველი განშორებით ან მათი დაკარგვით. ბავშვობისას მშობელთან ურთიერთობა არის უპირველესი მიჯაჭვულობა, რომელიც თანდათანობით მოზარდობისას და ზრდასრულობისას ჩანაცვლდება სოციალური და რომანტიკული ურთიერთობებით.


როგორ განვსაზღვროთ მიჯაჭვულობის ტიპი?

ზოგადად, მიჯაჭვულობის ტიპი შეიძლება განისაზღვროს როგორც უსაფრთხო ან დაუცველი, რომელიც ჩვილობიდან ყალიბდება, და დამოკიდებულია ბავშვზე მზრუნველ ადამიანზე, არ არის აუცილებელი რომ ეს ადამიანი იყოს ბიოლოგიური მშობელი. მიჯაჭვულობის მექანიზმის გააქტიურება ხდება შიშისა და განშორების დროს, ანუ სეპარაციისას. როგორ იქცევა ბავშვზე მზრუნველი ადამიანი ბავშვს, განსაზღვრავს მიჯაჭვულობის ტიპსაც – ან ბავშვი მშვიდად არის, რადგან ენდობა მას და შემდეგ უკვე გარემოს, ან ბავშვი არ არის მშვიდად, რადგან ვერ ენდობა მას და არც გარემოს მიმართ ექნება ნდობა.

რეალურად, როგორც მზრუნველი ექცევა ბავშვს, ანუ რა ემოციასაც უზიარებს, ბავშვიც ანალოგიურად განეწყობა. შეიძლება მზრუნველი აჭმევდეს, აცმევდეს, ბანდეს, თუმცა არ ჰქონდეს ემოციური კავშირი ბავშვთან. შეიძლება ემოციური კავშირი იმაზე მეტი ჰქონდეს, ვიდრე საჭიროა.

მაგალითად, როდესაც ბავშვის ბაღში მიყვანას მშობელი ძალიან განიცდის, ვერ აკონტროლებს ემოციებს, შფოთავს, შესაბამისი განწყობით იქნება ბავშვიც, იფიქრებს რომ რაღაც წესრიგში ვერ არის, რადგან მშობელი ასე ნერვიულობს. მიჯაჭვულობა არის პროცესი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს, იწყება ბავშვობიდან და გრძელდება მოზარდობისა და ზრდასრულობის პროცესში. ზოგადად მიიჩნევა, რომ ბავშვობაში რა ტიპის ემოციური კავშირიც ჩამოუყალიბდა მზრუნველ ადამიანთან, ეს იქნება განმსაზღვრელი ბავშვის შემდგომი ურთიერთობების. თუმცა, შესაძლებელია რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მოხდეს ცვლილებები. ეს არ არის დოგმა. შეიძლება ეს შიში და უნდობლობა გარემოს მიმართ შესუსტდეს, ან პირიქით გაძლიერდეს. მშობლები ჩივიან ბავშვების ქცევაზე, კი, რა თქმა უნდა არსებობს გენეტიკური წინაპირობა რომელიც განაპირობებს გარკვეულ პიროვნულ ნიშან-თვისებებს, თუმცა დანარჩენს ბავშვი შეისწავლის გარემოდან. როდესაც ბავშვის ქცევაში რაღაც არ მოგვწონს, ჯერ ბავშვის გარემოს გადავხედოთ, იქ ვეცადოთ პრობლემის დანახვა და სულ ბოლოს მივიდეთ ბავშვამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები