LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები უარესდება, ნებისმიერი ვალუტის გაუფასურებასთან შეწინააღმდეგება, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ნიშნავს“/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

12
Copy of @fortuna106.9 (30)

2022 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციამ 13.9% შეადგინა. განსაკუთრებით გაძვირდა ფასები სურსათზე, კომუნალურ გადასახადებსა და ტრანსპორტზე. წინა კვირაში გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ძველ ნიშნულზე – 10.5%-ზე შეინარჩუნა.
რატომ რჩება მონეტარული პოლიტიკა ჯერ ისევ მკაცრი და რა პროგნოზი აქვს ინფლაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

 „ბიზნესკურიერის“ ექსკლუზიური ინტერვიუ კობა გვენეტაძესთან

– ბატონო კობა, პირველ რიგში ინფლაციაზე მინდა, გკითხოთ, რომელიც ეროვნული ბანკის მთავარი ფოკუსია.
ეროვნული ბანკის წინა წლის შემაჯამებელ შეფასებებში იყო საუბარი იმაზე, რომ მეორე კვარტალიდან ინფლაციამ შეიძლება შემცირება დაიწყოს და ნელ-ნელა მიუახლოვდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.
ხომ არ შეცვლილა პროგნოზი?

– ინფლაცია მანდატის მიხედვით, ეროვნული ბანკისთვის არის მთავარი ამოცანა. მოგეხსენებათ, დღეს ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და პანდემიის არაორდინარულმა მოვლენებმა: მიწოდების ჯაჭვების მოხსნამ, საერთაშორისო გადაზიდვების გაძვირებამ და მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსმა, გამოიწვია დიდი გამოწვევები მთელ მსოფლიოში.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, იმ პროგნოზის მიხედვით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ითვალისწინებს უკვე დამდგარ გარემოებას და ამავე დროს იმას, თუ რა არის მოსალოდნელი, პროგნოზი კვლავ ძალაშია. მარტის თვიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს.

მოგეხსენებათ, 13. 9% პროცენტი წლიური ინფლაცია იყო. თუმცა, აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მაჩვენებლიდან 3,6 % პუნქტი კომუნალურ გადასახადებზე მოდის. ძირითადი ნაწილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო სტატისტიკური ეფექტია, როდესაც ეს სუბსიდია შეჩერდება, ვფიქრობთ,  მარტიდან უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა. ასე რომ, ჩვენი მოლოდინი და პროგნოზი არის უცვლელი. მარტის თვიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს და ნელ-ნელა უნდა დაუახლოვდეს 3 %-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.

– შესაბამისად სავარაუდოდ, მოსალოდნელია, რომ წლის მეორე ნახევარში ეროვნულმა ბანკმა ნელ-ნელა დაიწყოს ფიქრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდეს?

– რა თქმა უნდა არის, ამის მოლოდინი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ მომავლის საპროცენტო განაკვეთის ტრაექტორიას, მონეტარული პოლიტიკის კვარტალურ გამოცემებში. ესეც ასახავს იმ მოლოდინებს, რომელიც დღესდღეობით გვაქვს.

დღეს, ზოგადად თუ შევხედავთ, არსებობს მოლოდინი, რომ მიწოდების ჯაჭვების მოშლა, რომელზეც ვსაუბრობდი და საერთაშორისო ბაზრის დისბალანსი, მნიშვნელოვნად არ გამწვავდება. პირიქით, ეტაპობრივად დარეგულირდება კიდეც.

შესაბამისად, ამ დროებითი ფაქტორებისა და ერთჯერადი ეფექტების ამოვარდნის გამო, როგორიც არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ინფლაციური ზეწოლა 2022 წელს თავისთავად უნდა ამოიწუროს. ზუსტად ამიტომ არის, რომ ამ შემცირებას ველით.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, მიზეზიც, რატომ იყო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა.

საქართველოს შემთხვევაში ხანგრძლივი პერიოდი იყო მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია, რადგან მოგეხსენებათ, 2019 წელს რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვის მოლოდინის ეფექტი გადაეცა გაცვლით კურსს და შემდეგ ინფლაციას.

ამიტომ ჩვენთან ეს დიდი ხანი გაგრძელდა. აქედან გამომდინარე, დღეს როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე ბაზრის მონაწილეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მკვლევრები, არის მოლოდინი, რომ გამკაცრებული მონეტარულ პოლიტიკას საჭიროებისამებრ შევინარჩუნებთ.

მას შემდეგ, რაც უტყუარად დავინახავთ, რომ ინფლაციის შემცირებასთან ერთად, ინფლაციური მოლოდინები ნამდვილად მცირდება, ზომიერი ნაბიჯით შევამცირებთ მონეტარულ პოლიტიკას. ჩვენ სხვადასხვა ფაქტორს ვუყურებთ და სხვადასხვა მიმდინარეობებს. მნიშვნელოვანია, რომ გადავხედოთ, ლარში განთავსებული ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობას, რომელიც ინფლაციური მოლოდინების კარგი ამსახველია.

თუკი შევხედავთ ბოლოს განახლებული ლარის შემოსავლიანობის მრუდს, ფინანსურ ბაზარზე საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთებში შემცირების მოლოდინები ნამდვილად იკვეთება.

– ეს ძალიან კარგი ამბავია და ამას შეიძლება, ხელი შეუწყოს ნელ-ნელა გამყარებულმა ლარმაც.

ვიცი, რომ მოკლევადიან მერყეობაზე თქვენ არ გიყვართ კომენტარების კეთება, მაგრამ მსმენელის ძალიან დიდი ნაწილის ინტერესიდან გამომდინარე, გკითხავთ, რამ გამოიწვია იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში რომ ლარი ფსიქოლოგიურ ნიშნულს, სამს ჩამოსცდა.

არსებობს კითხვა, თუ ეს კურსის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, აისახება თუ არა ეს ეს ფასებში…

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც ხშირად ისმება. მოგეხსენებათ, ჩვენთან მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, გაცვლითი კურსის დადგენა ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ხდება. ეს ქვეყანაში ვალუტის შემოდინება-გადინებაზე და მოლოდინებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ბოლოდროინდელ გამყარებას, იქ მნიშვნელოვანწილად საგარეო სექტორის გაუმჯობესებითაა განპირობებული. რაც მოიცავს საქონლის ექსპორტისა და უცხოეთიდან გადმორიცხვების მაღალ ზრდას და უცხოეთიდან ტურისტული შემოსავლების ნაწილობრივ აღდგენას.

გარდა ამისა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის ფონზე გაზრდილია უცხოელების დაინტერესდება ლარის ფასიანი ქაღალდებით, რადგან ამას ემატება ის, რომ მაკროეკონომიკური, საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს ეკონომიკურ გუნდს, ამან გამოიწვია, რომ იმატა მოთხოვნამ ლარის დეპოზიტებზე.

ლარის გამყარებას ეს დამატებითი ფაქტორები უწყობს ხელს. უფრო მოკლედ რომ ვთქვა- 
ფაქტორები როდესაც გაუარესდა, ლარიც გაუფასურდა და როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესდა, ლარმა ეს ასახა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები უარესდება, ნებისმიერი ვალუტის გაუფასურებასთან შეწინააღმდეგება, იმ მიმართულებით, რომ საერთოდ არ გაუფასურდეს, ან გაუფასურება მთლიანად შეჩერდეს, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.

ეს არ იმოქმედებს, ეს გამოიწვევს რეზერვების ფუჭად ხარჯვას და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს მეზობელ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ მივყვეთ ფუნდამენტურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, გავაანალიზოთ სიტუაცია, ეს არის მოკლევადიანი, თუ გრძელვადიანი ფაქტორები და ამ პერიოდში შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება დიდი  ფლუქტუაცია  ჰქონდეს ვალუტას, ის შევარბილოთ ინტერვენციებით, რაც გავაკეთეთ კიდეც 2020 წელს და 2021 წელსაც, თუმცა გავიმეორებ, ამ დროს შებრძოლება, როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები ამას არ მიუთითებენ, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ნიშნავს.

– ალბათ გრძელვადიანი სტაბილური მყარი კურსია საჭირო იმისთვის, რომ ეს ფასებზეც აისახოს. მოსახლეობას ყველაზე მეტად ეს საკითხი აწუხებს და აინტერესებს.

– ამ შემთხვევაში ფინანსურ განათლებასაც აქვს გარკვეულწილად მნიშვნელობა, არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს მაკროეკონომიკის ცოდნა მოეთხოვება, მაგრამ როდესაც ჩვენ ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ ის ზრდა, რაც არის წლიდან წლამდე აღარ იქნება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გაცვლითი კურსით არის გამყარებული ლარი, შეუძლებელია, რომ არ აისახოს ამ ყველაფერზე.

სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები არის შემცირებული, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან შეიძლება, ზოგიერთი პროდუქტის ფასის შემცირება სეზონურობის ბრალი იყოს.

მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მოლოდინები გაზრდილი არ იყოს და ზუსტად ამიტომ, როდესაც ჩვენ გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთი, ეს რასაკვირველია, ვერ შეამცირებს და ვერ ამოაგდებს იმ ფაქტორს, რომელიც მოდის ნავთობის ფასის გაძვირებიდან, ეს შეუძლებელია.

ეს რომ გააკეთოს ნებისმიერმა ეროვნულმა ბანკმა, რომ გაანეიტრალოს ასეთი ფაქტორები, ეს გახდება მიზეზი ეკონომიკური ზრდის მკვეთრად შემცირების და უმუშევრობის.

აბსოლუტურად მესმის, რომ ფინანსთა და ეკონომიკის ზრდაზე ზრუნვა, არ არის ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი, მაგრამ  საბოლოოდ რომც შეამციროს ასეთ დროს ინფლაცია, შემდეგ კვლავ დაბრუნდება ინფლაცია, შემცირებული მოთხოვნის ეფექტიდან გამომდინარე.

ძალიან ბევრი რამ ხდება ერთად და ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ.

– რეგიონულ კონტექსტზეც მინდოდა, მეკითხა. ცოტა ჩაცხრა აქტიური საუბრები რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში, მაგრამ ესეც ალბათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რისკია ჩვენი ქვეყნისთვის.

– რა თქმა უნდა, არის და ამ რისკს ყოველთვის უნდა ვუყუროთ. ყოველთვის მნიშვნელოვანია გლობალური რისკფაქტორები და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება, ამის კარგი მაგალითია თუნდაც ნავთობის საერთაშორისო ფასი, ბოლო პერიოდში უკვე 90 დოლარს გასცდა ერთი ბარელი ნავთობის ფასი.

ამავე დროს აშშ-ში გაზრდილი ინფლაციის ფონზე, სულ უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ ამერიკის ფედერალური რეზერვების ბანკმა იმაზე მკაცრი ნაბიჯები გადადგას, ვიდრე ამას საერთაშორისო ბაზრის მონაწილეები ელოდებიან.

ამგვარი სცენარის რეალიზაციის შედეგი ბუნებრივია, გლობალური დოლარის მოსალოდნელზე მეტად გამყარების მიზეზი იყოს, რაც როგორც წესი, თანაბარ პირობებში განვითარებადი ქვეყნების ვალუტაზე აისახება ხოლმე.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა. ვიმედოვნებთ, რომ კონფლიქტი ესკალაცია საბოლოოდ არ მოხდება, მაგრამ ამავე დროს ვაფასებთ რისკის რეალიზების პოტენციალის ზეგავლენას ჩვენს ეკონომიკაზე და აქედან გამომდინარე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის რისკების გათვალისწინებისას, ნამდვილად გამოგვადგება.

– თავისთავად ინფლაციის შემცირება და მონეტარული პოლიტიკის შერბილებაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, ლარში საპროცენტო განაკვეთების ტრენდმა დაიწყოს ქვემოთ წამოსვლა, რადგან ახლა ძალიან გაძვირებულია მათ შორის სამომხმარებლო ტიპის სესხები და იპოთეკური ტიპის სესხები ლარში ჯერჯერობით ძვირია გასაგები მიზეზების გამო – მონეტარული პოლიტიკაც მკაცრია და ამაზე ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს.

-ბაზარზე საპროცენტო საბოლოო დინამიკა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სამომავლო ტრაექტორია წარმოადგენს და უკანასკნელს კი, როგორ იცით, თავის მხრივ ინფლაციის მოლოდინების ცვლილება განსაზღვრავს.

ჩვენი და არამარტო ჩვენი პროგნოზით, (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ბანკის პროგნოზით) გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და ნელ- ნელა მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება და ამ მოლოდინის შესაბამისად და პოლიტიკის ეკონომიკაც ეტაპობრივად შემცირდება, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად ასახვას ტოვებს საშუალო საპროცენტო განაკვეზე.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი, ასახავს განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას, რომ მოვლენები ჩვენს მიერ გათვალისწინებული სცენარის მიხედვით განვითარდება.

თუკი შიდა ან საგარეო ფაქტორები განსხვავებული სცენარით განვითარდა, ჩვენი გადაწყვეტილებებიც, რა თქმა უნდა, ადეკვატურად ასახავს ამას. მაგრამ როგორც აღვნიშნე, ფასიანი ქაღალდების ლარში განთავსება, საკმაოდ კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ ამას ვუყუროთ და ვფიქრობთ, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოხდება და ერთსაც დავამატებ:

რა თქმა უნდა, საპროცენტო განაკვეთები ლარში გაზრდილია, მაგრამ გამსესხებლისთვის ეს კარგი არაა.
თუმცა ეს ობიექტური გარემოებებიდან არის გამოწვეული, მიზეზები პანდემიამ მოიტანა და სწორად წარმართული პოლიტიკის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

ლარში აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთს მთლიან პერიოდში უნდა შევხედოთ და არა გარკვეულ პერიოდში. მსესხებლებს ოპტიმალური ვარიანტი ექნებათ და ისინი აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სესხს აიღებენ იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ, უმეტეს შემთხვევაში ეს ჩვენთან არის ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g