როგორ გამოიხატება განვითარების ეტაპების დაყოვნება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ მუსიკათერაპევტმა მარინა ალთუნაშვილმა ისაუბრა.
რომელი უნარების განვითარებას ასტიმულირებს მუსიკათერაპიული ჩართულობა განვითარების ეტაპების დაყოვნების დროს?
ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან ამჩნევს დედა, რომ მუსიკა ნაყოფის ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარების პროცესში მუსიკა ერთგვარი ფასილიტატორია. ადრეულ განვითარებაზე მუშაობისას და სასკოლო მზაობის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში შეძლონ გაიუმჯობესონ: ნატიფი და მსხვილი მოტორიკა, შემეცნებითი ფუნქციები, ენა და მეტყველება, ყურადღების კონცენტრირების უნარი, იმპულსის შეკავება, ქცევის და ემოციის თვითრეგულაცია, ერთობლივი თამაშის უნარები, სოციალური ცნობიერება და კომპეტენცია, სენსორული აღქმის ზღურბლის ნორმალიზება.
როგორ ახდენს ეს ყოველივე გავლენას ბავშვზე?
ყველაფერი ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქო-ფიზიკურ ჰარმონიულ განვითარებაზე, რაც მთავარია, ხელს უწყობს ჯანსაღი, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ბავშვს, მშობლებსა და ოჯახის წევრებს შორის მუსიკალური იმპროვიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს, დისტრესს, დაძაბულობასა და ნეგატივიზმს, რომელთანაც, როგორც წესი, განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ბავშვებისთვის, დაკავშირებულია ახალი ინფორმაციის შემჩნევის, ათვისებისა და დასწავლის პროცესი. შესაბამისად თერაპიის მიმღებ ბავშვს ხდის ღიას და მიმღებელს ახალი გამოცდილებების მიმართ, რაც განვითარების ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორ ამოვიცნოთ ყურადღების დეფიციტის სინდრომი?
„მოუსვენარია, სულ მოძრაობს, ასე მგონია არასოდეს არ იღლება“ „რაღაცას რომ ვეტყვი, უჭირს მითითების შესრულება, საჭიროა, რომ რამდენიმეჯერ გავუმეორო“, „ვერ ახერხებს საკუთარი დავალების დამოუკიდებლად მომზადებას, დროის მენეჯმენტი საერთოდ არ შეუძლია“, „ზოგჯერ ისეთ რამეს გააკეთებს, თითქოს საერთოდ ვერ აცნობიერებს საფრთხეს“, „მასწავლებელი მეუბნება, რომ უჭირს ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა, მოუსვენრად ცქმუტავს სკამზე, წამოდგება უნებართვოდ და დადის აქეთ-იქით“, „უყურადღებოა, სულსწრაფი, ვერ ითმენს, დალოდება საერთოდ არ შეუძლია!“ და ა.შ. ეს ჰიპერაქტიური ბავშვების და მოზარდების მშობლების სიტყვებია.
მუსიკათერაპია დაგეხმარებათ როგორც მარტივი პრობლემური ქცევების მოგვარებაში, ასევე დიაგნოსტირებული ADHD-ის დროს. ADHD – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი – ეს არის ნეიროგანვითარების დარღვევა, რომელსაც ახასიათებს: 1. ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი 2. იმპულსურობა 3. ჰიპერაქტიულობა ქცევითმა გამოვლინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები ყოველდღიურობაში, როგორც სოციალურ ურთიერთობებში ასევე აკადემიურ სფეროში.
როგორც პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, მუსიკათერაპიული ჩართულობის შემდეგ, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სირთულეები სხვადასხვა სფეროში: ქცევით – ემოციურ – შემეცნებით – ინტერპერსონალურ – ფიზიკურ სფეროშიც კი განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მუსიკათერაპიული ჩართულობის შემდეგ აღინიშნება დადებითი დინამიკა აღმასრულებელი ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. უმჯობესდება აღმასრულებელი ფუნქციების ყველა ქვეკომპონენტი: ყურადღება – კონცენტრაცია – ემოციის რეგულაცია – მოქნილობა – შემაკავებელი კონტროლი – ინიციაცია – ორგანიზებულობა – დაგეგმვა – თვით-მონიტორინგი – მუშა მეხსიერება.