LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიხატება საკვებზე დამოკიდებულება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

218
მაგდა-ფერაძე

როგორ გამოიხატება საკვებზე დამოკიდებულება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ ისაუბრა.

რა ტიპის დამოკიდებულებები არსებობს?

კარგად უნდა გაიმიჯნოს რა იგულისხმება დამოკიდებულებაში. ჩვენ ყოველდღიურად დამოკიდებულები ვართ მაგ: ურთიერთობებზე, პარტნიორზე, შვილებზე, მშობლებზე, შინაურ ცხოველებზე, კვებაზე, ძილზე, სექსზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, კარიერაზე, კოფეინსა თუ თამბაქოზე… ზევით ჩამოთვლილი დამოკიდებულ სოციალურ ნორმად ითვლება. სოციალურ ნორმას ცდება დამოკიდებულება ნარკოტიკსა თუ ალკოჰოლზე, გემბლინგზე. დამოკიდებულება იგივე მიჯაჭვულობა გულისხმობს, ფიზიკურ და მენტალურ ლტოლვას და შერწყმას ქიმიურ ან არაქიმიურ ნივთიერებასთან. ადამიანთან ან ადამიანთა ჯგუფებთან მაგ:( პარტნიორი,ოჯახი, მეგობრები). როდესაც შენ ამ შერწყმის და მიჯაჭვულობის გარეშე უფუნქციო ხდები. მარტივად რომ ვთქვათ, შენს თავს ვეღარ ყოფნი და ამისთვის დამატებითი დოპინგი გჭირდება.

რას ნიშნავს კვებითი დამოკიდებულებები?

კონკრეტულად საკვებზე დამოკიდებულებაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენს რეალობაში ყველაზე გავრცელებულ ორ კვებით აშლილობას გამოვყოფდი: ბულემიას და ანორექსიას. ბულემია – კომპულსიური, გაუცნობიერებელი კვებაა, სადაც ადამიანი ვერ გრძნობს დანაყრებას და დიდი ოდენობით საკვების მიღების შემდეგ ირევს გულს. როდესაც ფიზიკა მიანიშნებს რომ საკვებმა დაამძიმა, შეაწუხა. ასევე იპყრობს დანაშაულის და სირცხვილის განცდა. ზოგჯერ საკუთარი თავის მიმართ ზიზღსაც განიცდის ჭარბი ოდენობით მიღებული საკვების გამო.

ანორექსია – საკვების მიუღებლობა, კილოგრამების სწრაფი კარგვა, ძირითადად ქალებში გვხვდება, რომელსაც საფუძველი გარდატეხის ასაკში ეყრება. იწყება მკაცრი კვების კონტროლით სხეულის ხშირი თვალიერებით, სასწორზე ხშირად დგომით და საბოლოოდ ადამიანი საერთოდ უარს ამბობს კვებაზე, რადგან მისი აღქმით, მისი სხეული არ არის სრულყოფილი ანუ სრულყოფილად გამხდარი და სასურველი.

რა ხდება ამ დროს ადამიანის ფსიქიკასა თუ სხეულში? ადამიანი ერთი მთლიანი ორგანიზმია სადაც მენტალობა და ფიზიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ფსიქიკაში დროთა განმავლობაში სომატიზირდება სხეულში. სხეულს ერთვება განგაშის სიგნალი, როდესაც ეს მთლიანობა ირღვევა. ბულემიის დროს ხდება იმ ყველაფრის კომპენსირება, რასაც სამყარო ვერ გვთავაზობს. მაგ: ჩვენი არარეალიზებული სურვილები, მოთხოვნილებები, დაუკმაყოფილებელი სექსუალური ლიბიდო. ხოლო საკვები როგორც ყველაზე იოლად ხელმისაწვდომი აქვეა და შეგვიძლია მისით ამოვივსოთ ჩვენში არსებული სიცარიელე, წყენა, მარტოობა და ა.შ.

თუ ცხოვრების რაღაც ეტაპზე გვჭირდება რომ ვიყოთ ძლიერები, ვდიდდებით იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ჩვენ ვჭამთ ჩვენს ბრაზს, შიშს, სირცხვილს, დანაშაულს, იმედგაცრუებას და როდესაც გადავივსებით, ეს ტოქსინები გარეთ გამოგვაქვს, სიმბოლურად ჩვენ საკვებთან ერთად ვთავისუფლდებით ყველა იმ ზემოთ ჩამოთვლილი ემოციისგან, რაც გვაწუხებს.

მითი, რომ ანორექსია მხოლოდ მოდელებს ემართებათ და მხოლოდ მკაცრი დიეტების შემდგომ ყალიბდება, ფაქტობრივად დაიმსხვრა. ანორექსიას საფუძვლად უდევს საკუთარი თავის ან გარემოს მიუღებლობა და მთავარი –  დედასთან გადაუჭრელი შინაგანი კონფლიქტი.

ანორექსიის შორს წასული ფორმა გამოიხატება ქალური სექსუალობის სრულად მოშორებაში, ციკლის დარღვევასა ან სულაც შეწყვეტაში, სისუსტესა და ანემიაში. ბრტყელ უფორმო აღნაგობაში, თავის გადაპარსვაში და უნისექსად ქცევაში. ეს ყველაფერი კი მოუხარშავი და გადაუმუშავებელი წყენიდან მოდის, რომელიც თავის დროზე იგნორირებული და ვერ ამოთქმული დარჩა, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მიგვიყვანოს.

1) ყველაფერი გაცნობიერებით ან აღიარებით იწყება, გააცნობიერეთ რის გარეშე ვერ იარსებებდით.

2) აღიარეთ პირველ რიგში საკუთარ თავთან – მე დამოკიდებული ვარ.

3) გააცნობიერეთ აქვს თუ არა მეორადი სარგებელი თქვენს დამოკიდებულებას.

4) გააცნობიერეთ რას კარგავთ და რას იღებთ თქვენი დამოკიდებულებით.

5) ბულემიის დროს სანამ კვებას დაიწყებთ დააკვირდით საკუთარ თავს რა ემოციას ჭამთ რეალურად.

6) ანორექსიის შემთხვევაში,პროცესთან გამკლავება საკუთარი თავის მიმღებლობით იწყება.

7) გახსოვდეთ არცერთი დიაგნოზი განაჩენი არ არის! განაჩენი ჩვენვე გამოგვაქვს ჩვენი თავისთვის როდესაც ვნებდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები