LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიმდინარეობს ჩვილობის პერიოდში ბავშვის განვითარება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

17

ჩვილობის პერიოდი დაბადებიდან 18-24 თვემდე  გრძელდება. ამ პერიოდში ბავშვი სამყაროს შეგრძნებებისა და შეხების მეშვეობით ეცნობა. ჩვილობის ნორმალურ პირობებში წარმართვა საფუძველია ადამიანის პიროვნული განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. როგორც „ფორტუნას“ თსუ-ს ლექტორმა, ფსიქოლოგმა ინა ბუროვამ განუცხადა, თანამედროვე მედიცინა, ასევე არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს მუცლადყოფნის პერიოდს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამ დროს მომავალმა დედებმა სასურველია უსმინონ კლასიკურ მუსიკას, მოერიდონ საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურებას.

ჩვილობის განვითარების ეტაპები:

ფსიქოლოგის თქმით, პირველ თვეებში ჩვილს ძირითადად სძინავს და მისი აქტივობა კვება და ძილია. 2 თვეზე – იღიმის, 3 თვეზე – იჭერს თავს. 6 თვემდე პატარები ხშირად ტირიან, რაც გამოწვეულია შებერილობით და სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებით. 6 თვიდან ჩვილი  ჯდება, იჭერს სათამაშოს.  7-8 თვიდან იწყებს ხოხვას. 9 თვიდან ზის საყრდენის გარეშე, იცის საკუთარი სახელი, თამაშობს, დგება ფეხზე. 1 წლის ასაკში იწყებს სიარულსა და ლაპარაკს. ფსიქოლოგის თქმით, 1 წლის ბავშვი ერთ სიტყვას მაინც უნდა ამბობდეს, თუმცა ამ მხრივ განსხვავებაა გოგონებსა და ბიჭებს შორის. გოგონები უფრო მალე იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები.

1-დან 2 წლამდე პერიოდში ბავშვი დადის, ადის კიბეზე. ამ ასაკში ბავშვისთვის აუცილებელია ინტერაქცია, სტიმულაცია, შემეცნებითი აქტივობები, მოტორიკის განვითარება, ნატიფი მოძრაობის გასაუმჯობესებელი თამაშები, ასევე შეგიძლიათ წაუკითხოთ წიგნი.

როგორი უნდა იყოს ჩვილის კვების რეჟიმი?

თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა,  პირველ თვეებში არ არის აუცილებელი მისთვის კვების რეჟიმის ჩამოყალიბება, რადგან ამ პერიოდში ბავშვების უმეტესობას დღე-ღამე არეული აქვთ. ბავშვი თვითონ გამოიმუშავებს კვების  რეჟიმს. ლაქტაცია კარგია ბავშვთან კავშირის დამყარებისა და მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის კი, აუცილებელიაზუსტად იქნეს დაცული პედიატრის მითითებები საკვების რაოდენობასა და დროსთან მიმართებაში. არ შეიძლება ბავშვს იმაზე მეტი საკვები მისცეთ, ვიდრე ექიმმა დაუნიშნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ბავშვს აღვიძებენ იმის გამო, რომ ჭამა უწევს. ეს დაუშვებელია, თუ ამის აუცილებლობა არა არის. (მაგ; წამლის მიღების დრო ან სხვ.). უმჯობესია ბავშვმა გამოიძინოს, ვიდრე გაღიზიანდეს.

„5-6 თვიდან როგორც ბუნებრივ ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის აუცილებელია სხვა დამატებითი საკვების მიღებაც.  გასათვალისწინებელია, რომ პატარებსაც, ისევე როგორც დიდებს, აქვთ გემოვნება და შეიძლება ბევრი რამ  ახალი საკვებიდან არ მოეწონოთ, ასე რომ ნუ დააძალებთ. უმჯობესია გარკვეული პერიოდის შემდეგ  მცირე ულუფებით გაასინჯოთ ახალი საკვები. დაძალების შემთხვევაში უკუშედეგს მიიღებთ.  ხშირად მშობლები, ბებია-ბაბუები განიცდიან, რომ ბავშვმა არასაკმარისად ჭამა. ამ შემთხვევაშიც არ ღირს დაძალება. რაც მოსწონს ის ჭამოს, თუ დიდხანს გაგრძელდა ჭირვეულობა, შეიმუშავეთ რამე მეთოდი, მაგალითად, წაახალისეთ ჯილდოთი, დაპირდით გასეირნებას საკვების მიღების სანაცვლოდ“,  – განაცხადა ფსიქოლოგმა.

მისივე თქმით, ხშირია ასევე ტელევიზორის ან სხვა ტექნიკის დახმარებით ბავშვის კვება, რაც მიუღებელია. ამ დროს ბავშვი საჭიროზე მეტ საკვებს იღებს, ბავშვი გართულია და ვერ ზომავს საკვების რაოდენობას. გახსოვდეთ, მსგავსი ჩვევა შეიძლება სიმსუქნის გამომწვევი იყოს.

რა დრო უნდა გაატაროს მშობელმა ჩვილთან?

გადატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად მშობლებს არ აქვთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ეს აუცილებელია. გამოყავით თუნდაც ნახევარი საათი ბავშვთან აქტიური და ჩართული კონტაქტისთვის. სხვანაირად მიჯაჭვულობა  მშობლების მიმართ არამყარი იქნება. ასევე არ არის სასურველი ძიძის ხშირად გამოცვლა, ან რამდენიმე ძიძა ერთდროულად, ეს დამაბნეველია ბავშვისთვის, ვინაიდან ის ვერ იგებს ვის მიმართ ჩამოუყალიბდეს მიჯაჭვულობა.

7 რჩევა ინა ბუროვასგან:

  1. ჩვილისთვის აუცილებელია ოჯახის წევრის მიმართ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება. მიჯაჭვულობა იწყება 7-8 თვიდან, როცა ბავშვი იწყებს უცხოობას. ის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ფსიქიკის მქონე პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის.  ამ დროს ბავშვს უვითარდება უსაფრთხოების, დაცულობის განცდა.
  2. ბავშვების სჭირდებათ შეხებით კონტაქტი, ასევე ემოციური და მხედველობითი კონტაქტი. ამას მნიშვნელობა აქვს გარდატეხის ასაკშიც. კვლევებით დადგენილია, პატარები, ვისაც ხშირი კონტაქტი ჰქონდათ ბავშვებთან, მოზარდობაში უფრო ეფექტურად ურთიერთობენ გარშემომყოფებთან, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებსაც არ ჰქონდათ კონტაქტი.
  3. ჩვილებისთვის მნიშვნელოოვანია ძილის რეჟიმი. ის აუცილებელია მშვიდი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ახალშობილს საშუალოდ 15-18 საათი ძინავს, 1-დან 2 წლამდე ბავშვს კი 12-14 საათი უნდა ეძინოს.
  4. გახსოვდეთ, რომ 2 წლამდე ბავშვებს არ აქვთ ნებელობა, ამიტომ არ შეუძლიათ თავის შეკავება ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით.
  5. 18 თვიდან ბავშვი მიბაძვითა და მაგალითებით სწავლობს,  მიეცით კარგი მაგალითი, ეს შეგონებაზე ბევრად ეფექტურია. ყოველთვის შეაქეთ ბავშვი, როცა ამას იმსახურებს.
  6. არ მიაჩვიოთ ბავშვი ტელევიზორის დიდხანს ყურებას და სხვა ტექნიკასთან დიდი დროის გატარებას. დღეში  ტელევიზორთან მაქსიმუმ 1-2 საათის გატარება შეიძლება. არ გაართოთ ბავშვი ჭამის დროს ტექნიკით. არ აყურებინოთ ბავშვს  ტელევიზორი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.
  7. იმეტყველეთ სწორად. არ მოიჩლიქოთ ენა! მუდმივი სიტყვიერი კონტაქტი ნერვულ-ფსიქოლოგიური განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები