LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იყო 2022 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის და რა მოლოდინი გვაქვს 2023 წლისთვის? – „საგარეო მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ფაქტორი დროებითია“/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

6
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-30T053241.393

დღეს „ფორტუნაზე“ „ბიზნესკურიერის“ მესამე სეზონის ბოლო ეთერია და შევეცდებით შევაჯამოთ 2022 წელი. რა თქმა უნდა, ეკონომიკურად. წელი რთულად დაიწყო, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში უარყოფითი მოლოდინები გააჩინა, თუმცა მიგრანტების შემოსვლით გამოწვეულმა ფულადი გადმორიცხვების ზრდამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი მოახდინა. პანდემიის შემდეგ აღდგენა ბიზნესის სხვა სექტორებმაც დაიწყო.

წლის ბოლოს, დიდი ალბათობით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. თუმცა ფასების ზრდაც ორნიშნაა. ინფლაცია უკვე მეორე წელია 10%-ზე მეტია, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. როგორი იყო 2022 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის და რა მოლოდინი გვაქვს 2023 წლისთვის?

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად აკაკი ცომაია – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი საუბრობს.

– ბატონო აკაკი, რით იყო გამორჩეული ეკონომიკური თვალსაზრისით 2022 წელი?

–  2022 წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომის გამო მოლოდინები იყო განსხვავებული. ვფიქრობდით, რომ მნიშვნელოვნად დაიკლებდა ფულადი გზავნილები და შემცირდებოდა ტურიზმის სექტორი. ველოდებოდით საკმაოდ დიდ ვარდნას საგარეო მოთხოვნაში. თუმცა მოხდა საპირისპირო რამ.

საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელი სტატისტიკურად პანდემიამდელ წლებისგანაც განსხვავდებოდა, მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. 

ეს ძირითადად იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთისა და უკრაინის ქვეყნებიდან.

ამან ცხადია გავლენა მოახდინა ეკონომიკურ ზრდაზე და შესაბამისად მივიღეთ ეკონომიკური ზრდის შედარებით უფრო მაღალი ტემპი, ვიდრე  წინა პერიოდებში. 

2022 წელი გამორჩეულია ინფლაციითაც.  მიზეზი ცხადია საგარეო მოთხოვნის ზრდაც იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გლობალური ინფლაციაა. რაც გამოწვეულია პანდემიის შემდგომი პერიოდით, როდესაც ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა. გაძვირდა ტრანსპორტირება, ლოგისტიკური ხარჯები, რამაც იმპორტზე  მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

მეორე მხრივ ეს უკავშირდება იმას, რომ პანდემიის პერიოდში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მოხდა სახელმწიფო ხარჯებისა და სოციალური პროგრამების გაზრდა.

ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკებმა  დააგვიანა ინფლაციაზე რეაგირება.

ამ ყველაფერს რასაკვირველია, ხელს უწყობდა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის ზრდის ტემპი მთელს მსოფლიოში მცირდება და საქართველოშიც შემცირებას უნდა ველოდოთ. და ასევე უნდა ველოდოთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა გაუტოლდეს საშუალო სტატისტიკურ ზრდის ტემპს, რადგან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ძვრები  ჩვენს ეკონომიკაში არ ხდება.

საგარეო მოთხოვნის ზრდით გამოწვეული ფაქტორი დროებითია. ეს სავარაუდოდ სხვა თანაბარ პირობებში უნდა მივიდეს იმ დონემდე, როგორიც ჩვენ პანდემიოამდელ პერიოდში გვქონდა.

ეს არის 4-5 %-იანი  ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც დამახასიათებელია ჩვენი ტიპის ეკონომიკისათვის.

– ბატონო აკაკი, სწორად აღნიშნეთ, რომ ეს დროებითი და ერთჯერადი ეფექტი იყო წლევანდელი მიგრანტების შემოსვლა. 

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ჰქონდეს ხედვა. რომ არ იყოს მხოლოდ გზავნილებზე და ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა. 

ამ მიმართულებით ბოლო ერთ თვეში მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ. 

გაჟღერდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები და ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის გეგმა, ასევე უნდა აღინიშნოს შავი ზღვის  კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს. 

რამდენად გაქვთ იმედი, რომ ამ პროექტების განხორციელება რეალურად დაიწყება 2023 წლიდან, რომელიც შემდეგ ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს?

– ხუდონჰესთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ ის სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს.

მთავრობის ინიციატივაა, რომ ენერგოსექტორში კომპანიების ძირითადი მესაკუთრე უნდა გახდეს სახელმწიფო. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, ძალიან ცუდი სიგნალი უცხოელებისათვის. ენერგოსექტორი ნამდვილად არის პერსპექტიული დარგი, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. რადგან საქართველოში საკმაოდ მაღალი რესურსია ჰიდრორესურსების განვითარებისთვის.

თუმცა სახელმწიფო საკუთრებაში ობიექტების გადაყვანა, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას მოახდენს. უცხოური ინვესტიციებისთვის საკმაოდ ცუდი გარემოა საქართველოში.

– ანაკლიაზეც იგივე განცხადება გაკეთდა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში 51 %-ის მფლობელი იქნება. 

– უცხოური ინვესტორები არ ჩადებენ ფულს იქ, სადაც სახელმწიფო იქნება ძირითადი მესაკუთრე.

პირდაპირი ინვესტიციის ხიბლი სწორედ ისაა, რომ მენეჯმენტი, ოპერირება, მართვა და ა.შ. კერძო სექტორის ხელში უნდა იყოს და კერძო სექტორი, რომელიც წილს ვერ აკონტროლებს, მაშინ ძალიან დიდი ნდობა უნდა გააჩნდეს სუბიექტების მიმართ, ვისიც არის საკუთრება და საქართველოს მთავრობა რამდენად დიდი ნდობით გამოირჩევა საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ხომ ცალსახად ნათელია.

ანაკლიის პროექტი, მახსოვს იმიტომ ჩავარდა, რომ სახელმწიფომ გარანტია ვერ მისცა  50 მილიონი დოლარის, იმისთვის რომ კომერციულ ბანკებს გამოეყოთ სესხი.

წარმოიდგინეთ რამხელა გარანტიებს მოითხოვენ დამატებით კერძო ინვესტორები, მაღალი რისკების ფონზე.

– ანუ მოდელი არასწორია..

– რასაკვირველია, მოდელი არასწორია. მეორეც შეიძლება მართლაც ააშენონ პორტი, მაგრამ კაპიტალსაც აქვს მნიშვნელობა.

თუ რუსულ-ჩინური  კაპიტალი ფიგურირებს, ეს ჩვენს საერთაშორისო პერსპექტივას პირიქით ამცირებს.

– ძალიან დიდი მადლობა, აკაკი ცომაია – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომისტი იყო ბიზნესკურიერის მესამე სეზონის ბოლო სტუმარი. 

„ფორტუნას“ ეთერში მომავალ წელს შევხვდებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები