ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები „კარფურის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ.
ამის შესახებ დღეს, 30 მარტს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ და “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგის შემდეგ კი ივა ჭყონიამ გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დისტრიბუტორ კომპანიებს კაბალურ პირობებში უწევთ მუშაობა.
„რაც შემოსულია საქართველოს ბაზარზე, ასობით კომპანია თანამშრომლობს ჰიპერმარკეტ კარფურთან წლების განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აქ რაც არის ესაა თანხების ჩამოჭრა, რომელსაც ეს კომპანიები თვითონ არ ეთანხმებიან.
მაგალითად კუთვნილი თანხა, რომელიც უნდა ჩაგერიცხოს, პირობითად 5 რიცხვში, 10000 ლარი შეიძლება ჩაგერიცხოს 2000. ჩამოგეჭრება ანგარიშფაქტურა, რომელსაც არ ეთანხმებიან 8000 ლარზე, არც მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობს, რომელიც ხელი უნდა მოაწერო, დაადასტურო, რომ არ ეთანხმები.
„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე, თუ რა თანხებზეა საუბარი, ივა ჭყონია გვპასუხობს, რომ ეს თანხები არის გაურკვეველი წარმოშობის.
„სწორედ მაგაზეა საუბარი, გაურკვეველ თანხებზე, რაღაც ქეშბექებზე, ხან რაღაც ჯარიმას ართმევენ, ხან გადასახადს, ეს არის ინფორმაცია, რაც მე მომაწოდეს სადისტრიბუციო კომპანიებმა.
ეს არ არის ახალი წლევანდელი თემა, ეს სამწუხაროდ, წლებია გრძელდება, მაგრამ რაც უფრო მეტად ფართოვდება ეს ქსელი უფრო მეტად საფრთხის შემცველი ხდება.
არის რიგი კომპანიები, რომლებიც ჩიხში შევიდნენ, საბოლოოდ იძულებულები გახდნენ სასამართლოსთვის მიემართათ, რადგან წლის დასაწყისში საკმაოდ აგრესიული იყო მისი ეს ქმედებები და ძალიან ბევრ კომპანიას შეექმნა აღნიშნული პრობლემები.
3 კომპანიას უკვე შეტანილი აქვს სარჩელი სასამართლოში, კიდევ იგეგმება დაახლოებთ 5 კომპანიის სარჩელის შეტანა და დარწმუნებული ვარ ეს პერმანენტულად გაგრძელდება, რადგან მაშინ როდესაც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ის კომპანიები, რომლებიც აქამდე ნაბიჯს არ დგამდნენ დარწმუნებული ვარ შემოგვიერთდებიან, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელი არის მათთან კომუნიკაცია და უბრალოდ იმის შეგნება მათთვის, რომ არ შეიძლება ამ კომპანიების თანხების ჩამოჭრა რაც კომპანიას ეკუთვნის, რადგანაც საბრუნავ კაპიტალში ისედაც სერიოზული პრობლემის წინაშე დგას ბიზნესი, იგივე ლარიდან გამომდინარე და დამატებით საბრუნავი კაპიტალის ამოღება და იმ კუთვნილი თანხების ჩამოჭრა, რისი ჩამოჭრაც არ ეკუთვნით კომპანიებს და აჭრის კარფური კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს მინდა ვთქვა.“
ივა ჭყონიამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ თემაზე მიმართეს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს.
„მათ დაადასტურეს, რომ რეალურად ეს პრობლემები არსებობს და აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, ევროპულ და ცენტრალური აზიის წამყვან ქვეყნებში არსებობს რეგულაცია. მათ რეკომენდაციით მიმართეს შემდეგ უკვე პარლამენტს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციაც შემუშავებულიყო, რაც დაეხმარებოდა მცირე და საშუალო მეწარმეებს და სადისტრიბუციო კომპანიებს, რათა თავიდან აეცილებინათ ის ცალმხრივი ძალაუფლება, რასაც მაგალითად დღეს ფლობს კარფური.
ამ თემაზე მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშრებით წინა პარლამენტთანაც გვქონდა კომუნიკაცია.
ახლაც საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართული და ბატონ დავით სონღულაშვილთან გვქონდა შეხვედრა და საქმის კურსშია, რომ რიგი პრობლემები არსებობს.
კიდევ ერთხელ გაამყარებს რიგი კომპანიების სარჩელი, კიდევ უფრო ცხადი იქნება, იმ პრობლემების შესახებ, რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ.
აღნიშნული პრობლემა კიდევ ერთი მწვავე მიზეზია, რატომაც შეიძლება ფასები გაიზარდოს.
რადგან როცა ვერ იღებ კუთვნილ თანხებს რაც გეკუთვნის და გიწევს ლოდინი, რომ მიიღო იძულებული ხარ უბრალოდ ბანკს მიმართო, როდესაც ბანკს მიმართავ ნებისმიერი დამატებითი პროდუქტი დამოკიდებულია პროცენტებზე, ამიტომ გვიწევს ფასში ამის ასახვა.”-განაცხადა ჭყონიამ.
ივა ჭყონიამ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ მათ სურდათ პრობლემა სხვაგვარად მოეგვარებინათ, მაგრამ იძულებულები არიან სასამართლოს მიმართონ, რადგან როცა ასოციაციის ფარგლებში მიმართეს კარფურს, უნდოდათ შეხვედრა და მათ პოლიტიკასთან დაკავშირებით ამ საკითხებზე საუბარი, მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
გადაცემა „ბიზნესკურიერის“ მეორე სტუმარი, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე იყო.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო სტრატეგიას შექმნის.
მან სააგენტოში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა, მანამდე კი ყურადღება გაამახვილა, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის განცხადებაზე.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ეს პრობლემატიკა 2 მიმართულებით დაფიქსირდა მათთან.
„ძალიან კარგად ვიცნობთ ორივე მხარის პოზიციებს. ერთი იყო 2019 წლის ზაფხულში, თვითონ დისტრიბუტორ კომპანიებს ჰქონდათ რეთეილ სექტორთან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემა.
ხომ არ იყო ეს პრობლემები გამოწვეული კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუთავსებლობით- ეს იყო ჩვენი მონიტორინგის გარკვევის მთავარი მიზანი და მეორე მომართვა იყო გასულ წელს, ეს უკვე ეხებოდა კონკრეტულ კომპანიას, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ რომ შევხედოთ სურათს, იმ მონიტორინგმა რაც თქვა და რა სურათიც გამოიკვეთა, პრაქტიკულად, იგივე პასუხი გვქონდა ამ კონკრეტულ მიმართვასთან დაკავშირებით. მონიტორინგი ეხებოდა 2 მიმართულებას.
ერთი ის, რომ საკითხები, რომლებიც პირობითად პრობლემაა, რეალურად თანხების დაგვიანება, გადაუხდელობა, პირობითად, თანაბარი თუ არათანაბარი პირობები, რამდენად შეესაბამებოდა იმ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომლებსაც კონკურენციის კანონმდებლობა განსაზღვრავს.
საუბარი იყო ორ მუხლზე, ხომ არ იყო ეს პრობლემა გამოწვეული რომელიმე აგენტის დომინანტური მდგომარეობით და ამის გამო ის ახდენდა ძალაუფლების დემონსტრირებას კონკრეტულ დისტრიბუტორებთან და მიმწოდებლებთან და მეორე, თვითონ ხელშეკრულებები გამოვითხოვეთ, რათა დაგვედგინა ხომ არ იყო ისეთი პირობები, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობის თვალსაზრისით, ჰქვია „კონკურენციის შემზღუდავი ხელშეკრულება“ ან რაიმე ტიპის მსგავსი გადაწყვეტილება.
ჩვენი ანალიზის მიხედვით გამოვლინდა, რომ დომინანტური მდგომარეობა არცერთ ეკონომიკურ აგენტს ბაზარზე არ აქვს.
ჩვენ მთლიანად რითეილის ბაზარი შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ თბილისში ქსელურ მარკეტებს უჭირავს, დაახლოებით ბაზრის 40%-ზე მეტი და დანარჩენი მაღაზიები 60%-ის ფარგლებშია. მხოლოდ თბილისის შემთხვევა არის 32%-58%-ზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენ დავასკვენით, რომ ეს არ იყო გამოწვეული კონკრეტული სუბიექტის დომინანტური მდგომარეობით.
მეორე მხრივ, ხელშეკრულებების შესწავლამ აჩვენა, რომ იქ ჩადებული მუხლები არ იყო წინააღმდეგობაში კონკურენციის კანონმდებლობასთან, თუმცა ჩვენ მაინც დავინახეთ პრობლემა ზოგადად და გავეცით შემდეგი ტიპის რეკომენდაცია-იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხი მოგვარდეს, საქმე არ მივიდეს სასამართლომდე, რომელიც შეიძლება კიდევ დიდხანს გაიწელოს და ამით გარკვეულმა მიმწოდებლებმა ფულადი დანაკარგი ნახონ, მნიშვნელოვანია არსებობდეს სამართლიანი ვაჭრობის საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც აღნიშნა წინა სტუმარმაც, რომ მუშაობს ბევრ ევროპულ ქვეყანაში და გარკვეულ ევროპულ დირექტივებზე დაყრდნობითაც არის შექმნილი და ეს განსაზღვრავს სწორედ პრობლემური საკითხების დროში სწრაფად გადაწყვეტას, რომელიც დღეს სასამართლოს გზით უნდა გაირკვეს. ეს შეიძლება იყოს ერთ, ან ბევრ სუბიექტთან მიმართებაში.
რადგან პარლამენტიდანაც იყო აღნიშნული მონიტორინგის დაწყების საფუძველი ჩვენ ეს დავუბრუნეთ პარლამენტს და ეს რეკომენდაცია გავაცანით აბსოლუტურად ყველას, წინა პარლამენტის დროს დაიწყო მუშაობა აღნიშნული რეგულაციის ჩარჩოზე და ალბათ გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ აღნიშნულ პროცესშიც ჩავერთოთ და თუ აღსრულების საჯარიმო სანქციების ნაწილი იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარე არღვევს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს და თუ აღსრულების ნაწილი იქნება კონკურენციის სააგენტოს მიმართულებით გადმოტანილი, ბუნებრივია ჩვენ თუ დაგვევალება, ამის აღსრულებას უზრუნველყობთ.
ჩვენი კანონმდებლობის გადასახედიდან, ჩვენი უწყების პოზიციიდან გამომდინარე, ასე ვხედავთ აღნიშნული პრობლემატიკის მოგვარებას.
თუმცა ვინც ბიზნესშია ყველა ადასტურებს, რომ მსგავსი ტიპის პრობლემატიკას აქვს ადგილი.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
რაც შეეხება სიახლეებსა და კანონში ცვლილებებს, რაც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება. ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ 2020 წელიკონკურენციის სააგენტოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
„მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი იყო გამორჩეული და მნიშვენლოვანი წელი.
გამომდინარე იქიდან, რომ მიღებულ იქნა 2 კანონმდებლობა, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან. ეს იყო ცვლილებები კონკურენციის კანონმდებლობაში, რითაც გაუმჯობესდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა. კერძოდ, დაიხვეწა პროცედურული ნორმები, განისაზღვრა სხვა მარეგულირებლებთან და სხვა სექტორის კომპანიებთან ჩვენი დამოკიდებულება და კონკურენციის საკითხზე აღსრულების მექანიზმები.
თუ ჩვენ ადრე კომპანიებს, რომლებიც არიან სემეკის რეგულირების ქვეშ, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ საერთოდ არ განვიხილავდით, ახლა უკვე ერთობლივად შეგვიძლია აღნიშნული საკითხები გადავჭრათ.
ასევე კონცენტრაციებთან დაკავშირებული საკითხები გახდა უფრო ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებული და ასევე ინსტიტუციური მიმართულებით იცვლება რიგი მიმართულებები.
ეს ნიშნავს იმას, რომ კონკურენციის კანონმდებლობა საქართველოში გახდა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვებული და აღსრულების თვალსაზრისით უფრო ეფექტური.
მეორე მხრივ, მიღებულ იქნა კანონი ანტიდემპინგის შესახებ, ეს უკვე 2021 წლიდან ძალაშია და უკვე ადგილობრივი ინდუსტრიებიდან თუ ვინმე თვლის, რომ ბაზარზე დემპინგურ იმპორტს აქვს ადგილი 1-ელი ივნისიდან შეუძლია განაცხადებით მოგვმართოს. ეს კანონმდებლობაც აღსრულების ნაწილში გვეხება ჩვენ.
ჩვენ უკვე გვყავს დეპარტამენტი, გვყავს გუნდი, რომელიც მუშაობს დოკუმენდაციაზე, რომელიც 1-ელ ივნისამდე იქნება მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ და ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება ადგილობრივი ინდუსტრიების წუხილი, თუ რაიმე მონაკვეთში დემპინგურ იმპორტს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ჩვენ ამაზე გვქონდეს გარკვეული ტიპის რეაგირება.
წინა წლებში იყო ამ მიმართულების მოთხოვნები, მაგრამ კანონის არარსებობის გამო ვერ ვრეაგირებდით.
გეტყვით იმასაც, რომ კანონმდებლობა ძალიან დაბალანსებულია და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანაბრად იქნება ჩვენი უწყების მხრიდან დანახული როგორც იმპორტიორის, ასევე ადგილობრივი ინდუსტრიების ინტერესები.
ასევე პარლამენტშია ინიცირებული „მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი“, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შეიძლება იყოს მიღებული და აღსრულების ორგანოდ განსაზღვრულია კონკურენციის სააგენტო. ეს ნიშნავს იმას, რომ პირობითაც მომხმარებელს, რომელსაც პრეტენზია აქვს ქსელში ან ინტერნეტით შეძენილ პროდუქციასთან დაკავშირებით, ან არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ან დეფექტური ან არასწორი რეკლამირების მსხვერპლი გახდა, ან ფასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმირება მოხდა მისი, ყველა მსგავს საკითხებზე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ აღნიშნული ტიპის დავები განვიხილოთ.
„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე რამდენად ხშირია ბაზარზე კონკურენტუნარიანობის და თანასწორუფლებიანობის პრინციპების დარღვევა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ:
„ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ მოგვმართავენ, ჩვენ გვაქვს ორი ბერკეტი, ერთი არის, რომ ბაზრების მონიტორინგს ვახორციელებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემებზე გვაქვს ყურადღება. ვაქვეყნებთ კვარტალურ ანგარიშებს, მაგალითად, ამჟამად გვაქვს საწვავის ბაზართან და ფარმაციის ბაზართან დაკავშირებით ანგარიშები.
საწვავის ბაზართან დაკავშირებით ანგარიში გამოვაქვეყნეთ და ვთქვით, რომ ამ ეტაპზე იქ კონკურენცია აქტიურ ფაზაშია, იმიტომ რომ მსხვილ ქსელებსა და მცირე ქსელებს შორის არის პროპორცია დაახლოებით 55-45-ზე მსხვილი ქსელების სასარგებლოდ.
ფარმაციასთან დაკავშირებით, წლის ბოლოს გვექნება საბოლოო დასკვნა.
რაც შეეხება კონკრეტულ ქეისებს, შარშან დავასრულეთ, 3 მოკვლევა, დავადგინეთ ერთი დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და დავაჯარიმეთ ერთი კომპანია.
ასევე გვქონდა 2 შემთხვევა იყო, როდესაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი გამოვავლინეთ და გავეცით რეკომენდაცია, რომ აღმოფხვრილიყო და ესეც რეალურად აღმოიფხვრა.
მიმდინარე წელს დავასრულეთ 1 მოკვლევა კიდევ, ეს ნიშნავდა შეთანხმებულ ქმედებას კონკრეტულ შესყიდვებთან დაკავშირებით და დავაჯარიმეთ 4 კომპანია ამ მიმართულებით და ახლა გვაქვს 2 ქეისი, რომელიც ეხება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს და მას უახლოეს პერიოდში გამოვაქვეყნებთ.
ნებისმიერ კომპანიას, ვინც თვლის, რომ მის მიმართ ირღვევა კონკურენციის რომელიმე პრინციპი ან ვინმე ძალაუფლებას იყენებს მათ წინააღმდეგ შეუძლიათ მოგვმართონ და ყველა საკითხს ყურადღებით განვიხილავთ.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „ფორტუნას“ ეთერში.
როგორც ცნობილია, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის (HICD) დირექტორმა, რომან ცუცქირიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე ირაკლი ლექვინაძემ „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ მადლობელი ვართ ამერიკის განვითარების სააგენტოსი, USAID-ის, რომელმაც დროში სწრაფად დაგვიჭირა მხარი, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ შარშან ჩვენი საქმიანობა შეაფასა აუდიტის სამსახურმა, სადაც დაახლოებთ 15-მდე რეკომენდაცია მოგვცა გასული წლის დასაწყისში.
ჩვენ 15 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა შევასრულეთ გასულ წელს, ეს ეხებოდა ძირითადად საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებას, შეიცვალა კანონმდებლობა და ამ ნაწილში პრაქტიკულად, გამართულები ვართ, იყო ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო სტრატეგია. ამ სახით ჩვენ გვქონდა დონორებთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია და ამერიკის USAID-თან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც უახლოეს 6 თვეში დაახლოებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან კონკურენციის სააგენტოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა გასულ წელს და კიდევ ველოდებით ფუნქციურ ნაწილში სააგენტოს გაძლიერებას გვჭირდება გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგია, რომელიც იქნება ორიენტირებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან მიმართებაში იქნება ეს ბიზნესი, ჩვეულებრივი მომხმარებელი, საკონსულტაციო კომპანიები თუ ა.შ და ბუნებრივია საკომუნიკაციო სტრატეგია იმისთვის, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ მისული ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მაქსიმალური უკუკავშირი გვქონდეს.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნესკურიერის“ ეთერში.