LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართლებრივი საქმეები თუ პოლიტიკური მართლმსაჯულება?! / საქართველო მეექვსე ტალღის პიკში, როგორ გავუმკლავდეთ „ომიკრონს“ / “კვირის თემის” პოდკასტი

8
კვირის თემა 13.01,2022
  • სამართლებრივი საქმეები თუ პოლიტიკური მართლმსაჯულება?! – “კვირის თემის” სტუმარია -ნიკა სიმონიშვილი, საიას თავმჯდომარე
  • ერთ კვირაში, მსოფლიოში კორონავირუსით 15 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა  –  საქართველო მეექვსე ტალღის პიკში, როგორ გავუმკლავდეთ „ომიკრონს“? – რადიო “ფორტუნას” ეთერში საუბრობს გიორგი კავკასიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

 

“სისტემა აძლევს ხელისუფლებას მართლმსაჯულების კონტროლის შესაძლებლობას”

 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები სახეზეა – ნიკა სიმონიშვილი

 

ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მოცემულობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებამ სრულად აკონტროლოს მთელი მართლმსაჯულების სისტემა – პროკურატურაც და სასამართლოც, – ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ გააკეთა.

 

 

ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები სახეზეა როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას.

მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა, თუმცა, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.

ამასთან, 12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით, მოსამართლემ 7-წლიანი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

„ხაზარაძე ჯაფარიძე წერეთლის საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დამკვირვებლის სტატუსით იყო ჩართული და გუშინდელი დღის ჩათვლით, ამ დაკვირვების პროცესმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ამ საქმეში შეინიშნება პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები ორი ძირითადი მიზეზის გამო.

შინაარსობრივი მხარე უკავშირდება ამ საქმის კვალიფიკაციის უსწორობას და მეორე საკითხია, პროცესების მიმდინარეობა პოლიტიკური პროცესების ფონზე.

გამოძიება დაიწყო ფულის გათეთრების მუხლით და თავიდანვე ცალსახად იკვეთებოდა, რომ ფულის გათეთრების ნიშნები რა თქმა უნდა, არ იყო. ამაზე საუბრობდა სახალხო დამცველიც და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიც.

საინტერესოა, რომ 194-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული, მაგრამ ის რაზეც, სასამართლომ განაჩენი გამოიტანა – თაღლითობის მუხლთან მიმართებით სისხლის სამართლებრივი დევნის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული იყო, შესაბამისად, პროკურატურას არ შეეძლო უბრალოდ ამაზე ან გამოძიება ან დევნა დაეწყო, ამიტომ თავად პროკურატურაც კარგად აცნობიერებს, რომ გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით იყო დაწყებული.

საინტერესო ისაა, რომ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ისეთ საქმეზე, რომელზედაც გამოძიების დაწყების უფლებაც არ ჰქონდა პროკურატურას. რა თქმა უნდა, ეს სამართლებრივი ნონსენსია.

რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას, თავდაპირველად ხშირი ინტენსივობით დაიწყო. კვირაში 2-3ჯერ იმართებოდა ხოლმე და დაკვირვების შედეგად, ვხედავდით, რომ ხშირად სასამართლო არც ითვალისწინებდა დაცვის მხარის შუამდგომლობას. შემდგომ ვნახეთ 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება, რის შემდეგაც შეჩერდა ისეთი საქმეები, რომელთან დაკავშირებითაც ისმოდა პოლიტიკური მართლმსაჯულების კითხვების ნიშნები.

ეს საქმე გასული წლის, თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში განახლდა, მაშინ როდესაც ხელისუფლებას რეალურად პოლიტიკური არგუმენტაციისთვის სჭირდებოდა, რომ მისი ოპონენტებისთვის დაეძახა დამნაშავე, ფულის მომპარავი და ა.შ.”- განაცხადა საიას თავმჯდომარემ “ფორტუნას ეთერში.

 

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება

 

 

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილია. ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა პარლამენტის მხრიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებად ჩაითვლება.

„სამართლებრივი ნაწილი აქ მხოლოდ ფორმალობაა. საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პოლიტიკურია, ამას საკანონმდებლო ორგანო სამართლებრივ გადაწყვეტილებას ვერ დაარქმევს. ჩვენ ვნახეთ, როდესაც პირადი განცხადების საფუძველზე იყო მოთხოვნა დეპუტატის სტატუსის შეწყვეტაზე, მაგრამ ეს არ დაკმაყოფილდა ანუ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, ყველა შემთხვევაში იქნება პოლიტიკურად მოტივირებული“, – აღნიშნა სიმონიშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილის საპროცესო უფლებებში პრობლემური საკითხები იკვეთება: სიმონიშვილი

 

 

რაც შეეხება კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკავშირდება, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპროცესო უფლებებთან მიმართებით გარკვეული პრობლემური საკითხები გამოავლინეს.

„თავდაპირველად პროცესებზე მისი მიყვანის შესაძლებლობა რეალიზებული არ იყო, შემდგომ აღმოიფხვრა, მაგრამ ის არგუმენტაცია, რასაც იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური გვთავაზობდა თავიდანვე გაუგებარი იყო.

პრობლემური იყო პროცესის საჯაროობაც და მხოლოდ შემდგომ დაუშვა სასამართლომ ტრანსლირების საკითხი.

პენიტენციური სამსახური აცხადებდა, რომ სააკაშვილის გადაყვანა ერთგვარად საფრთხისშემცველი იქნებოდა საზოგადოებრივი წესრიგისთვის და უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას იშველიებდნენ არგუმენტად, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ პროცესები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.

პრინციპში გამოვლინდა, რომ ეს აბსტრაქტული მითითება საერთოდ არც გამართლდა“, – აღნიშნა სიმონიშვილმა.

 

 

 

„ომიკრონი“ თუ სეზონური ვირუსი? – როგორ მოვიქცეთ, როცა გრიპის მსგავსი სიმპტომები გვაქვს

 

საქართველოში უკვე ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1009 შემთხვევა გვაქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, დადებითი შემთხვევების 45% უკვე სწორედ ამ შტამზე მოდის.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი კავკასიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, რომ სრულად აუცრელებთან შედარებით, „ომიკრონი“ გაცილებით მარტივად, გართულებების გარეშე მიდის სრულად აცრილ ადამიანებში, ხოლო ბუსტერ დოზით აცრილებში ვირუსის თავიდან აცილების შანსი 70%-ია.

 

 

„კარგი ამბავი ისაა, რომ ისევე როგორც კოვიდგადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, „ომიკრონით“ ინფიცირება გაცილებით უფრო იოლად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა შტამების დროს იყო.

იყო ინფორმაცია იმაზე, რომ თუ ადამიანი ორჯერ იყო „ფაიზერით“ და „მოდერნათი“ ვაქცინირებული, მისი დაცვა შემცირებულია სადღაც 35%-მდე, მაგრამ მესამე ბუსტერის გაკეთების შემდეგ, ეს დაცვა 75%-მდე იზრდება“, – განაცხადა გიორგი კავკასიძემ.

რაც შეეხება ვაქცინებსა და მათ ვადებს, გიორგი კავკასიძე განმარტავს, რომ „კოვიდის გადატანიდან სამი თვე უნდა გავიდეს ბუსტერ დოზის გასაკეთებლად“.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ასევე, აღნიშნა, რომ „ომიკრონს“ გაციების მსგავსი სიმპტომები აქვს.

„ეს არის: სურდო, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ზოგჯერ კუნთების, სახსრების ტკივილი, არც თუ ისე იშვიათია გულის რევის შეგრძნება და დიარეა.

ეს არის ის დამახასიათებელი სიმპტომები, რომელიც „ომიკრონით“ ინფიცირებულ პაციენტს აქვს ადრეულ ეტაპზე, მაგრამ მშრალი ხველა, რომელიც განსაკუთრებით პირველად გავრცელებული, ჩინური შტამისთვის იყო დამახასიათებელი, „ომიკრონის“ დროს უფრო ნაკლებად არის.

რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ზუსტად იმის გამო, რომ „ომიკრონის“ მოლეკულაში არის ძალიან ბევრი მუტაცია, ამან გაართულა დიაგნოსტიკა სწრაფი ტესტით. შევეცდები იოლად აგიხსნათ რაშია საქმე.

სწრაფი ტესტი არის, ანტიგენის დასადგენი ტესტი, ამ ვირუსს აქვს რამდენიმე უბანი, სადაც განლაგებულია სხვადასხვა გენები. ერთ-ერთი, რომლის წინააღმდეგაც შემუშავებულია ეს სწრაფი ტესტები არის ე.წ. N გენი, რომელშიც მომხდარი მუტაციების გამო, ის სწრაფი ტესტები, რომლებიც შემუშავებული იყო თავდაპირველი ჩინური ვირუსის საწინააღმდეგოდ ცდებიან და ხშირად ვერ პოულობენ „ომიკრონის“ N გენს.

ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ პაციენტს, რომელსაც აქვს სიმპტომატიკა „ომიკრონის“ და ანტიგენის სწრაფმა ტესტმა აჩვენა უარყოფითი, რეკომენდაციაა, რომ პირდაპირ გაიკეთონ პსრ კვლევა, რადგან პსრ კვლევა უკვე რამდენიმე გენს ადგენს”, – განაცხადა გიორგი კავკასიძემ “ფორტუნას” ეთერში.

 

„ომიკრონით“ ახალი ინფიცირების რაოდენობა 2-3 დღეში ორმაგდება – რამდენ ხანში ვლინდება „ომიკრონის „ სიმპტომები

 

 

„ომიკრონით“ ახალი ინფიცირების რაოდენობა 2-3 დღეში ორმაგდება, – ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი კავკასიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან გამოდის, რომ დღეს თუ იყო 1 000 [შემთხვევა], ზეგ იქნება 2 000, კიდევ ორ დღეში შეიძლება იყოს 4 000.

ეს გამოწვეულია იმით, რომ „ომიკრონის“ მოლეკულაში ისეთი მუტაციებია, რომლებიც უფრო იოლად აინფიცირებს ადამიანს“, – აღნიშნა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა.

გიორგი კავკასიძის თქმით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ „ომიკრონი“ ოთხჯერ უფრო გადამდებია „დელტა“ შტამთან შედარებით და საინკუბაციო პერიოდი 2-დან ოთხი დღეა.

„სწრაფი გამრავლება კი ამცირებს გამოვლინების დროს. თუკი ადრე პირველი შეხებიდან საშუალოდ, 5-6 დღე იყო აუცილებელი იმისთვის, რომ რაღაც სიმპტომები დაწყებულიყო, „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს არის 2-4 დღე, ზოგჯერ ერთი დღეც. ეს მხოლოდ იმის გამო, რომ „ომიკრონი“ გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

იმ ქვეყნებში, სადაც ახალი ინფექციების მიზეზი 90% „ომიკრონია“, იზოლაციის პერიოდი 12 დღიდან 5 დღემდეა შემცირებული, თუ პაციენტს არ აქვს სიმპტომები“, – აღნიშნავს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

 

როგორია პროგნოზი?

 

 

მე არ ვიცი, საიდან გამომდინარეობს 60 000, როგორც წესი, ასეთ პროგნოზებს აკეთებენ ბიოინფორმატიკის სპეციალისტები ეპიდემიოლოგებთან ერთად. არ ვიცი, რამდენი იქნება, მაგრამ პროგნოზი პესიმისტური მაქვს, რადგან საქართველოში პრაქტიკულად, აღარ იცავენ იმ წესებს, რაც საჭიროა, საუბარი მაქვს, პირბადესა და დისტანციაზე, – აცხადებს გიორგი კავკასიძე.

„ჩემი აზრით, ასევე საგანგაშოა, რომ სრულად აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 40%.

„ომიკრონი“ უფრო იოლად მიმდინარეობს აცრილებსა და კოვიდგადატანილებში, მაგრამ არა აცრილებში არც ისე იოლად მიდის ეს პროცესი“, – აღნიშნა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ გიორგი კავკასიძემ.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები