LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 78 000  მოსწავლეს ინტერნეტი არ აქვს – როგორ ცდილობს „ჩართეს“ გუნდი პრობლემის მოგვარებას/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

18
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-30T022111.112

დღეს საქართველოში 78 000  მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი.  ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა „ჩართე”  – საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, დაუფინანსოს ინტერნეტი და კომპიუტერი რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. „ჩართეს“ ბენეფიციარები, ინტერნეტის და კომპიუტერის გარდა, იღებენ წვდომას ონლაინ საგანმანათლებლო კურსებზე, „ჩართეს“ გუნდი კი მათ მუდმივად უწევს ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას.

Პროექტი 2017 წლიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომა მიეცა 2 073 მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ამ პერიოდის განმავლობაში პროექტს მხარი დაუჭირა 4 698 ინდივიდუალურმა დონორმა, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და ორგანიზაციებმა.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად მარიამ მჭედლიშვილი – პროექტის ოპერაციის მენეჯერი საუბრობს.

– მარიამ, როგორ არჩევთ ბენეფიციარებს. 78 ათასი მოსწავლიდან რთულია აირჩეს ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ინტერნეტი.

– პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია.  ჩვენი ტიპის ორგანიზაციისთვის რთულია მთლიანად გაწვდეს პრობლემის მასშტაბს. ამიტომ გადავწყვიტეთ, აქცენტი გაგვეკეთებინა რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებზე.

მათ ისედაც საკმაოდ რთული პერიოდი აქვთ. მოსამზადებელი პერიოდი, პროფესია უნდა აირჩიონ და შესაბამისად აუცილებლად სჭირდებათ, რომ ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ.

აქედან გამომდინარე ჩვენ ვმუშაობთ რეგიონების მიმართულებით. როდესაც კონკრეტულ რეგიონში ვიწყებთ მუშაობას, მაგალითად ახლა ვმუშაობთ იმერეთში და მაღალმთლიან აჭარაში, ვუკავშირდებით ყველა მუნიციპალიტეტის სკოლას და ვთხოვთ, რომ ყველა იმ უფროსკლასელ მოსწავლეზე მოგვაწოდონ ინფორმაცია, ვის ოჯახსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს (70 ათასი და ნაკლები ქულა). სეგმენტი შეირჩა იმიტომ, რომ ისინი იღებენ სახელმწიფო დახმარებას და მათთვის  განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, კომპიუტერის შეძენა.

შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი სტუმრობს ამ ოჯახს, ადგილზე ადგენენ საჭიროებებს და ხდება ინტერნეტის დაფინანსება ან კომპიუტერის გადაცემა, ან ორივე ერთად.

– ჩვენს გადაცემაში ხშირად ვსაუბრობთ განათლებასა და ეკონომიკას შორის კავშირზე.  2X2=4-ია, რომ თაობას, რომელსაც არ ექნება ინტერნეტზე წვდომა, მისთვის განათლების მიღება რთული იქნება. რა მისია გაქვთ თქვენ და რა კავშირს ხედავთ განათლებასა და ინტერნეტის ქონას შორის?

– გარდა იმისა, რომ  ოჯახის პრობლემაა, რომ არ აქვს წვდომა ინტერნეტზე და გარკვეული  პრობლემები ექმნებათ, ეს არის ქვეყნის რეალური გამოწვევა, რადგან ჩვენ ვკარგავთ სამუშაო ძალას. ადამიანებს, რომლებსაც რესურსებზე წვდომა არ აქვთ, ვერ იღებენ წვდომას ეკონომიკურ საქმიანობაზე, შესაბამისად ვერ ვქმნით ეკონომიკურ დოვლათს და ქვეყანაც საკმაოდ ზარალდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახს ამ მხრივ ჰქონდეს რესურსებთან წვდომა და ეკონომიკურ საქმიანობაში თანაბრად იყოს ჩართული. პანდემიამ განსაკუთრებით დაგვანახვა, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს.

– როგორც ვიცი, ძალიან მარტივია, გახდე დონორი და თუნდაც ერთი ლარით, შეგიძლია, რომ მოსწავლეს დაუფინანსო ინტერნეტზე წვდომა და ამით  ნამდვილად კარგი საქმე გააკეთო.

– გვესმის, რომ ქვეყანაში არაა ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ სხვისთვის კომპიუტერის შეძენა შეგვეძლოს. პლატფორმა მარტივია და მინიმალური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ვისაც სურს, რომ გახდეს, პროექტის მხარდამჭერი, უნდა ესტუმროს ჩვენს საიტს, ჩართე.გე. ერთი ლარიდან ნებისმიერ თანხას მიუთითებს და ამ თანხის ჩამოჭრა ყოველთვიურად მოხდება მისი ანგარიშიდან. ის ყოველთვიურად მიიღებს გამჭვირვალობის ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება ასახული, რაში დაიხარჯა შემოწირულობის თანხა. ამასთან ნებისმიერ დროს შეუძლია, შემოწირულობის  შეწყვეტა. შეუძლია, ერთჯერადადაც გადაიხადოს თანხა. საიტი ამ მხრივ  ძალიან მოქნილია.

ჩვენ ასევე ვთავაზობთ მხარდამჭერებს, რომ ინტერნეტბანკიდან მართონ თავიანთი დაფინანსება ჩვენს პლატფორმაზე და ნებისმიერი მსურველი, ვისაც ამის რესურსი აქვს, შეუძლია, იყოს ამ ქველმოქმედებაში ჩართული.

– რა თქმა უნდა, ერთი ორგანიზაცია ვერ გასწვდება 78 ათას მოსწავლეს და სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია. რა გეგმა გაქვთ 2023 წლისთვის? როგორ აპირებთ, გაზარდოთ თქვენი ბენეფიციარების რაოდენობა?

– ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორში ბიზნეს სექტორის დახმარება. პლატფორმაზე შემოსული თანხით ჩვენ ვახერხებთ, უკვე ჩართული მოსწავლეები, ინტერნეტით უზრუნველყოთ. მაგრამ იმისთვის, რომ კომპიუტერით უზრუნველყოთ მოსწავლეები, ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ტექნიკის ფასები საკმაოდ მაღალია.

ჩვენი სურვილია, მომავალ წელს ისეთ რეგიონებში მივიდეთ, სადაც ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას.

მაღალმთიანი აჭარიდან დავიწყეთ, მაგრამ სვანეთი და რაჭაც ჩვენს გეგმაშია, რადგან ამ რეგიონებშიც საკმაოდ ბევრი პრობლემაა. საჭიროა ინტერნეტი და ველოდებით რეგიონებში ქსელების გაყვანას, რომ შემდგომ შევძლოთ მუშაობა.

როგორც აღნიშნეთ, პანდემიის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა ის, რომ ინტერნეტზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია.

– თქვენი ბენეფიციარებისგან უკუკავშირი გქონდათ? როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება, მას შემდეგ, რაც პროგრამაში ჩაერთნენ?

– მათ შეძლეს, რომ ეპოვათ საკუთარი პროფესია და დაეწყოთ სწავლა პანდემიის დროს

მათ რომ არ ჰქონდათ ინტერნეტი, ამ სწავლის მიღმა დარჩებოდნენ. გაიარეს საკმაოდ ბევრი ონლაინკურსები. ჩვენც მუდმივად ვცდილობთ, რომ შეხვედრები დავაორგანიზოთ, რაც მათ ინტერესების გაღრმავებაში, საკუთარი პროფესიის აღმოჩენაში დაეხმარებათ.

პირველ რიგში მათ დავეხმარეთ კომუნიკაციაში, პანდემია საკმაოდ სტრესული იყო, არა იმიტომ ვერ ვსწავლობდით და ვერ ვმუშაობდით, არამედ იმიტომ, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან კავშირი შევწყვიტეთ.

ესეც საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო.

– ინდივიდუალური ინიციატივები გასაგებია, მაგრამ ბიზნეზს გაცილებით მეტი შეუძლია, ქველმოქმედების კუთხით, რომ იმუშაონ.

ბიზნესი რამდენად ჩართულია ამ საქმეში? აქვთ სურვილი, რომ გაზარდონ თავიანთი დახმარება და შემოწირულობა?

– რა თქმა უნდა, გვაქვს თანამშრომლობის კარგი მაგალითებიც. თუმცა, ვფიქრობ, საკითხს უნდა მივუდგეთ გრძელვადიან ჭრილში. ძირითადად ეს არის ხოლმე ერთჯერადი აქტივობები ქველმოქმედების სახით. თუმცა თუ ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ  განათლება და განათლებაზე წვდომა, ერთჯერადი დახმარებები შედეგს არ მოგვცემს. ბიზნესი, თუ მდგრად გეგმაში დაინახავს განათლების როლს, ალბათ უფრო გრძელვადიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა.

უფრო მეტი მოსწავლისთვის შევძლებთ ინტერნეტის გადაცემას და რეალურად ეს უკვე არის შრომისუნარიანი და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რომელიც ისევ ბიზნეზს სჭირდება.

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ სამუშაო ძალა არ არსებობს. რეალურად ამ ადამიანებს არ აქვთ წვდომა რესურსებზე და არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. პრობლემის აღმოფხვრა ერთად შეგვიძლია ბიზნესთან თანამშრომლობით. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა ბიზნესთან იქნება უფრო გრძელვადიანი და მდგრადი.

ჩვენ საიტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნახოს ის კომპანიები, რომლებიც გვეხმარებიან და მხარს გვიჭერენ ბავშვებისთვის ტექნიკის შეძენაში. მათ დიდი წვლილი მიუძღვით როგორც პლატფორმის, ისე ოჯახების გაძლიერებაში.

– ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე მსხვილი ბიზნესისგან მოვისმინეთ ის, რომ მომავალი წლიდან განათლებაზე გაცილებით ბევრს დახარჯავენ, ვიდრე აქამდე ხარჯავდნენ, ვფიქრობ, სხვადასხვა ბიზნესის დამფუძნებლებს, კარგად ესმით განათლების მნიშვნელობა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება და „ჩართე“ უფრო მეტ ბავშვს მისცემს განვითარების შესაძლებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები