საქართველოში მოხალისეობრივი პლატფორმა - „ტყის მეგობარი“ შეიქმნა

საქართველოში მოხალისეობრივი პლატფორმა – „ტყის მეგობარი“ შეიქმნა – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა ისაუბრა.

 რას გულისხმობს ახალი პლატფორმა?

ახალი პლატფორმა  საქართველოს ტყეზე ზრუნვის, მოვლისა და აღდგენისთვის საზოგადოების გაერთიანების მიზნით შეიქმნა.

„ტყის მეგობარი“ გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს პარტნიორობით მომზადდა. პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს  საქართველოს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას სთავაზობს, როგორც მოხალისეობრივი ჩართულობით, ასევე, ფინანსური მხარდაჭერით.

რა არის მიზანი?

„ტყის მეგობრის“ მიზანია გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ასევე მისცეს ადამიანებს საშუალება მოუარონ და გაახარონ ტყეები.  ყველა დაინტერესებულ პირს,  კერძო სექტორსა თუ მოხალისეებს, საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ  პორტალზე – www.forestfriend.ge, რის მეშვეობითაც შეძლებენ სასურველი პროექტის შერჩევას,  თანხის დონაციას და მოხალისედ დარეგისტრირებას.

ტყეების აღდგენის პროექტები განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გეგმის მიხედვით 2030 წლისთვის 20 000 ჰექტარზე უნდა აღდგეს ტყე, გახარებული იყოს 60 მილიონი ხე და შეემატოს 6 მილიონი ახალი ნერგი.

რომელ რეგიონებს ეხება პლატფორმა?

2023 წლისთვის, განახლებული ტყის მართვის გეგმების მქონე სატყეო უბნების გათვალისწინებით,  სამიზნე რეგიონებია   კახეთი,  სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი. ხოლო, 2024 წლიდან პლატფორმა 9-ვე რეგიონს მოიცავს.

საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით დაგეგმილია „ტყის მეგობრის“ ტყის შექმნაც. პირველ ეტაპზე, ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული ტყის გაშენების პროექტის მიხედვით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31 ჰა ფართობზე  25 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება. პროექტს არამხოლოდ გარემოსდაცვითი მნიშვნელობა აქვს, ახალი მწვანე სივრცე ლანდშაფტს მეტ მიმზიდველობას და რეკრეაციულ დატვირთვას შესძენს.