LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შედეგი იყო შოკისმომგვრელი: მაშინ, როდესაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ საზღვრები გახსნა, ჩვენი ქვეყანა ჩაკეტილი დარჩა – რას გვირჩევს აშშ-ში მომუშავე ქართველი მკვლევარი

11
193282929-310254473962217-6802719176084756451-n

2020 წლის მოვლენებმა, კონკრეტულად კი კოვიდპანდემიამ ნათლად დაანახვა მსოფლიოს ტურიზმის უსაფრთხოების პრობლემა. აღნიშნულ საკითხზე ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა ბიზნეს ადმინისტრირების ახალგაზრდა ქართველი დოქტორმა თამარ მესხიშვილმა და ეს კვლევა წიგნად გამოსცა -„ტურისტული უსაფრთხოება, მდგრადი მომავალი“.

რა ზიანი მიადგა ქართულ ტურიზმს, როგორია ამერიკიდან დანახული ქართული ტურისტული სექტორი, რა გამოწვევები და პერსპექტივებია – ამ კითხვებს „ბიზნესნიუსში“ ამომწურავი პასუხი თამარ მესხიშვილმა გასცა, რომელიც ამჟამად, აშშ-ში იმყოფება და ტურიზმის სფეროში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს იკვლევს.

თუ გაქვთ უკვე რაიმე სტატისტიკა ან მონაცემი, თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგა ტურიზმის სფეროს პანდემიის გამო და რომელ ქვეყნებზეა თქვენი კვლევები ორინტირებული?

ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ მსოფლიო ტურიზმისთვის ყველაზე მძიმე წელი იყო 2020 წელი. რაც შეეხება სტატისტიკას, ის კიდევ უფრო მძიმეა. საერთო ვარდნის მაჩვენებელმა შეადგინა 74%, 1 მილიარდით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი ჰყავდა მსოფლიოს. შემოსავლების ნაწილში კი ამან 1,3 ტრილიონი დოლარი შეადგინა. პანდემიიდან გამოწვეულმა კრიზისმა რისკის ქვეშ დააყენა 100-დან 120 მილიონამდე სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება ჩემს კვლევებს – ის გლობალურია. გლობალურად ვიკვლევ ამ ინდუსტრიაში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა აქვე აუცილებლად გამოვყოფდი 3 ძირითად ქვეყანას. ესენია: პირველ რიგში ჩემი სამშობლო საქართველო, სადაც კოლეგებთან ერთად ვმუშაობ. ეს მუშაობა არის საკმაოდ წარმატებული და მომავალში, უფრო გავაფართოებთ კვლევებს. ასევე ვმუშაობ იტალიაზე, რომელიც გვიკვეთავს კვლევებს და ბოლოს, რა თქმა უნდა აშშ, რადგან ვცხოვრობ და ვმუშაობ აქ. გარდა ამისა, ეს ქვეყანა არის ძალიან საინტერესო ფენომენი ტურიზმის განვითარების მხრივ, განსაკუთრებით კი ქალაქი ნიუ-იორკი. ეს ქალაქი განსაკუთრებით საინტერესოა ტურიზმის უსაფრთხოების მხრივ. მით უმეტეს, პანდემიურ და ახლა უკვე, პოსტპანდემიურ პერიოდში.

ამ დროისთვის, რა ტიპის შეზღუდვები რჩება ამერიკაში, იქ სადაც თქვენ ცხოვრობთ და როგორია მაქედან დანახული ქართული ტურიზმი? რამდენად დროულად მიიღო საქართველოში ხელისუფლებამ სახმელეთო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება, ან ზოგადად, რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება?

თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ შეზღუდვები შეერთებულ შტატებში იყო მინიმალური, ევროპასთან და სხვა დანარჩენ განვითარებულ სამყაროსთან შედარებით. ზოგადად, მიმაჩნია რომ პანდემია ერთგვარი წყალგამყოფი აღმოჩნდა დემოკრატიული და ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნების კიდევ უფრო მეტად გამოვლენის თვალსაზრისით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ კომენდანტის საათი ყველაზე უფრო ნაკლებად აშშ-ში იყო გამოყენებული. ჩემი აზრით, ეს ისევ დემოკრატიის მაღალი ხარისხიდან გამომდინარეობდა. რაც შეეხება ნიუ-იორკს, ქალაქს, სადაც მე ვცხოვრობ, ეს ის ქალაქია, რომელიც ყველაზე უფრო მეტად დაზარალდა პანდემიისგან – ამის მიუხედავად, აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთი დღითაც არ გაჩერებულა. საკმაოდ ხანგრძლივი დროით იგი უფასო იყო, დაახლოებით, 6-დან 8 თვემდე. ძირითადად, აქ იყო წერტილოვანი შეზღუდვები. მაგალითისთვის, პირობითად ავიღოთ დეკემბრის პერიოდი – ამ დროს, თუ დაკეტილი იყო რესტორნის შიდა სივრცე, სამაგიეროდ მომხმარებლისთვის გარე სივრცე იყო ღია, რადგან ამით ბიზნესს ხელი შეწყობოდა და იმ დახმარებების მიუხედავად, რომელიც სახელწიფომ ადგილობრივ ბიზნესს გაუწია, კიდევ იყო კრიზისული მენეჯმენტის ეფექტური მართვა. ამ ორმა კომპონენტმა ისე იმუშავა, რომ ნიუ-იორკში ნაკლებად დაზარალდა ბიზნესი.

რაც შეეხება საქართველოს, 2020 წელს, როგორც შემდგომაც გამოჩნდა, ქვეყანამ შეცდომა დაუშვა. მაშინ როდესაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გახსნა საზღვრები და ჩვენი ქვეყანა ჩაკეტილი დარჩა, საბოლოოდ შედეგი იყო შოკისმომგვრელი: ეს იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი კოვიდ რუკაზე და ეკონომიკურად დაზარალებული ქვეყანა. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება, რომელიც საზღვრების არ გახსნას გულისხმობდა, იყო არასწორი.  ჩაკეტვა ეს არ არის გამოსავალი, არიან ქვეყნები, რომლებმაც ისწავლეს პანდემიასთან ერთად ცხოვრება და ალაბთ, გამოსავალიც სწორედ ეს არის.

7 წლის განმავლობაში თქვენ მსოფლიოს სხავდასხვა კონტინენტზე იმოგზაურეთ და შეისწავლეთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ტურისტული უსაფრთხოების ნორმები – არის თუ არა ტურიზმი უსაფრთხო საქართველოში?

კლევა, რომელიც მე საბოლოოდ წიგნის სახით გამოვეცი, ნამდვილად ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნების ტურისტული უსაფრთხოების გამოცდილებას. საქართველოსთვის მთავარ პრობლემად ისევ რჩება ნაკლები პროფესიონალიზმი აღნიშნულ სფეროში. მაგალითად, თუ გვინდა გყვავდეს ტურისტული უსაფრთხოების ოფიცერი, ეს საპოლიციო დონეზე იქნება, თუ სამოქალაქო დონეზე, მაშინ რატომ არ უნდა მივცეთ მას საბაზისო ცოდნა, რატომ უნდა ჩავარდეს ეს კონკრეტული სისტემა, რომლისთვისაც საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ და საბოლოოდ, ეს სისტემა არ მუშაობს. არ მინდა ისე იყოს გაგებული, თითქოს ნეგატიურად ვუყურებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აქვე უნდა აღვნიშნო ის წარმატებები, რომლებიც საქართველოს აქვს – მაგალითად, მომსახურების სფეროში. გვაქვს 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები საკმაოდ კარგად გამართული, ძალიან მაღალი დონის შატოები… თუმცა, ჩემი რჩევა იქნება, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს ეკოტურიზმზე, მით უფრო, რომ ტურიზმის ეს მიმართულება ბოლო წლებია მთელს მსოფლიოში, უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება.

რა ვადებში დაუბრუნდება ტურისტულის სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებს?

ამ წუთის მონაცემებით, ტურიზმის აღდგენა დამოკიდებულია სწრაფ ვაქცინაციაზე. მე აქ ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის ახლა გამოსავალი. გარდა ამისა, 2021 წელს ტურისტების აქცენტს აკეთებენ უსაფრთხოების ნორმების კარგად შესწავლასა და გადამოწმებაზე.

ორიოდე სიტყვით თქვენი წიგნის შესახებაც რომ მოგვიყვეთ, ვისზეა ის გათვლილი, ვისთვის დაიწერა?

ჩემი წიგნი – „ტურისტული უსაფრთხოება, მდგრადი მომავალი“, რომლის პრეზენტაციაც საქართველოში კონცეპტArt-ის დახმარებით შედგა, ძირითადად, განკუთვნილია ინვესტორებისთვის, ამიტომაც, გამოიცა ის ინგლისურ ენაზე. ამას გარდა, აღნიშნულ წიგნს იყენებენ უნივერსიტეტები, როგორც დამხმარე, ისე ძირითად პროგრამებში. ტირაჟი ამ დროისთვის სრულად გაყიდულია და მის დამატებას ვაპირებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები