LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შინდისის“ ევროპული პრემიერა 11 ოქტომბერს ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება – „არტ-FM“

35
dato-baxtadze-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

1 ოქტომბერს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის  „არტ-FM“ სტუმრებმა პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა და მსახიობმა დათო ბახტაძე ახალ ნამუშევარზე – ფილმზე „შინდისი“ ისაუბრეს.

– ედმონდ, როგორ გაჩნდა ფილმის შექმნის იდეა?

– 2008 წლის ომი პირადად შემეხო, რადგან უახლოესი მეგობარი დავკარგე შინდისში და სწორედ მაშინ გამიჩნდა ფილმის გაკეთების იდეა. ძალიან მინდოდა პატივი მიმეგო დაღუპულთა ხსოვნისთვის და ენთუზიაზმით შევუდექით პროექტზე მუშაობას. ყველა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი მოვინახულეთ, ბიოგრაფიული მონაცემები, ისტორიები შევაგროვეთ და ჯერ დოკუმენტური, მერე მხატვრული ფილმი გავაკეთეთ.

– ფილმის რეჟისორის დიტო ცინცაძის განცხადებით, უმძიმესი თემის მიუხედავად, საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა მუშაობა, თქვენ როგორ შეაფასებთდით გადაღების პროცესს?

– ბევრად რთული აღმოჩნდა დოკუმენტური ფილმის გაკეთება, რადგან ემოციები გვიშლიდა ხელს, „შინდისზე“  მუშაობის დაწყების წინ კი, მართალია, ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც ცივი გონებით მოქმედება გადავწყვიტეთ და მაქსიმალურად ჩავებით სამუშაო პროცესში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჟანრი დიტოსთვისაც აბსოლუტურად ახალი აღმოჩნდა და განსაკუთრებული მობილიზაცია ბატალური სცენების დადგმისას მოითხოვა. ვფიქრობ, წარმატებული შედეგი პირველ რიგში მოსამზადებელმა სამუშაოებმა, სწორად შერჩეულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა განაპირობა.

– დათო, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარ პროექტში მონაწილეობა?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უპირობოდ მივიღე ფილმში მონაწილეობის შეთავაზება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ედმონდს, რომელმაც ფილმის ბოლომდე მიყვანა და ჩანაფიქრის სრულად განხორციელება შეძლო.

– უამრავ უცხოელ მსახიობს, მათ შორის ანჯელინა ჯოლის უწევდით პარტნიორობას. საინტერესოა, რამდენად რთულია მათთან მუშაობა?

– სინამდვილეში, ძალიან მარტივია უცხოელებთან თანამშრომლობა, რაც პირველ რიგში, მათი მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

– რამდენიმე უცხოელი პროდიუსერის შეთავაზება უარყავით. ვისთან თანამშრომლობას დათანხმდებოდით სიამოვნებით?

– პიროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია პროექტი იყოს საინტერესო.

– ედმონდ, საქართველოს შემდეგ, სად გეგმავთ ფილმის წარმოდგენას?

– „შინდისის“ ევროპული პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება 11 ოქტომბერს, მერე კი, შეერთებულ შტატებში გავემგზავრებით, სადაც ორ ფესტივალზე წარმოვადგენთ ჩვენს ნამუშევარს და პედრო ამლოდოვართან ერთად კორეელ რეჟისორს ბონგ ჯუნ ჰოსაც გავუწევთ კონკურენციას, რომლის „პარაზიტი“ კანის წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ამასთანავე აქტიურად შევუდგებით „ოსკარისთვის“ მზადებას, რადგან უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი ჩვენი ფილმის უკეთ გასაცნობად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები