LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერა მე-10 კლასში დავწერე, როცა პირველი სიყვარულის სიტკბო ვიგემე” – ნიკო ლეკიშვილი სიმღერის პრემიერით „არტ-FM“-ში

36
ნიკო-ლეკიშვილი

28 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ბატონი ნიკო ლეკიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ძველ თბილისი გაიხსენა, მის თვითმყოფად, კოლორიტულ გარემოზე ისაუბრა და იეთიმ გურჯის ლექსზე „მე მიყვარხარ“ დაწერილი სიმღერა შესთავაზა მსმენელს.

– ბატონო ნიკო, თქვენი აზრით, რით განსხვავდება თანამედროვე თბილისი თქვენი ახალგაზრდობის ქალაქისგან?

– ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და პირველ რიგში, ქალაქის იერი. მართალია, ძველმა თბილისმა შეინარჩუნა თავისი კოლორიტი, მაგრამ თანამედროვე ნაგებობებმა მაინც სერიოზული ზიანი მიაყენეს ქალაქს, რომელმაც თავისი ხიბლი და თვითმყოფადობა დაკარგა. ვფიქრობ, ზოგადად ცხოვრება შეიცვალა, ურთიერთობები გახდა ძალიან სხვა. ახლა ყველაფერი „ფეისბუქმა“ ჩაანაცვლა, ჩემს ახალგაზრდობაში კი, მეგობრები ვიკრიბებოდით, ერთმანეთს ვსტუმრობდით, ყოველთვის მხარში ვედექით და ვეხმარებოდით. მეტი სითბო და ერთმანეთის გატანა იყო, დაუწერელი თბილისური კანონები არსებობდა, რომელთაც ყველა ვითვალისწინებდით.

კარგი იქნება თუ ვინმე დაინტერესდება და თბილისის ისტორიას შეისწავლის თუნდაც მე-19 საუკუნიდან. სხვათა შორის, იმ პერიოდში თბილისში ნაკლებად ცხოვრობდნენ ქართველები, მხოლოდ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყეს იმერლებმა, რაჭველებმა და კახელებმა თბილისში დაბინავება. განსაკუთრებული როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსებამ, რომელმაც უამრავი ხალხი მიიზიდა და სწორედ მათ შექმნეს თბილისის კოლორიტი.

სამწუხაროდ, ყველაზე მეტად ადამიანებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, გაქრა გულწრფელი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა. თბილისი მართლაც გამორჩეული ქალაქი იყო, რომელიც არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავდა. ალბათ ბევრმა არ იცის, როგორ შეიქმნა ე.წ. „ბირჟა“ – სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულებს საკუთარი ადგილი სჭირდებოდათ, სადაც შეიკრიბებოდნენ და ერთმანეთს მოიკითხავდნენ. მაგალითად, კინოს სახლის უკან ჭიათურელების ბირჟა იყო, მათთან ახლოს ზესტაფონელები იკრიბებოდნენ, ლაღიძის წყლებთან კი, მთავარი – მთაწმინდელების „ბირჟა“ იყო. ასევე დაიყო პლეხანოვი და სხვა უბნები.

ხშირად მეკითხებიან, ვჩხუბობდი თუ არაც ახალგაზრდობაში, რა თქმა უნდა, კამათიც ხშირად მოგვდიოდა და ჩხუბიც, მაგრამ სერიოზულ დაპირისპირებაში ჩვენი კონფლიქტი არასდროს გადადიოდა. ჩემთვის „ბირჟა“ ახალი ამბების ადგილი იყო, სწორედ იქ გავიგე ხრუშჩოვის გადაყენების ამბავი, სახლში მისულმა კი, მამას ვუთხარი, რომელმაც მკაცრად მითხრა გავჩუმებულიყავი და მსგავსი ჭორი არსად მეთქვა. მართალია, ქუჩას თავისი ხიბლი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც ერთმანეთის სახლში, ოჯახებში უფრო მოგვწონდა შეკრება. რა თქმა უნდა, ძველი თბილისი უფრო მიყვარს, რადგან მაშინ მეც ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი ახლობლებიც ცოცხლები იყვნენ.

სამწუხაროდ, თეატრსა და ოპერაში სიარულის ტრადიციაც გაქრა, არადა ჩვენ ყოველთვის ვესწრებოდით სეზონის გახსნას, რომელიც აუცილებლად „აბესალომ და ეთერის“ დადგმით აღინიშნებოდა. ვერის ბაღში ფეხბურთის გულშემატკივრები იკრიბებოდნენ, პლეხანოვზე კი, სადაც დღეს ჯანსუღ კახიძის დარბაზია, ადრე ე.წ. გოფილეფტის (Государственная филармония) ბაღი იყო რამდენიმე დარბაზით. ერთ-ერთს ღია სცენა ჰქონდა, სადაც ნებისმიერი ჟანრის კონცერტი იმართებოდა, შედარებით მცირე დარბაზში კი, მეტწილად სიმფონიურ კონცერტებს ვუსმენდით. სწორედ იქ მოვისმინეთ არაჩვეულებრივი მუსიკოსის ვან კლიბერნის გამოსვლა. ბაღთან ახლოს ვცხოვრობდი, ამიტომ სულ იქ ვიყავი. მეტიც, ჩვენი მეზობლის წყალობით, რომელიც ე.წ. „კონტრამარკებს“ გვაძლევდა, პლეხანოველი ბიჭები არცერთ კონცერტს არ ვტოვებდით.

იქვე იყო რესტორანიც, რომელიც საოცარი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან იმპროვიზირებულ კონცერტებს მართავდნენ ვასო გოძიაშვილი, აკაკი კვანტალიანი, ვერიკო ანჯაფარიძე და ალექსანდრე გომელაური, რეზო ლაღიძე, ტუხა კერესელიძე, სულხან ნასიძე და გუგული თორაძე, რომლებიც ჯერ ბაღში, საკუთარ სკამზე ისვენებდნენ, მერე კი, რესტორანში ადიოდნენ. ბატონიო რეზო მსგავს შეკრებას „ბანდას“ ეძახდა, მათ კი, ვისაც ბანდაში გაერთიანება უნდოდა, აუცილებლად კარგი სუფრა უნდა გაეშალა და ერთი ამოსუნთქვით დაელია ღვინის მოზრდილი ულუფა. სწორედ ასე მიიღეს ბანდაში ბიძინა კვერნაძე და ჯანსუღ კახიძე, გია ყანჩელმა კი, რომელიც საერთოდ არ სვამდა გამოცდა ვერ ჩააბარა და ჯარიმად ოთხჯერ გააშლევინეს სუფრა თავიდან. სწორედ ეს იყო თბილისი, თბილისელები ყველგან სიხარულს, გართობას ეძებდნენ, სულ ხუმრობდნენ და კარგ ხასიათზე იყვნენ. სამწუხაროდ, ჩვენი საყვარელი დარბაზი ხანძარმა იმსხვერპლა, თუმცა ჩემი მერობის პერიოდში მაინც შევძელი მისი აღდგენა, სცენა გავმართეთ და ჯანო კახიძეს დავუთმეთ, რომელიც ყოველ შაბათს აწყობდა უფასო კონცერტს, ნანი ბრეგვაძის, გოგი დოლიძის, „შვიდკაცას“ და სხვათა მონაწილეობით. ვატო კახიძის კონცერტებს დღესაც ვესწრები, ჩემი ადგილი მაქვს და ყოველთვის სიამოვნებით ვსტუმრობ მის საღამოებს.

ჩემი შექმნილია თბილისის ბიგ ბენდი, ინიციატივა კი, გაიოზ კანდელაკს ეკუთვნოდა. მართალია, ფინანსები არ გვქონდა, მაგრამ იმდროინდელ მერთან თანამშრომლობით მაინც შევძელით თანხის მოძიება და ორკესტრის დაფუძნება. 25 წელია ბიგ ბენდი არსებობს და მიხარია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ორკესტრია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

ჩემი იდეით შეიქმნა სიმფონიური ორკესტრიც. ჯანო კახიძეს ბავშვობიდან ვიცნობდი, რადგან ჩემს ძმასთან მეგობრობდა. 1990-იან წლებში ბევრს გაუჩნდა მის დარბაზში „დაბინავების“ სურვილი, ორკესტრიც კი ორ ნაწილად – მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. სწორედ მაშინ გამიჩნდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის შექმნის იდეა, რომელსაც მერია დააფინანსებდა.

– თქვენი შვილები და შვილიშვილები თუ მღერიან?

– შვილები მეტ-ნაკლებად მღერიან, შვილიშვილებს კი, ნაკლებად იტაცებთ სიმღერა, რაზეც ძალიან გული მწყდება, რადგან ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა, მით უფრო, რომ მთელი თბილისის საუკეთესო მომღერლები სწორედ ჩვენთან იყრიდნენ თავს. პირადად მე მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, ვიოლინოზე ვუკრავდი. მართალია პედაგოგმა მამას ჩემი ნიჭიერთა ათწლედში მიბარება ურჩია, მაგრამ ძალიან გავაპროტესტე, რადგან იმ პერიოდში ქუჩაში უფრო მომწონდა გართობა. მამამ გია ყანჩელს ჰკითხა რჩევა, მან ჩემი პოზიცია გაიზიარა, წლების შემდეგ კი, როცა უკვე თბილისის მერის ფუნქციას ვასრულებდი, მამას ეხუმრა, „ხომ ხედავ, როგორ გადაგირჩინე შვილიო“.

– როგორ შეიქმნა სიმღერა „მე მიყვარხარ“?

– სიმღერა მე-10 კლასში დავწერე, როცა პირველი სიყვარულის სიტკბო ვიგემე. სტუდენტობის პერიოდს ეკუთვნის იოსებ გრიშაშვილის და საიანთოვას ლექსებზე „დავბერდი“ და „საყვარელო მოდი, ბაღში შევიდეთ“ შექმნილი სიმღერები. გალაკტიონის „ყვითელი ფოთოლი“ კი, რომანსია, რომელიც 60 წლის იუბილეზე გავაკეთე. ბევრმა მუსიკოსმა მოინდომა ჩემს სიმღერაზე საკუთარი ვერსიის შექმნა და უფლება მთხოვა, მე კი, ყველას ერთი პასუხი გავეცი, ნებისმიერს შეუძლია ჩემი ნამუშევრის გადაკეთება და საერთოდ არაა საჭირო ჩემგან ნებართვის აღება.

– რას უსურვებთ თქვენს თბილისს?

– კეთილდღეობას და დღეგრძელობას. იმედია, ოდესმე ისევ დავიბრუნებთ ძველ ურთიერთობას და ერთმანეთის პატივისცემას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები