LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე უკრაინელების მეგობარი ვარ და არა რუსების” – ნინო სუხიშვილი “არტ-FM”-ში

22
show

გადაცემის ლაივი LIVE

8 მარტს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი სტუმრობდა, რომელმაც უკრაინაში ჩაშლილ კონცერტებსა და ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნინო, საკუთარ თავზე გამოსცადეთ ომის მთელი საშინელება, მით უფრო, რომ მთელ კოლექტივზეც თქვენ გქონდათ პასუხისმგებლობა აღებული,

– გეთანხმებით, პოლონეთსა და ჩეხეთში გამოსვლების შემდეგ უკრაინაში გავემგზავრეთ და სწორედ ომის წინა დღეს ჩავედით.

– რატომ გარისკეთ უკრაინაში გამგზავრება?

– 17 წელია ზამთარისა და გაზაფხულის სეზონზე უკრაინაში ვაწყობთ გასტროლებს. პირველად ომის საშიშრობა 2014 წელს ვიგრძენით, თუმცა არც გვიფიქრია კონცერტების შეწყვეტა, რადგან ყველა ქალაქში სრულად შევავსეთ დარბაზი. სწორედ მაშინ დაიწყო დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არეულობა, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა, თუმცა ჩვენ იმ რეგიონებში აღარ ჩავსულვართ. ახლაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ ძველი კონფლიქტი გრძელდებოდა და საომარი მოქმედებები რეგიონს არ გასცდებოდა. ჩვენ უკრაინის დასავლეთში, ქალაქ ლუცკში ვიყავით და ნაკლებად ვნერვიულობდით, თუმცა სწორედ იქ ვიგრძენით ომის მთელი კოშმარი, როცა ჩვენი სასტუმროდან რამდენიმე კილომეტრში აფეთქდა აეროპორტი. მართალია, უკვე ბომბები ცვიოდა, მაგრამ  ორგანიზატორებმა მაინც გვთხოვეს კონცერტის ჩატარება, რადგან ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რა თქმა უნდა, არსებობდა ინფორმაცია ლუგანსკსა და დონეცკში სიტუაციის დაძაბვის შესახებ, მაგრამ უკრაინელებს ბოლომდე არ სჯეროდთ, რომ მასშტაბური ომი დაიწყებოდა.

– როგორ მოახერხერხეთ ქვეყნიდან გამოღწევა?

– მართალია, ძალიან ახლოს, თითქმის 200 კილომეტრში ვიყავით პოლონეთის საზღვრთან, მაგრამ მაინც გაგვიჭირდა გამოღწევა, რადგან პანიკაში ჩავარდნილი უკრაინელები ერთიანად მიაწყდნენ საზღვარს. რამდენიმეკილომეტრიან რიგში მოგვიწია დგომა და საბოლოოდ მაინც შევძელით ქვეყნიდან გაღწევა. ძალიან გაგვიმართლა, რომ პოლონელი მძღოლები გვყავდა, სწორედ მათი დახმარებით შევძელით მობილიზება და საზღვრზე წარმატებით გადასვლა.

– როგორც ვიცი, თქვენს დასს პოლონეთშიც კარგად იცნობენ,

– “სუხიშვილების დასი” ერთგვარ პაროლად იქცა, რომლის წყალობით ყველა კორიდორს გვიხსნიდნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საელჩოებს უკრაინასა და პოლონეთში, რომელთაც მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენს დასახმარებლად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო რიგითი ქართველების დამოკიდებულებაც, რომლებიც ინტენსიურად გვწერდნენ, ღელავდნენ ჩვენზე და გვგულშემატკივრობდნენ. 15 საათი გავატარეთ გზაში, პოლონეთში კი, ოთხი დღით მოგვიწია დარჩენა. დიდად ვემადლიერებით პოლონეთის ავიახაზებს, რომელთაც სპეცრეისით გამოგვამგზავრეს საქართველოში.  უამრავი ახლობელი მყავს უკრაინაში, ვინც სამწუხაროდ პირველ დღეებში ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება და ახლა საშინელ მდგომარეობაშია. ძალიან განვიცდი, რომ რამდენიმე ქალაქთან, მთ შორის მარიუპოლთან, ხარკოვთან, ჰერსონთან კავშირი გაწყდა და მეგობრების ამბის გაგებაც არ შემიძლია. აუცილებლად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო უკრაინელების საოცარი ერთობა და შემართება, რომელმაც საერთო მტრის წინააღმდეგ გააერთიანა. ძალიან დასაფასებელია იმ ერის გმირობა, რომელიც თავგანწირვით იცავს საკუთარ ქვეყანას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მით უფრო, რომ ყველა იბრძვის, ვისაც ხელში იარაღის დაჭერა შეუძლია ქალებისა და მოზარდების ჩათვლით. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი დაიღუპა და წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეძლებს ქვეყანა ამგვარი ტრაგედიის გადატანას. როგორც ჩანს, რუსებს ერთ დღეში უნდოდათ ქვეყნის აღება და არ ეგონათ, რომ ასეთ მასიურ შეტევას გაუძლებდა. იმედი მაქვს უკრაინელები ბოლომდე გამოიჩენენ სიმტკიცეს, არაფერს დათმობენ და მათთან ერთად ჩვენც ვიზეიმებთ საერთო მტერზე გამარჯვებას, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში მოლდოვა და საქართველო იქცევა ბრძოლის ველად. ბედნიერი ვარ, რომ ქართველები ასე ვუჭერთ მხარს უკრაინელებს, რისთვისაც ისინიც ძალიან გვემადლიერებიან.

– რამდენიმე დღის წინ ილიკო სუხიშვილს 50 წელი შეუსრულდა. მინდა იუბილე მივულოცო და პირველ რიგში მშვიდობა ვუსუსრვო, რათა ძველებურად გააგრძელოს მუშაობა. როგორც ვიცი, ბოლო წლებში სწორედ უკრაინაში აღნიშნავდით ილიკოს დაბადების დღეს,

– გეთანხმებით, ილიკოს დაბადების დღეს ტრადიციულად უკრაინაში აღვნიშნავდით კონცერტით. წელსაც ასე ვაპირებდით, თუმცა ახლა დაბადების დღესა და კონცერტზე აღარ ვჩივით, მთავარია უკრაინელებმა გაუძლონ და შეძლონ ქვეყნის გადარჩენა. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად მოვაწყობთ კონცერტს, რომელსაც უკრაინელ ხალხს მივუძღვნით.

– რამდენადაც ვიცი, აპრილის თვეში გრანდიოზულ კონცერტის გამართვას გეგმავდით ამჯერად უფროსი ილიკო სუხიშვილის 115 წლის იუბილის აღსანიშნავად,

– გეგმები მართლაც შთამბეჭდავი გვქონდა, უკრაინიდან მოლდოვაში, სერბეთსა და უნგრეთში ვაპირებდით გამგზავრებას, აპრილის მეორე ნახევარში კი, ილიკო სუხიშვილის საიუბილეო კონცერტის გამართვა გვინდოდა, თუმცა ახლა, არ მგონია, ვინმეს კონცერტის ხალისი აქვს.

– რას ფიქრობთ უკრაინელებთან ერთად რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოსვლაზე საქართველოში?

– ომმა ბევრ უკრაინელს აიძულა გაქცევა, ზოგმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი, ზოგი საქართველოში ჩამოვიდა. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველებმა ამგვარი თანაგრძნობა გამოვიჩინეთ და მხარში ამოვუდექით უკრაინელებს. ჩემი აზრით, სწორედ უკრაინაა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და არა რუსეთი. მეტიც, ძალიან მტკივა და მრცხვენია, როცა საქართველოს რუსეთის მეგობარ თუ თანამოაზრეთა შორის მოიხსენიებენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე უკრაინელების მეგობარი ვარ და არა რუსების.  მართალია, დღევანდელი რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია და უამრავი ხალხი გაურბის პუტინის რეჟიმს, მაგრამ ძალიან რთულია განსაზღვრო ვის რა განწყობა და მიზნები აქვს. მცირე პროვოკაციაც საკმარისია, რათა რუსებს საბაბი მიეცეთ და ახლა საქართველოში მოინდომონ საკუთარი მოქალაქეების დაცვა. ვფიქრობ, ნაკლებად მნიშვნელოვანია შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს, რადგან უკრაინაში სასურველის მიღწევის შემდეგ, რუსეთი აუცილებლად ჩვენ შემოგვიტევს. სამწუხაროდ, იმპერიალისტ რუსებს ასეთი მენტალიტეტი აქვთ და სხვანაირად აზროვნება არ შეუძლიათ, ამიტომ მათ მასიურ შემოდინებაშიც სერიოზულ საფრთხეს ვხედავ, რადგან მცირე ერი ვართ და ნამდვილად ვერ შევძლებთ უკრაინელების მსგავსად საკუთარი ქვეყნის დაცვას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები