LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუები და პირსინგები თითქმის მთელ სხეულზე – რის თქმას ცდილობენ თქვენი შვილები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

33
lelikipianinewsss

გადაცემის ლაივი LIVE

„თვალში მოსახვედრი“ და რადიკალურად შეცვლილი ჩაცმის სტილი, პირსინგები და ტატუები მთელ სხეულზე – რის თქმას ცდილობენ ამით თქვენი შვილები? პროტესტი, მოდა თუ საკუთარი თავის მიუღებლობა? რა ხდება მათ შინაგან „მე“-ში? – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა ისაუბრა.

რას ნიშნავს რადიკალურად განსხვავებული იმიჯი?

ადამიანები ჩაცმულობით, მაკიაჟით ვარცხნილობით, სხვადასხვა აქსესუარების გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებას გადასცენ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და მიიქციონ ყურადღება. ტატუ და პირსინგიც ნაწილობრივ თვითგამოხატვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, რითაც ადამიანი ხელს უწყობს ნარცისული თვისებების გაძლიერებასა და საკუთარ ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. ადამიანები სხეულის მეშვეობით საუბრობენ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე. თითოეული ადამიანისთვის ტატუს აქვს თავისი საკუთარი მოტივი. მნიშვნელობა ენიჭება ფორმას, რას იხატავს, ფერს, მთლიანობაში ის გამოხატავს ადამიანის ხასიათს, სულიერ მდგომარეობას, მის შინაგან განცდებს.

ტატუს გაკეთების მიზეზი შესაძლებელია იყოს შემდეგი: 

აუტოაგრესია – თვითდამაზიანებელი ქცევა, რომელიც მიმართულია გაუსაძლისი ემოციებისგან.

სურვილი იყოს სხვებისგან გამორჩეული. ეს არის მესიჯი სოციუმისკენ „მე მიზიდველი ვარ და მომაქციეთ ყურადღება”. ან არ მოსწონს საკუთარი თავი ცდილობს დაფაროს “ნაკლი”.

მიმბაძველობა, რომ მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ ჯგუფს.

პიროვნული იდენტობის განმტკიცება. ტატუს სიმბოლოები და ფორმები გარემოს აწვდის ინფორმაციას, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მის მიმართ, რას მოელოდნენ მისგან. ამით ადამიანები საკუთარი თავის კორექციას ახდენენ.

ახალი შეგრძნებების, მკვეთრი ემოციების გამოწვევის სურვილი.

საკუთარ შიშებთან განმკლავების საშუალება. საკუთარი სულიერი ტკივილის სხეულზე გადატანა.

საკუთარ სხეულზე ძალაუფლების მოპოვება.

მშობლებისგან სეპარაცია, პროტესტი და ა.შ. (გარკვეული ტიპის ტრავმები, რომელიც მასში დაილექა).

რა ხდება, როცა ადამიანი ვერ კმაყოფილდება ერთი ტატუთი და პირსინგით?

როცა ადამიანი ვერ კმაყოფილდება ერთი ნახატით და ადგილი აქვს თითქმის მთელი სხეულის, სახის ანკიდურების მოხატვას, ადგილი აქვს ბევრ ფაქტორს. პროცესის დროს  გამოიყოფა ადრენალინი და ენდორფინები, იწვევს აგზნებას, დაძაბულობას, ადგილი აქვს ცნობიერების შეცვლას, რაც ჰგავს ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების დროს მიმდინარე პროცესებს. ასეთ მდგომარეობას ვხვდებით დეპრესიის დროს, როდესაც ადამიანი განიცდის შინაგან სიცარიელეს ან უკმაყოფილოა საკუთარი თავითა და ცხოვრებით. უნდა განვიხილოთ მისი შინაგანი მდგომარეობა, შესაძლო ტრავმები, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.  კანი წარმოადგენს ადამიანის შინაგან და გარე სამყაროს შორის არსებულ ზღვარს და ტატუს მეშვეობით ის გადმოსცემს იმას, რაც სიტყვებით არ შეუძლია.

რა უნდა გაითვალისწონოს მშობელმა მოზარდებთან ურთიერთობის კუთხით?

ზოგადად პუბერტატის ასაკი კრიზისული პერიოდია (როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის). ცვლილებები მიმდინარეობს ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და სოციალურ დონეზე. მოზარდები ცდილობენ თვითდამკვიდრებას, უყალიბდებათ თვითშეფასება, მათთვის დამახასიათებელია წინააღმდეგობა, არასტაბილური ურთიერთობები, იმპულსურობა და სპონტანურობა, მათ შეუძლიათ ისეთი რამ მოიმოქმედონ, რაზეც არ დაფიქრდებიან. ხშირად მათი სურვილები არ შეესაბამება უფროსების დამოკიდებულებებს და დამოუკიდებლობით ცდილობს თავის დამკვიდრებას. ეს არის  მდგომარეობა, როდესაც არც ბავშვები არიან და ჯერ არც ზრდასრულები. მათ სურთ მისდიონ მოდას, იყვენენ სხვებისაგან გამორჩეულები, მიეკუთვნებოდნენ  ამა თუ იმ თანატოლთა ჯგუფს და შესაბამისად ტატუს გაკეთების ქცევა შესაძლებელია განახორციელოს მიმბაძველობით. ამ დროს ისინი თვლიან, რომ იღებენ ახალ სტატუსს საზოგადოებაში. ამით მოზარდი უმტკიცებს სხვებს, რომ  ის აღარ არის ბავშვი, რასაც შემდეგი სქემით აკეთებს: „მე უკვე დიდი ვარ და რასაც მინდა იმას ვუზამ ჩემს სხეულს“.  ამგვარი ქცევა შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც მშობლისგან სეპარაციის აქტი. მოზარდი, რომელიც იმყოფება მშობლების მკაცრი კონტროლის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში ტატუს გაკეთებით ცდილობს გამოხატოს პროტესტი. ან პირიქით, როცა მოზარდი ვერ უმკლავდება დაგროვილ ნეგატიურ ემოციებსა და ცხოვრებისეულ სირთულეებს, ჩნდება თვითდაზიანების სურვილი, რასაც სხვადასხვა გზებით გამოხატს: ზოგიერთი მათგანი იკაწრავს სხეულს, ზოგი იკეთებს ტატუს, რითაც ხდება სულიერი ტკივილის ფიზიკურ ტკივილზე გადატანა და ამაგვარად ცდილობს დაივიწყოს ცხოვრებისეული პრობელემები.

კონკრეტული ქცევის მოდელი, რა უნდა გააკეთოს მშობელმა არ არსებობს. მან უნდა გამოიჩინოს მოთმინება, აუხსნას და დაეხმაროს შვილს საკუთარ თავში დარწმუნების სხვა გზების ძიებაში. მნიშვნელოვანია მშობელს ჰქონდეს ღია და ნდობით აღსავსე ურთიერთობა შვილთან და დაადგინოს, ამ ქცევის მიღმა რა იყო, რა არის მიზეზი. მშობელს უნდა ჰქონდეს საშუალება აუხსნას, თუ ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება მოყვეს  ტატუს გაკეთებას. ესაუბროს და გაარკვიოს, რისი დახატვა სურს სხეულზე, სად და რისთვის სჭირდება, ჰკითხოს მომავალში მაგალითად, 10 წლის შემდეგ როგორი წარმოუდგენია თავი, რომ შესაძლებელია აღარც მოეწონოს ნახატი სხეულზე, რომლის მოშორებაც ჯანმრთელობის დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები