LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტექგოგო ქალებს აძლევს შესაძლებლობას, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება“ – მარნეულში ციფრული სოციალური საწარმო ადგილობრივებს პროფესიის შეძენასა და დასაქმებაში დაეხმარება

5
თეო ქავთარაშვილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველი ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა. საწარმოში ქვემო ქართლში მცხოვრები ქალბატონები სხვადასხვა პროფესიას დაეუფლებიან, რის შემდეგაც მათ დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებათ. როგორ შეუძლიათ მსურველებს სოციალურ საწარმოში მოხვედრა და რას შეცვლის ახალი უნიკალური სივრცე ქვემო ქართლის რეგიონში. ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ქავთარაშვილმა პროექტის შესახებ დეტალურად „ბიზნესნიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

——

დიდ მადლობას გიხდით თემით დაინტერესებისთვის. სანამ „ტექგოგოზე“ დავიწყებ საუბარს, პირველ რიგში მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და CSRDG-ის (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი), რომლის მხარდაჭერითაც ხორციელდება პროექტი და სწორედ მათი მხარდაჭერით აქვთ ქალებს შესაძლებლობა, რომ გადამზადდნენ სხვადასხვა ციფრულ პროფესიაში და ჰქონდეთ ის ახალი და უნიკალური შესაძლებლობები, რაც მათ აქვთ ახლა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მოხვდნენ ჩვენს ციფრულ სკოლაში, „ტექგოგოში“, პირველ რიგში, ჩვენ ვაცხადებთ ხოლმე მიღებას, პირველი ნაკადის მიღება უკვე დასრულებულია, თუმცა სამომავლოდ, ვგეგმავთ ახალი ნაკადის მიღებას. რაც შეეხება მიღების პროცედურას, მათ უნდა შეავსონ მიღების აპლიკაცია, გამოგვიგზავნონ სამოტივაციო წერილი. აპლიკანტების შერჩევის შემდეგ ჩვენ ვნიშნავთ გასაუბრებას და ვარჩევთ ქალბატონებს, რომლებიც გადამზადდებიან სხვადასხვა ციფრულ პროფესიაში.

 

თეო, რა არის „ტექგოგოს“ იდეა? რა ბიზნეს მოდელი გაქვთ?

„ტექგოგოს“ იდეა არის ქალებისთვის, მოწყვლადი ჯგუფებისათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა. ჩვენი პროექტის მონაწილეები არიან მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობები, ის ქალები, რომლებიც შრომით ბაზარზე აბსოლუტურად არ არიან კონკურენტუნარიანები, არ აქვთ განვითარებული სხვადასხვა უნარ-ჩვევები, გარემოფაქტორების გამო. შესაბამისად, ისინი ვერ საქმდებიან და ვერ არიან კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე. ჩვენ ამ ქალებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათ განივითარონ, როგორც რბილი უნარები, ასევე, პროფესიული უნარები და გახდნენ კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე.

 

რისი შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ სოციალურ საწარმოში ქალბატონებს და რამდენი ადამიანი სწავლობს დღეს? 

ქალები, დღეისათვის, სწავლობენ ყველაზე მოთხოვნად ციფრულ პროფესიებს. ეს არის ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია მენეჯმენტი, გრაფიკული დიზაინი/UX. პროექტის მონაწილეები 6 თვის განმავლობაში მენტორების მიერ ამ პროფესიებში გადამზადდებიან. სწავლების კომპონენტი, ასევე, მოიცავს თბილისში სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოში სტაჟირებას, რაც მათ პროფესიულ უნარებს და რბილ უნარებს განავითარებს და შემდეგ ისინი უკვე დასაქმდებიან ჩვენს სოციალურ საწარმოში.

 

საწარმოში დასაქმების გარდა, სხვა კომპანიებთან თუ თანამშრომლობთ? კიდევ სად შეძლებენ ისინი სამსახურის დაწყებას?

ჩვენი პროექტის მიზანია, რომ პირველ რიგში გადამზადებული ქალები დავასაქმოთ ჩვენს საწარმოში, თუმცა დანარჩენ ქალებზე, რომლებიც გაივლიან კურსს, მათზეც სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას. თუნდაც, მარნეულის რადიო თანამშრომლობს ჩვენთან და ისინი ერთ-ერთ ჩვენს კურსდამთავრებულს აუცილებლად დაასაქმებენ. ასევე, მიდის მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთანაც, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ და მხარს გვიჭერენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ბოდი შოფსა“ და „ტერმინალს“, რომლებიც დაარსების დღიდან არიან ჩვენთან და გვიჭერენ მხარს. ძალიან ბევრი ადამიანისგან თუნდაც ყოველდღიურობაში ვგრძნობთ თანადგომას ქალების ეკონომიკური გაძლიერების საქმეში.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივები?

ადგილობრივები უკვე არიან აქტიურად ჩართულები. ჩვენ, როდესაც გამოვაცხადეთ მიღება ჩვენს კურსზე, საკმაოდ ბევრი აპლიკაცია შემოვიდა და იყო ძალიან დიდი ჩართულობა ამ პროფესიების შესწავლის კუთხით. როდესაც ჩვენ ვესაუბრებოდით პროექტის შემდგომ მონაწილეებს, გამოიკვეთა, რომ თურმე მათ დიდი ხანია უნდათ, შეისწავლონ ეს პროფესიები და შეცვალონ ცხოვრება, თუმცა, ამ რეგიონში არ იყო ამის შესაძლებლობა. „ტექგოგო“ აძლევს სწორედ მათ ამ შესაძლებლობას, რომ შეცვალონ  საკუთარი ცხოვრება. ეკონომიკური გაძლიერება რას ნიშნავს, რომ საკუთარი ნების შესაბამისად მართონ საკუთარი რესურსი, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა რესურსი, რომელიც მათ აქვთ და სამწუხაროდ, სხვადასხვა გარემოების გამო, მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

 

დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, „ტექგოგო“ ადგილობრივ ბიზნესს ციფრულ სერვისს მიაწვდის. რა სერვისებზეა საუბარი უფრო კონკრეტულად და რამდენად ელით თანამშრომლობის სურვილს ადგილობრივი კომპანიების მხრიდან? 

პირველ რიგში, როდესაც ამ ბიზნეს მოდელზე ვიწყებდით მუშაობას, ვიკვლიეთ ბაზარი და აღმოჩნდა, რომ რეგიონი ძალიან საჭიროებს ციფრულ სერვისებს. ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი სერვისი ციფრული სერვისებით წარმატებულად განახორციელონ. შესაბამისად, მოთხოვნა ამ პროფესიებზე და საჭიროება ამ სერვისებზე არის ძალიან დიდი. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ბიზნესებს მაღალხარისხიანი და მაღალკვალიფიციური სერვისები. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ერთი თვეა, რაც გაიხსნა საწარმოა და უკვე დავიწყეთ ბიზნესებთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ესეც უკვე პროგრესის გზაზეა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ბიზნესთან, მხოლოდ ადგილობრივით არ შემოვიფარგლებით, ციფრული სერვისები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მივაწოდოთ ციფრული სერვისები. შესაბამისად, ვითანამშრომლებთ თბილისთანაც და სხვადასხვა რეგიონთან და სამომავლოდ, გვინდა, რომ გავცდეთ საქართველოს ფარგლებს და ჩვენი სერვისები შევთავაზოთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 

როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენად გრძელვადიანად შეიძლება გაგრძელდეს პროექტი და რას შეცვლის ის ქვემო ქართლის რეგიონში?

სოციალურ გავლენაზე მინდა ვისაუბრო. ჩვენი პროექტის მონაწილეები არიან ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა შრომითი ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქალები, რომლებიც ითვლებიან მოწყვლად ჯგუფებად, არ ჰქონდათ შესაძლებლობები, რომ შეეცვალათ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. ეს ადამიანები გვინდა, რომ გახდნენ როლური მოდელები საკუთარ რეგიონში, თუნდაც გოგონები ეთნიკური უმცირესობებიდან, მათ არ ეძლევათ ხოლმე შესაძლებლობა, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება სხვადასხვა ფაქტორის გამო. მინდა, რომ რეგიონში ეს გოგონები გახდნენ როლური მოდელები, თუ როგორ შეიძლება საკუთარი სურვილის შესაბამისად მართონ ცხოვრება, იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის, ასევე ის, რომ განათლებას ყოველთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და შესაძლებელია, განათლებით, შრომით დასაქმდნენ და იყვნენ წარმატებული ქალები. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ მიღება ჩვენს კურსებზე, იყო 18 წლიდან ზევით, არ ვზღუდავთ ქალებს ასაკის კატეგორიაში, ზედა ზღვარი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი იდეაც ზუსტად ისაა, რომ როდესაც გინდა შეცვალო ცხოვრება, არ არსებობს ასაკობრივი ზედა ზღვარი და ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით რეგიონში. ჩვენ გვყავს პროექტის ორი მონაწილე, 40 წელზე მეტი ასაკის, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან და აქტიურად ჩართულები პროექტში. ზუსტად ვიცი, რომ ისინი აუცილებლად შეძლებენ იმას, რაც მათი დიდი ხნის ოცნება და მიზანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები