2 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე ონლაინ სტუმრობდა, რომელიც გადაცემაში ბარსელონიდან ჩაერთო და შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.
– ნინო, შემოქმედებითი ცვლილებებით დავიწყოთ, რა სიახლით გაახარებთ თაყვანისმცემელს?
– პირველ რიგში, ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება მინდა გამოვთქვა. პირადად მე უძვირფასესი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი, არაჩვეულებრივი ადამიანი და ბრწყინვალე ხელოვანი დაკარგა. რაც შეეხება შემოქმედებას – სასიამოვნოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც ერთის მხრივ პანდემიით, მეორეს მხრივ, ტყუპების დაბადებით იყო გამოწვეული, ისევ დავუბრუნდი სამუშაოს. სხვათა შორის, ჩემთვისაც დღემდე უცნაურად ჟღერს სიტყვა „ტყუპები“, რადგან არავინ ელოდა ამგვარ სიურპრიზს.
ვფიქრობ, ესპანელები ნამდვილი გმირები არიან, რადგან გაბედეს და მართალია, შეზღუდვებით, მაგრამ მაინც გახსნეს თეატრები. მოგვიანებით მათი მაგალითი გაიმეორეს ავსტრალიელებმა, რუსები კი, საერთოდ არ გაჩერებულან, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბარსელონას თეატრის სცენაზე შედგა ჩემი დებიუტი, რადგან წლების წინ სწორედ იქ ავიდგი ფეხი, იქ მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში და გავიმარჯვე, ამიტომ ბარსელონა ჩემთვის მხოლოდ გამარჯვებასთან ასოცირდება. შეზღუდვების ფონზე ძალიან სხვანაირია ბარსელონა, მოსახლეობა მკაცრად იცავს ყველა შეზღუდვას, რაც ძალიან დასაფასებელია. თეატრში მხოლოდ სოლისტებს გვქონდა ნიღბის მოხსნის უფლება, ორკესტრი კი, აუცილებლად ნიღბით გამოდიოდა. ამასთანავე, სისტემატურად გავდიოდით ტესტირებას. მხოლოდ ერთი მუსიკოსი დაინფიცირდა მეუღლესთან ერთად და რადგან ჩვენც გვქონდა მასთან კონტაქტი, 10-დღიანი კარანტინის გავლა მოგვიხდა. მართალია, რამდენიმე რეპეტიცია გამოვტოვე, მაგრამ გამიმართლა, რომ ვირუსს გადავურჩი და მაინც შევძელი კოლეგებთან ერთად სპექტაკლის მაყურებლამდე მიტანა.
– რამდენად რთული იყო გამოსვლისთვის მზადება, რამდენადაც ვიცი, ჯულიეტას პარტია, რომელიც ბარსელონაში შეასრულე, ერთ-ერთ ურთულესია…
– მონეტას ყოველთვის ორი მხარე აქვს. მართალია, ძალიან გამიჭირდა ბავშვების გარეშე, მაგრამ საინტერესო და ფასეული გამოცდილება შევიძინე. საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს, რადგან მთელი შვიდი თვე გავატარე ბავშვების გვერდით, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ნებისმიერი მომღერლისთვის. ახლა ტყუპები მამასთან, ბებიასთან და ძიძასთან არიან, რა თქმა უნდა, საიმედოდ მყავს მიბარებული და არ ვღელავ, მაგრამ ძალიან მენატრებიან. ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე ძალიან გამიჭირდებოდა მათ გარეშე, თუმცა სხვა გზა არ არის. სხვათა შორის, მუსიკას ყველაფრის განკურვნა შეუძლია, ესპანელების მესიჯიც სწორედ ეს იყო – რაც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში, ადამიანებს მაინც უნდა ჰქონდეთ განტვირთვის საშუალება. მუსიკოსები ძალიან ჰგვანან სპორტსმენებს, ხანგრძლივი პაუზის დროს ჩვენც გვიდუნდება კუნთები, განსხვავებულად მუშაობს ფსიქიკაც, ამიტომ ასეთი გამოსაფხიზლებელი გამოსვლა ჯულიეტას ურთულესი პარტიით, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან სწრაფად დავუბრუნდი ძველ ფორმას. მივხვდი, რომ თუ ადამიანი მოინდომებს და სიყვარულით დაიწყებს კეთებას, აუცილებლად ყველაფერი გამოუვა. იმედი მაქვს სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ ესპანეთს და მოახერხებენ დაბრკოლებების დაძლევას, რადგან ადამიანს ჰაერივით სჭირდება ხელოვნებასთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, საქართველოში ისედაც ბევრი პრობლემაა, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ხელოვანთა მდგომარეობა, რადგან პანდემიის პერიოდში მათ ყველაფერი დაკარგეს.
– საოპერო მომღერლებს ყოველთვის კარგი მეუღლეები ხვდებათ, როგორი მამაა გიორგი?
– ძალიან გამიმართლა, რადგან არა მხოლოდ ბრწყინვალე მეუღლე შემხვდა, არამედ არაჩვეულებრივი მეგობარი შევიძინე, რომელიც იმდენად კარგი მამაა, რომ ბევრ დედას შეშურდება. გიორგის ყოველთვის უყვარდა ბავშვები და რა თქმა უნდა, გიჟდება საკუთარ შვილებზე, მით უფრო, რომ ორი უფროსი, არაჩვეულებრივი გოგონა ჰყავს. რა თქმა უნდა, სასიმოვნო იქნებოდა ერთად მოგზაურობა, რადგან მანამდე არასდროს დავშორებივართ ერთმანეთს ასე დიდი ხნით, მაგრამ ზოგჯერ დაშორებაც საჭიროა. სხვათა შორის, პანდემიის პეროდში ძალიან ბევრი წყვილი დაშორდა, რადგან თუ მანამდე დიდ დროს ატარებდენ ცალ-ცალკე, კარანტინის პერიოდში ზედმეტად დიდხანს მოუწიათ ერთად ყოფნა, რამაც საბოლოოდ დაშორება გამოიწვია. ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა, ვირუსმა ძალიან დაგვაახლოვა და ძალიან განსხვავებულად დაგვანახა ერთმანეთი. სხვათა შორის, ჩემს არ ყოფნაში ბავშვებმა პირველი სიტყვა „დედა“ თქვეს, გიორგი კი ხუმრობით გაბრაზდა, რადგან სულ თვითონაა ბავშვებთან, მათ კი, მაინც დედას დაუძახეს, რაც ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის.
– გამოსვლები უკვე დაასრულე, როდის გეგმავ საქართველოში დაბრუნებას, თუ ესპანეთში გეგმავ დარჩენას?
– რა თქმა უნდა, დავბრუნდები, რადგან სახლს არაფერი სჯობია. სხვათა შორის, კატალონიელები ძალიან მხიარული ხალხია. მართალია, აქაც მოქმედებს კომენდანტის საათი, მაგრამ ადგილობრივები საკუთარ სახლებშიც არაჩვეულებრივად ერთობიან.